ჩინელების ტურისტულ ჯგუფებს საქართველოში ხშირად თავიანთივე ტურლიდერები მოჰყვებიან, რომლებიც გიდობასაც ითავსებენ. ტურისტები დაჰყავთ ჩინურ სასტუმროებში, კვების ობიექტებში, მაღაზიებში.
„ერთი დრაკონის მოდელის“ ["ერთი დრაკონის სისტემა"] სახელით ცნობილი მონოპოლისტური სქემების შესახებ საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციამ მთავრობასაც აცნობა.
ჩინელი ტურისტები საქართველოში
საქსტატის თანახმად, ბოლო წლებში ჩინელი ვიზიტორების რიცხვი თვალსაჩინოდ იზრდება. ეს მონაცემი გასამმაგებულია 2023 წლიდან, როცა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა და სავიზო შეზღუდვაც მოიხსნა.
ჩინელების ჯგუფები საქართველოში ყველა სეზონზე ჩამოდიან, მაგრამ, როგორც გიდები გვეუბნებიან, განსაკუთრებული სიმრავლეა მაისი-ოქტომბრის შუალედში. ქართველი გიდები კი, ტურების იოლად შოვნის ნაცვლად, პირიქით სამუშაოს ნაკლებობას უჩივიან.
არ გამართლდა მათი მოლოდინი, რომ 1 მაისიდან სახელმწიფო მათ არაკეთილსინდისიერ კონკურენტებს ჩამოაშორებდა და სამუშაოც მეტი ექნებოდათ.
“ჩინელი ტურისტების ჯგუფს თუ ხედავთ, თითქოს გიდის გარეშე - დიდი ალბათობით, არც ჰყავთ ქართველი გიდი. ჯგუფის წევრებს შორის ჩინელი გიდიც - ტურისტივით მოძრაობს”;
“ხშირად ისინი ჩინურის გარდა, არცერთ უცხო ენას არ ფლობენ”.
ქართველი გიდები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კონკურენტებს ისევ აქვთ სამუშაო - თბილისშიც და რეგიონებშიც, განსაკუთრებით - ლაგოდეხში, სადაც ისინი აზერბაიჯანიდან სახმელეთო გზით შემოდიან.
თბილისში ჩინელი ტურისტების სიმრავლე შეიმჩნევა და ტურებს, მათ შორის - ჩინელი გიდებიც უძღვებიან. რადიო თავისუფლებას შეხვდნენ მუდმივი ბინადრობის უფლების არმქონე გიდებიც - "ჩინურმა კომპანიის მიერ დაქირავებული". რამდენიმემ გვითხრა, რომ ქართველზეა დაქორწინებული.
„არსებობს ჩინური კომპანიები, რომლებიც მონოპოლიური დაბალ ფასად ყიდიან ტურებს და მათ არ აწყობთ ქართველი გიდები, რადგან თავიანთ გიდებს "კაპიკებს" უხდიან..." - საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, თავადაც გამოცდილი ჩინურენოვანი გიდი, ელზა ბებია პრობლემებს არ მალავს - "ვხედავთ, რომ [ეს ჯგუფები] რჩებიან ჩინურ სასტუმროში, ჩინურ რესტორნებში შედიან, ტრანსპორტიც მათია [თავიანთი ავტობუსებიც ჰყავს რამდენიმე კომპანიას], არაფერს ყიდულობენ სხვაგან - ერთ ბოთლ ღვინოსაც კი. გიდები ჰყავთ - ასევე თავისი. ფულს არ ხარჯავენ ქვეყანაში“.
ელზა ბებია ამბობს , რომ, ჩინელი გიდების მონაწილეობით - საქართველოში ფეხი მოიკიდა მსოფლიოში ცნობილმა სქემამ - „ერთი დრაკონის მოდელმა“ და „ნულოვანი ფასის“ ტურიზმმა, რომელიც ქვეყანას შემოსავლის გარეშე ტოვებს.
ამ დროს ფულს იხდიან ჩინური ციფრული სისტემებით, მათ შორის - WeChat Pay-თ და ასე უვლიან გვერდს ქართულ საბანკო სისტემას.
"მშრალზე დატოვება"
პრობლემებზე რადიო თავისუფლებასთან არაერთი ადგილობრივი გიდი ლაპარაკობს, თუმცა უმეტესობამ ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
გვეუბნებიან, რომ: მონოპოლისტი ჩინური კომპანიები მათ უკვე შეთანხმებულ ტურებსაც უუქმებენ და პირდაპირაც ეუბნებიან, რომ მათ არ სჭირდებათ ქართველი გიდები და მათ გარეშეც მშვენივრად მუშაობენ.
როგორც ჩინურენოვანი სერტიფიცირებული გიდი მაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათი „მშრალზე დატოვების“ პროცესი თანდათან იკრებდა ძალას და ეს, შარშან და შარშანწინ, ჩინელ ტურისტებთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ტურლიდერებსაც ეტყობოდათ.
