Menu
RSS

შსს-ს ყველა თანამშრომელს, 2020 წლის 1 ივლისიდან, ხელფასი 125 ლარით გაეზრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან კაკავას განცხადებით, 2020 წლის 1 ივლისიდან, შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდება. მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალ წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმები და პროექტები მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ წარუდგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს, სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1 ივლისიდან, ხელფასი სამინისტროს თანამშრომლებს, მინიმუმ, 125 ლარით გაეზრდებათ: 

„2020 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სისტემური განახლების პროცესს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ღონისძიებების გაძლიერება, საპოლიციო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით, პოლიციელების ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 2020 წლის 1 ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ ყველა თანამშრომელს, ხელფასი არანაკლებ, 125 ლარით გაეზრდება. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში, მიმდინარეობს ბინათმშენებლობა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით და ეს პროექტი გაგრძელდება. 2020 წელს დაგეგმილია, ასევე, ახალი საპოლიციო შენობების მშენებლობა, მეხანძრე-მაშველებისთვის სახანძრო მანქანების ახალი სადგომების (დეპ-ების) მშენებლობა. თბილისში ახალი, დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება. გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განახლება. ასევე, სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკის განვითარებას. მოგეხსენებათ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც“, _ განაცხადა ლევან კაკავამ.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში