როგორ იქცა ექიმი ჯალათად და დიქტატორად

X-ფაილი

ის, რომ მარადიული არაფერია, სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელჰყო ანუ 27 ნოემბერს, ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა, ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში, სამთავრობო პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. 7 დეკემბრის საღამოსთვის, ასადის მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე დიდი ქალაქი - ალეპო, დეირ ეზ-ზორი, დარა, ჰამა და ჰომსი აიღეს. დილით კი  დამასკოში შევიდნენ, რის შემდეგაც არმიის ნაწილებმა ქალაქი დატოვეს. შესაბამისად, სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ასადი იძულებული გახდა, ქვეყნიდან ოჯახთან ერთად გაქცეულიყო. არსებული ინფორმაციით, მას თავშესაფარი ოფიციალურმა მოსკოვმა მისცა. სხვათა შორის, ასადმა სირია ისე დატოვა, რომ თან გარემოცვის ერთი წევრიც კი არ წაუყვანია... მოკლედ, ასადების ნახევარსაუკუნეზე მეტი ხნის დიქტატურა სირიაში, სულ რაღაც, 10 დღეში დასრულდა. და ეს „დასრულება“ ყველაზე მეტად, ალბათ, პუტინს ემცხეთა, ემცხეთა იმიტომ, რომ ასადის რეჟიმი რუსეთის დიქტატურისთვის ერთგვარი დასაყრდენი იყო, მაგრამ ახლა? ახლა ნათელია, რომ პუტინი არცთუ უძლეველია და მისი გავლენების ქვეშ მყოფი დიქტატორის „გაიმასქნებაც“ შესაძლებელია...
და მაინც, ვინ არის ბაშარ ალ-ასადი და საერთოდ, როგორ იქცა სირია ასადების სამფლობელოდ? - „ვერსია“, ონლაინ-მედიაზე დაყრდნობით, სირიული დიქტატურის მოკლე X-ფაილს გთავაზობთ.

***
როგორ აღმოჩნდნენ ახალგაზრდა ოფთალმოლოგი და მისი ბრიტანეთში დაბადებული ცოლი რეჟიმის სათავეში, რომელმაც ასიათასობით ადამიანი იმსხვერპლა? - ამ კითხვაზე პასუხი ბაშარ ასადის ოჯახის ისტორიაში უნდა ვეძებოთ, დინასტიაში, რომელიც სირიას 50 წელი რკინის ხელით მართავდა... ასადების დინასტიის დამფუძნებელად ჰაფეზ ასადი მიიჩნევა.
ზოგადად, ასადების ოჯახი ალავიტების სექტას განეკუთვნება, ალავიტები სირიის მოსახლეობის 11%-ს შეადგენენ. სირიის მოსახლეობის უმეტესობა ანუ დაახლოებით, 74% - სუნიტური ისლამის მიმდევარია, 12-13% კი - შიიტური ისლამის, რომელშიც შედის ალავიტების სექტაც, მოსახლეობის 2-3% დრუზები არიან, ხოლო ქრისტიანები მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ.
 
ჰაფეზ ასადი 
ჰაფეზ ასადი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფელ კარდაჰაში, ალი სულეიმან ასადის ოჯახში დაიბადა. ის სულეიმანის მეცხრე ვაჟი იყო. სხვა ალავიტების მსგავსად, ოჯახი ღარიბი გახლდათ და ძირითადად, მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს. სიღარიბის მიუხედავად, ჰაფეზ ასადის მამა ერთ-ერთ ყველაზე გავლინიან ალავიტად მიიჩნეოდა, ადგილობრივები მეტსახელად „ალ ასადს“ - ლომს ეძახდნენ. მანამდე ოჯახი ვაჰიშის გვარს ატარებდა, რაც ველურ მხეცს ნიშნავს. ალი სულეიმანმა გვარი, ალ ასადად, ოფიციალურად 1927 წელს გადაიკეთა. ჰაფეზ ასადი ოჯახიდან პირველი იყო, ვინც სასკოლო განათლება მიიღო. ცნობილია, რომ ჰაფეზ ასადი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. ღარიბ, ძირითადად, ალავიტებით დასახლებულ რაიონში მცხოვრები ჰაფეზი მალევე დაუახლოვდა პარტიებს, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილნი უმცირესობის მიმართ. ლაპარაკია სირიის კომუნისტურ და სოციალისტურ-ნაციონალისტურ პარტია „ბაასზე“. მოგვიანებით, ჰაფეზი სირიის სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე გახდა.