„ჩინეთიდან ჩამოსული ტურლიდერები როდესაც ხედავდნენ, რომ ქართველი გიდი კარგად ატარებს ტურს - ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რომ კომპანიასთან გიდს საქმე გაჰფუჭებოდა. ჩემს ამბავს მოვყვები. ბათუმის ბულვარში გაწერილი ჰქონდათ ერთი საათი, ტურისტებს სურდათ და მივეცი ორი საათით დარჩენის უფლება... მაგრამ ტურლიდერმა დარეკა ჩინურ კომპანიაში - დროის დამატება კიდევ გვინდა და გიდი უფლებას არ გვაძლევსო... ტურლიდერები გიდებს კარნახობდნენ - როგორ დაეგეგმათ ტური“, - მაია იხსენებს არაერთ სხვა შემთხვევას, როდესაც ჩინელი ტურლიდერი ქართველ გიდს დირექტივებს აძლევდა და, ჩინური კომპანიის ზურგით, თავისი გაჰქონდა, თუმცა - ბოლოს, ამ კომპანიის ქართველი პარტნიორებისგან შენიშვნას არა ჩინელი ტურლიდერი, არამედ - ქართველი გიდი იღებდა.
მაია იხსენებს ასევე, თუ როგორ აიძულებდნენ ტყუილის თქმასაც - მაგალითად, როდესაც იაფი ტურის განრიგში ჩინურმა კომპანიამ ვარძიის დათვალიერება "თვალის ასახვევად" შეიტანა, მაგრამ ბილეთებზე ფული არ გამოყო. მაიას დაავალეს, რომ ჯგუფისთვის ვარძია შორიდან ეჩვენებინა და ეთქვა - რომ ახლა დაკეტილია. ტურისტებს კი შესვლა უნდოდათ, რადგან გიდისგან ვარძიის შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს.
„რა თქმა უნდა ტყუილი არ ვუთხარი იმ ხალხს - ვერ ვეტყოდი, რომ ვარძია დაკეტილია და ამიტომ ვერ შევიდოდნენ“, - ამბობს მაია.
საქართველოში ტურისტული გიდების, ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყო. დღემდე ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში.
ელზა ბებია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ადგილობრივი ჩინურენოვანი გიდების დეფიციტია; აზუსტებს, რომ ჯერ მარტო მათ ასოციაციაში 25 სერტიფიცირებული ჩინურენოვანი გიდია; ხოლო საქართველოში - 100-ზე მეტი.
„ერთი დრაკონის“ კვალი
ჩინური „ერთი დრაკონის“ სისტემის კვალი სხვადასხვა დროს, ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში გამოიკვეთა.
სხვადასხვა წყარო აღწერს - „ჩაკეტილ წრეს“ - როცა მონოპოლისტი კომპანია მართავს მომსახურების ყველა ეტაპს ტურისტული ჯგუფების მარშრუტზე.
ტურისტები მიზანმიმართულად დაჰყავთ ჩინურ რესტორნებში, მაღაზიებში - სადაც WeChat-ით ან სხვა არაფორმალური არხებით შეიძლება ფულის გადახდა, ფასები კი ამ ობიექტებში ხელოვნურად არის გაზრდილი.
ასეთ დროს ტურისტული ნაკადები და ფინანსები ძირითადად მხოლოდ ჩინურ კომპანიებს შორის მოძრაობს, ჩინური საფინანსო არხების გავლით; მასპინძელი ქვეყანა კი შემოსავლის გარეშე რჩება.
მონოპოლისტი ტუროპერატორები დაბალფასიანი ტურების შეთავაზებას, მათ შორის - “ჩრდილოვანი ბრუნვის” ხარჯზე ახერხებენ. ეს ზიანს აყენებს ადგილობრივ კონკურენტებს - რომლებსაც ყველა გადასახადის გადახდა უწევთ.
2025 წელს, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო - ტაილანდში, ჩინელი გიდი ტურისტებს ემუქრება, რომ თუ მითითებულ მაღაზიებში არ ივაჭრებენ, მათ ავტობუსში არ აუშვებს.
სხვადასხვა წყაროს ცნობებით, ტაილანდმა და აზიის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ აკრძალა არალიცენზირებული უცხოელი გიდების საქმიანობა და მკაცრი კონტროლი დააწესა ტურისტულ მარშრუტებსა და მომსახურებებზე.
ევროკავშირის ქვეყნებში ფინანსური პოლიცია არცთუ იშვიათად ატარებს სპეცოპერაციებს, აყადაღებს ჩინურ რესტორნებსა თუ სასტუმროებს - რომლებიც სავარაუდო ფულის გათეთრებისა და გადასახადების დამალვის სქემებში მონაწილეობენ.
წყარო: რადიო თავისუფლება