Menu
RSS

მცხეთაში სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტი მოკლეს

ვინ დაგეგმა მკვლელობა და რატომ ფიგურირებს საქმეში ნარკოტიკი

ადრე ასე იყო _ საიდუმლო დოკუმენტაციას ფოსტას არ ანდობდნენ, ამიტომ სპეციალური პირები იყვნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკას შორის მოძრაობდნენ და საიდუმლო პაკეტები დაჰქონდათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს დაცვის თანხლებით ხდებოდა, ოღონდ ისე, რომ დაცვა შეუმჩნეველი იყო და ყურადღებას ნაკლებად იქცევდა. დაცვის თანამშრომლები, როგორც წესი, სპეცსამსახურების წარმომადგენლები გახლდნენ, სპეციალური მომზადებით. იშვიათად იყო, როცა დოკუმენტაცია ზესაიდუმლო გახლდათ, რამდენიმე კურიერი გამოდიოდა და პაკეტი მხოლოდ ერთს ჰქონდა _ ამით მტერს კვალს ურევდნენ. მტერი კი საბჭოეთში, ყველა კუთხეში ელანდებოდათ. პრინციპში, ცივი ომის დროს, აშშ-ისა თუ სხვა ევროპული ქვეყნების საგარეო დაზვერვა მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოზე ინფორმაციების მოძიებაზე უარს არ ამბობდა და ამიტომ, სიფრთხილეც ზედმეტი არ იყო. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა 80-იანი წლების დასაწყისში, მცხეთაში, რესტორანში, ჩხუბის დროს მოკლულ პირში, სწორედ ასეთი კურიერი ამოიცნეს. ის უკრაინის მოქალაქე, წოდებით მაიორი იყო და საქართველოს თავდაცვის უწყებაში, უკრაინიდან საიდუმლო დოკუმენტაცია ჩამოიტანა.

„მაიორი ერთი კვირაა, საქართველოშია. ჩამოსვლის პირველივე დღეს, საბუთები თავდაცვის სამინისტროს ჩააბარა. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტაცია საიდუმლოა, მისი გახმაურების უფლება არ გვაქვს. წესითა და რიგით, ის ბინაში უნდა დარჩენილიყო, რომელიც თავდაცვის უწყებას ასეთი შემთხვევებისთვის აქვს გამოყოფილი, მაგრამ ეს არ ისურვა, სასტუმროს ნომერი იქირავა, მისი ორი თანმხლები კი ჩვენს ბინაშია“, _ ეს იყო ის მწირი ინფორმაცია, რაც საქმის გამომძიებელს მიაწოდეს. 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის ორი პირი იყო დასაკითხი, რომლებიც მაიორს ახლდნენ. მათ ბევრი ვერაფერი თქვეს, მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ კონკრეტულად ამ მაიორს, უკვე სამი წლის განმავლობაში იცავდნენ და არასდროს არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია. ახლა კი მაიორმა რესტორანში წასვლა მარტომ მოისურვა და გაცილების აუცილებლობაც არ იყო, რადგან საიდუმლო პაკეტი ჩამოსვლიდან ნახევარ საათში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იდო. 

„მაიორს სამოქალაქო ფორმა ეცვა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ის ქალს ელოდა, სუფრაც შესაბამისი შეუკვეთა. ქალი გამოჩნდა, მაგრამ სანამ მაიორის მაგიდამდე მივიდოდა, გზად სხვა მაგიდასთან მჯდარმა კაცმა უკანალზე ხელი წამოარტყა. ჩხუბიც ამის შემდეგ დაიწყო და როცა ყველაფერი დასრულდა, მაიორს დანა ჰქონდა მუცელში გაყრილი, მე კი მილიციაში დავრეკე“, _ სულ ეს იყო, რაც ოფიციანტმა გაიხსენა. 