ცნობილია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰაფეზ ასადს სწავლის გაგრძელება ბეირუთში, ფრანც-იოსების უნივერსიტეტში სურდა. მას ექიმობა უნდოდა, თუმცა უსახსრობის გამო, ეს ვერ მოახერხა, ამიტომაც ჰაფეზი შევიდა ხომსის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში, რომელიც სტუდენტებს უფასო საცხოვრებელს და სტიპენდიას სთავაზობდა. სწორედ აქ გაიცნო ჰაფეზ ასადმა სირიის მომავალი თავდაცვის მინისტრი და თავისი უახლოესი მეგობარი მუსტაფა ტლასი. სწავლის პერიოდში, ჰაფეზ ასადი საუკეთესო პილოტადაც დასახელდა.
1958 წელს, ეგვიპტის იმდროინდელი პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის ლიდერობით, შეიქმნა ეგვიპტისა და სირიის გაერთიანებული არაბული სახელმწიფო, რის შემდეგაც ყველა სირიული პარტია დაშლილად გამოცხადდა, ოფიცერთა კორპუსი კი ძალიან შემცირდა. ამ დროისთვის, ჰაფეზ ასადს უკვე კაპიტნის წოდება ჰქონდა მინიჭებული და ეგვიპტის ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს, სადაც მისი თანაჯგუფელი ეგვიპტის მომავალი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი იყო.
1960-იანი წლების დასაწყისში, პარტია „ბაასი“ მძიმე კრიზისს განიცდიდა... მალე ახალგაზრდებმა პარტიის გაცოცხლება სცადეს და დააარსეს პარტიის სამხედრო კომიტეტი, რომლის ლიდერებიც იყვნენ მუჰამად უმრანი, მომავალი პრეზიდენტი სალაჰ ჯადიდი და ჰაფეზ ასადი.
1957-1958 წლებში, სამხედრო კომიტეტი პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პარტიას, თუმცა 1961 წელს, სირია ეგვიპტესთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოვიდა. ეს კი ქვეყანაში ახალი წმენდის დაწყებას გულისხმობდა. ასადი და მისი თანამზრახველები არმიიდან დაითხოვეს. მომდევნო წელს „ბაასისტებმა“ წარუმატებელი აჯანყება წამოიწყეს, რომელშიც ასადი უმნიშვნელო როლს ასრულდებდა. ჰაფეზ ასადი ბეირუთში დააპატიმრეს, თუმცა მალევე დაბრუნდა სირიაში.
1963 წლის თებერვალში, „ბაასის“ ერაყულმა განყოფილებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ძალაუფლება სრულად დაიქვემდებარა. ამით შთაგონებულმა სირიელმა ოფიცერებმა ახალი აჯანყება მოაწყეს, რომელიც 1963 წლის 8 მარტს, წარმატებით დასრულდა. გადატრიალებას მხარი დაუჭირა მიშელ აფლიაკმა, წამყვანი როლები კი შეასრულეს ჰაფეზ ასადმა და სალაჰ ჯადიდმა. სწორედ ჯადიდი გახდა ჰაფეზ ასადის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გადატრიალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ... გადატრიალების შემდეგ, ასადი „ბაასის“ რეგიონული განყოფილების მმართველობის წევრად აირჩიეს, წლის მიწურულს კი უკვე სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. ამ დროისთვის, ჰაფეზ ასადს უკვე გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. 1966 წელს, ასადმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა, თუმცა მანამდე იყო გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა, რის შედეგადაც პარტია ორად - პროსირიულ და პროერაყულ ფრაქციებად დაიყო.
1967 წელს, დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი არაბულ-ებრაული სამხედრო კონფლიქტი, რომელიც „ექვსდღიანი ომის“ სახელითაა ცნობილი. ომის შედეგად, ისრაელმა მოახდინა სირიაში მდებარე გოლანის მაღლობების ოკუპაცია. ჰაფეზ ასადსა და სალაჰ ჯადიდს შორის კონფლიქტი სწორედ ომში დამარცხების შემდეგ დაიწყო - ასადი დამარცხებაში ჯადიდს ადანაშაულებდა...
 
ასადების სირია
... ჰაფეზ ასადის ხელისუფლებაში მოსვლით, სირიაში სიმშვიდისა და განვითარების პერიოდი დაიწყო. ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე დაიწყო ქვეყნის რეფორმირების პროცესი, რაც მიზნად ისახავდა სირიის პოლიტიკური სისტემის ჰაფეზ ასადსა და მის ოჯახზე მორგებას. სირია, დღევანდელი ფორმით, პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების დაყოფის არსებული სისტემით, სწორედ ჰაფეზ ასადმა შექმნა.
ჰაფეზ ასადის ხელისუფლების სათავეში ყოფნის წლებში, სირიაში სოციალისტური ერთპარტიული სამხედრო დიქტატურა იყო, თუმცა ქვეყნის ეთნორელიგიური მოცემულობიდან გამომდინარე, არსებობდა ძალაუფლების დაყოფის საჭიროებაც. ასადს უწევდა სხვა სექტებისა, თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება. ამიტომაც, ტრადიციისამებრ ჰაფეზ ასადმა აღმასრულებელი ძალაუფლება თითქმის მთლიანად სუნიტებს ჩააბარა
სანაცვლოდ ალავიტებმა სრულად დაიქვემდებარეს არა მხოლოდ არმია, არამედ, ყველა ძალოვანი სტრუქტურა. შეიქმნა სხვადასხვა პროფილის მქონე 15-მდე სპეცსამსახური, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჰაფეზ ასადს ემორჩილებოდნენ. შეიცვალა კონსტიტუციაც და სირია საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცა. ასადმა სრულად დაიქვემდებარა პარტია „ბაასი“.
ჰაფეზ ასადის 30-წლიანი მმართველობისას, უკლებლივ ყველა გადაწყვეტილებაში ჰაფეზი მისთვის ჩვეულ პრაგმატიზმს ავლენდა. ამის მაგალითია 1973 წელს განვითარებული მოვლენები, როდესაც ასადმა განიზრახა სირიის კონსტიტუციიდან მესამე მუხლის ამოღება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტი აუცილებლად სუნიტი მუსლიმი უნდა ყოფილიყო.
პრეზიდენტის გეგმებს მალევე მოჰყვა პროტესტი სუნიტური უმრავლესობის მხრიდან, რის შემდეგაც ასადმა აზრი შეიცვალა. მომდევნო წლებში, ჰაფეზ ასადმა დე ფაქტო სუნიფიკაცია დაიწყო: იგი ესწრებოდა ლოცვებს სუნიტურ მეჩეთებში, იცავდა ზოგიერთ რელიგიურ რიტუალს. ასადმა სისრულეში მოიყვანა ალავიტების კანონიკურ მუსლიმებად ქცევის პროცესი.
საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით, ასადმა კიდევ უფრო გაზარდა არმიის შემადგენლობა და შეიარაღება გააუმჯობესა. ცივ ომში, სირია საბჭოთა კავშირის მოკავშირედ მიიჩნეოდა. თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ, ანვარ სადათის ხელმძღვანელობით, დიდი გეოპოლიტიკური ბრუნი განახორციელა და აშშ-ის პარტნიორი გახდა. საბჭოთა კავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარება ასადს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, სანაცვლოდ კი, სსრკ-მ სირიაში, ქალაქ ტარტუსში მცირე საზღვაო ბაზა მიიღო...
ასადის მმართველობით, ყველაზე დიდი ეკონომიკური სარგებელი მისმა უახლოესმა გარემოცვამ მიიღო, რომლის წევრებიც, დროთა განმავლობაში, მილიარდერებად იქცნენ. ლიბანსა და ერაყში მიმდინარე არეულობის ფონზე, ასადები ხაზს უსვამდნენ საკუთარ როლს, როგორც რადიკალური ისლამიზმის შემაკავებელ ფაქტორს.
