„ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისი თავისებური ქალაქი იყო. მაშინ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აქ, ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მაშინდელი თბილისი, გულწრფელად გეტყვით და, მენატრება. სულ სხვა გაგება, სულ სხვა რაინდული საქციელი და ურთიერთობები იყო მაშინ.ყველამ იცოდა, ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ კარგი თამადა და ვინ - კარგი დამრტყმელი.
უბანში რომ დოდო აბაშიძე და თენგიზ კეკელიძე ცხოვრობდნენ, იქ ცუდი რა მოხდებოდა? დოდოს არასდროს დაუჩაგრავს თავისზე სუსტი და, თუ ვინმე სუსტს დაჩაგრავდა, იმას უეჭველად გამოექომაგებოდა. ვაკეში კი იყო ამირან დუმბაძე. ტანად სუსტი იყო, არ ასკდებოდა „მუსკულები“, მაგრამ, ისე ჩხუბობდა, უნდა გენახათ. ერთხელ, კუს ტბაზე ვართ ასული ბიჭები. გავიხედეთ, ვიღაცეები მანქანებით ამოვიდნენ. ბუჩქებში დავიმალეთ. ასე შევესწარით დუელს. ამირან დუმბაძე და მასზე ტანად საკმაოდ მოსული ბიჭი დაეტაკნენ ერთმანეთს. ახლა რომ ამბობენ, „ბოი ბეზ პრავილო“, ეს იქ უნდა გენახათ. ისე ლამაზი, კორექტული ჩხუბი გამართეს მუშტით, თვალს ვერ მოაშორებდით. წარმოიდგინეთ, ამ პატარა კაცმა ისე გალახა იმხელა კაცი, სულ სისხლი ადინა.ბოლოს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ჩასხდნენ მანქანებში და გამობრუნდნენ. ამ ამბის შემდეგ ამირანის საქციელი ლეგენდად იქცა და მთელი ვაკის ბიჭებმა „განტელებით“ ვარჯიში დაიწყეს“,- ამ ამბავს თბილისის კოლორიტი, ბატონი ვახტანგ ცხადაძე იხსენებს.
ვაღიაროთ, დაიკარგა თბილისური კოლორიტი, აღარ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა გამჩენის დროს ქუჩაში მოძრაობა ჩერდებოდა და ყველა მას აყოლებდა თვალს მოწიწებითა და პატივისცემით. არა, ახლაც შეიძლება ვინმე ცნობილი სახე დაინახოს ხალხმა და თვალი გააყოლოს, მაგრამ ამ მზერაში მოწიწება და პატივისცემა ნაკლებია ხოლმე.
ეს ყველაფერი კი, იმიტომ გავიხსენეთ, რომ ბოლო დროს, მუშტი-კრივი გახშირდა და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ, საჯარო სივრცეში ხდება. მართალია, ჩხუბი საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ „დასტოინი“ ჩხუბის ნახვა აშკარად მოგვენატრა.
თავიდან დავიწყოთ. პოლიტიკოსებს შორის, ჩხუბი უცხო არასდროს ყოფილა. პირველი მოწვევის პარლამენტი გემახსოვრებათ და ისიც გეცოდინებათ, როგორ ხალისობდა ამ ყველაფერზე ჯაბა იოსელიანი. ჩხუბი იყო ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ, ნოდარ ნათაძესთვის შესხმული ბორჯომი და მერე ნათაძის მხრიდან ნასროლი ტელეფონი. მერე და მერე, უკვე ჯგუფურ ჩხუბზე გადავიდნენ პოლიტიკოსები და ერთ-ერთი „თვალსაჩინო“ დაპირისპირება ძმებ ბერძენიშვილებსა და გიგა ბოკერიას „კამანდას“ შორის გახლდათ, რაც იმით დასრულდა, რომ დავით ბერძენიშვილი გიგას ზურგიდან მიეპარა და ისეთი შემოსცხო, ბოკერიამ მუქი სათვალე კაი თვენახევარი ატარა. მაშინ კი თქვეს, ეს არაკაცური იყოო, მაგრამ შემდეგ იმდენი არაკაცური ვნახეთ, ეგეც მიგვავიწყდა. აბა, როგორ დავარქვათ კაცირი იმას, რაც თავის დროზე კაკო ბობოხიძემ გააკეთა, როცა მიკროფონთან ეულად მდგარ, მასზე ათი წელზე მეტით უფროს პეტრე მამრაძეს მიეჭრა და სილა გააწნა. ჩხუბი არც ქუჩაში გვაკლდა, აქეთ, კობა დავითაშვილი, გაიმეტეს, იქეთ - ვალერი გელაშვილი.
ისე ნუ იფიქრებთ, მხოლოდ პარლამენტში ხდებოდეს ეს ამბები. არა ბატონებო, საკრებულოებშიც მრავლად არის და არამარტო დედაქალაქის. ცემა-ტყეპა, პოლიტიკაში ერთგვარ ნორმად იქცა და თუ ვიღაც არ გაილახა პერიოდულად, თითქოს რაღაც გვაკლია, თითქოს რაღაც ისე არ არის. სინამდვილეში კი, ამ ცემა-ტყეპაშიც კარგად გამოჩნდა, როგორ უკან წავედით, როგორ დავკარგეთ ღირსება და კაცურად ჩხუბიც აღარ შეგვიძლია.
ბოლოს მომხდარ ინციდენტებზე ვთქვათ. ჯერ იყო და, დუბაიში გამოვიჩინეთ თავი (მსოფლიოს ხომ უნდა გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები) და მერე ბათუმში. იცით, რა მოდა შემოვიდა? ჯგუფურად, ერთ კაცზე მივარდნა და ცემა. უფრო ზუსტად, ხელების ტყაპუნი, თორემ ამას ცემასაც ვერ დაარქმევ. არ არის კაცურად, მამაკაცურად მოქნეული მუშტი და არც სხვა რამ. სად იყო ადრე ასე მივარდნა და ქალივით ხლების ქნევა? ჰო, ქალივით, რადგან, ქალების ჩხუბის დროს, ისინი აქცენტს ძირითადად სახის ჩამოკაწვრაზე აკეთებენ და თუ დააკვირდებით, ბოლო დროს „ნაცემ“ კაცებსაც, სულ ნაკაწრები აქვთ და არსად ეტყობათ ე.წ. „ფინგალი“. ანუ, კაცურად ხელის დარტყმასაც კი გადავეჩვიეთ და დაბლა კოტრიალს მოვუხშირეთ.
არადა, ადრე, კაცი რომ წაიქცეოდა, იმას აღარ ურტყამდნენ, წაქცეულზე ხელს როგორ ავწევო, ასე ამბობდნენ და ყველა მოჩხუბარი ცდილობდა, არ წაქცეულიყო, შესაბრალი და ხელი არდარტყმის ღირსი რომ არ გამხდარიყო. ახლა კი... ახლა, ხელის ერთი შეხება და დაბლა კოტრიალი თითქოს მოდად იქცა. მერე, გამოდიან, ტელევიზიით გვაჩვენებენ ნაკაწრ სახეებს და თავდამსხმელების დასჯას ითხოვენ. აღარსად არის „სპრავედლივი ხელის“ მოხვედრა და რაიმეს ახსნა. ვაი რომ, ამის აღიარება გვიწევს, მაგრამ კომუნისტების დროს, უფრო „დასტოინი“ ჩინოვნიკები გვყავდა. იქ უცხო იყო ადამიანის ცემა და თუ ვინმე გაილახებოდა, სირცხვილით თავს ვერ ყოფდა გარეთ იმიტომ, რომ იცოდა, დაიმსახურა. დედის გინებაზე ხომ საერთოდ, დიდი ამბები იყო ხოლმე და ახლა დედის გინებას გამარჯობასავით არიგებენ და...
„კაცმა დედა რომ შემაგინოს, იმის გვერდით როგორღა დავჯდებიო“ - ძველები იტყოდნენ ხოლმე და ახლა, გინება კი არა, ერთმანეთს სანათესაოს უტრიალებენ და შემდე, რაღაც კომისიებში, ერთობლივად მუშაობენ, მსჯელობენ, ურთიერთობა აქვთ, თითქოს არაფერი მომხდარა. საინტერესოა, რის და ვის გამო იტანენ ამ ყველაფერს? ნუთუ ღირს რაიმე თანამდებობად ის, რომ მთელი ქვეყანა იგებს, როგორ გამცირებენ, გაგინებენ, გცემენ...

=========================
ან, ის ხალხი როგორ დადის მერე ამაყად, აფთრებივით ერთ კაცს რომ დაესხმებიან ხოლმე თავს და მერე იბღინძებიან? ადრე მართლა ასე იყო, ორი და სამი ადამიანი ერთს არავითარ შემთხვევაში არ სცემდა, ერთი ერთზე ჩხუბი იყო „მოსული“ და ახლა არ დაიწყოთ, ძალიან ბევრი ე.წ. „ქურდული ტერმინები“ გამოურიეთო. ქურდული ტერმინები კი არა, ადამიანის სახე გაქვთ დაკარგული, მართლა იმ აფთრებივით იქეცით, რომლებიც ველურ ბუნებაში, ყველაზე საზიზღარ ცხოველებად ითვლებიან და ცალკ-ცალკე არცერთს არაფრის თავი არ აქვს, ერთად კი, ლომზეც გაუწევიათ, ასეა დღეს ქართული პოლიტიკაც და ვაი, რომ ლომები თითქმის სულ გადაშენდნენ და მხოლოდ პირსისხლიანი აფთრების ბრძოლას ვუყურებთ.
================================
სხვათა შორის, მუშტის გაქნევა არც კრიმინალურ სამყაროშია უცხო, მაგრამ თუ ვინმე დააშავებს, მას ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააყენებს, აუხსნის, რა დააშავა (თუ ვერ გაიგო, მეორედ, მესამედ, მეასედ აუხსნის) და ამის შემდეგ, სილას გააწნავს. ეს დიდი სირცხვილია, მაგრამ გამოსავალიც არის - „ქურდის ხელი ვის არ მოხვედრია“ და ამით ე.წ. „კაი ბიჭების“ კასტა თავს იმართლებს, მაგრამ, საკმარისია იმავე კასტამ არასწორი საქციელი ჩაიდინოს, ანუ ერთზე ჯგუფმა გაიწიოს, რომ უკვე ერთი გალაწუნება საკმარისი არ არის და შეიძლება „პარაშასთან“ გადაინაცვლო. აი, ჩვენი პოლიტიკოსები რომ ქურდული წესებით ცხოვრობდნენ, გვერწმუნეთ, „პარაშასთან“ ადგილი მათ უმრავლესობას უკვე გარანტირებული ექნებოდა და სილის გალაწუნებას ალბათ ყველა დაიმსახურებდა...
ამბობენ, დოდო აბაშიძე კარგ დამრტყმელად ითვლებოდა და არც თუ იშვიათად, ხელის გაქნევა იცოდა და უყვარდა კიდეც, მაგრამ თავისზე სუსტზე არასდროს გაწეულა და მით უმეტეს, ჯგუფურად თავს არავის არასდროს დასხმია. ამიტომ დარჩენ დოდო და მისნაირები ლეგენდებად, ხოლო ის ბრბო, რომელიც დღეს პოლიტიკაშია (ორივე მხარეს), ხვალ და ზეგ აღარავის ემახსოვრება.
როცა რაიმე პროფესიის ხარ, ჯერ ადამიანი უნდა იყო, კაცი უნდა იყო და მერე საქმის პროფესიონალი. სხვაგვარად, არაფერი გამოვა და არც არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, თუნდაც სანამ ჩხუბის კულტურას არ ვისწავლით, სანამ დედის გინებას ისევ ფასი არ დაედება, სანამ ორი და მეტი კაცის მიერ ერთის ცემა უდიდესი სირცხვილი არ გახდება. იცით ბატონებო, რომ რეალურად, ასეთი საქციელის შემდეგ, თქვენს მხარდამჭერებსაც სძულხართ, გულის სიღრმეში ისინიც ამბობენ, რომ არასწორად, არაკაცურად იქცევით, უბრალოდ, ხმამაღლა ამას ვერ გეუბნებიან, იმიტომ, რომ თქვენივე არაკაცური ბუნებიდან და საქციელიდან გამომდინარე, დასჯით, ან უსამსახუროდ დატოვებთ, ან კეთროვნად გამოაცხადებთ. არ არის აუცილებელი, ჩხუბი იცოდე, მაგრამ არასწორად ხელი არასდროს არ უნდა მოიქნიო და მერე ეგებ, არც არასწორად მოქნეული მოგხვდეს.
ავტორი პატიმარი #0578