აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყოველი ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვრის შუადღიდან იწყება. ასევე 20 იანვარს, იმართება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია. ბოლო წლებში პრეზიდენტებმა ფიცი დადეს უზარმაზარი დროებით პლატფორმაზე, რომელიც კაპიტოლიუმის თვალწარმტაც მდელოზე განთავსდა და ეროვნულ სავაჭრო ცენტრს გაჰყურებს. ყველაზე ხშირად, ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იბარებს. ორშაბათსაც ჯონ რობერტსი მეორედ მიიღებს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან ფიცს. ტრადიციის მიხედვით ახალი პრეზიდენტი ასევე გამოდის საინაუგურაციო სიტყვით, რომელშიც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავის გეგმებზე საუბრობს. 2017 წელს ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მეტად მძიმე გამოსვლით დაიწყო, რომელშიც „ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე“ გამახვილდა ყურადღება. 20 იანვარს ფიცს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც დადებს.
წელს ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. ხვალ ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
სწორედ ამიტომ პრეზიდენტის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
ამერიკული მედიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მილიარდერები ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი, ასევე ჩინური სოციალური ქსელების გიგანტის, „ტიკტოკის“ ხელმძღვანელი, შოუ ზი ჩუ.
ასევე ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი და წარმავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხო სახელმწიფოს მეთაურებს, როგორც წესი, არ იწვევენ, მაგრამ ტრამპმა ეს ტრადიცია დაარღვია და იტალიისა და უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი მიიპატიჟა. ჩამოთვლითაგან ამჟამად მხოლოდ მელონიმ დაადასტურა, რომ ინაუგურაციას დაესწრება.
ვაშინგტონში იმყოფება და ცერემონიას კონგრესმენი ჯო უილსონის მოწვევით დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ფიცის დადების ცერემონიაზე ცნობილი მომღერალი, ქერი ანდერვუდი შეასრულებს "America the Beautiful“-ს.
დონალ ტრამპი, სავარაუდოდ, ორშაბათს საღამოსთვის დაგეგმილ სამივე ოფიციალურ საინაუგურაციო გალა-კონცერტს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ათზე მეტი სხვა ღონისძიება. გალა-კონცერტების გარდა, ინაუგურაციის წინა ღამეს, ვაშინგტონის Capital One Arena-ზე, ტრამპი გამართავს აქციას სახელწოდებით, „კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა“.