ფასტფუდი მეხსიერებასაც ვნებს . ამის თაობაზე გვაფრთხილებენ სწავლულები ამომავალი მზის ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტიდან. მათი გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ტრანსცხიმები წარმოიქმნება ცხელ მცენარეულ ზეთში საკვების შეწვის პროცესში, აგრეთვე, თხევადი ზეთების შესქელების (მაგალითად, მარგარინის) წარმოების დროს. ტრანსცხიმები გვხვდება კარტოფილი-„ფრისა“ და სწრაფი კვების სხვა პროდუქტებში, ყავის ხელოვნურ ნაღებში, მზა ნამცხვრებში, კრეკერებში, კარამელში, ნაყინსა და სხვა ბევრ გადამუშავებულ საკვებში. ტრანსცხიმები ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და მისი გამოყენება უკვე აკრძალულია, ან შეზღუდულია ბევრ ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოითხოვა 2023 წელს, მსოფლიოში მათი ლიკვიდაცია. იაპონელი სწავლულების კვლევა ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, მათ დაადგინეს, რომ ტრანსცხიმების ყველაზე მაღალი დონის მქონე ჯგუფის მონაწილეებს დემენციის 74%-ით უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვისი საკვებიც საერთოდ არ შეიცავდა ტრანსცხიმებს.