Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

სიკვდილით დასრულებული ბინძური სექსუალური თამაშები 

ბევრს, ალბათ, ფილმებში უნახავს, როგორ ერთობა წყვილი სასიყვარულო თამაშებით. საწოლზე მიბმული ხელები, ტყავის ტანისამოსი, მათრახი... ფანტაზიასა და ფიქრებს გასაქანი ეძლევა და ზოგისთვის, ყველაფერი ეს, ძალიან მისაღები და ჩვეულებრივი ამბავია, ბევრი კი ფიქრობს, რომ ასე არ შეიძლება და ეს გარყვნილებაა. ასეა თუ ისე, სხვისი საძინებელი ჩვენი საქმე არ არის, ამიტომაც ადამიანებს სრული უფლება აქვთ, როგორც სურთ, ისე გაერთონ, მაგრამ როცა ყველაფერი ეს კრიმინალში გადადის...

50 წელს გადაცილებული მამაკაცი ღამის ცვლიდან სახლში დაბრუნდა. მან გასაღებით სცადა კარის გაღება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - აშკარა იყო, საკეტის მეორე მხარესაც გასაღები იყო გაყრილი, მაგრამ რატომ? წესითა და რიგით, მეუღლე ახლა სამსახურში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოდიოდა, რომ შინ გახლდათ და... კარს არ აღებდა. მამაკაცმა მეზობლის კარზე დააკაკუნა და სთხოვა, ეგებ, შემომიშვა, შენი აივნიდან ჩემსაზე გადავალო (ასე ადრე ხშირად სარგებლობდნენ მეზობლები, როცა გასაღები ავიწყდებოდათ, ან ოჯახის წევრი შინ არ იყო) და რაღა თქმა უნდა, მეზობელმაც შეუშვა. როგორ არ შუეშვებდა, მარტოხელა ქალი იმ მამაკაცის მეუღლის უახლოესი მეგობარი იყო და თავადაც შეწუხდა, ნეტავ, დაქალს რა სჭირსო? მამაკაცი აივანზე გადაძვრა, საძინებლის კარი შეაღო და... გაოცებისგან სკამზე ჩამოჯდა. ..
მისი ცოლი საწოლის რკინის საზურგეზე ბორკილებით იყო მიბმული, მხოლოდ საცვლები ემოსა და საბანი არ ეფარა. რაც მთავარია, იქვე, სავარძელში, ასე, 60 წელს მიტანებული მამაკაცი იჯდა და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. ამ დროს, კარზე მეზობელი ქალი უწყვეტად აბრახუნებდა, მამაკაცი ადგა, კარი გააღო, მეზობელი შემოუშვა და ახლა მისი გაოცების ჯერი დადგა. ოჯახის უფროსმა ტელეფონი აიღო, სასწრაფოში დარეკა და უთხრა, სამართალდამცავებიც გამოიყოლეთ, აქ მკვდარი კაციაო. აბა, რა ძნელი გამოსაცნობია, რომ ცოლისგან ყველაფრის ახსნას მამაკაცი მოუთმენლად ელოდა.
„სამსახურში მაგვიანდებოდა, ამიტომ ოთახიდან ოთახში დავრბოდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე. არც მიკითხავს, ვინ ხარ-მეთქი, ისე გავაღე კარი. ეს კაცი შემოვიდა, მითხრა, მრიცხველი უნდა შევამოწმოო. მერე თმაში მწვდა, საძინებლისკენ წამომიყვანა, ბორკილებით მიმაბა და მკითხა, ფულს სად ინახავთო. კარი შიგნიდან, გასაღებით გადაკეტა, ალბათ, ამიტომ ვერ გააღე. რა უნდა მეთქვა, რა ფული, არ ვართ ჩვენ ისეთი ოჯახი, დანაზოგი გვქონდეს-თქო და გული გაუხდა ცუდად. საძინებლის კარი დაკეტილი იყო, ვყვიროდი, მაგრამ ვერავის გავაგონე. მივხვდი, რომ მოკვდა, მაგრამ რა უნდა მექნა, ერთადერთი იმედი ის იყო, რომ შენ ბრუნდებოდი და აგერ, მოხვედი კიდეც“, - დაასრულა ქალმა მოყოლა და ოთახში ექიმებთან ერთად, სამართალდამცავებიც შემოვიდნენ.
