აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე.

დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას აჩვენებს წამყვანი მედიასაშუალებების(CNN, NBC, CBS, Associated Press, New York Times) მონაცემები.

  • 3 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35.
  • ამ არჩევნებამდე ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.

ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - 218 წარმომადგენელთა პალატაში და 51 სენატში.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ამჟამინდელი უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა არჩევნების შედეგებს უწოდა „გამარჯვება ამერიკისთვის". ჯეფრისი ახალი მოწვევის პალატის სპიკერობის რეალური კანდიდატია.

„ისტორიული გამარჯვება"

ისეთი შტატების გარდა, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იმარჯვებენ, ამ პარტიის კანდიდატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა ტეხასში, შტატში, სადაც ბოლო ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

ამერიკულმა მედიამ ტეხასში დემოკრატების წარმატება „ისტორიულ გამარჯვებად" შეაფასა.

სენსაციად შეფასდა დემოკრატი ენი ენდრიუსის მიერ რესპუბლიკელი დარლინ გრემის დამარცხება სამხრეთ კაროლინაში, სადაც თითქმის 30 წლის განმავლობაში რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

მედიის მონაცემებით, იმ შტატებიდან, სადაც 3 ნოემბერს სენატორები აირჩიეს, ტეხასის და სამხრეთ კაროლინის გარდა ოჰაიო, აიოვა, კანზასი და ჩრდილოეთი კაროლინაა ის შტატები, სადაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და წინა მოწვევის სენატშიც ამ შტატებიდან ადგილებს რესპუბლიკელები იკავებდნენ, ახლა კი ყველგან გამარჯვება დემოკრატებმა მოიპოვეს.

ზოგადად, არჩევნების შედეგებს ანალიტიკოსები უკვე უწოდებენ რესპუბლიკელების კოლაფსს.

ტრამპი

რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი, მისი კაბინეტის წევრები და პოლიტიკური მრჩევლები არჩევნების შედეგების შეჯამებაზე დასაკვირვებლად თეთრი სახლის აღმოსავლეთის დარბაზში შეიკრიბნენ.

თეთრ სახლში ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, პრეზიდენტი ტრამპი ბიულეტენში არ ყოფილა, ამომრჩევლები კი უბნებზე მიდიან, როცა ბიულეტენში ის არის.

4 ნოემბერს დონალდ ტრამპმა New York Times-ს უთხრა, რომ თუ დემოკრატები გამარჯვებას მოიპოვებენ, მათთან ითანამშრომლებს. მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება.

  • კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გართულდება მისთვის სასურველი ინიციატივების გატარება და შესაბამისი კანონების მიღება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ქვეყნის ბიუჯეტი.

 

 

"რადიო თავისუფლება"