Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში „ჯვაროსნებს“ გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს ერთმანეთთან აქამდე ცხრაჯერ უთამაშიათ, რომელთაგან ერთი (ამხანაგური) მატჩი 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ელჩეში უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

მწვრთნელების კომენტარები:

ვილი სანიოლი – „გუნდში ძალიან კარგი გარემოა, იმაზე უკეთესი, ვიდრე სექტემბერში ან ოქტომბერში იყო. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ მომავალზე, ხაზი გავუსვი, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი.

ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. მათ ბოლო წლებში არაერთხელ შევხვდით. ესპანეთში ჩატარებულ ბოლო მატჩში მთავარი პრობლემა ჩვენი მხრიდან ნაკლები ბრძოლა იყო, იმედი მაქვს, ამჯერად უკეთესად ვითამაშებთ.

პატარა გუნდი ვართ და როცა რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, მათი შეცვლა რთულია. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ. ესპანეთსა და ბულგარეთთან ჩასატარებელი მატჩები რაღაც ახლის დასაწყისი უნდა გახდეს“.

ლუის დე ლა ფუენტე: „საკმაოდ რთული მატჩი გველის, საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებში თამაშობენ. ჩვენთვის მთავარია, რომ სასურველ დონეზე ვითამაშოთ და ეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ, რადგან კარგად გვესმის, რა ფასი აქვს ამ მოგებას ჩვენთვის.

ჩვენ მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. ამ ეტაპზე სტატისტიკაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოვიგოთ და პრაქტიკულად გავინაღდოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და საქმე სწორად გავაკეთოთ“.

მსაჯი

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ბენუა ბასტიენი იქნება, ასისტენტები – ჰიშამ ზაკრანი და ორელინ ბერთომუ, მეოთხე მსაჯი – რომან ლისორჟი. VAR-ის ოთახში ფრანგი მატიუ ვერნისი და ბელგიელი ნათანიელ ვერბომენი იმუშავებენ.