Menu
RSS

გარდაცვალებამდე „შაქარას“ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს?

„საუბარი დანაშაულის ადგილის დასუფთავებასა და კვალის არევაზეა!“ _ რას ჰყვება მოჭიდავის ადვოკატი

 

გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვან გარდაცვალებაზე მთავარი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია _ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა 19 წლის ფეხბურთელი თუ მოკლეს? ეს თემა მესამე კვირაა, აქტუალობას არ კარგავს. შესაბამისად, საბედისწერო დაბადების დღეზეც არაერთი ვერსია არსებობს. ყველა ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რამაც სპეციალისტების თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. 

17 დაკავებული ბრალდებულიდან ერთ-ერთის, გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე, ამ საქმესთან დაკავშირებით, სკანდალურ ვარაუდებს გამოთქვამს. კერძოდ, ის ეჭვობს, რომ ფეხბურთელი მოკლეს და მდინარეში ამის შემდეგ ჩააგდეს. ყიფშიძის თქმით, ამ ვერსიას გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ამყარებს. ადვოკატი გარდაცვლილის გულ-მკერდის არეში არსებულ დაზიანებებზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ გულის გაჩერების შემდეგ, მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს: 

„მოკლეს, ცხედარი დამალეს და არაგვში ორი დღის შემდეგ გადააგდეს. 24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, წყლიდან უნდა ამოტივტივებულიყო, თუმცა 4 დღე ეძებეს და ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არ იყო. ვთქვათ, ვინმეს სცოდნოდა, სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა, გაეკეთებინა პირდაპირი გულის ხელოვნური სუნთქვა, ამ დროსაც ზიანდება გულმკერდი, შეიძლება, ჰემატომური ჩაქცევა გამოიწვიოს, როცა ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ამას ახორციელებს “, _ აცხადებს ყიფშიძე „მთავართან“ საუბრისას. 

ადვოკატი, ასევე, ეჭვობს, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა. ყიფშიძე იმ ჩანთაზეც საუბრობს, რომელიც საქმეში ფიგურირებს. 

„ცალსახად ვფიქრობ, რომ იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული, სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ჩემი შეხედულებით, ვფიქრობ, ეს ადამიანები ზოგადად დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, რათა კვალი დაეფარათ, მაგრამ არ ვგულისხმობ, რომ ესენი იყვნენ, დავუშვათ, სამართალდამცავები, ან ვინმე მსგავსი. ამ ეტაპზე, ამას საერთოდ გამოვრიცხავ. ცალსახად, ჩანთის დადების ნაწილთანაც ვაკავშირებ ამ კვალის დაფარვას, რადგან თუ ეს ჩანთა დადებულია და ვფიქრობ, დადებულია, ეს აშკარად გაკეთებულია უნიჭოდ, რადგან ჩვენ თუ ვამჩნევთ იმას, რომ ეს კითხვის ნიშნები არის, შესაბამისად, აშკარად არაპროფესიონალის ნამუშევარია ეს, თუ მართლა ნამუშევარია“, _ განაცხადა ყიფშიძემ. 

„ვერსია“ გიორგი ყიფშიძეს ესაუბრა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი, ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი, საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანის, „მერსედესის“ მძღოლია.

_ ბატონო გიორგი, ეჭვობთ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და წყალში შემდეგ ჩააგდეს. თუ ეს ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ ეს ბრალდებულებმა ჩაიდინეს, თუ ვინმე უცხო პიროვნებებმა? 

_ ამ საქმეში გამორიცხული არაფერია _ ისეთი ქაოტურობაა, ყველაფერს გაფიქრებინებს. ვერავის დავადებ ხელს, ადვოკატი ვარ, პროკურორი კი არა, მაგრამ აქ საუბარი დანაშაულის ადგილის დასუფთავებასა და კვალის არევაზეა. მოკლეს თუ გარდაიცვალა, ამას ცალსახად არ ვამბობ. შესაძლებელია, დევნის პროცესში გადავარდა, გარდაიცვალა, მაგრამ მათ ეს ნახეს და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, სხვაგან ჰქონდათ დადებული, მერე მიიტანეს და წყალში ჩააგდეს, თორემ წყალში თავიდანვე რომ ჩავარდნილიყო, მაშინ ცხედარი 24 საათში უნდა ამოტივტივებულიყო. 

_ ანუ ამ საქმეში, უცხო ადამიანის მონაწილეობას არ გამორიცხავთ? 

_ რა თქმა უნდა, ამას ვუშვებ, მაგრამ უფრო მეტად _ მტკიცებულებების გაყალბებისა და კვალის არევის კუთხით. 

_ საქმეში მესამე მანქანის არსებობაზეც ისაუბრეთ. ეს ეჭვი რის საფუძველზე გაგიჩნდათ? 

