ადამიანებს, რომელთაც დიეტის დაცვა გადაწყვიტეს, ხშირად ძალიან უჭირთ საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა. ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა და გასახდომი პიცა შეიმუშავა. ამ დაბალკალორიული კერძისთვის საჭირო ნაკრებში შედის ორი პაკეტი: ერთი ფხვნილია ცომისთვის, რომელშიც მცენარეული ცხიმები და კვერცხის ცილაა, მეორე კი - ტომატის სოუსი. კერძის მოსამზადებლად ამ ფხვნილებს წყალი უნდა დაუმატოთ და საგულდაგულოდ აურიოთ. პიცისთვის ყველის დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ის ბევრ კალორიას შეიცავს, სამაგიეროდ, მსურველებს ბოსტნეულის დამატება შეუძლიათ, რომელშიც ნაკლები ნახშირწყლებია - ბულგარული წიწაკა, სოკო, პომიდორი, ისპანახი და წითელი ხახვი. მზა პიცა მხოლოდ 200 კალორიას შეიცავს, რაც 300-ით ნაკლებია ტრადიციულზე. გასახდომი პიცის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ მათი პროდუქცია გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალებითა და დიდი რაოდენობით ცილებით.