ასადების ოჯახი ასოცირდებოდა სტაბილურობასთან, იქმნებოდა წარმოდგენა, თითქოს სახელმწიფოს კეთილდღეობა შეუძლებელი იყო მათი კეთილდღეობის გარეშე. ჰაფეზ ასადის მმართველობის წლებში, სირია, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოდერნიზებულ სახელმწიფოდ იქცა. ჰაფეზ ასადის დიპლომატიური მოხერხებისა და ნიჭის წყალობით კი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
... 1980-იანი წლების პირველ ნახევარში, ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, წარმოიქმნა პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი, რასაც ქალაქ ჰამაში მშვიდობიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო მოძრაობის სათავეში კი აღმოჩდა ისლამისტური ორგანიზაცია „მუსლიმური ძმობა“, რომელიც ასადის ძველი მოწინააღმდეგე იყო. ასადი ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში დევნიდა. ჰამის აჯანყებაზე საუბრისას, BBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ეყოფა სახელმწიფოს ძალა, რომ პროტესტს გაუმკლავდეს, ასადმა უპასუხა: „საქმე პირიქითაა და საკითხავია, რამდენად ეყოფათ ძალა აჯანყებულებს, გვებრძოლონ ჩვენ“.
მალევე დაიწყო საპროტესტო აქციების დახვრეტა, რამაც დემონტრაციას უფრო რადიკალური ხასიათი შესძინა. ეს კი ლეგიტიმაციას აძლევდა ჰაფეზ ასადს განეცხადებინა, რომ ისლამისტი რადიკალები ებრძოდნენ. ადგილზე აჯანყების ჩახშობას ჰაფეზის ძმა რიფაატი ხელმძღვანელობდა, მუდმივი საჰაერო დაბომბვებით, საარტილერიო და სატანკო შეტევებით, ასადებმა აჯანყებული ქალაქი სისხლში ჩაახრჩვეს. სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი, მათი უდიდესი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ჰამა თითქმის სრულად განადგურდა.
ჰაფეზ ასადის მმართველობის ბოლო წლებში, სირიაში შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. ასადმა მოახდინა ლიბანში თავისი დომინანტური როლის ლეგიტიმაცია. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გარღვევები არ ყოფილა, თუმცა ასადის დროს შეიქმნა ურბანული საშუალო კლასიც. ქვეყნის შიგნით კი დიქტატორის პიკი იყო. როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერების მაგალითით, სირიაში ყველგან გამოფენილი იყო ჰაფეზ ასადის პორტრეტები, ასადების სახელობისა იყო არაერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვეყნის ჰიმნთან ერთად, მოსწავლეები ჰაფეზ ასადის სადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ.
ჩამოთვლილი მიღწევების გარდა, ჰაფეზ ასადს კიდევ ერთი ამოცანა უნდა გადაეჭრა - მას უნდა დაეფუძნებინა დინასტია და მისი სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლება მის რომელიმე შვილზე უნდა გადასულიყო. სწორედ ეს გახლდათ ჰაფეზ ასადის მთავარი ამოცანა. დინასტიის დღეგრძელობასა და მემკვიდრის შერჩევაზე ჰაფეზ ასადმა ფიქრი გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, თუმცა მისი გეგმები გარემოებათა გამო რამდენჯერმე შეიცვალა.
ამბობენ, რომ ჰაფეზ ასადმა თავდაპირველად, მემკვიდრედ საკუთარი ძმა რიფაატი შეარჩია - მისივე მარჯვენა ხელი, რომელიც სასტიკი და დაუნდობელი ადამიანის სახელით სარგებლობდა. ამასთან, მიიჩნეოდა, რომ რიფაატი აკონტროლებდა ლიბანიდან მომავალ კონტრაბანდულ ტვირთებს. დროთა განმავლობაში, რიფაატი რეჟიმის კორუმპირებულობისა და სისასტიკის სახედ იქცა. 
1984 წელს, ჰაფეზ ასადს გულის შეტევა დაემართა. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და საეჭვო გახდა მისი გადარჩენა. რიფაატმა გადაწყვიტა, მომენტით ესარგებლა და აჯანყება წამოიწყო. დამასკოში რიფაატ ასადის მიერ კონტროლირებადი სამხედრო ნაწილები შევიდნენ. რიფაატმა ძალაუფლების აღება სცადა, მაგრამ ჰაფეზის მომხრეების მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდა. ჰაფეზ ასადი მალე გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღეში მართვის სადავეებიც მარტივად დაიბრუნა. რიფაატი სამხედრო თანამდებობებიდან გადააყენეს და ცოტა ხნით ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გადაიყვანეს. წლის მიწურულს, იგი იძულებით ემიგრაციაში, საფრანგეთში გაუშვეს, საიდანაც ძალაუფლების ცენტრში ვეღარასდროს დაბრუნდა. რიფაატმა წარმატების ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა.
რიფაატის ღალატის შემდეგ, ჰაფეზმა არჩევანი უფროს ვაჟზე, ბასილზე შეაჩერა, რომელიც ერთობოდა ცეცხლსასროლი იარაღით, სპორტული მანქანებით და ცხენოსნობით. ბასილ ასადი დინასტიის გაგრძელებისთვის იდეალური არჩევანი იყო. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ პრეზიდენტობისთვის, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არმიაშიც, იყო თავდაჯერებული და ჰქონდა სპეციფიკური ქარიზმა, რომელიც აუცილებელია სირიისნაირი ქვეყნის ლიდერისთვის, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 1994 წლის 21 იანვარს. ამ დღეს ბასილ ასადი საკუთარი ავტომობილით დამასკოს აეროპორტის გზატკეცილზე ავარიაში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
... ჯანმრთელობაშერყეულ ჰაფეზ ასადს სწრაფად უნდა შეერჩია მემკვიდრე, მოემზადებინა ძალაუფლების უმტკივნეულო გადაცემა და გაენაღდებინა მემკვიდრის პოლიტიკური მომავალი. არჩევანი კი დიდი არ იყო, ასადს სამი ვაჟი დარჩა, აქედან ერთი, მაჯდი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, მეორეს, 27 წლის მაჰერს კი იმპულსური ხასიათი ჰქონდა და მეტისმეტად ფიცხი იყო.
ამბობენ, რომ სწორედ მაჰერი იყო დედის, ანისა მახლუფის ფავორიტი. ცნობილია ოჯახში ანისა მახლუფის განსაკუთრებული გავლენების შესახებ. მას ახასიათებენ, როგორც შესანიშნავ მანიპულატორს, მტკიცე და ხისტი ხასიათის ადამიანს. მიუხედავად ამისა, იმ მომენტში, საბოლოო სიტყვა ჰაფეზ ასადს ეკუთვნოდა და მან ახალ მემკვიდრედ 29 წლის ბაშარი შეარჩია, თუმცა მომავალში ანისამ კიდევ თქვა თავისი სიტყვა.
არასდროს არავის უფიქრია, რომ ბაშარი პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ახალგაზრდობიდანვე ბაშარს ჰქონდა საშუალება, ეკეთებინა ის, რაც თვითონ აინტერესებდა. ძმებისგან განსხვავებით, მას არ უსწავლია სამხედრო სასწავლებელში. ბაშარი იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე ჰუმანიტარული სფერო იზიდავდა. პოლიტიკურ კარიერას ბაშარმა ექიმობა, კერძოდ კი ოფთალმოლოგობა ამჯობინა, რითაც მამის აუხდენელი ოცნება აასრულა.
დამასკოს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ბაშარ ასადი პრაქტიკის მისაღებად ლონდონში გაემგზავრა. ბაშარმა ლონდონში არასრული ერთი წელი დაჰყო, რა დროსაც მუშაობდა დამხმარე ქირურგად და ეცნობოდა დასავლურ კულტურას. ცნობილია, რომ ბაშარს განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა, ამბობენ, რომ ამ პერიოდში, მისი საყვარელი შემსრულებელი იყო ფილ კოლინზი და ჯგუფი „ჯენეზისი“.
ბაშარი ამბობს, რომ ოფთალომოლოგობა რამდენიმე ფაქტორის გამო იზიდავდა, მათ შორის კი მთავარი ის იყო, რომ ოფთალმოლოგის მიერ გაკეთებული ოპერაციისა თუ მანიპულაციის შედეგი დაუყოვნებლივ ჩანს და ექიმი უშუალოდ ხედავს თავისი შრომის შედეგს.
ბაშარის სწავლა ძმის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა, თუმცა მანამდე იყო საბედისწერო შეხვედრა. სწორედ ლონდონში გაიცნო ბაშარ ასადმა ასმა აკრასი, მომავალი ცოლი. ასმა ლონდონში, სირიელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა.
ბაშარის დასავლური ოდისეა ბასილის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა, რადგანაც ის, პრაქტიკულად, ერთადერთ შესაძლო მემკვიდრედ განიხილებოდა. ბაშარი დამასკოში ბასილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაბრუნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მამას მისთვის დაბრუნება არ უთხოვია, თუმცა ის ხვდებოდა, რომ სამშობლოში სამუდამოდ ბრუნდებოდა...
