თბილისში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი 20 წლის ფატიმა კერიმოვა, აზერბაიჯანის პატარა ქალაქის სასაფლაოზე, უმცროსმა დამ 30 ივნისს დაკრძალა. მისი ცხედარი, ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში, პოლიციამ 26 ივნისს, საღამოს აღმოაჩინა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შსს დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.
ზულეიხა კერიმოვა ამბობს, რომ მისი და ბიძაშვილმა, 26 წლის კაცმა მოკლა და ვარაუდობს, რომ მან საქართველოდან თურქეთში გაქცევა მოახერხა.
როგორ აღმოჩნდა 20 წლის ფატიმა თბილისში?
აზერბაიჯანის მოქალაქე, ფატიმა უმცროს დასთან, ზულეიხასთან ერთად, ბაქოში ცხოვრობდა. დედა 2020 წელს, სიმსივნით გარდაეცვალათ. 2 წელში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მამაც.
საქართველოში წამოსვლამდე ფატიმა ვეტკლინიკაში, ვეტექიმის თანაშემწედ მუშაობდა. დაახლოებით ორი თვის წინ კი შეყვარებულთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტა.
„დაქორწინებას აპირებდნენ. ბიჭმა უთხრა, რომ თბილისში სამსახურს იშოვიდა, ფულს დააგროვებდა და შემდეგ იქორწინებდნენ“, - გვიყვება ფატიმას და, ზულეიხა და ამბობს, რომ მალე, შეყვარებულმა მის დაზე ძალადობა დაიწყო:
„სცემდა, სიგარეტს აწვავდა ტანზე, დაუხია დოკუმენტები, მისი ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში და საბოლოოდ გაუჩინარდა. ფატიმა უფულოდ, დოკუმენტების, ტელეფონის გარეშე დარჩა ქუჩაში“.
ზულეიხას თქმით, ქუჩაში დარჩენილ დას ნაცნობი გოგო დაეხმარა, მათ შორის ახლობლებთან დაკავშირებაშიც.
„ჩემმა დამ მოახერხა მამის მხრიდან, ბიძაშვილთან დაკავშირება. სთხოვა, რომ ჩამოსულიყო თბილისში და აზერბაიჯანში დაბრუნებაში დახმარებოდა. თითქოს ჩვენი ბიძაშვილი მართლაც აპირებდა, რომ მისი დოკუმენტები მოეწესრიგებინა და უკან, ბაქოში ჩამოეყვანა, თუმცა, როგორც გაირკვა, ის მის მოსაკლავად ჩამოვიდა“.
გარდაცვლილი 20 წლის გოგოს და გვეუბნება, რომ მათი 26 წლის ბიძაშვილი თბილისში 3 ივნისს ჩამოვიდა:
„ვიდეოზარით ველაპარაკებოდი ხოლმე. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. მაგრამ ერთ-ერთი საუბრისას ფატიმამ მითხრა, რომ ჩვენი ბიძაშვილი დანით ემუქრებოდა და უნდოდა მისი მოკვლა. გამომიგზავნა ფოტოებიც, სადაც ჩანდა ძალადობის კვალი. თან მაფრთხილებდა, ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. მიუხედავად მუდარისა, არც სახლის მისამართს მაძლევდა, რომ პოლიცია გამომეძახებინა, რადგან იყო შეშინებული და ამბობდა, რომ თუკი ვინმე გაიგებდა, რომ მასზე ძალადობდა ეს ადამიანი, აუცილებლად მოკლავდა, მეუბნებოდა, სიცოცხლე მინდაო“.
„ვიდეოზარით ველაპარაკებოდი ხოლმე. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. მაგრამ ერთ-ერთი საუბრისას ფატიმამ მითხრა, რომ ჩვენი ბიძაშვილი დანით ემუქრებოდა და უნდოდა მისი მოკვლა. გამომიგზავნა ფოტოებიც, სადაც ჩანდა ძალადობის კვალი. თან მაფრთხილებდა, ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. მიუხედავად მუდარისა, არც სახლის მისამართს მაძლევდა, რომ პოლიცია გამომეძახებინა, რადგან იყო შეშინებული და ამბობდა, რომ თუკი ვინმე გაიგებდა, რომ მასზე ძალადობდა ეს ადამიანი, აუცილებლად მოკლავდა, მეუბნებოდა, სიცოცხლე მინდაო“.
