საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, ისრაელთან - საშინაო და იტალიასთან - გასვლითი მატჩები ელოდება. სამფეროვნები უკვე შეიკრიბნენ და მზადებაც დაიწყეს, მაგრამ გუნდთან ერთად არაა ნაკრების კაპიტანი, კილიან მბაპე. არყოფნის შესახებ, თავად ფეხბურთელს კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის თქვა, ჯანმრთელად ვარო, დეშამი კი, შეეცადა, ამ ეტაპზე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი აეხსნა.
„ყველამ ვიცით, რა შეუძლია მბაპეს და მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი გამოძახების საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ, ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ექნებათ, მათ, რომლებსაც სამომავლოდ განვიხილავთ“, - განაცხადა დეშამმა, თუმცა ფრანგული მედია წერს, რომ მწვრთნელი იტყუება და ცდილობს დამალოს ის, რაც ნაკრებში რეალურად ხდება.
„ნაკრების წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას და პირველ რიგში მბაპეს, დეშამის გაშვება სურს. ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს და ფეხბურთელთა ნაწილმა ფედერაციას უკვე მიმართა, რომ დიდიე მოხსნან და მის ნაცვლად, ზინედინ ზიდანი დანიშნონ. ზიზუ ახლა უმუშევარია და შესაძლოა, ნაკრებიდან წინადადებას ელოდება“, - წერს ფრანგული მედია.
ცნობისთვის, დეშამი საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას და მისი ხელმძღვანელობით, სამფეროვნებმა 2018 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე