პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის წინააღმდეგ აშშ-ის 50%-იანი ტარიფების ამოქმედების ინიციატივა დროებით გადაავადა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამჟამად ტარიფების ამოქმედების ვადად 9 ივლისია განსაზღვრული, ნაცვლად აქამდე ნათქვამი 1-ელი ივნისისა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის ერთთვიან კორექციასთან.
გადავადების მიზეზს რაც შეეხება, ეს თავად ევროკავშირის თხოვნით არის განპირობებული, რომელმაც ტრამპისგან საშეღავათო პერიოდი ითხოვა, რომელიც სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად იქნებოდა გამოყენებული.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მის დასრულებას და შეთანხმების გაფორმებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ამიტომ ბრიუსელი ვაშინგტონისგან ტარიფების გადავადებას ითხოვს.
ტარიფების გადავადება იმაზე მიუთითებს, რომ მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ 9 ივლისამდე აშშ და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას შეძლებენ, რაც ორივე მხარის ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება.
აქვე, ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ტრამპმა ევროკავშირისათვის ტარიფების 50%-მდე გაზრდა? - როგორც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ამბობს, ევროკავშირი ზედმეტად აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია, ამიტომ ტარიფების 50%-მდე გაზრდის მუქარა მოლაპარაკების პროცესის დამაჩქარებელ ფაქტორს, ერთგვარ კატალიზატორს წარმოადგენს, რომელსაც ტრამპი პოლიტიკური ვაჭრობის პროცესში აქტიურად იყენებს.
სწორედ ასეთ კატალიზატორად შეიძლება იქნეს განხილული ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 145%-იანი სატარიფო რეჟიმი, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების საფუძველზე, შეჩერებული იქნა.