ორი არჩევნები, აქციები, საერთაშორისო პარტნიორების მუქარა, ფოიერვერკები და სპირიტუალური პერფორმანსები რუსთაველზე

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ იკლო და ყოველდღიური აქციებიც, თავისი შამანურ-სექტანტური რიტუალებისა თუ კრეატიულობამოკლებული, უგემოვნო პერფორმანსებით მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანებას უფრო იწვევს, ვიდრე თანაგრძნობას, გამოწვევებით სავსე 2024 წელი მალე დასრულდება. შეუძლებელია, თბილისის მერს, კახა კალაძეს არ დაეთანხმო, როდესაც თქვა, რომ გვინდა თუ არა, ახალი წელი მოვაო. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო (ახალგაზრდებს არ მივმართავ, რადგან თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციებს ორგანიზატორი არ ჰყავს და „ჯენზი“ სპონტანურად, საკუთარი ინიციატივით იქცევა ისე, როგორც იქცევა, განაგრძოს ვარდისფერი და ცისფერი სათვალეებით ღრუბლებში მზერა), გაგიკვირდებათ და 1991 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაწყებული ძმათამკვლელი ომის მიუხედავადაც დადგა მძიმე, მაგრამ მაინც ახალი 1992 წელი და „ბუნკერის“ ტელევიზიიდან, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა მოგვილოცა. სხვათა შორის, 1991-1992 წლების მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად რომ არ შეფასდა და იმ გადატრიალების მთავარი აქტორები სათანადოდ არ დაისაჯნენ, იმიტომაც ვტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე და იმიტომაც გაბედა დღევანდელი ახალგაზრდების აგრესიულმა ნაწილმა (ყველამ არა) 28-29 ნოემბერს, ფოიერვერკებით თუ პიროტექნიკით ომი პოლიციასთან, მაშინდელი გადატრიალების მთავარი აქტორების წამხედურობით, გნებავთ, იდეოლოგიური მხარდაჭერით, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლის ავანსცენაზე არ ჩანან, სამაგიეროდ, „ბექსთეიჯიდან“ ამღვრევენ წყალს. თორემ მშვიდობიანად იდექით, რამდენ ხანსაც გინდათ და გააპროტესტეთ, რაც გინდათ, ან რაც არ მოგწონთ...
დიახ, 2025 წელიც დადგება, შობასაც ვიზეიმებთ 7 იანვარს (მოგწონთ ეს თუ არა), ძველ ახალ წელსაც (საერთოდ არ მაინტერესებს, თუ არ მოგწონთ ორჯერ აღნიშვნა იმიტომ, რომ ჩემს საბჭოთა ბავშვობაშიც კი, ჩემი ოჯახი 13 იანვარსაც აღნიშნავდა ახალ წელს და იმაზე უფრო მეტად, ვიდრე 31 დეკემბერს), ნათლისღებასაც, არც ეს ქვეყანა გახდება რუსეთის ვასალი, ევროკავშირსა და ნატო-ზეც არ ვიტყვით უარს და ყველაფერი ისე კარგად იქნება, როგორც დაგიბარებიათ. მანამდე კი, უდიდესი გამოწვევებით სავსე 2024 წლის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპერტთან, გენერალ ამირან სალუქვაძესთან ინტერვიუში შევაჯამოთ. 

ბატონო ამირან, როგორ შეაფასებთ განვლილ 2024 წელს, რა იყო მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები წელს?
- 2024 წელი მართლაც რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ - ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. წლების განმავლობაში გრძელდება არაჯანსაღი შიდა პოლიტიკური ცხოვრება და ვერ ვაღწევთ ამ პროცესის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყოველთვის მომგებიანია და პოპულისტურია ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა, მაგრამ როდესაც 12 წლის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა არჩევნებს, იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, იგებს ერთი და იგივე პარტია, დანარჩენმა პარტიებმა ჯანსაღი ანალიზი უნდა გააკეთონ და თვითკრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს. არ შეიძლება, შუბლით აწვებოდე ჩაკეტილ კარს, რომელსაც ვერ აღებ. 
წლების განმავლობაში, ჩვენ ვერ ვხედავთ ჯანსაღ დებატებს საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და ამას თავისი მიზეზები აქვს. წელს ვიხილეთ, ალბათ, ამ ყველაფრის პიკი, ლამის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე მივიდა ეს პროცესი 28-29 ნოემბერს. ის, რაც ახლა გრძელდება, მთლიანი სცენარის ნაწილია, ცდილობენ, მოიცვან საზოგადოების ყველა ფენა, დაწყებული ბებიების გაფიცვით, დამთავრებული - სხვადასხვა სპეციალობებით, რომ როგორმე ჩართონ ამ პროცესში. 
მანამდე გვქონდა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, მთელი იმ პროცესებით, რაც ამ არჩევნებს მოჰყვა და რასაც დღემდე ვადევნებთ თვალს. როგორც წესი, ჩვენთან ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებს ანუ აღიარებენ მხოლოდ იმ შედეგებს, სადაც თვითონ იგებენ - ოთხი თუ ხუთი მუნიციპალიტეტი მოიგეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე, დანარჩენ არჩევნებს არ აღიარებენ. არ უღიარებიათ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება, არც სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც დღეს, ერთადერთ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურად თვლიან, მაგრამ გიმეორებთ, მისი გაპრეზიდენტება არ უღიარებიათ. 
რამდენიმე დღის წინ, საპეზიდენტო არჩევნები გვქონდა, რომელიც ახალი წესით ჩატარდა და რატომღაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვერ აღიქვა ეს სერიოზულ არჩევნებად. ალბათ, მსგავსი არჩევნების ორი-სამი ციკლი გვჭირდება, რომ მივეჩვიოთ. ისე აღიქვამენ, თითქოს „ქართული ოცნება“ შეიკრიბა და აირჩია თავისთვის. არადა, შეგახსენებთ, ზუსტად ანალოგიური წესით აირჩიეს შტაინმაიერი გერმანიაში, თანაც ორჯერ... 
მოკლედ, ორი არჩევნები ჩატარდა წელს და მნიშვნელოვანი წელი იყო, მაგრამ საკმაოდ მძიმე საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა ყველაფერი.
- საერთაშორისო პარტნიორების ეს უდიდესი წნეხი, დიდწილად, ქვეყნის შიდა პროცესებსაც განაპირობებს. ამ კონტექსტში, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, თუკი საერთაშორისო გრანტები და დახმარებები შეწყდება, თან არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ? 
- რუსეთს რაც შეეხება, იქაურმა ანალიტიკოსებმა და გავლენიანმა პოლიტიკურიმა ფიგურებმა უკვე განაცხადეს რამდენიმე თოქ-შოუში, რომ ჩასაფრებულები არიან საკუთარი პოლიტიკური და რეგიონული მიზნების მისაღწევად და დასაცავად. მკაფიოდ აცხადებენ, რომ აქ ხელისუფლების შეცვლა იმ მიზნით, რომ შემდეგ საქართველოსთან ჩაებნენ სამხედრო მოქმედებებში, არ აწყობთ, ურჩევნიათ, თვითონ დაასწრონ მოვლენებს... მე იმას გეუბნებით, რაზეც ისინი საუბრობდნენ ამ დღეებში. საერთოდ, უნდა მივეჩვიოთ, რომ ნებისმიერ ქვეყანას, ჩვენი მეზობელი იქნება, თუ შორეული, თავისი ინტერესები აქვს. სახელმწიფოებს შორის, არ არსებობს სიტყვა - მეგობარი, ისინი ერთმანეთის პარტნიორები არიან და თუ მათ შორის, მეტ-ნაკლებად, ახლო ურთიერთობა არსებობს, ამას სტრატეგიული პარტნიორობა ეწოდება. 
ჩვენ არცთუ ისე ბევრი მოთხოვნა გვაქვს სტრატეგიული პარტნიორებისადმი და რატომღაც ისინი თავის სტრატეგიულ მიზნებს ჩვენს მიზნებზე მაღლა აყენებენ - ჩვენ უნდა დავთმოთ ყველაფერი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იკვეთება მკაფიოდ, რომ დასავლეთს ეს წნეხი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენებისთვის სჭირდება - ლამის გრაფიკიც კი აქვთ შედგენილი, რომელ დღეს ვინ უნდა გამოვიდეს აქციაზე და რა განცხადება უნდა გააკეთოს. ატომური ბომბის გასროლასავით აქვთ შემონახული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. კარგია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და არა მარტო უნგრეთი, სხვებიც, ეწინააღმდეგებიან ამას. საერთაშორისო პარტნიორები ისე გვექცევიან, თითქოს უთავმოყვარეო, უპრინციპო ერი ვიყოთ, რომლებსაც ისე უნდა „გვირტყან“ თავში, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. თუმცა მაშინაც კი, ასე ღიად და აშკარადაც ვერ ბედავდნენ, გავიხსენოთ 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლები ქართული ენის დასაცავად. 
- საერთაშორისო პარტნიორებს მხარს უბამენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ღიად ითხოვენ სანქციებს, ჯარიმებს, რა ქვია ამას?
- პირველად, ზოგიერთ ოპოზიციონერს უსამშობლო ვუწოდე, დაახლოებით, სამი წლის წინ, როდესაც პირველად დაიწყეს სანქციების მოთხოვნა. სოციალურ ქსელში დავწერე, რომ სანქცია არის იგივე სასჯელი. ეს არის სამართლებრივი აქტი სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოების მხრიდან, შენი სახელმწიფოს ან შენი მოქალაქის მიმართ. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო, თავმოყვარე ერი და ხელისუფლება იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოქალაქე სხვა ქვეყანაში არღვევს იმ ქვეყნის კანონებს და მას იქ ასამართლებენ. წარმოუდგენელია, როცა შენი მოქალაქეების დასჯას სთხოვენ სხვა სახელმწიფოებს და ზუსტად ეს არის უსამშობლოობა, როდესაც არ გაქვს სუვერენიტეტის განცდა. მეორე საკითხი, რასაც ვუკავშირებდი უსამშობლოობას, იყო უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის მოთხოვნა. როგორ შეიძლება, შენი მოქალაქე, შენს ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოსამართლემ გაგისამართლოს? მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონს სასამართლო სისტემა, თუ არა. 
სხვათა შორის, ის, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ ანუ კანონების გაწვევას და აქვე გეტყვით, ორივე კანონი აწუხებთ - გამჭვირვალობის შესახებაც და ოჯახური სიწმინდის დაცვისაც. ისიც ხომ საჯაროდ გაცხადდა, რომ თვითონაც აპირებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას და განმარტებაშიც პირდაპირ ჩაწერეს, თუ რატომ არ მიიღო ევროპარლამენტმა ევროკავშირისთვის მსგავსი კანონი - ჩვენ რომ მივიღოთ გამჭვირვალობის კანონი, საქართველოს მის გაუქმებას ვეღარ მოვთხოვთო.
დღეს ძალიან მკაფიო პასუხი გასცა შალვა პაპუაშვილმა ესტონეთს, ჭკუას გვასწავლის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელთან ერთადაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ვინაიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეგვასწრეს ევროკავშირსა და ნატო-ში, ზემოდან უნდა გვიყურონ? რა წესია და რა ტონალობაა, საერთოდ? არ მაქვს მორიდების მომენტი და პირდაპირ დაწერეთ, რა ტონია ან რანაირად მოგვმართავს ესტონეთის ვიღაც საგარეო საქმეთა მინისტრი? რატომ ჰგონიათ, რომ მათი ადრესატი აქ უნდა იყოს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა?! მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ ხმა და რას ეუბნებიან ამ ხალხს? 
სხვათა შორის, ოპოზიციის წევრები რომ დაასანქცირონ პოლიტიკური მოტივებით, იგივე დამოკიდებულება მექნება და ამ სიტყვებს არასდროს წავიღებ უკან! ერთადერთ შემთხვევაში აქვს სხვა ქვეყანას ჩემი ქვეყნის მოქალაქის დასჯის უფლება, თუ ის მის ტერიტორიაზე დანაშაულს ჩაიდენს. კეთილი ინებონ და მოსახლეობის არჩევანს პატივი სცენ! 
ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ წლების მანძილზე, ოპოზიციას არ ჰყოფნის იმის რესურსი, ხელისუფლებას არჩევნებზე მოერიოს და დახმარებას ეძებს ქვეყნის გარეთ. რას აპროტესტებენ ამ აქციებზე? არჩევნების განმსაზღვრელი მსოფლიოში არის ერთადერთი ორგანიზაცია ეუთო-ოდირი...
- არ აღიარებენ ეუთო-ოდირის დასკვნას, ბატონო ამირან.
- ჰოდა, თუ ამას არ აღიარებ, თუ სტრასბურგს არ აღიარებ, მაშინ, რომელ ევროპულობაზე მელაპარაკები? მაშინ აფრიკის კავშირიდან მოვიწვიოთ დამკვირვებლები, ან ანტარქტიდიდან - პინგვინები! 
იყო პროტესტის მეორე ტალღაც, როდესაც ააგორე ცრუ ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება გააჩერა ხელისუფლებამ. კარგი, დავუშვათ, პირველ დღეს ვერ მიხვდი, მოგატყუეს შენმა ტელევიზიებმა, მეორე-მესამე დღესაც ვერ მიხვდი და ახლაც ვერ ხვდები? დავუბრუნდეთ მათ მთავარ ბრალდებას - ხელისუფლების თითქოს ევროპული კურსიდან გადახვევას. იანუკოვიჩის გვარს რომ ახსენებენ, იანუკოვიჩმა ასოცირების შეთანხმება გააჩერა! ჩვენ კი პირიქით - ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული და თვითონ დავაყენებთ ამ საკითხსაც. 
- საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
- ორი წლის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაგალითზე ავხსენი, რას ნიშნავს ეს ვალდებულებები. დაახლოებით, 150-მდე საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტი და სხვა სახის რეგულაცია იყო მიღებული, რაც უამრავ სფეროს ეხება - დაწყებული ბუნების დაცვიდან, დამთავრებული - სურსათის უვნებლობით. ეს იყო აღებული ვალდებულებების შესრულება 40%-ით და წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთ უწყებაში რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა. ამ ეტაპზე, ვალდებულებების 50-60% გვაქვს შესრულებული და ამის 90%-მდე მიყვანაა საჭირო, რის გარეშეც ევროკავშირში ვერავინ მიგვიღებს. მოლაპარაკებების გახსნას აღარ დავაყენებთ ჩვენ, რომ ეს არ იყოს შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენის ბერკეტად გამოყენებული. თქვენ თუ დააყენებთ, ხელს ვაწერთ, თუ არადა, მივყვებით ვალდებულებებს და 2028 წელს, ამ ვალდებულებებს მივიყვანთ 90%-მდე, მერე ჩვენ თვითონ მოვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას, რადგან მზად ვიქნებით. 
ევროკავშირი გვჭირდება ეკონომიკური წინსვლისთვის, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თუ გვინდა კარგი ცხოვრება, მაშინ უნდა დავემონოთ, იქედან კი „წკიპურტები გვირტყან“? ყველაფერს აკეთებენ ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: რა არის ისეთი, რის გამოც ასეთი დამოკიდებულება აქვთ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ? ორიოდე დღის წინ, იორდანიაში შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები: აშშ, თურქეთი, ევროპისა და რეგიონის ქვეყნები და ბჭობდნენ, როგორ ითანამშრომლებენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ალქაიდას „შვილობილი“ ორგანიზაცია იყო და შემდეგ შეიცვალა სახელი. ჩემთვის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ რიტორიკულ კითხვას ვსვამ - თუ გუშინდელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აპირებ, რომ დღეს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდე, საქართველოსთან რატომ არ აგრძელებ მოლაპარაკებას?!
- ამ რიტორიკული კითხვის ფონზე, როგორ გესახებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება?
- ამ 12 წლის განმავლობაში, უმძიმესი ეტაპები გავიარეთ. პირველი სირთულე 2014-2016 წლების ეკონომიკური კრიზისი იყო, რომელიც ბევრად მძიმე გახლდათ, ვიდრე 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. მაშინ ბარელი ნავთობის ფასი ჩამოვიდა მინიმალურ ზღარზე - 29 აშშ დოლარზე, ამის შემდეგ იყო 2020 წლის პანდემია - უმძიმესი, როგორც ეკონომიკური აქტივობისთვის, ასევე - მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ ყოფილა რეცესია. 
წელს, 11 თვის მონაცემებით, 26 მილიარდ 612 მილიონ ლარს გადააჭარბა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა, თითქმის 27 მილიარდს მიაღწია და წლის ბოლოს, 28 მილიარდს გადასცდება. საგადასახადო შემოსავლები 20 მილიარდ ლარზე მეტია; დღგ-ს შესრულება - 8 მილიარდ ნახევარი, რაც 11 თვის მონაცემებით, დაგეგმილზე 91%-ს შეადგენს; საშემოსავლო - 6.6 მილიარდია, რაც 92%-ია 11 თვის მონაცემებით; მოგების გადასახადი - 2.8 მილიარდია და 90%-ით არის შესრულებული; აქციზი - 2.2 მილიარდი; ქონების გადასახადი - 125 მილიონი ანუ 93%.
ხომ გგონიათ, რომ გრანტები შეადგენს ლამის მთელ ბიუჯეტს, და თქვენც მკითხეთ, საერთაშორისო დახმარებების შეჩერებაზე, 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, ეს არის 275 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი 27 მილიარდ ლარამდე ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 1%-იც კი არ არის გრანტები. ჩემთვის მტკივნეულია ემიგრანტების თემა - ჩემი დედმამიშვილებიც ემიგრანტები არიან, მაგრამ ესეც უნდა გითხრათ: ხალხს ჰგონია, რომ ემიგრანტები ავსებენ ბიუჯეტს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ბიუჯეტში არ რიცხავენ თანხას, თავის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ურიცხავენ. ძალიან დიდი დახმარებაა, მე კი არ ვაკნინებ ამას, ვალუტა შემოედინება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ემიგრანტები ბიუჯეტს არ ავსებენ. სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებენ ადგილობრივი გადამხდელები. 260 000-ზე მეტი აქტიური მეწარმეა ქვეყანაში, 150 მსხვილი გადამხდელია რეგისტრირებული და ეს მონაცემები ყოველწლიურად იცვლება. არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულია მილიონზე მეტი ადამიანი. 
- ბატონო ამირან, ბიზნესის ნაწილი გაიფიცა, ოღონდ ცოტა უცნაურად - გულშემატკივრებს მოუწოდებენ, იმ მეწარმეების პროდუქცია შეიძინონ ონლაინ, რომლებიც გაიფიცნენ და თბილისის მერიის ინიცირებულ „საახალწლო სოფელში“ ანუ საახალწლო გაყიდვებში არ მონაწილეობენ. მოკლედ, გაიფიცნენ, მაგრამ თან ერთგვარ კომპენსაციას ითხოვენ, ეს რანაირი გაფიცვაა?
- „ქართული ოცნების“ პირობებში, ბიზნესის „აჯანყება“ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, სასაცილოც კი აღარ არის. 28 000 განცხადება იყო დაწერილი წინა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა ბიზნესისა და ქონების წართმევის მიზნით. ბევრ მათგანს, სადაც შესაძლებელი იყო, დაუბრუნდა მათი ბიზნესები. დღეს გაფიცული ბიზნესმენების ერთ-ერთ სიაში „მაგთიც“ შემხვდა და როგორც მახსოვს, ჯოხთაბერიძე ნაცების დროს იჯდა ციხეში, მაგრამ მერე გაუშვეს. ჰოდა, ეტყობა, ვალშია მათთან... 
რაც შეეხება გაფიცული მეწარმეების ონლაინ-გაყიდვებს, ფაქტობრივად, იგივეს აკეთებენ, რაც თემურ ჭყონიამ გააკეთა. ჯერ „ერთს პლიუს ერთი“ აქცია ჰქონდა, შემდეგ „პლედების აქცია“ ანუ დაარეკლამა, რომ ქულების სანაცვლოდ, დაგროვილი ქულები გადაეცალათ პლედებში. ჭყონიას ამ ორ აქციას „შავი პარასკევის“ აქციებს შევადარებ, რადგან რეალური გაფიცვა ჯერ ვერ ვნახე. 
საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, დაახლოებით, 260 000-ზე მეტი აქტიური მეწარმეა, ისე დარეგისტრირებულია მილიონამდე მეწარმე. გაიფიცა 5-10, თუნდაც 200 მეწარმე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა გაფიცულია? ასობით მსხვილი გადამხდელია საქართველოში. გაფიცვა არასწორი ნათქამია, რადგან სინამდვილეში, მეწარმეები რეკლამას იკეთებენ. როცა კომპანია ამბობს, რუსთაველზე არ გამოვალ, მაგრამ ონლაინ-გაყიდვებს შემოგთავაზებთ, ამით ხომ რეკლამას იკეთებს? ონლაინ-გაყიდვებით გაცილებით მეტი ადამიანი ისარგებლებს, ვიდრე რუსთაველზე გასვლით. ამ სიებს აფრიალებენ ტელევიზიები, ვრცელდება სოციალურ ქსელში და გაცილებით მეტი შემოსავალი ექნებათ. ამიტომ, ეს გაფიცვა, რეალურად, მცირე მეწარმეების „შავი პარასკევი“ და პიარ-აქციაა

ავტორი: მაკა რუხაძე