2000 წლის 10 ივნისს, სირიასა და ლიბანში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ამ დღეს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰაფეზ ასადი. გლოვამ მთელი სირია მოიცვა, ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე გაიმართა სამგლოვიარო მიტინგები, ტიროდნენ და მოთქვამდნენ პარლამენტის წევრები, ცრემლები წასკდა ტელეწამყვანსაც, რომელმაც ქვეყანას ჰაფეზ ასადის გარდაცვალება აუწყა. ჰაფეზ ასადი, ლიბანის პრემიერ სელიმ ჰოსთან სატელეფონო საუბრის დროს გარდაიცვალა, გულის შეტევით. ამ დროისათვის, ბაშარს ხელისულების სათავეში ყოფნა უკვე გარანტირებული ჰქონდა.
პრეზიდენტობის გარდა, ბაშარი ოჯახის შესაქმნელადაც ემზადებოდა. წყვილი საზეიმო წვეულებისა და საჯარო გამოცხადების გარეშე დაქორწინდა. 1999 წელს, ასმამ ჰარვარდიდან სწავლის გაგრძელების შემოთავაზება მიიღო, რასაც მან სირიის პირველ ლედიდ ყოფნა არჩია...
ბაშარის ასაკის, განათლებისა და დასავლეთში ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობდა აზრი, რომ ის რეფორმატორი იქნებოდა და სირია დემოკრატიზაციის გზით წავიდოდა.
ჰაფეზის გარდაცვალების მომენტში, ბაშარი 34 წლის იყო, კონსტიტუციით კი საპრეზიდენტო ასაკობრივი ცენზი 40 წელი იყო. შესაბამისად შეიცვალა კონსტიტუციაც და ცენზი ბაშარის ასაკით განისაზღვრა. საპრეზიდენტო რეფერენდუმში ბაშარ ასადმა ხმათა 97% მიიღო - ის ერთადერთი კანდიდატი იყო. რეჟიმის ტრადიციული მხარდამჭერების გარდა, ბაშარ ასადს მხარს უჭერდა ქვეყნის ახალგაზრდობის დიდი ნაწილიც. ამ პერიოდში შედგა ერთგვარად ახალი სოციალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხალხი ივიწყებდა რეჟიმის შეცდომებს ახალი, დემოკრატიული დასაწყისის იმედად.
მართლაც, ბაშარ ასადის გაპრეზიდენტებიდან პირველ ას დღეში, ქვეყანაში რამდენიმე რეფორმა განხორციელდა: შესუსტდა სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკაზე, გაიხსნა ალეპოს ფინანსური ბირჟა, ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი, ქვეყანა გაიხსნა ტურისტებისთვის, პირველად ქვეყნის ისტორიაში შესუსტდა კონტროლი პრესაზე და შესაძლებელი გახდა ხელისუფლების კრიტიკა. ამავე პერიოდში, პირველად სირიის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. ეს ჟურნალისტი იყო იბრაჰიმ ჰამიდი.
ბაშარ ასადმა, მამისგან განსხვავებით, უარი განაცხადა თავისი ძეგლების აღმართვასა და პორტრეტების გამოფენაზე. მმართველობის პირველ თვეებში განხორციელებულმა რეფორმებმა ბაშარ ასადს პოზიტიური იმიჯი შესძინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო არენაზე. პირველი ლედის რანგში აქტიურობა დაიწყო ასმა ასადმა. ბაშარის გაპრეზიდენტებიდან მალევე, ასმამ ინკოგნიტოდ შემოიარა ქვეყანა, ხვდებოდა უბრალო მოქალაქეებს. ასმას მზარდი როლით უკმაყოფილოები იყვნენ ასადების ოჯახის სხვა ქალები, კერძოდ, ბუშრა და ბაშარის დედა ანისა. მომდევნო წლებში, ქალებს შორის უთანხმოება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა.
ბაშარი გარკვევით არ ჰგავდა მამას, განსხვავდებოდა ქცევითაც და ხასიათითაც, თუმცა იყო მსგავსებებიც. სირიაში ცნობილია იგავი ჰამბურგერის გამყიდველის შესახებ, რომელიც მყიდველს ჰამბურგერს უკეთებს და კარგ ფასსაც ართმევს, მაგრამ ბოლო მომენტში, ბურგერიდან აძრობს ძაფზე გამობმულ ხორცს. სწორედ ამ ანეკდოტით ხსნის ბაშარ ასადის ფსიქოტიპს და პოლიტიკურ ხასიათს მისი ყოფილი მრჩეველი სამირ ალ-ტაქი: „მისთვის პოლიტიკაში არ არსებობს სანდო და მყარი ურთიერთობები, ღიაობა და თანამშრომლობა. იგი ყოველ ჯერზე ჰამბურგერის გამყიდველივით იქცევა, ცდილობს, ძვირად გაყიდოს ბურგერი, მაგრამ ბოლო წუთში, იქიდან ხორცს აცლის. მისი აზრით, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს კარგი პოლიტიკოსი“.
ალტაქის თქმით, ეს ტრიუკი ბაშარს ჰაფეზმა ასწავლა და მომდევნო წლებში ბაშარმა იგი არაერთხელ გამოიყენა.
ბაშარის მიერ წამოწყებულ რეფორმებთან ფლირტის პროცესისთვის საბედისწერო ტესტად იქცა 2001 წლის 11 სექტემბერი. ამ დღეს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში ალ-ქაიდას მიერ ორგანიზებულ შეტევებს 3 ათასამდე მშვიდობიანი ამერიკელი ემსხვერპლა. რის შემდეგაც, აშშ-მ ტერორიზმს გლობალური ომი გამოუცხადა. ტერაქტის ორგანიზატორების დიდი ნაწილი თავს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთს აფარებდა. შესაბამისად, ამ ომში სირიის პოზიციას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
ტერორიზმთან ომში სირიის გადმობირებას შეეცადა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერი ტონი ბლერი. ეს იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი სირიაში. შეხვედრამ ძალიან მეგობრულ გარემოში ჩაიარა, ბაშარ ასადმა ტონი ბლერი დამასკოს მთავარ მეჩეთში წაიყვანა. პრივატულ გარემოში, ასადმა დაგმო ტერორიზმი და ბლერს სირიის მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა უკვე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სირიის პრეზიდენტმა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიჭირა, ასადმა მამისგან ნასწავლი ტრიუკი ჩაატარა...
გავიდა წლები და... ე.წ. არაბული გაზაფხულის შედეგად, რეგიონმა არნახული მასშტაბის პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა. ამ პერიოდში, ხელისუფლება შეიცვალა ოთხ სახელწიფოში, მათ შორის, ტუნისშიც. სამოქალაქო დაპირისპირებამ იფეთქა სირიასა და ბაჰრეინში, რეგიონის კიდევ შვიდ სახელმწიფოში მასობრივი სამოქალაქო პროტესტი დაიწყო.
მოვლენები ყველაზე დრამატულად სირიაში განვითარდა, სადაც ასადების მრავალწლიანი დინასტიის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი დადგა.
„ასადები, თორემ გადავწვავთ ქვეყანას“ - ამ შინაარსის წარწერებს ხშირად შეხვდებოდით სირიის სამთავრობო არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებსა და შენობებზე, ეს ფრაზა კარგად გამოხატავს რეჟიმის მთავარ ლოზუნგს და, ამავდროულად, არის ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ წარიმართა სირიის სამოქალაქო კონფლიქტი.
არაბულმა გაზაფხულმა სირიაში 2011 წლის მარტში ჩააღწია, თუმცა თავიდან რეჟიმი რევოლუციის საშიშროებას ჯიუტად უარყოფდა. ერთი შეხედვით, წყნარ სირიაში პრობლემები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დერაის პროვინციაში, სკოლის მოსწავლეების მიერ კედელზე დახატული სტენსილით დაიწყო. 14-15 წლის ბავშვებმა სკოლის კედელზე დაწერეს: „შემდეგი შენ ხარ, ექიმო“. ბავშვები მეორე დღესვე დააკავეს და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში წაიყვანეს. მოზარდები დააპატიმრეს, ისინი სასტიკად აწამეს, მათ დააძრეს ფრჩხილები და სცემეს. ბავშვების გამოსახსენელად, მშობლები და მათი ახლობლები დერაის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ატეფ ნაჯიბთან მივიდნენ, რომელიც ბაშარ ასადის გარე ბიძაშვილია. მოზარდების გათავისუფლების თხოვნაზე ნაჯიბმა მათ მამებს მოუწოდა, ცოლები მე მომიყვანეთ იმისათვის, რომ ნორმალური შთამომავლობა გეყოლოთო.
