გასულ კვირას, ე.წ. მალაკნების ბაზართან,ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი ტატო ფირცხალაიშვილია და მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, უვკე ყველა მიხვდა და ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი მკვლელობა, ან ყოფით ნიადაგზე მომხდარი და სპონტანუტად ჩადენილი დანაშაული. ეს იყო კარგად დაგეგმილი შურისძიება და მერე გაირკვა, რომ თავდასხმას გარდაცვლილიც ელოდა - სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას ჯავშან-ჟილეტი გახადეს. დაჭრილია თავდამსხმელიც, რომელსაც საპასუხოდ, სწორედ გარდაცვლილმა ესროლა ანუ ფირცხალაიშვილი დადიოდა ჯავშან-ჟილეტით და იარაღით, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ იქნებოდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილთან, 1993 წელს დაბადებულ ი.ბ.-სთან ერთად, სამართალდამცავებმა დააკავეს 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ. პროკურატურა მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და ოთხივე მათგანს სასამართლომ წინასწარი ორთვინი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე, მკვლელობაში ბრლდებულის მეგობრებმა თქვეს, რომ დარბაზში ტყუილად იმყოფებიან, რომ ბრალდება დასაბუთებული არ არის და სავარაუდოდ, იმას გულისხმობდნენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. არადა, კანონით, ერთადერთი შემთხვევა, როცა ამის გამო, შესაძლოა, არ დაგაკავონ, ის გახლავთ, როცა საქმე ოჯახის წევრს ეხება.
ჩვენი ინფორმაციით, ადრე, ტატო ფირცხალაიშვილმა მკვლელობაში ბრალდებული დაჭრა, ამის გამო,ციხეშიც იჯდა და სავარაუდო შურისძიებასაც სწორედ ამიტომ ელოდა. სამართალდამცავები კი ამბობენ, ბრალდებულმა მკვლელობა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინაო, მაგრამ რატომღაც გვგგონია, რომ ეს მაინც არ იქნებოდა სპონტანურად გაკეთებული, მითუმეტეს, მოწმეების ჩვენებით, მკვლელი მსხვერპლს ელოდა, შემდეგ მანქანა დააჯახა, მერე მანქანიდან გადმოვიდა, დაზარალებულს ცემა დაუწყო და ისროლა. საქმე შეიძება გახსნილად ჩაითვალოს, დაკავებულებსაც გაასამართლებენ, მაგრამ კიდევ ერთ ქართველს ვერავინ გააცოცხლებს.
ზოგადად, ე.წ. ვენდეტა უფრო პოპულარული 90-ან წლებში იყო, როცა თბილისში სამოქალაქო ომიმძვინვარებდა და არაერთი საძმო თუ ბანდა დათარეშობდა. მაშინ იყო „მხედრიონიც“ - შეიარაღებული ფორმირება, სადაც არაერთი ღირსეული ვაჟკაცი ირიცხებოდა, თუმცა ამ გასამხედროებულ ორგანიზაციას ასობით ნაძირალაც მიეკედლა და „მხედრიონის“ სახელით, საქართველო ჩვეულებრივ სასაკლაოდ აქციეს.
ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ მაშინ მოხდა და ძალიან, ძალიან ჰგავს გასულ კვირას მომხდარ მკვლელობას. ისიც შურისძიების ნიადაგზე იყო და თუ ამ შემთხვევაში, მოტივზე თითქმის არავინ საუბრობს, მაშინ მოტივის შესახებ, ლამის მთელმა თბილისმა იცოდა.
ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, მარტივად დაიწყო. ბიჭს გოგო ბავშვობიდან უყვარდა, არც გოგო იყო გულგრილი და მათ სწორედ იმ ავბედით 90-იანებში იქორწინეს. მერე დაიწყო სამოქალაქო ომი, მერე გაჭირვება და ბიჭიც იძულებული გახდა, ერთ-ერთ საძმოში გაერთიანებულიყო, რადგან... გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავდა და ასე იყო ძალიან ბევრი, საძმოსა თუ ბანდაში სწორედ იმის გამო მიდიოდა, რომ გადარჩენილიყო. მერე კი, ისე გამოვიდა, რომ ეს ბიჭი საძმოს ერთ-ერთი მეთაური გახდა, ცოტა ძალაუფლება იგრძნო, ცოტა ფინანსურადაც მოძლიერდა და მიხვდა, რომ ეს ქვეყანა ძლიერებს ეკუთვნის. ამიტომ, რბილ ხასიათში ცოტა სისასტიკეც შეეპარა და ეს „ცოტა“ მალე იმდენად დიდი გახდა, რომ მისი უკვე ყველას ეშინოდა. ის აღარ ინდობდა არავის, ვინც კი გზაზე ეღობებოდა და მისი საძმო გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი საქართველოს მასშტაბით. ვისაც ჰგონია, რომ სამოქალაქო ომი მხოლოდ თბილისში იყო, ძალიან ცდება - ის იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, უბრალოდ, ყველაზე მძაფრად თბილისში იგრძნობოდა.
ჰოდა, ჩვენი გმირის საძმო კახელებისას დაეჯახა (სპირტის ბიზნესი ვერ გაიყვეს) და დაჯახებას ვინ ჩივის, ორივე მხრიდან ოთხი ადამიანი მოკვდა, მათ შორის, კახეთის ერთ-ერთი საძმოს მეთაურის ძმა. თბილისში ხვდებოდნენ, რომ ყველაფერი ეს მარტივად არ ჩაივლიდა და კახელების მხრიდანშურისძიებას ელოდნენ, მზად იყვნენ, ცალ-ცალკე არ დადიოდნენ, შტაბად ქცეული ოთხოთახიანი ბინიდან თითქმის ცხვირს არ ჰყოფდნენ, მაგრამ უბედურება იქ გამოჩნდა, სადაც არავინ ელოდა - კახელებმა თბილისის საძმოს მეთაურის ცოლი გაიტაცეს, ის გოგო, რომელზეც საძმოს შეფს მზე და მთვარე ბავშვობიდან ამოსდიოდა. ეს უკვე, „დაუკრეფავში“ გადასვლა იყო, მაგრამ მაშინ ბევრი და ხშირად გადადიოდა „დაუკრეფავში“. იმის მიუხედავად, რომ საძმოს მეთაური თმას იგლეჯდა და ყველას მოკვლით ემუქრებოდა, თბილისელებმა პირდაპირი იერიშის მიტანა ვერ გაბედეს. ამას ორი მიზეზი ჰქონდა - ჯერ ერთი, არ იცოდნენ, სად მალავდნენ გატაცებულს და მეორეც, რომ სცოდნოდათ, კახეთში ჩასვლა და იქ სროლა მარტივი საქმე არ იყო - კახელები იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეიარაღებულები იყვნენ და იქიდან ცოცხლად გამოღწევის შანსი თითქმის არ იყო.
ასე გავიდა ორი დღე და მესამე დღეს გატაცებული ქალი შავი „ვაზ-21 07“-დან, პირდაპირ, თბილისის საძმოს შტაბის წინ გადმოაგდეს. მანქანა ადგილს მოსწყდა და თვალსაც ისე მიეფარა, ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ქალი ბიჭებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს შტაბში და შეფიც მალე მოვიდა. ის ცოლს მიეფერა, შემდეგ კი, შტაბში ტელეფონის ზარი გაისმა - მაშინ ხაზის ტელეფონები იყო და მართალია, ბევრთან არ მუშაობდა, საძმოების ხაზი მუდმივად გამართული და მუშა მდგომარეობაში იყო. ყურმილს გატაცებული გოგოს ქმარი დასწვდა, გუმანით იგრძნო, მას ურეკავდნენ, ყურმილი ყურზე მიიდო და გაფითრდა.
„შეგიძლიათ, მოეშვათ, შური უკვე ვიძიე“, - ყურმილის მეორე ბოლოდან მოკლული კახელის ძმა ლაპარაკობდა და ბოლოს გადაიხარხარა კიდეც. ტელეფონი გაითიშა, თბილისის საძმოს მეთაური,დაახლოებით, 30 წამი უსმენდა „ტუ, ტუ, ტუ“-ს, შემდეგ ყურმილი დაკიდა, ცოლს შეხედა და ამოიხრიალა - „მარტო დამტოვეთ!“ ოთახიდან ყველა გაიკრიფა. გოგონა უსაყვარლეს ქმარს აცრემლებული უყურებდა და პირველად ხედავდა ასე არეულს, ასე თითქოს გაბრაზებულს და თითქოს შეშინებულს. ბიჭი ხმას არ იღებდა, უბრალოდ, უყურებდა, მერე თავი ასწია, ტელეფონს გახედა, ქამრიდან იარაღი ამოიღო და... გოგოს მიმართულებით სამჯერ გაისროლა. სროლაზე მეგობრები შემოვარდნენ, თითქოს, გუმანით მიხვდნენ, რაც მოხდა, მაგრამ ახლა საჭირო იყო, მეთაური გადაერჩინათ, რომელმაც იარაღიანი ხელი საფეთქლისკენ წაიღო. არ ასროლინეს, გაკოჭეს და ვენაში ნარკოტიკის დიდი დოზა შეუშხაპუნეს. მალე ყველამ იცოდა, რომ გატაცებული გოგო კახელებმა მოკლული დააბრუნეს... სინამდვილეში კი...
ამ ამბიდან მალევე, საძმოები აილაგმა, ვიღაც დაიჭირეს, ვიღაცამ გაქცევა მოახერხა, ვიღაცამ ბიზნესი ააწყო და დაცვა დაიყენა. ასე იყო თუ ისე, შურისძიება კიდევ მრავალი წელი გაგრძელდა (ზოგ შემთხვევაში, დღესაც გრძელდება) და აღარავის უკვირდა, საძმოების დაშლის შემდეგ მომხდარი გარჩევები, ვიღაცების დასჯა, ვიღაცების პატიება...ცოლის მკვლელს კახელები არ ავიწყდებოდა და მომენტს ელოდა, როცა მის შეურაცხმყოფელსსაკადრის პასუხს მიაგებდა, მაგრამ კახელი უკვე საზღვარგარეთ იყო და იქ კიდევ მოძებნა არ გამოდიოდა.
გავიდა წლები, საზღვარგარეთ ცოლის მკვლელიც წავიდა, მუშაობა დაიწყო და ორიოდე თვის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ქუჩაში იმას გადაეყარა, ვისაც მანამდე ეძებდა, ვის მოკვლაზეც ოცნებოდა. კახელმაც იცნო მოსისხლე, მიხვდა, რამეს თუ არ იზამდა, სიცოცხლის ბოლო წამებს აითვლიდა, ამიტომ გაიქცა და მოძრავ ავტობუსს ჩამოეკიდა. რაც შემდეგ მოხდა, ალბათ, ყველა სცენარისტს შეშურდებოდა. სავარაუდოდ, კახელმა გაიგო, სად ცხოვრობდა მისი შურისმაძიებელი და წერილი გაუგზავნა.
„მე ამ ქალაქიდან და ქვეყნიდანაც მივდივარ.იმედია, ვეღარასოდეს მნახავ და იმის გამო, რომ ჩემი ძმა მოკალი, ძმა, რომელიც ჩემი გაზრდილი იყო, ძმა, რომელიც ლამის სრულწლოვანობამდე ლოგინში გვერდით მეწვინა, ძმა, რომელსაც ღამეებს ვუთენებდი მხოლოდ იმის გამო, რომ მეყურებინა, როგორ მშვიდად ეძინა, მე ახლა მეორედ მოგკლავ. შენი ცოლისთვის თითიც არ დამიკარებია, ამას დაადასტურებს ყველა. მას ის ორი დღე ჩემი ცოლის გვერდით ეძინა. უბრალოდ, გავიტაცე იმიტომ, რომ გამწარებულიყავი და მერე დაგირეკე იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ეჭვში გეცხოვრა. ახლა კი, იცხოვრე იმ ტვირთით, რომ უდანაშაულო ცოლი მოკალი“...
მას შემდეგ, გამწარებული კაცი ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში იმის იმედით დადიოდა, რომ მისი ცხოვრების გამმწარებელს სადმე გადაჰყროდა, თუმცა ვერ მოახერხა. კახელი ესპანეთში დაიღუპა - მშენებლობის დროს, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და როგორც ამბობენ, სული მიწამდე არ დაჰყოლია.
ავტორი : ბათო ჯაფარიძე