Menu
RSS

ებრაელი ბიზნესმენი 22 წლის საყვარელმა მოკლა

სისხლიანი ვახშმის უცნობი დეტალები

დღეს პირადი დაცვა აღარავის უკვირს _ ნებისმიერს შეუძლია, კუნთმაგარი ბიჭები დაიქირაოს და მათთან ერთად იმოძრაოს, თუმცა კომუნისტების ზეობის დროს, დაცვა მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის წევრთა ხვედრი იყო და შეიარაღებული პირებიც ოფიციალურად, მათ გარდა, არავის დაჰყვებოდნენ. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად, პირადი მცველები „ცეხავიკებსაც’‘ ჰყავდათ და მათ სოლიდურ თანხასაც უხდიდნენ. „ცეხავიკებს“ „კანონიერი ქურდების“ ეშინოდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრს მოიტაცებდნენ და გამოსასყიდს მოითხოვდნენ. ამიტომ, როცა ისინი სადმე მიდიოდნენ, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ დაცვის წევრები მუდამ ახლდნენ. რაღა თქმა უნდა, ეს ხელმძღვანელმა პირებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ, რადგან სწორედ ამ „თვალის დახუჭვაში“ იღებდნენ ათეულობით ათას მანეთს და საკუთარ ბიუჯეტს ავსებდნენ.

„ერთ-ერთი ასეთი „ცეხავიკი“, ებრაელი კაცი, ქუთაისშიც იყო. ერთ მშვენიერ დღეს, წყალტუბოში წავიდა საქეიფოდ, რა თქმა უნდა, ცალკე კუპეში შევიდა და დაცვა კართან დააყენა. იმავე რესტორანში, ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მაგრამ ებრაელს იქ მომზადებული კერძი უყვარდა და ამიტომ, მზად იყო, ხმაური აეტანა. როცა მასთან ოფიციანტმა კერძი მიიტანა, ის მაგიდაზე თავით დამხობილი იყო, ზურგში კი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც ჩანს, კარგად აჭმევდა ზემდგომებს, ამიტომ, მხოლოდ ადგილობრივ სამართალდამცავებს არ ენდნენ და თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ანუ მე გამაგზავნეს“, _ იხსენებს წარსულში მოხმდარ მკვლელობას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

წყალტუბოში ჩასულ სამართალდამცავებს, ქალაქის მთელი მილიცია ადგილზე დახვდა. იქაური ექსპერტ-კრიმინალისტიც ადგილზე იყო, მაგრამ მითითება ჰქონდა, რომ თბილისიდან ჩასული კოლეგის გარეშე, არაფერი გაეკეთებინა. 

„როცა ადგილზე მივედი და გვამს დავხედე, პირველი, რაც ვიკითხე, გადააადგილა თუ არა ვინმემ და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ჩემთვის ჩავილაპარაკე, საოცარია, ძალიან საოცარი-მეთქი. ცოტა არ იყოს, ამრეზით შემომხედეს, ალბათ იფიქრეს, ასე, ერთი შეხედვით რა დაინახაო და ამიტომ ხმამაღლა ავხსენი _ კუპეში სკამი კედელთან იყო მიდგმული, კედელთან იჯდა გარდაცვლილიც, კედელსა და სკამს შორის მუშტი ვერ ჩაეტეოდა და მაგიდაზე ეს კაცი პირდაპირ თავით იყო დამხობილი. ტყვია კი ზურგში ჰქონდა ნასროლი ანუ ვიღაცამ ეს კაცი ააყენა, ზურგში ტყვია ესროლა და მერე თავის ადგილას დასვა, რაც აბსურდი და სისულელე იყო. მით უმეტეს, რომ დაცვის წევრები ამბობდნენ, კუპეში არავინ შესულა და არც სროლის ხმა გაგვიგიაო. აი, სროლის ამბავმა ყველა დააინტერესა, ადგილობრივი მილიციის უფროსმა იარაღიც კი ამოიღო და სცადა, როგორმე მიდგომოდა იმ ადგილს, მაგრამ შეუძლებელი იყო, იარაღიანი კი არა, ცარიელი ხელი ვერ ჩაეტეოდა ზურგსა და კედელს შორის. ეს იყო პირველი უცნაურობა, რაც შევნიშნე“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