რესტორანში, ცხადია, არც სათვალთვალო კამერები იყო და ვინმე ჩხუბს არც მობილური ტელეფონით იღებდა. შესაბამისად, სახეების ამოცნობა წარმოუდგენელი ჩანდა. მით უმეტეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ის ქალი გაქრა, რომელსაც მაიორი უნდა შეხვედროდა. სამაგიეროდ, დააკავეს ჩხუბში მონაწილე ორი პირი და თვითმხილველების მტკიცებით, სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთმა დაარტყა დანა მაიორს. 

ერთი შეხედვით, ყველაფერი შემთხვევითობას ჰგავდა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნამ საქმე თავდაყირა დააყენა ანუ ესპერტმა დაასაბუთა, რომ სხეულზე მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო არ იყო, რადგან თავდამსხმელები ისეთი ნასვამები იყვნენ, რომ მაიორს დანას ძლიერად ვერ დაარტყამდნენ. ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ მსხვერპლს ნაკაწრები ჰქონდა. სამაგიეროდ, მაიორს კისერზე ჰქონდა პატარა ნაჩხვლეტი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა _ მას ორგანიზმში შხამი შეუყვანეს. 

საქმეს, რა თქმა უნდა, მაშინვე გრიფით საიდუმლო დაედო და გამოძიებაში სამხედრო პროკურატურაც ჩაერთო. 

მაიორი უცოლო იყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვა აცხადებდა, რესტორანში საცოლესთან შესახვედრად მიდიოდაო, ყველაფერი ეს ძნელი დასაჯერებელი გახლდათ _ სამხედრო კურიერი თბილისში მესამედ ჩამოვიდა, წინა ორ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა და ასეთ მოკლე მონაკვეთში, საცოლის მონახვას ვერ მოახერხებდა. 

ამასთან, გამქრალი იყო ის დიპლომატი, რომლითაც მაიორი მოძრაობდა. მართალია, იქ საიდუმლო დოკუმენტაცია აღარ იდო, მაგრამ დიპლომატის გაქრობა პატარა ამბავი არ გახლდათ. სამხედრო პროკურატურამ გადაამოწმა ყველა და ყველაფერი, რისი გადამოწმებაც შეიძლებოდა, უშიშროებაც მაქსიმალურად ცდილობდა, ნებისმიერი კავშირი შეემოწმებინა, თუმცა საინტერესოს ვერაფერს მიაგნო. 

გამოძიება ჩიხში შევიდა და მკვლელობიდან მესამე დღეს, საგანგებო თათბირზე, როგორც სამხედრო, ისე შინაგან საქმეთა და უშიშროების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ. 

თათბირის შემდეგ, ორ საათში, კოჯრის მხარეს, ნაძვნარში ახალგაზრდა კაცის გვამი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, იქვე მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი იდგა, ავტომობილში კი... შავი ტყავის დიპლომატი იდო, რომელიც მოკლულ მაიორს ეკუთვნოდა. 

გარდაცვლილს სამართალდამცავები კარგად იცნობდნენ _ ის თბილისელ ნარკომანთა კასტის წარმომადგენელი გახლდათ და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ნასამართლევიც იყო. მის მანქანაში ნაპოვნი ტყავის დიპლომატის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ შიგთავსი ოპიუმით იყო დასვრილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ დიპლომატით, დიდი ხნის განმავლობაში დაჰქონდათ ოპიუმი, რადგან კვალი, როგორც ახალი, ისე ძველიც, მრავლად იყო. 

„საბჭოთა კავშირში ოპიუმის ძირითადი წყარო ყაზახეთი და უზბეკეთია. ამ ორი რესპუბლიკიდან მაიორს ამანათი არასოდეს მიუღია, მაგრამ მუდმივად იღებდა მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა და იქ მშობლები ჰყავს. მამამისი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, _ უშიშროების უწყებამ საქმეს თავდაცვაც ჩამოაცილა და შინაგან საქმეთა სამინისტროც. 

მაიორის დაცვის წევრი დააპატიმრეს და მართალია, ოფიციალურ დაკითხვაზე მან არაფერი თქვა, მაგრამ „არაოფიციალურ“ დაკითხვას ვეღარ გაუძლო და ყველაფერი დეტალურად აღიარა. 

„ერთ-ერთი მივლინება ჩემს მშობლიურ ქალაქში გვქონდა. რა თქმა უნდა, მაიორი შინ მივიპატიჟე და ტრადიციული ფლოვიც დავახვედრეთ. როგორც საპატიო სტუმარს ეკადრება, ცხელ ფლოვს მამაჩემმა ოპიუმის ბურთულა დაადო, რომელიც ბრინჯში ჩადნა და საკვებს არამარტო არომატი მისცა, არამედ, მისი მირთმევის შემდეგ, მაიორი წელში გაიმართა და კარგ განწყობაზეც დადგა. შემდეგ, მამაჩემს ესაუბრა, აუხსნა, რომ ის, როგორც სამხედრო კურიერი, ყველა აეროპორტსა და სადგურზე ისე დადიოდა, რომ მისი ბარგი ჩხრეკას არ ექვემდებარებოდა. ამიტომ, შეეძლო, ოპიუმი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაევრცელებინა. მოლაპარაკება შედგა, დაცვის წევრის მამა წინასწარ იგებდა, რომელ ქალაქში იყო მივლინება, იქ ნახულობდა შესაბამის კადრს, შემდეგ კი მისთვის ოპიუმის მიყიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. თბილისშიც ოპიუმის საკმაოდ დიდი პარტია ჩამოიტანეს და მაიორმა, ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში, გაასაღა _ 43 ათასი მანეთი მიითვალა და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ...“ _ ეს იყო, რაც დაცვის წევრმა დაკითხვაზე თქვა. 

რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა ნარკომანების ბუნაგები მოინახულეს და ერთ დღეში, ასამდე კაცი დააკავეს. უშიშროების სარდაფს დაკავებულებმა ვერ გაუძლეს და მალე ორმა აღიარა, რომ მაიორის მკვლელობაში მათი ხელი ერია. რაც მთავარია, დაასახელეს ქალიც, რომელიც ამ საქმისთვის გამოიყენეს და სწორედ პირველი შეხვედრის დროს ისე მოაწყვეს, რომ მაიორს ქალზე ჭკუა გადაეკეტა. ოპიუმი მათ იყიდეს და რადგან იცოდნენ, რომ მაიორი ფულიან დიპლომატს არსად ტოვებდა, რესტორანში დაპატიჟეს, იქ კი ჩხუბი შემთხვევით მოხდა და ნემსიც სწორედ იმ ქალმა ჩხუბის დროს შეარჭო, შემდეგ დიპლომატი აიღო და გაუჩინარდა. 

მერე ყველაფერი ბანალურად განვითარდა _ ნარკომანებმა წამალი ვერ გაიყვეს, ფულიც ვერ გაინაწილეს და ერთ-ერთი კოჯორში მოკლეს. დიპლომატი კი კვალის ასარევად მიუგდეს, მაგრამ ის ვეღარ განსაზღვრეს, რომ უშიშროება ყველაფერს ამოატრიალებდა. 

სასამართლომ მკვლელობის შემსრულებელ ქალს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნარკომანებს 8-8 წელი ერგოთ, დაცვის უზბეკი თანამშრომელი ციხეში 5 წლით გაუშვეს, მამამისი კი გისოსებს მიღმა 12 წლით გამოკეტეს. 

მართალია, საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო, მაგრამ ძალიან მალე, შუა აზიიდან ოპიუმის ისეთი პარტიები დაიძრა, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს საქმე, როგორც პრაქტიკული მეცადინეობის საუკეთესო ნიმუში, ისე გამოეყენებინა და მინიშნებაც გაეკეთებინა _ სანდო არავინ არ არის, ყველა უნდა შემოწმდესო.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში