2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.
"პრაიმ მედია გლობალი" 2019 წლის ოქტომბერს ბიზნესმენმა ილია მიქელაიშვილმა დააფუძნა. კომპანიის პირვანდელი სახელი იყო "მედია ჰაბი სეილსჰაუსი", 2025 წლის ნოემბრიდან კი მას "პრაიმ მედია გლობალი" ეწოდება. კომპანია სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე შუამავლის როლს ასრულებს და მომხმარებლებს ტელეკომპანია "იმედის", "GDS"-ის, "რუსთავი 2"-ის, "მაესტროს" და "პოსტვ"-ის სარეკლამო დროს სთავაზობს.
კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, "პრაიმ მედია გლობალმა" მომხმარებლებისგან მიიღო 29.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ტელევიზიებში ამ თანხით 26.4 მილიონი ლარის რეკლამები განათავსა, შესაბამისად სარეკლამო შუამავლობიდან კომპანიამ 3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 1.1 მილიონი ლარის სხვა შემოსავლებიც. რაც შეეხება ხარჯებს, შრომის ანაზღაურება 3.1 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიას ასევე გააჩნდა სხვა სარეკლამო და ადმინისტრაციული ხარჯები, რის გამოც "პრაიმ მედია გლობალმა" 2024 წელს 958 ათასი ლარის ზარალი განიცადა.
რაც შეეხება თავად "ტელეიმედს", არხი იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგულია და სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, მისი სარეკლამო შემოსავლები ხარჯების დაფინანსებას ფაქტობრივად არცერთი წლის განმავლობაში არ ჰყოფნის, რის გამოც ტელევიზია ყოველწლიურად ათობით მილიონი ლარის ზარალზეა.
ჯერჯერობით "ტელეიმედის" 2025 წლის სრული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა. რაც შეეხება 2024 წელს ტელეიმედის ფინანსური ანგარიშის თანახმად, არხმა 39 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღო. ამასთან, არხის მიერ მიღებული შემოსავალი მისი ხარჯების დასაფარად არასაკმარისი იყო და ტელევიზიამ 67 მილიონი ლარით იზარალა. 2023 წელს არხის ზარალი 51 მილიონი ლარი იყო, 2022 წელს კი 15 მილიონი ლარი.
მთლიანობაში ტელევიზიას აქვს დაგროვილი ზარალი 454 მილიონი ლარის ოდენობით, მისი ვალდებულებები კი 459 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან ტელევიზიას წლების განმავლობაში ვალების მომსახურება ათობით მილიონი ლარი უჯდება, რაც ასევე ახალი ვალების მოზიდვით იფარება. 2024 წელს ტელეიმედის საფინანსო (ვალის მომსახურების) ხარჯი 23.5 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს 21 მილიონი ლარი, 2022 წელს კი 22.3 მილიონი ლარი.
რაც შეეხება კრედიტების წარმომავლობას, არხზე მსხვილი სასესხო დაფინანსება აქვს გაცემული "ქართუ ბანკს", ასევე "ქართუ ჯგუფს" და რამდენიმე ოფშორულ კომპანიას, მათ შორის Ps Capital Lux S.A.R.L.-ს და Wenigen Management Limited-ს.
წყარო: bm.ge