როცა ექსპერტები მუშაობას მორჩნენ და გვამიც წაიღეს, გამომძიებელმა კედლის დათვალიერება დაიწყო, რომელიც წითელი აგურით იყო ნაშენები. მერე, ერთ-ერთ აგურს კიდესთან ჩანგალი შეუყო და გამოიღო. ცხადი გახდა, მკვლელმა აგური გამოიღო, გაისროლა, შემდეგ კი აგური თავის ადგილზე დადო და წავიდა. 

მეორე მხარეს საკუჭნაო გახლდათ, რომელსაც ბოქლომი არ ედო, უბრალო საკეტით იყო დაკეტილი და იქ მოხვედრა ნებისმიერს შეეძლო, თუმცა დამლაგებლის გარდა, არავინ შედიოდა, თუმცა რომ შესულიყო ვინმე, რა უნდა ეკეთებინა იატაკის ჯოხებში, ტილოებსა და ჭუჭყიან სათლებში? დაუძახეს დამლაგებელს, რომელიც გამომძიებლისთვის მოულოდნელად, 22 წლის გოგო აღმოჩნდა. მისმა დაკითხვამ გამოძიებას არაფერი მისცა, გოგონამ თქვა, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევია, რომ ძირითადად დილით ადრე მოდიოდა, რათა მთელი ღამის ნაქეიფარი რესტორანი დაელაგებინა და უკვე დილით, სტუმრებს ყველაფერი სუფთად დახვედროდა. 

გამომძიებლებმა ის ადგილიც დაათვალიერეს, საიდანაც აგური იყო გამოღებული და ერთხმად აღიარეს, რომ ასე სუფთად, მკვლელი ერთი და ორი დღე ვერ იმუშავებდა, მას, მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდებოდა, რათა აგური გამოეღო და თან ისე, რომ კუპეს მხრიდან, ვერავის ვერაფერი შეემჩნია. 

„მაშინვე ვთქვი, რომ მკვლელი რესტორნის თანამშრომლებს შორის უნდა გვეძებნა. გამორიცხული იყო, მინიმუმ, ერთი კვირა ვიღაც უცხოს ევლო რესტორანში, თუნდაც საკუჭნაოში და ის ერთხელ მაინც ვერ შეემჩნიათ. ამიტომ, რესტორნის თანამშრომელთა პირადი საქმეები მოვითხოვე და თითოეული მათგანის შესწავლა დავიწყე. მაშინ ყველამ იცოდა, რომ რესტორანში შემთხვევითი კადრი ვერ მოხვდებოდა, რადგან იქ, არცთუ იშვიათად, მაღალჩნოსნები დადიოდნენ და აუცილებელი იყო, რესტორნის თანამშრომლებს ენაზე კბილი დაეჭირათ“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

შესაბამისად, ყველა თანამშრომლის პირად საქმეში, ფანქრით რეკომენდატორიც ეწერა ანუ რესტორნის დირექტორს უნდა სცოდნოდა, ვინ იყო მის კონკრეტულ თანამშრომელზე პასუხისმგებელი. წარმოიდგინეთ გამომძიებლების გაოცება, როცა რეკომენდატორთა შორის, გარდაცვლილი „ცეხავიკის“ გვარიც ამოიკითხეს და ის რეკომენდაციას, სწორედ საკუჭნაოს „პატრონს“, დამლაგებელ გოგონას უწევდა. დამლაგებელი, ამჯერად, დაკითხვაზე განყოფილებაში დაიბარეს და ხელებზე ექსპერტიზაც ჩაუტარეს იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა დენთის კვალი. კვალი არ აღმოჩნდა. 

