„ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას. ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით, იყო მცირე, მოკლევადიანი რყევები, რაც „მაიდნის“ მოწყობის წინა სამი მცდელობის პირობებშიც სახეზე იყო, თუმცა მაშინაც ძალიან მალე დავასტაბილურეთ ლარის კურსი. ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება და ყოველდღიურად, დადებითი დინამიკა არის სახეზე. მადლობა ეროვნულ ბანკს სწორი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, ვითარების დამშვიდება დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ კურსი დასტაბილურდეს და საბოლოო ჯამში, ორ-სამ დღეში, დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება რამდენიმე დღის განმავლობაში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლარის კურსის 13 თეთრით გაუფასურებას 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში.
რა მოხდა სინამდვილეში და რატომ გაუფასურდა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში. 28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში მოლაპარაკებების პროცესის2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა, დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე მსხვილ ქალაქში საპროტესტო ტალღა აგორდა, ეროვნული ვალუტის კურსმა კი გაუფასურება დაიწყო. თუ 28 ნოემბერს, 1 აშშ დოლარი 2.74 ლარი ღირდა, 4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, გაცვლითი კურსი 2.87 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებით, 13 თეთრით გაუფასურდა.
4 დეკემბრიდან, ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს აჩვენებს -ამჟამად, 1 აშშ დოლარი 2.79 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ28 ნოემბრის კურსთან შედარებით,ლარი მხოლოდ5 თეთრითაა გაუფასურებული.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკა მუშაობს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
„გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სამართლიანობა არის მთავარი, იმისთვის, რომ სწორად გაგრძელდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის -გახსნან მოლაპარაკებები, დღესვე ვაწერ ხელს. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი მხრიდან. ასევე, ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული, საუბარია ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაკეთდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად“.
კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ ღირსებით შეინარჩუნა მშვიდობა. ღირსებით, ამ ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით გაიზარდა, რის გამოც, საქართველო, ამ ოთხწლიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა არა მარტო რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბითაც.
„ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის ოთხწლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს, სადაც მოადუნებ ბრძოლას, არ აჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ პასუხიც იქნება შესაბამისი. ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან, მიდგომები თვისობრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად სამართლიანი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო ოცი თვის განმავლობაში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
„ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისთვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3%-ს შეადგენს. ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრას, ხოლო მონეტარული პოლიტიკის იმგვარად წარმართვას, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ, როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების თვალსაზრისით, ასევე - არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველჰყო. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, ოცი თვის განმავლობაში, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში, ინფლაციამ 1.3% შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჯამურად, 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0%-ს შეადგენს.
„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს, ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“.
შეგახსენებთ, რომ „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ, შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. „მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“ მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.
მაკა რუხაძე