Light
Dark
Share
Listen On

საქართველოში ბოლო წლებში არაერთხელ გახმაურდა შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს — პროდუქტები, რომლებიც ხშირად ცნობილ ბრენდებად იყო წარდგენილი, მაგრამ სინამდვილეში შეიცავდა ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნაერთებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები, ცალკეული ინციდენტებად შეიძლება ჩანდეს, ისინი მიუთითებენ სერიოზულ პრობლემაზე: ბაზარზე ჯერ კიდევ შესაძლებელია ისეთი სასმელის მოხვედრა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.


ფალსიფიცირებული ალკოჰოლის თემაზე საუბარი მხოლოდ სამართალდამცავების პასუხისმგებლობა არ არის — ეს ეხება თითოეულ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ საფრთხე, რა ზიანი შეუძლია მიაყენოს ასეთმა პროდუქტმა ჯანმრთელობას და როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ პრობლემის პრევენციაში.


2025 წლის 17 სექტემბერს შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებულ რეიდში ამოღებული იქნა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 პაკეტი სიგარეტი სახელმწიფო საჰარო და აქციზური ნიშნების გარეშე.  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული იყო შვიდი ადამიანი, რომლებიც მრავალი წელია ამ “ქარხანას” ამუშავებდნენ. უწყების განცხადებით, საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით დაიწყო, რაც დიდმასშტაბიან უკანონო წარმოებას გულისხმობს და 7-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ამავე დროს, ლეგალურ ბაზარზე კონტროლი ნაწილობრივ ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ჩანს, არ არის საკმარისი. საზოგადოებაში იბადება კითხვა — რამდენად სანდოა ბაზარზე შეძენილი პროდუქტი და რა რისკებს შეიცავს.
ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამვლის ნიშნები, შედეგები და დახმარების გზები
მსოფლიო გამოცდილებიდან ვიცით, რომ ყალბი ან არარეგისტრირებული ალკოჰოლი ხშირად შეიცავს ტოქსიკურ კომპონენტებს, მათ შორის მეთანოლს (methanol), რომელიც კიდევ უფრო მავნებელია, ვიდრე ჩვეულებრივი ეთილ ალკოჰოლი.  მეთანოლი იაფია, ამიტომ ზოგჯერ მას იყენებენ ეთანოლის (სასმელ სპირტის) ნაცვლად, თუმცა მისი მცირე დოზაც კი სასიკვდილოა.


მოწამვლის ძირითადი სიმპტომები
მეთანოლით ან სხვა ტოქსიკური ალკოჰოლით მოწამვლა ჩვეულებრივ იწყება სასმელის მიღებიდან 6–24 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგჯერ სიმპტომები უფრო გვიან ჩნდება.
ყველაზე ხშირი ნიშნებია:
ძლიერი თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება;
ძლიერი თავის ტკივილი, ზოგჯერ თვალის უკან ტკივილი;
მხედველობის დაბინდვა, "ბურუსის" ან "შავი ლაქების" დანახვა (ეს არის მეთანოლის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი);
მუცლის ტკივილი, ზოგჯერ ქოშინი;
დეზორიენტაცია, დაბნეულობა, ბოდვა;
მძიმე შემთხვევებში — გონების დაკარგვა, კომა ან სიკვდილი.
განსაკუთრებით საეჭვოა, როცა ადამიანმა ცოტა დალევა მოახერხა, მაგრამ ინტოქსიკაცია ბევრად მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივ ალკოჰოლზე იქნებოდა მოსალოდნელი.

რა ზიანი მიაქვს ჯანმრთელობისთვის
მეთანოლი ორგანიზმში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად და ფორმმჟავად — ეს არის ნერვული სისტემისა და თვალის ნერვის მომწამვლელი ნივთიერებები. შედეგად:
შესაძლოა განვითარდეს სრულყოფილი სიბრმავე, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუქცევადია;
შესაძლოა დაზიანდეს ღვიძლი და თირკმელები;
მძიმე ინტოქსიკაცია იწვევს ტვინის შეშუპებასა და სუნთქვის შეჩერებას;
ქრონიკულ შემთხვევაში — შესაძლოა განვითარდეს ნევროლოგიური დარღვევები და მეხსიერების პრობლემები.
ექიმების შეფასებით, მეთანოლის დაახლოებით 30 მლ უკვე საკმარისია ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შესაქმნელად.
როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს გვერდით მოწამლული ადამიანია:
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)
– ალკოჰოლით მოწამვლა არ არის საშინაო პირობებში სამკურნალო შემთხვევა.
არ მისცეთ ადამიანს "გამოფხიზლების" მიზნით ყავა ან სხვა ალკოჰოლი — ეს მხოლოდ აჩქარებს ტოქსინების შეწოვას.
შეინახეთ სასმელის ნაშთი ან ბოთლი — ექიმებისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ზუსტად იცოდნენ, რით მოხდა მოწამვლა.
თუ ადამიანი ფხიზლადაა, მიეცით ბევრი წყალი (არა რძე ან ალკოჰოლი).
თუ გონება დაკარგა ან სუნთქვა შეჩერდა — დაიწყეთ გულისა და სუნთქვის ხელოვნური რეანიმაცია (CPR), სანამ სასწრაფო მოვა.

რადგან ყალბი ან არასერტიფიცირებული ალკოჰოლი რეალურ რისკს წარმოადგენს, გიზიარებთ სპეციალისტების რჩევებს:

შეამოწმეთ ბოთლის ეტიკეტი, ბეჭედი, აქციზური ნიშანი — თუ ბეჭედი გატეხილია ან ეტიკეტზე ჩანს შეცდომა, სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ძალიან დაბალ ფასს ნუ ენდობით.
შეიძინეთ მხოლოდ ლიცენზირებული მაღაზიებიდან ან იმპორტიორებიდან.
მომსახურების ან სასმელის მიღებისას ყურადღებით იყავით — სიმპტომები როგორიცაა: ხედვის დაბინდა, მეტყველების შეფერხება, ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება — შესაძლოა მიუთითებდეს მეთანოლით ინტოქსიკაციისადმი.
საქართველოში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის პრობლემა რეალურია და ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს — ერთის მხრივ კანონმდებლობა არის (მაგალითად, სერტიფიკაციის ვალდებულება 2023-იდან ) და კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ კვლავ არსებობს “ნაპრალი”, სადაც უკანონო წარმოებები მოქმედებს. 


როგორ ებრძვის ევროკავშირი ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს — და რა გაკვეთილი შეიძლება მიიღოს საქართველომ

ევროპაში ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირება მხოლოდ ეკონომიკური დანაშაული არაა — ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნები ამ პრობლემას მკაცრი კანონებითა და ტექნოლოგიური კონტროლით ებრძვიან.
მკაცრი რეგულაციები და მონიტორინგი
ევროკავშირში ყველა ალკოჰოლურ სასმელს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ეტიკეტირების და წარმოების წესი. მაგალითად, Regulation (EU) 2019/787 ზუსტად ადგენს, რა შეიძლება ეწეროს ბოთლზე, რა ნედლეული უნდა იქნას გამოყენებული და როგორ უნდა იყოს მითითებული წარმოშობა.
ფისკალური კონტროლის მხარეს მოქმედებს EMCS სისტემა (Excise Movement and Control System) — სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ, სად მიდის თითოეული ბოთლი, ვისგან მოდის და როგორ მოძრაობს აქციზური საქონელი. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კონტრაბანდისა და გაყალბების რისკს.
ტექნოლოგიები და მომხმარებლის დაცვა
ევროპაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება დაცული QR და NFC კოდები — ბოთლზე მოთავსებული სპეციალური მარკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ტელეფონით გადაამოწმოს, არის თუ არა სასმელი ორიგინალი.
ასევე მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც ავალდებულებს ონლაინ პლატფორმებს (მაგ., eBay, Amazon) არ დაუშვან ყალბი ალკოჰოლის გაყიდვა.
რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ
ევროპის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პრობლემას ეფექტიანად ვერ მოაგვარებს მხოლოდ რეიდები — საჭიროა ციფრული კონტროლის სისტემა, გამჭვირვალე ბაზარი და მოქალაქეთა ინფორმირებულობა.
საჭიროა ალკოჰოლის წარმოებისა და გაყიდვის ერთიანი ელექტრონული რეესტრი — მსგავსი EMCS-ის მოდელით.
უნდა გაძლიერდეს ონლაინ გაყიდვების კონტროლი, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება ყალბი პროდუქტი.
და რაც მთავარია, მოქალაქემ თავად უნდა იცოდეს როგორ ამოიცნოს საეჭვო სასმელი — ეტიკეტის შეცდომით, ბოთლის ხარისხით ან დაბალი ფასით.

ევროპული მიდგომა გვიჩვენებს: როცა სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე ერთად იცავს წესებს, ყალბი ალკოჰოლის ადგილი ბაზარზე ნაკლებია.
საქართველოშიც ეს შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ სამართალდამცავების ჩარევა, არამედ განათლებული მომხმარებელი და თანამედროვე ტექნოლოგიური კონტროლი.

ავტორი: ია გრიგალაშვილი