რაც შეეხება რეკომენდაციას, გოგონამ სამართალდამცავებს აუხსნა, რომ მისი მშობლები მაშინ დახვრიტეს, როცა ის პატარა იყო. მიზეზად სახელმწიფო ქონების განიავება დასახელდა (მაშინ, ამის გამო, ბევრს ხვრეტდნენ) და უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი, სწორედ იმ ებრაელმა შეიფარა, გაზარდა და მართალია, უმაღლესი სასწავლებელი ვერ დაამთავრა და აკადემიურის აღება მოუხდა, მაგრამ მუშაობა დამლაგებლად დაიწყო და თავს ირჩენდა. 

მეორე დღეს, გამომძიებლები ისევ რესტორანში მივიდნენ იმის იმედად, რომ რაღაც ახალი აღმოეჩინათ. ახალი ვერაფერი ნახეს, თუმცა გამომძიებელმა ყურადღება ისევ დამლაგებელს მიაქცია. მას ახალი ხალათი ეცვა, რეზინის ხელთათმანები კი ისეთი გრძელი იყო, მხრებამდე ჰქონდა აწეული. 

„მივხვდი, ასეთი ხელთათმანებით თუ გაისროდი, შემდეგ კი ხელთათმანებს გადაყრიდი, დენთის კვალი არ დარჩებოდა. ხალათიც ახალი იყო და ამიტომ, გოგონას სახლის ჩხრეკა გადავწყვიტეთ. იქ ვნახეთ ძველი ხელთათმანებიც და ხალათიც, რომელზეც დენთის კვალი აშკარად ჩანდა. აღიარების დრო მოვიდა და ისტორია ძალიან მაინტერესებდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

„დედ-მამა რომ დახვრიტეს, ჩვენი სახლიდან ყველაფერი წაიღეს, მათ შორის, საგვარეულო მედალიონი, რომელიც 200 წლის იყო. შემდეგ, ამ ებრაელმა შემიფარა, მპატრონობდა და არ ვიცი, ეს რა გრძნობა იყო, შემიყვარდა. პრაქტიკულად, ყოველ ღამეს მასთან ვატარებდი, ერთ დღეს კი სახლის დალაგებისას, სამალავში მედალიონი ვნახე, ჩემი მშობლების მედალიონი. მერე სტუდენტ მეგობარს, რომელსაც მამა ძველი სამართალდამცავი ჰყავდა, ვთხოვე და მან დამიდასტურა, რომ ჩემები, სწორედ ამ ებრაელის ჩაშვებულები იყვნენ ანუ მე, მშობლების მკვლელის საყვარელი ვიყავი. მისი ცხოვრების წესი ჩემზე კარგად არავინ იცოდა, ისიც კი გავარკვიე, რომ სასწავლებელში საქმე მან გამიფუჭა, რადგან თუ დავამთავრებდი, დედაქალაქში მინდოდა გადასვლა. აქ დამლაგებლად მომაწყო, ვითომ სამსახური რომ მქონოდა და საბოლოოდ, ჩემს გაშვებას არსად აპირებდა. იარაღი მამას ჰქონდა, მაშინ ვერ მიაგნეს და როგორც რელიქვიას, ისე ვინახავდი. ეს აგური დიდი ხნის წინ ამოვიღე, შესაფერის მომენტს ველოდი და ეს მომენტიც დადგა _ გარეთ მუსიკა, ხმაური იყო, ის კი კედელთან, ზურგით იჯდა. ვესროლე, შემდეგ სახლში წავედი, გამოვიცვალე და დავბრუნდი. ჩადენილს არ ვნანობ, იმას ვნანობ, რომ მასთან სარეცელს ვიზიარებდი“, _ ასეთი იყო გოგონას მონათხრობის მოკლე შინაარსი. 

გაგიკვირდებათ და, სასამართლომ მას მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ციხეში სანიმუშო ქცევის გამო, ექვსი წლის შემდეგ გაათავისუფლა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში