საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლევა, რომ ყველა მიმართულებით გაიზარდოს ბიუჯეტი. „საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ, ბიუჯეტის პროექტის წინა განხილვისას წარმოდგენილი 24 შენიშვნიდან, ორის გარდა, ყველა გათვალისწინებულია. ამ ორი საკითხის თაობაზე ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელა. შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომ მომდევნო წლის 1 იანვრიდან, პენსია იზრდება 350 ლარამდე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და ტექნიკურ თანამშრომელთა, ასევე პოლიციელთა ხელფასებიც.
სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები
სახელმწიფო ბიუჯეტი საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1.2 მილიარდი ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 500.0 მილიონი ლარია. 2025 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 25 305.0 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის თავდაპირველ გეგმას აღემატება 3 252.0 მილიონი ლარით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 820.0 მილიონი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990.9 მილიონი ლარით.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 085.0 მილიონი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577.0 მილიონი ლარით.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 297.6 მილიონი ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება - 298.4 მილიონი ლარით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 125.0 მილიონი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია - 2 405.8 მილიონი ლარი, გრანტებში - 18.5 მილიონი ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში - 700.8 მილიონი ლარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808.1 მილიონ ლარს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია - 947.0 მილიონი ლარი, რაც 146.0 მილიონი ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121.0 მილიონ ლარს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია - 442.0 მილიონი ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 215.0 მილიონი ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 730.0 მილიონი ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 350.0 მილიონი ლარით აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 395.0 მილიონი ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 135.0 მილიონი ლარით აღემატება, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
ცალკეული სახელმწიფო პროგრამები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მაგალითებზე, ვნახოთ, კონკრეტულად რა პროგრამები დაფინანსდება 2025 წელს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 820.0 მილიონი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990.9 მილიონი ლარით, ხოლო წინა წარდგენასთან შედარებით, იზრდება 120.0 მილიონი ლარით.
ამ ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 6 353.5 მილიონი ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 718.0 მილიონი ლარით, ხოლო წინა წარდგენასთან შედარებით, გაზრდილია 92.0 მილიონი ლარით.
კერძოდ: საპენსიო უზრუნველყოფა - 4 498 მილიონი ლარი (2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 568.0 მილიონი ლარით, ხოლო ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით - 78.0 მილიონი ლარით), რაც გამოწვეულია, მათ შორის, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.
„ამ კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია შეადგენს 0.9%-ს. აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა 20 ლარზე ნაკლებია, რისი გათვალისწინებითაც კანონის შესაბამისად განსაზღვრულია პენსიის ზრდა არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამასთან, წინა წარდგენისგან განსხვავებით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსიაც იზრდება 35 ლარით და 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მთიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით. აღნიშნული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული შეადგენს 8.3%-ს, ხოლო მისი 80% - 6.7%-ს. შესაბამისად, პენსიის მოცულობა უნდა გაიზარდოს 0.9% + 6.7% = 7.6%-ით. აღნიშნული ფორმულით პენსიის ზრდა შეადგენს 31.5 ლარს. კანონის შესაბამისად, ხორციელდება აღნიშნული თანხის დამრგვალება და პენსიის ზრდა განსაზღვრულია 35 ლარით, რისი გათვალსწინებითაც 70 წლის ზევით ასაკის მქონე პირის სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი.
პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 იანვრიდან: სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით; ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვროს 1 235 ლარით.
მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 1 638.9 მილიონი ლარი (გაზრდილია 119.9 მილიონი ლარით); აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით; ამასთან, გათვალისწინებულია 120 000 სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების, 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 113.0 მილიონი ლარი.
პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება იზრდება 18.7 მილიონი ლარით და შეადგენს 95.0 მილიონ ლარს. საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული წინადადებების შესაბამისად, პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით პროგრამის დაფინანსება დამატებით გაზრდილია 6.5 მილიონი ლარით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 859.0 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 220.0 მილიონ ლარს, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 185.0 მილიონი ლარით იზრდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 100.0 მილიონი ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 112.5 მილიონი ლარი, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 103.3 მილიონი ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 268.0 მილიონი ლარი.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 085.0 მილიონი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577.0 მილიონი ლარით, ხოლო წინა წარდგენასთან შედარებით, იზრდება 200.0 მილიონი ლარით. თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 903.7 მილიონი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით, გაზრდილია 328.7 მილიონი ლარით, ხოლო წინა წარდგენასთან შედარებით - 95.5 მილიონი ლარით.
„აღნიშნული თანხის ფარგლებში, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან, საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება. ამავე პროგრამის ფარგლებში, 75.0 მილიონი ლარია გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა; პროფესიული განათლება - 149.0 მილიონი ლარი (წინა წარდგენასთან შედარებით, გაზრდილია 5.0 მილიონი ლარით); უმაღლესი განათლება - 171.3 მილიონი ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 86.1 მილიონი ლარი; ინკლუზიური განათლება - 82.3 მილიონი ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 538.1 მილიონი ლარი“.
კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 467.7 მილიონ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 600.0 მილიონ ლარზე მეტი); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 66.0 მილიონი ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამისა და თანამედროვე უნარების უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები); უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 30.0 მილიონი ლარი. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 13.8 მილიონი ლარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808.1 მილიონ ლარს, რაც წინა წარდგენასთან შედარებით, გაზრდილია 63.1 მილიონი ლარით. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 72.3 მილიონი ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 81.2 მილიონი ლარი (წინა წარდგენასთან შედარებით, გაზრდილია 25.0 მილიონი ლარით).
ერთიანი აგროპროექტი - 350.9 მილიონი ლარი (წინა წარდგენასთან შედარებით, გაზრდილია 25.0 მილიონი ლარით), მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტები - 210.0 მილიონი ლარი; აგროდაზღვევა - 15.0 მილიონი ლარი; დანერგე მომავალი - 26.0 მილიონი ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი - 13.0 მილიონი ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა - 18.1 მილიონ ლარამდე; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი - 10.0 მილიონი ლარი; თხილის წარმოების ხელშეწყობა - 23.0 მილიონი ლარი; სათბურების ხელშეწყობის პროექტი - 8.0 მილიონი ლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 129.1 მილიონი ლარი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობა - 30.0 მილიონი ლარი; დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 27.7 მილიონი ლარი; სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 24.8 მილიონი ლარამდე; გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორნგი - 33.6 მილიონი ლარი (წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 11.8 მილიონი ლარით) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა, დარიშხანშემცველი ნარჩენების ობიექტების მართვა - 8.0 მილიონ ლარამდე (წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 1.0 მილიონი ლარით); მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - 6.2 მილიონი ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 125.0 მილიონი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 405.8 მილიონი ლარი, გრანტებში - 18.5 მილიონი ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში - 700.8 მილიონი ლარი. ძირითადი პროგრამების მიხედვით, ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 592.6 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია - 905.0 მილიონი ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 227.8 მილიონი ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 503.2 მილიონი ლარი; მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 75.0 მილიონი ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 366.0 მილიონი ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 150.0 მილიონი ლარი; სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებები - 200.0 მილიონი ლარი (აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამის შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება თბილისში).
ავტორი-მაკა რუხაძე