ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველ რამდენიმე საათში ათობით ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ათობით ის განკარგულება გააუქმა, რომელზედაც მისი წინამორბედი, დემოკრატი ჯო ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს მიიღო — 2021 წლის ექვს იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიშისთვის ბრალდებული 1,500-მდე ადამიანის შეწყალება იყო. დემოკრატები ამ მოვლენას ამერიკული დემოკრატიის შავ დღედ და სახელმწიფო გადატრიალების, ხოლო რესპუბლიკელები ამერიკული პატრიოტიზმის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამ გადაწყვეტილებით, ტრამპმა მისი მოკავშირეები ფედერალური სასჯელებიდან გაათავისუფლა, რითაც, როგორც თავად ამბობს, სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ბოლო მოუღო.
დონალდ ტრამპმა ასევე გააუქმა ჯო ბაიდენის რამდენიმე განკარგულება, მათ შორის ის, რომლითაც აშშ-დან ადამიანის დეპორტაციის წინაპირობა მხოლოდ ის იყო, თუკი მას საზღვარზე დააკავებდნენ, ის სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენდა ან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა. ამრიგად, დეპორტაციას ახლა ყველა არალეგალი იმიგრანტი ექვემდებარება. ამ პოლიტიკის მეტად ეფექტიანად გასატარებლად, აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო ტერიტორიაზე მალე ამერიკული ჯარი განთავსდება.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასევე უკავშირდება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ის არ აღიარებს. შედეგად, აშშ-მ უკვე მეორედ დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ანუ ტრამპმა ის გაიმეორა, რაც პირველად 2017 წელს ვიხილეთ. საპირწონედ ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი წიაღისეულის ინდუსტრიის აღორძინება იწყება, რაც ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული კომპანიები ნავთობის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაზრდიან, რაც გლობალურ სანავთობო ბირჟაზე საწვავის ფასს შეამცირებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს OPEC-ის სხვა წევრ სახელმწიფოებთან, კერძოდ საუდის არაბეთთან და რუსეთთან მიმართებით მოგებიან პოზიციაში ჩააყენებს. ჭაბურღილების გათხრა და ნავთობის მოპოვების გაზრდა, როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი დაპირებაა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა გუშინ მიიღო ქვეყანაში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის აკრძალვას უკავშირდება და აკრძალვა 75 დღით გადავადდა. ჩინურმა ByteDance-მა მისი კომპანიისთვის ამერიკელი მყიდველი უნდა იპოვოს, რათა ბიზნესი მას გადააბაროს.აპლიკაციის პოტენციურ მყიდველებს შორის განიხილება, როგორც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი მარკ ზაკერბერგი, ასევე Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი.
დონალდ ტრამპის გუშინდელი გადაწყვეტილებით ოფიციალურად დაფუძნდა “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი”, რომლის ხელმძღვანელი ილონ მასკი იქნება. DOGE-ის აკრონიმით ცნობილი ორგანიზაცია არ არის ტიპური დეპარტამენტი, ანუ სამინისტრო, რადგან ის არის არა კონგრესის მიერ აღიარებული საკონსტიტუციო უწყება, არამედ პრეზიდენტის ოფისთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მანდატი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება იქნება. ამ მხრივ, მთავარ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ უნდა ველოდოთ, მაგრამ ფედერალურ უწყებებში ახალი კადრების აყვანაზე პრეზიდენტმა მორატორიუმი უკვე გუშინ გამოაცხადა.