ამერიკულმა კომპანიამ - Behaviral Technology, სამაჯური გამოუშვა, სახელად - Pavlok, რომელიც მავნე საკვებისადმი მიზიდულობას დაგაძლევინებთ. გაჯეტს სახელი რუსი მეცნიერის, ივან პავლოვის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც პირობითი და უპირობო რეფლექსების თეორიის ფუძემდებელია. სწორედ ამ რეფლექსებზეა დაფუძნებული სამაჯურის მუშაობის პრინციპიც. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანს პირთან მიაქვს ხელი და რამე აკრძალულის შეჭმას აპირებს, გაჯეტი მის მფლობელს, მაშინვე 350-ვოლტიანი სიძლიერით დენს არტყამს. დენის დარტყმა უსაფრთხოა და ძლიერი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ უსიამოვნო ემოციების მდგრადი ასოციაცია შექმნას. ნელ-ნელა, ადამიანს გამოუმუშავდება კავშირი მავნე საკვებსა და მის შემდგომ ტკივილზე და შეეცდება, თავიდან აირიდოს ეს სასჯელი. შედეგად კი, ნაკლებად შეჭამს „ფასტფუდსა“ და სხვა მავნე საკვებს. თუკი ადამიანს გახდომის სურვილი აქვს, მას სამაჯურზე წინასწარ შეუძლია დააყენოს მოხმარებული კალორიების ნორმა და მისი გადაჭარბებისას, გაჯეტი ელექტროდარტყმებს არ „დაიშურებს“. „ჭკვიანი“ სამაჯური ანალოგიურად დაეხმარება ადამიანს სხვა მავნე ჩვევების (მაგალითად, მოწევის) გადაგდებაშიც. ახალი გაჯეტის საფასური 199 დოლარია.