უსამართლობითა და ჩინოვნიკების სისასტიკით აღფშფოთებულმა მშობლებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს... დაიწყო სამოქალაქო მშვიდობიანი აქციების დახვრეტა. მარტში, დერაის პროვინციაში, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
მოკლედ, მითები ბაშარ ასადის რეფორმატორობის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა და გასაგები გახდა, რომ სირია „არაბული გაზაფხულის“ ეპიცენტრი გახდებოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა იმ კატასტროფის მასშტაბს, რომელიც სირიაში მომდევნო წლებში დატრიალდა. ასადის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი, ლეონ პანეტა ამბობდა, რომ გადამწყვეტი გავლენა ბაშარზე ისევ დედამისმა, ანისამ მოახდინა. ანისამ კვლავ წამოსწია მამის აჩრდილი და ამბოხების ჩახშობა არა მხოლოდ ნაციონალურ, არამედ, ოჯახის მოვალეობად წარმოადგინა - ბაშარი მამისა და მთელი ოჯახის წინაშე იყო ვალდებული, დარჩენილიყო ძალაუფლებაში. 
... 2014-2015 წლებში, სირიის სამოქალაქო კონფლიქტმა იმგვარი სახე მიიღო, რომელშიც ბაშარ ასადი უკვე აღარ მოჩანდა ყველაზე დიდ საფრთხედ და ბოროტებად. ეს ნიშა მთლიანად დაიკავა ისლამურმა სახელმწიფომ. სწორედ ამ კვაზი-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის განადგურებაზე დაიხარჯა აშშ-ისა და დასავლური სახელმწიფოების ძალისხმევა. იმ დროს, როდესაც ამერიკელები ავიადარტყმებით, ხოლო მათ მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ქურთული შენაერთები ისლამურ სახელმწიფოს ანადგურებდნენ, სირიის რეჟიმი და რუსეთი ზომიერ ოპოზიციას ჟლეტდნენ.
2015 წელს, სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი პირდაპირ ჩაერთო, რამაც რეჟიმს სირიის ზეცაზე სრული მონოპოლია გაუნაღდა. მიწაზე პროირანულმა დაჯგუფებებმა და ზეცაში რუსულმა ბომბდამშენებმა რეჟიმთან წარმატებული ბრძოლის ყველანაირი შანსი გაანადგურეს. მოგვიანებით, მთელმა მსოფლიომ იხილა, თუ როგორ დაეცა სირიის „სტალინგრადი“ - ალეპო, რომლის აღმოსავლეთ ნაწილსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. სამთავრობო ალყისა და რუსეთის ავიაიერეშების ქვეშ ქალაქი პრაქტიკულად სისხლისგან დაიცალა.
... 2019 წლის ოქტომბერში, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებზე, ერთმანეთის მიყოლებით ერთვებოდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ამერიკელების ყოფილ ბაზებზე იმყოფებოდნენ. ისინი უჩვენებდნენ ამერიკელი ჯარისკაცების ბაზებს, რომელიც ამერიკელებმა რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. ამერიკელების გასვლის შემდეგ ამ პროვინციებში რუსი სამხედროები შევიდნენ. ცხადია, რუსული პროპაგანდა ამას ნაციონალურ გამარჯვებად და ამერიკელების გაქცევად წარმოაჩენდა. ამერიკელებმა ბაზები ისეთ სიჩქარეში დატოვეს, რომ ამუნიციის წაღებაც ვერ მოასწრეს და მათი აფეთქება მოუწიათ.
ამერიკელების გასვლამ სასიკვდილო რისკი შეუქმნა ქურთებს, რომლებიც ამერიკელების ყველაზე სანდო პარტნიორები იყვნენ. მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას 11 ათასამდე ქურთი მებრძოლი შეეწირა. ამ დროისთვის, სირიის რეჟიმი აკონტროლებს თითქმის ყველა პროვინციას, ერთადერთ აჯანყებულ ანკლავად თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინცია რჩება, რომელშიც ასადის შურისძიებას გამოქცეული 3 მილიონი დევნილი აფარებს თავს.
მოკლედ, ასე გახდა ექიმი ასიათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ექიმი, რომელიც ოდესღაც უსინათლოებისთვის თვალის ახელაზე ოცნებობდა...

მოამზადა ნინო დოლიძემ