„ის თავისი ბუნებით, გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამაა“, - ასე წარადგინა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. დიახ, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ახლა უკვე ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, სულ მალე, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული,ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. რაც მთავარია, ქვეყნის მთავარსარდალს წელს, პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი? „ვერსია“ მომავალი პრეზიდენტის ბიოგრაფიას და ქონებრივ დეკლარაცას გთავაზობთ, ხოლო მის სპორტულ კარიერას გაზეთის სპორტის რუბრიკაში, ჩემი კოლეგის სტატიაში გაეცნობით.

 

მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფია

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 53 წლისაა - 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. „ვიკიპედიის“ მიხედვით, 1989 წელს, მიხეილ ყაველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ ვინაიდან საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, მისსავე პირად გვერდზე განათლების გრაფა ცარიელია, სავარაუდოდ, დიპლომი აღარ აუღია...

1990 წლიდან, მიხეილ ყაველაშვილის წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო. 1988-1995 წლებში,თამაშობდა „დინამო თბილისში“; 1994-1995 წლებში - „ალანია-ვლადიკავკაზში; 1995-1997 წლებში - „მანჩესტერ-სიტიში“; 1997-1999 წლებში - „გრასჰოფერში“; 1999-2002 წლებში - „ციურიხში“; 2002-2003 წლებში - „ლუცერნში“,; 2003-2004 წლებში - „სიონში“; 2004-2005 წლებში - „არაუში“; 2004 წელს - „ალანია-ვლადიკავკაზში“; 2005-2006 წლებში - „გაზელში“; 2016 წელს - საზოგადოებრივი მაუწყებელზე, საფეხბურთო ექსპერტია; 2009 წლიდან - FIFPro-ს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტია.

2006 წელს, მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია; 2009 წლიდან - საქართველოში, მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტია; ამავე პერიოდში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორია; 2014 წელს - შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“; 2016 წელს - მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია“, ისევ „ქართული ოცნების“ პარტიიდან. 2022 წლის 28 ივნისს, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია, აგვისტოში კი დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, მიხეილ ყაველაშვილის „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდა. 

 

მომავალი პრეზიდენტის ქონება

დეკლარაცია სულ ბოლოს, მიხეილ ყაველაშვილმა 2024 წლის 26 აპრილს შეავსო, რომელშიც მითითებულია, რომ ჰყავს მეუღლე - თამარ ბაგრატიონი (მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და) და სამი შვილი - მარიამი, გურამი და ელისაბედი. თამარ ბაგრატიონს ჰყავს ვაჟი - გიორგი ივანიშვილი, პირველი ქორწინებიდან.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის საკუთრებაშია 22 000 აშშ დოლარად შეძენილი ავტოფარეხი, გაბაშვილის ქუჩაზე. სხვა უძრავ ქონებაზე ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ინფორმაცია არ არის მითითებული. წინა წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომყაველაშვილის ზრდასრულიგერის- გიორგი ივანიშვილისსახელზე გაფორმებულია 134კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის #83-ში.

დეკლარაციის მიხედვით,მომავალი პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი შპს „გეომაკის“ 40%-იანი წილს ფლობს.

მიხეილ ყაველაშვილს აუღია სამომხმარებლო სესხი - 84 000 ლარის ოდენობით, ხოლო

ხელფასის სახით, წლიურ ჭრილში - 49 416 ლარია მითითებული.

სხვა გრაფები ქონებრივ დეკლარაციაში ცარიელია.

 

 

 

 ავტორი-მაკა რუხაძე