რაღა თქმა უნდა, მედიკოსებმა მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურეს, მაგრამ სიკვდილის მიზეზს ზუსტად გაკვეთის შემდეგ ვიტყვით, ისე კი, ინსულტი უნდა იყოსო. ძალოვნები ჯიუტად ცდილობდნენ ბორკილის გახსნას, მაგრამ გასაღები არ უდგებოდა, სხვანაირი საკეტი ჰქონდა. უფრო გამოცდილმა ძალოვანმა ყურადღებით დაათვალიერა ბორკილი, შემდეგ მხრები აიჩეჩა და დაბეჯითებით თქვა - ასეთი ბორკილი არასდროს მინახავს, არც ასეთი საკეტი მინახავს და შესაძლოა, ეს მეორე მსოფლიო ომამდე იყოს დამზადებული, მეორე მსოფლიო ომში რასაც იყენებდნენ, ის ვიცი, ნანახი მაქვსო. სამართალდამცავებმა შესაბამისი სპეციალისტი გამოიძახეს, მაგრამ რად გინდა, გახსნა მათაც გაუჭირდათ. მოიყვანეს ანტიკვარიატის ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ ასეთი ბორკილი მუზეუმში ჰქონდა ნანახი და ისიც დაადასტურა, იქ გასაღები აქვთო. მუზეუმის თანამშრომელმა გასაღები მოიტანა, ბორკილი მარტივად გახსნა და ჩაილაპარაკა - „საოცარია!“ 
„ასეთი ბორკილი ძალიან იშვიათია. სულ სამი ცალი უნდა იყოს საქართვლოში, ერთი გაქრა, ვიღაცას აქვს და არ აჩენს, მეორე - მუზეუმშია და მესამე - მემკვიდრეობით ერგო ვიღაცას, სახელი და გვარი მუზეუმში ინახება. ეს ან ის გამქრალი ეგზემპლაარია, ან ის, რომელიც კონკრეტულ პირს აქვს“, - განაცხადა მუზეუმის თანამშრომელმა და ისიც დაადასტურა, რომ ანალოგიურ საკეტს მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებდა და ჩვეულებრივი ბორკილებისგან განსხვავებით, მათი მარტივად გახსნა წარმოუდგენელი იყო. ის ადამიანი მეორე მსოფლიო ომამდე მოკვდა და სწორედ მერე გამოიგონეს ბორკილი იმ საკეტით, რომელიც ახლაც ფართოდ არის გავრცელებული. მუზეუმში წასვლა საჭირო არ იყო, ბინიდანვე დარეკეს და ბორკილის მფლობელის სახელი და გვარი უთხრეს.
„აქ საინტერესო რამდენიმე დეტალია. პირველი ის, რომ მამაკაცი ბინაში ყოველგვარი იარაღის გარეშეა მოსული. დანა ხომ მაინც უნდა ედოს ჯიბეში? მას არ აქვს საბუთი და სიმართლე გითხრა, ამ ასაკში, საქურდავად თუ საყაჩაღოდ მარტო წასვლაც არ ჯდება ლოგიკაში. ამიტომ, მგონია, რომ აქ სხვა რაღაც ხდება, მაგრამ რა“, - ჩუმად ესაუბრებოდა გამომძიებელი კოლეგებს.
