30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
სამირა ბაირამოვა "ტვ პირველის" ეთერში სოფელ ნახიდურში განვითარებული მოვლენების დეტალებს ყვება - აქტივისტი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მძღოლი, რომელიც ორ ქვეითს შეეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ავარიის შემდეგ, რის შედეგადაც ორივე მოზარდი დაიღუპა, 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. ავტომობილიდან გადმოვიდა, გარდაცვლილს დაარტყა, ხოლო თვითმხილველებს შეაგინა.
აღნიშნულ ფაქტს მაცხოვრებლების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
"ხალხი აღნიშნავს, რომ მანქანა ძალიან ჩქარა დადიოდა და ნასვამ მდგომარეობაში იყო მძღოლი. შეჯახების შემდეგ, მძღოლი ჩავიდა მანქანიდან, დაარტყა ადგილზე ერთ-ერთ გარდაცვლილს, რაზეც ადგილზე მყოფი მოწმეები, რა თქმა უნდა, გაბრაზდნენ. ერთი ისაა, რომ შეეჯახა და მეორე, რომ ჩავიდა, დაარტყა ამ გარდაცვლილ ბავშვს და მოსახლეობას შეაგინა და გაიქცა იქიდან.
მანქანაში ყოფილა ოთხი ადამიანი. მერე მოვიდა, პოლიცია სასწრაფო და ბევრი ხალხი შეგროვდა, რადგან სოფლის ცენტრი არის. ძალიან ცუდი ადგილი არის, ცუდი მოსახვევი არის. ბავშვებს უწვეთ ტრასით სიარული და ყოველდღე ეს ადამიანები საფრთხის ქვეშ არის, ჩვენ არ გვაქვს გზის ინფრასტრუქტურა.
ადგილზე იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი, მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმელები. მძღოლი დაკავებული არის'', - ამბობს სამირა ბაირამოვა.
სამოქალაქო აქტივისტი "ტვ პირველის" ეთერში იმასაც აცხადებს, რომ ადგილობრივების ცნობით, მძღოლი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ახლობელია - "იმედია, ეს ფაქტი გამოძიებაზე არ იმოქმედებს".
ავარიას შემდგომ ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობა და დაპირისპირება მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადგილიდან არ წავიდა, ხოლო მოსახლეობა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. მძღოლმა თავის შეფარება სასწრაფოს მანქანაში სცადა, თუმცა მანქანა მოქალაქეებმა დაამსხვრიეს.
ადგილზე ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
„დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
შეკრებილი პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.