როგორც ეკა მუზაშვილი გვეუბნება, მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიებამ უარი თქვას ზულეიხა კერიმოვასთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე (რაც იმას ნიშნავს, რომ მას და მისი ინტერესების დამცველებს ვერ ექნებათ საქმის მასალებზე წვდომა), ეს არის ახალგაზრდა ქალის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა. თუმცა, „საფარის“ დირექტორის მოადგილე ამგვარ ალბათობას ხელოვნურად შექმნილ ბარიერს უწოდებს:
„ერთადერთი, რასაც შეიძლება პროკურატურა ჩაეჭიდოს, არის ის, რომ ეს გოგო არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვქონია გამოცდილება, როდესაც დისტანციურად ვაწარმოებდით კომუნიკაციას საგამოძიებო ორგანოსა და იმ დაზარალებულებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ვფიქრობთ, რომ ამასაც ანალოგიურად შევძლებთ, მთავარია, რომ პროკურატურამ არ შექმნას ხელოვნური ბარიერები“.
ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი დანაშაული?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობიან, უჭირს ეკა მუზაშვილს. მისი თქმით, პასუხი კითხვას, რომ ფატიმა კერიმოვას სიკვდილი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სწორედ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილ მკვლელობას, საქმის მასალებში უნდა იყოს.
თუკი საქმე ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილ დანაშაულს ეხება, ეს არ იქნება პირველი დანაშაული, რომელსაც საქართველოს პროკურატურა, სწორედ ამ საფუძვლით გამოიძიებს.
ფემიციდის ერთ-ერთი საქმე, რომელიც პროკურატურამ ბრალის დადგენილებაში სწორედ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით მოიხსენია, 2022 წლის აგვისტოში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ დანაშაული შეაფასა საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინით - მკვლელობა „ღირსების სახელით“ და განაცხადა, რომ „როგორც ბრალდებულს მიაჩნდა, მისი დედის, ჟალა ხალილოვას ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მისი და მისი ოჯახის ღირსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მან განიზრახა ღირსების აღდგენა“, - 34 წლის ქალი, 2022 წლის 14 აგვისტოს, 17 წლის შვილმა, მეგობართან ერთად მოკლა.
კიდევ ერთი საქმე, რომელიც პროკურატურამ სწორედ ე.წ. ღირსების აღდგენის დანაშაულად შეაფასა, 2023 წლის დეკემბერში მოხდა:
„ბრალდებულმა მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება“, - ეს არის ნაწყვეტი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც 2023 წელს, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობას ეხება. კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ყოფილი ცოლი და მოკლა მისი ქმარი.
ქალთა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ უკანასკნელ ათწლეულში მოკლული 300-მდე ქალის დიდი ნაწილი სწორედ ე.წ. ღირსების სახელითაა მოკლული და რაკი გამოძიება ამ დანაშაულს 2022 წლამდე არ მოიხსენიებდა „ღირსებით სახელით“ ჩადენილად, ეს რიცხვი ვერ მოხვდა იმ საერთაშორისო სტატისტიკაში, რომელიც „ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩადენილ დანაშაულების რაოდენობას აღრიცხავს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ღირსების სახელით მსოფლიოში ყოველწლიურად 5000-მდე ქალს კლავენ. ქალთა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მონაცემს ოთხზე ამრავლებს და ამბობს, რომ ღირსების აღდგენის მოტივით, წელიწადში, დაახლოებით 20 000 ქალი კვდება.
საქართველოში, „ღირსების სახელით“ ჩადენილ დანაშაულთაგან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც გამოძიებასა და სასამართლოს დაგვიანებული რეაგირება ჰქონდა, 2014 წელს, სოფელ ლამბალოში მოხდა.
ეს საქმე ხანუმ ჯეირანოვას სახელითაა ცნობილი და 2022 წლის ოქტომბერში, გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ „საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.
ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ მხოლოდ რვა წლის შემდეგ წარუდგინა ოთხ კაცს ბრალი და ცხრა თვის თავზე, 2023 წლის იანვარში, მათ პატიმრობა მიესაჯათ.
"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო", - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
მომხდარიდან ორ დღეში ქალმა თავი მოიკლა.
Human Rights Watch-ის განმარტებით, ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა (Honor Killing), არის ძალადობის აქტი, მკვლელობა, რომელსაც ოჯახის მამაკაცი წევრი სჩადის ოჯახის ქალი წევრის მიმართ, რომელმაც, კაცის რწმენით, ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. მაგალითად, გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მოითხოვა განქორწინება, ქორწინების გარეშე დაამყარა სექსუალური კავშირი პარტნიორთან და ა.შ.
წყარო: რადიო თავისუფლება