მუზეუმში ისიც გაირკვა, სად ცხოვრობდა ბორკილების მფლობელი და სამართალდამცავთა ნაწილი მისამართზე გავიდა. ოჯახის წევრები ანერვიულებული დახვდნენ - ოჯახის უფროსი გუშინ ღამით გავიდა სახლიდან და ჯერაც არ მოსულაო. ძალოვნებმა ბორკილები მოიკითხეს, დიასახლისმა უჯრა გამოაღო, აქ დევსო და... ბორკილი ადგილზე არ იყო. მოითხოვეს მამაკაცის ფოტო და როცა სურათს დახედეს, მიხვდნენ, ოჯახის უფროსი ის გარდაცვლილი კაცი იყო. მისი ბიოგრაფია იმის საფუძველს არ იძლეოდა, რომ ქურდობა ან ძარცვა შეეძლო. მეტიც, ოჯახი ძალიან წესიერი გახლდათ, მამა პროფესორი ჰყავდა, თავადაც მეცნიერული კუთხით მუშაობდა და ბიჭს სამედიცინოში სურდა ჩაბარება. დიასახლისი ამბობდა, გუშინ საღამოს, ფული უნდა მიეცათ, სამედიცინოზე მოხვედრა მარტივი არ არის, ამიტომ აგარაკი სადაც გვაქვს, უკან ტყეც ჩვენი საკუთრება იყო, ის გავყიდეთო. გამოდიოდა, რომ კაცს ფული მისცეს, შემდეგ ის ამ ფულით, რაღაცნაირად აღმოჩნდა იმ ქალის ბინაში და ინსულტით გარდაიცვალა. იქ არც ფული იყო, არც საბუთები, ცოლი კი ამტკიცებდა, გინდა თუ არა, პასპორტი მუდმივად თან დაჰქონდა და ახლაც წაიღოო.
გამომძიებელმა იმ ბინის ჩხრეკის ორდერი მოიპოვა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. ეჭვი ჰქონდა, რომ დიასახლისი სახლში ფულს ინახავდა, გარდაცვლილი კი, უბრალოდ, მისი საყვარელი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა, იცოდა, რომ ქმარი შინ არ იქნებოდა და ბორკილი... ალბათ, გასართობად წაიღო. სამართალდამცავების გასაოცრად, სახლში არც ფული აღმოჩნდა და არც - პასპორტი, რომელიც წესით, კაცს ჯიბეში უნდა ჰქონოდა. სანამ ოპერები ერთმანეთს უიმედოდ უყურებდნეენ, უფრო გამოცდილმა გამომძიებელმა ერთ-ერთ კოლეგას ჩუმად რაღაც გადაულაპარაკა და ისიც ბინიდან ტყვიასავით გავარდა. უკან, დაახლოებით, ერთ საათში დაბრუნდა და ხელში ბინის ჩხრეკის ახალი ორდერი ეჭირა, ოღონდ მეზობლის ბინის.
„თქვნ ხომ არ გადაირიეთ, ჩემს ბინაში რა გინდათ?“ - შეიცხადა ქალმა, რომლის ბინის აივნიდანაც ქმარი საკუთარ სახლში გადაძვრა, მაგრამ გამომძიებელმა გაიღიმა.
„თქვენ დიდი ხნის მეეგობრები ხართ. ჰოდა, როცა ეს კაცი მოკვდა, თქვენი დაქალი არსად დაბმული არ იყო. ერთად მოიფიქრეთ, რომ დაგებათ, მერე კი, აივნიდან თქვენს ბინაში გადაძვერით, კარი გასაღებით შიგნიდან ჩაკეტეთ და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ლოგინზე მიბმულმა დიასახლისმა გვითხრა. სავარაუდოდ, იმ ფულიდან, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა, რაღაც თქვენც შეგხვდებათ“, - გამომძიებელი მშვიდად, მაგრამ მტკიცედ საუბრობდა და ატყობდა, როგორ ეცვლებოდა სახე ყოველი სიტყვის შემდეგ ქალს. ძალოვნებმა მეორე ბინაში გადაინაცვლეს და პასპორტი და ფული იქ იპოვეს. სხვა გზა არ იყო, „დაზარალებულმა“ ლამის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის, რაც გამომძიებელმა თქვა.
„ჰო, ეს კაცი ჩემი საყვარელი იყო და მართლა გულის შეტევით მოკვდა. რა უნდა მექნა? აივნიდან ხომ არ გადავაგდებდი? ვერც ქმარს დავახვედრებდი საყვარელს. ამიტომ, დაქალს შევჩივლე და ეს მოვიფიქრეთ. ჯიბეში მართლაც ჰქონდა ფული და სულ დაქალს შევპირდი, მე სხვა არაფერი მინდოდა, ოღონდ სიტუაციიდან გამოვმძვრალიყავი. სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ასაკში ოჯახი დამენგრა“, - ტირილი დაიწყო ქალმა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხოლოდ ოჯახის დანგრევით საქმე არ შემოიფარგლა და ორივე მეზობელს სასამართლომ პირობითი სასჯელი დააკისრა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე