დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია. 

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო ორ ბიბლიაზე: ერთი, რომელიც მას დედამ აჩუქა და ლინკოლნის ბიბლიაზე, რომელიც გამოიყენა რამდენიმე სხვა წინა პრეზიდენტმა - აბრაამ ლინკოლნმა 1861 წელს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობის გამო ფიცი კაპიტოლიუმის შენობაში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო.

მანამდე ფიცი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დადო.

"მე დღეს ხელს მოვაწერ ისტორიულ ბრძანებებს, რომელიც საფუძველს დაუდებს ამერიკის აღორძინებას და საღი აზროვნების დაბრუნებას. მე გამოვაცხადებ მნიშვნელოვან საკითხად ჩვენი საზღვრების დაცვას. ნებისმიერი არალეგალური შემოსვლა იქნება ადგილზევე შეჩერებული და მილიონებით კრიმინალს გავაძევებთ ამ ქვეყნიდან. მე დავასრულებ ჩვენ ქვეყანაში არალეგალურ შემოსვლას", -  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ. 

ასევე, ტრამპის განცხადებით, ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება.

"ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამიერიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისევ პატივსაცემი იქნება. ყველა ერის პარტნიორი ვიქნებით. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში, ყოველ დღეს ვიმუშავებ იმაზე, რომ ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენო. ჩვენი სუვერენიტეტი იქნება აღდგენილი, ჩვენი უსაფრთხოება იქნება აღდგენილი და სამართლიანობის სასწორი დაბალანსებული იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადეს და ოფიციალურად შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. დღის დანარჩენი განრიგი ასეთია - ახლა ტრამპი და ვანსი ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრებიან კაპიტოლიუმში. დაახლოებით 15:30 წუთზე (00:30 თბილისის დროით) ტრამპი ოჯახთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საინაუგურაციო პარადში, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში ჩაივლის. საღამოს სამი საინაუგურაციო წვეულება ჩატარდება. ელიან, რომ ტრამპი სამივე მათგანს დაესწრება და მხარდამჭერებს მიმართავს.