ბინძური ფული, ამომრჩევლის მოსყიდვა და კრიმინალური ჯგუფები - რა არის ცნობილი პრორუს ალექსანდრ სტოიანოგლოზე

„ძვირფასო მოლდოველებო, თქვენ გაეცით გაკვეთილი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაწერის ღირსია. დღეს თქვენ მოლდოვა გადაარჩინეთ!“ - ასე მიმართა მოსახლეობას მაია სანდუმ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
სანდუს შეფასებით, არჩევნებში „მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა“, თუმცა „თავისუფლებამ და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს“.
„მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა, ბინძური ფული, ამომრჩევლის უკანონო მოსყიდვა, ქვეყნის გარეთ მტრული ძალებისა და კრიმინალური ჯგუფების მიერ საარჩევნო პროცესებში ჩარევა, სიძულვილისა და შიშის დათესვა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ხალხი გაერთიანდა, თავისუფლებამ და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს.
ძვირფასო მოლდოველებო, თქვენ გაეცით გაკვეთილი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაწერის ღირსია. დღეს თქვენ მოლდოვა გადაარჩინეთ!
დიასპორა - საოცარი ხარ! მოლდოველებმა საზღვარგარეთ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მოლდოვა ისევე ძლიერად ფეთქავს მათ გულებში“, - განაცხადა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს, მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და 55%-იანი მხარდაჭერით, პროევროპულმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. სანდუს მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, რომელსაც მხარს პრორუსული სოციალისტების პარტია უჭერდა, ხმების 45% მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების აქტივობა 54% იყო. განსაკუთრებით კი ემიგრანტები აქტიურობდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მოლდოვაში პრეზიდენტის თანამდებობა, ასე ვთქვათ, ცერემონიული თანამდებობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ხშირად აქვს. 

ვინ არის სანდუ
მაია სანდუს ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია: დაიბადა 1972 წლის 24 მაისს, ფალეშტის რაიონის სოფელ რისიპენში, გრიგორი და ემილი სანდუების ოჯახში.
1995-1998 წლებში, სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს სახელმწიფო მართვის აკადემიაში. 2010 წელს, ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი დაასრულა.
2012 წელს, მოლდოვას განათლების მინისტრად დაინიშნა.
მაია სანდუ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი პირველად 2016 წელს იყო, რა დროსაც პირველ ტურში, ხმების 38.71% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში კი ხმების 47.89%-ით, ისევ მეორე ადგილზე გავიდა.
მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2020 წელს ისევ მიიღო, ისევ მეორე ტურში გავიდა და... ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა.
მაია სანდუ დასაოჯახებელია. ფლობს რუმინულ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

***
2020 წელს, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სასამართლო სისტემის რეფორმირების დაპირებებით გაიმარჯვა, თუმცა პრეზიდენტობის პირველ ვადაში საქმე ძალიან გაურთულდა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიით განადგურებული ეკონომიკა და რუსეთთან დაძაბულობა იყო.

***
52 წლის სანდუმ სახელი პირველად 2012 წელს გაითქვა, როდესაც ქვეყნის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობიდან 3 წლის შემდეგ, მაია სანდუ მოლდოვას პრემიერის პოსტს იკავებს. სანდუს პრემიერობა იმის შედეგი იყო, რომ მისი პარტია მოლდოვას სოციალისტური პარტიის მოკავშირე გახდა.

***
როგორც პრეზიდენტმა, სანდუმ მნიშვნელოვანი როლი იმაში ითამაშა, რომ 2022 წლის ივნისში, ქვეყანამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს განსაკუთრებით საყურადღებო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გახდა.

***
ზოგიერთის მიერ კეთილსინდისიერებისთვის ნაქები სანდუ, ამავდროულად, გააკრიტიკეს სასამართლო რეფორმის ნელი ტემპისა და მოლდოვას დასუსტებული ეკონომიკის ვერგამოცოცხლების გამო.
27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო დებატებში, სანდუმ აღიარა, რომ დაპირებული სასამართლო რეფორმა, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენერალური პროკურატურის რეფორმირება ნელა მიმდინარეობდა და პირობა დადო, რომ ასეთი ზომები მომავალში უფრო ეფექტიანი იქნება.
თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის მანძილზე, სანდუს აკრიტიკებდნენ კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მას მოსკოვთან კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.
2022 წლის დეკემბერში, სანდუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამოც გაიკიცხა ანუ მან ექვს პრორუსულ ტელეარხს „ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ ლიცენზია შეუჩერა.
პრეზიდენტად ხელმეორე ვადით არჩევის კამპანიაში სანდუმ პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს მშვიდობას, გააუმჯობესებს ცხოვრების პირობებს (მოლდოვა ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ევროპაში) და გაწევრიანდება ევროკავშირში 2030 წლისთვის.

