"აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქირურგებმა მსოფლიოში პირველად შეასრულეს ადამიანის შარდის ბუშტის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია", - ამის შესახებ ინფორმაციას რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრი თავად ავრცელებს. პროცედურა, რომელიც 4 მაისს ჩატარდა, საიმედო პერსპექტივაა პაციენტებისთვის, რომლებსაც შარდის ბუშტის სხვადასხვა ტიპის დარღვევები აწუხებთ.

ინოვაციური პროცედურა 41 წლის ოსკარ ლარაინზარს ჩაუტარდა, რომელმაც შარდის ბუშტის დიდი ნაწილი რამდენიმე წლის წინ, კიბოს დიაგნოზის გამო დაკარგა. 7-წლიანი დიალიზის შემდეგ პაციენტს ამოჭრილი ჰქონდა ორივე თირკმელიც. 8-საათიანი ოპერაციის დროს ლარაინზარმა დონორისგან შარდის ბუშტთან ერთად თირკმელიც მიიღო.

ოპერაცია ორმა ქირურგმა ჩაატარა, რომლებიც ახალ ტექნიკაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

"ეს ოპერაცია ისტორიული მომენტია მედიცინაში და გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ვუმკურნალებთ პაციენტებს, რომელთა შარდის ბუშტის, მაღალსიმპტომური დაავადებების გამო, აღარ ფუნქციონირებს. ტრანსპლანტაცია სიცოცხლის გადამრჩენელი და ცხოვრების ხარისხის გამაუმჯობესებელი შესაძლებლობაა ბევრი ისეთი დიაგნოზისთვის, რომლებიც დიდ ორგანოებზე ახდენს გავლენას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

წარმატებული შედეგის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ოპერაციის გრძელვადიანი გავლენა პაციენტის ორგანიზმზე. თუმცა ექიმები აპირებენ, რომ შარდის ბუშტის ტრანსპლანტაცია კლინიკური კვლევის ფარგლებში კვლავ ჩაატარონ და უკეთ შეისწავლონ პროცედურის უპირატესობები და პოტენციური გართულებები.