***
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში უმნიშვნელო უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, რომელიც გაიმართა 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად, სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა იყო უპრეცედენტო გაყალბების სამიზნე და რომ „კრიმინალურმა ჯგუფებმა“ და „უცხო ძალებმა“ სცადეს 300 000 ხმის მოსყიდვა, თუმცა მან თავი შეიკავა შედეგების გაპროტესტებისგან.
სანამ მოლდოვას პოლიცია გაქცეულ ოლიგარქს ილან შორს ადანაშაულებს ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემაზე პასუხისმგებლობაში, სანდუ გააკრიტიკეს მოწინააღმდეგეებმა, არასრულფასოვანი მტკიცებულებების წარდგენისა და მოსყიდული მოლდოველების რაოდენობის გაზვიადების გამო (პოლიციაში აცხადებენ, რომ ხმების მოსყიდვის სქემის ბენეფიციარი იყო 138 000 ადამიანი და არა 300 000).

***
ასეა თუ ისე, მაია სანდუ მოლდოვას პრეზიდენტი უკვე მეორე ვადით გახდა. მას გამარჯვება მთელმა ცივილურმა სამყარომ და, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა.
ზოგადად, გაბატონებული დოგმაა და მაია სანდუს გამარჯვება იმის წინაპირობაა, რომ რუსეთი არათუ უკრაინაში, არამედ, ზოგადადაც დამარცხდება. ძნელი სათქმელია, ეს თეორია რამდენად რეალისტურია, თუმცა ფაქტია, რომ იგივე მოლდოველებმა არჩევანი სანდუს სასარგებლოდ გააკეთეს და არა - მისი კონკურენტის, ყოფილი გენპროკურორის, რომელიც პრორუსული განწყობებითაა ცნობილი.
საერთოდ, ამბობენ, რომ ალექსანდრ სტოიანოგლოს ამოცნობა რთულია.
ამასთან, ითვლება, რომ სტოიანოგლოს წარსულმა გამოცდილებამ (იგულისხმება გენერალური პროკურორობა 2019-2021 წლებში), მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის საპრეზიდენტო კამპანიაზე ანუ 57 წლის ალექსანდრმა პირობა დადო, რომ თუ პრეზიდენტი გახდებოდა, „ცილისწამებაზე კანონის გამარჯვებას“ უზრუნველყოფდა.

***
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას, სტოიანოგლო ფართოდ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოლიგარქ ვეჩესლავ პლატონის საქმეში მას ბრალი უმოქმედობაში ედება... ცნობისთვის, პლატონი ქვეყნის ბანკებიდან, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარების საქმეში მონაწილეობდა ანუ კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც საეჭვო ჩანთა გადასცა PRSM-ის ლიდერსა და ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მოლდოვას დიასპორას შორის ყველაზე პოპულარული კანდიდატი იყო და პროკრემლისტური PSRM-ის მხარდაჭერით სარგებლობდა, სტოიანოგლო ამბობდა, რომ მას არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება და უარყოფდა ბრალდებებს, რომ ის არის „მოსკოვის კაცი“.
მან, ასევე, უარყო კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უკანონო გამდიდრების ბრალდებები და თქვა, რომ ყველა ყალბი მტკიცებულება შეთხზულია სანდუს ადმინისტრაციის მიერ.
ისე, სტოიანოგლო ზოგიერთი კრიტიკისაგან განთავისუფლდა, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მისი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებული საქმე მოიგო.
მოლდოვას პრეზიდენტობის ყოფილ პრორუს კანდიდატს არაერთხელ დაუკავებია პრორუსული პოზიცია, მაგალითად, კომუნისტური პერიოდის სისასტიკეების დაგმობის რეზოლუციაზე უარის თქმით.
მისი რეაქცია უკრაინის ომზე ასევე ბუნდოვანი იყო: მან გამოხატა „ნეგატიური დამოკიდებულება“ კონფლიქტის მიმართ, მაგრამ პირდაპირ არ დაგმო რუსეთი შეჭრისთვის.
მისი მიდგომა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვისადმი ასევე გამოირჩეოდა სიფრთხილით. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს ევროკავშირის კონსტიტუციაზე და აკრიტიკებდა ევროკავშირის მიერ დაკისრებული რეფორმების ტემპსა და განხორციელებას, ახლახან წამოაყენა წინადადება, რომ მას და სანდუს ხელი მოეწერათ ერთობლივი დეკლარაციისთვის, რომელიც მოლდოვას ევროპულ კურსს დაუჭერს მხარს.
ამ ბუნდოვანებამ გამოიწვია პოლიტიკური ოპორტუნიზმისა და ფარისევლობის ბრალდებები. მიუხედავად მისი, როგორც წესი, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციისა, ის ასევე, რუმინეთის (და, შესაბამისად, ევროკავშირის) მოქალაქეა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილი ევროპის ცენტრალურ ბანკში მუშაობს. 

ავტორი: ნინო დოლიძე