_ დავუშვათ, ეს ახალგაზრდა კაცი მოკლეს, სავარაუდო ეჭვმიტანილები რომ ჩავთვალოთ ამ საქმიდან, დროები რაც ჩანს, იმისთვის საკმარისი არაა, რომ ჩანთის ეპოზოდი გაითამაშო და მდორე წყალში ადამიანი ისე ჩაძირო, რომ 4 დღე ვერ იპოვო. აქედან გამომდინარე, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ შესაძლებელია... მანქანა იყო, თუ ფეხით იყვნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აშკარად მესამე პირთა წრე იკვეთება, ვინც უკვე ცდილობდა ამ საკითხის დალაგებას. რაც უფრო გადის დრო და მეტი მასალები მოგვეწოდება, უფრო მეტად ვაბალანსებთ, რა და როგორაა. ამ შემთხვევაში, გამოვრიცხოთ „მერსედესი“. რომ ვისაუბროთ, დავუშვათ, „ტოიოტას“ მანქანაზე, ვერ ვხედავ იმდენ დროს, რომ ჩაიდინო დანაშაულო, დაალაგო ყველაფერი, ჩახვიდე ქვემოთ, ჩანთა შემოდო, გაასუფთავო, მიცვალებული გადამალო. ამის დროს და საშუალებას იქ ვერ ვხედავ. 

_ შემთხვევის ადგილთან კამერებია დამონტაჟებული, რომლის კადრებიც დევს საქმეში და პროკურატურამაც გაავრცელა. თუ მესამე მანქანა იქ „სიტუაციის დასალაგებლად“ მივიდა, კამერები ვერ დააფიქსირებდა? 

_ თუ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც, დავუშვათ, შეეცადნენ, დანაშაულის კვალი დაემალათ, ხომ შეეძლოთ, გაევლოთ, არ გაეჩერებინათ, უბრალოდ, რამდენიმე წუთი გადაეხედათ, სად იყო კამერები. ღამის რეჟიმში, კამერები ინფრაწითელია და ანათებს, მათი აღმოჩენა ვიზუალურად მარტივია. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, ისეთი ადგილი შეერჩიათ მანქანის გასაჩერებლად, რომ კამერების არეალში არ მოხვედრილიყვნენ. 

_ ჩანთის დეტალსაც უსვამთ ხაზს. რატომ? 

_ ჩანთა რომ სადმე ჭუჭყში გდებულიყო, რეალისტური იქნებოდა. ჩანთა, რომელიც დადებულია, არის გზა-კვალის დასაბნევად იმიტომ, რომ ცალსახად, ჩანთა უნდა მიუთითებდეს რაღაც გარემოებაზე, ახალ ვერსიებს უნდა ქმნიდეს. თუ ეს ჩანთა გიორგიმ დადო, ეს ბიჭი იქ ხომ უნდა ჩასულიყო „ნაფხოკიალები“, მტვრიანი ხელებით და ა.შ. ჩანთა უნდა იყოს დასვრილი და გასუფთავებული რომ დევს იმ ადგილას, ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ვიღაცას უნდოდა, გადაეფარებინა თვალზე ზეწარი, რათა სხვა ვერსიით წასულიყვნენ. 

_ გასაგებია, რომ საქმეში სხვადასხვა მუხლის ბრალდებები ფიგურირებს, მაგრამ მთავარი კითხვა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხება. ამ კუთხით, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა? 

_ ცალსახად, შემხებლობაც არ ჰქონია! ეს ჩემი სიტყვებით კი არ დასტურდება, არამედ, გამოძიების მასალებით, ყველა ვიდეომაჩვენებლით ცალსახად ჩანს, რომ შაქარაშვილის მკვლელობაში კი არა, საერთოდ, ძალადობაში არ არსებობს მტკიცებულება ამ ადამიანის მონაწილეობის არც ერთ ეტაპზე. პირიქით, როცა მისი მანქანიდან გადავიდნენ ბიჭები და ორ თუ სამ ადამიანს სცემეს, იქაც კი ყველაფერი გააკეთა, რათა ჩხუბი არ მომხდარიყო. 

_ ბატონო გიორგი, გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, მკვლელობა ცაციამ ჩაიდინა. როგორც იურისტი, ამ საკითხზე რას ფიქრობთ? 

_ ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც, ვინც სცემდა, ცაცია იყო, მაგრამ ხომ არ ვიცით, პირველად, ვინ ვის და საიდან მიადგა? იქნებ, პირისპირ არ შეტაკებია, გვერდიდან მივიდა და მარჯვენა ხელი დაარტყა? თუ ამხელა დარტმა ცაციათი განხორციელდა, იმ ადამიანების ხელები უნდა იყოს შესწავლილი. ცაცია ხელზე უნდა იყოს შესაბამისი ექსკორიაციები, რადგან ისეთი სიძლიერის დარტყმა, რომ ადამიანს თავი გაუსივდეს, ყველა ვარიანტში, კვალს დატოვებს ხელზე. ამის პოვნა და აღმოჩენა არ იქნება რთული, მაგრამ გამოძიება მიდის უცნაურად, რაღაც უცნაურ კითხვებს სვამს და უცნაური გზით მიდის. ასეთი გამოკვეთების დეტალიზაცია არ ხდება საქმეში და ჩვენ ვცდილობთ, რომ სიმართლის რაღაც მარცვლები ვიპოვით და გავაგებინოთ ხალხს, რადგან მართლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეა.  

_ თქვენც ფიქრობთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ჭიანურდება? 

_ რომ ამბობენ, ექსპერტიზის დასკვნას ძალიან აგვიანდებაო, ვერ დავეთანხმები, რადგან ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს პროფესიონალური და აუცილებლად კატეგორიული. ან ხო უნდა გვითხრან, ან _ არა ყველა კითხვაზე. რა კითხვებია დასმული, ეს სხვა საკითხია, მოგეხსენებათ, პასუხი რომ გაეცეს, კითხვაც შინაარსიანი უნდა იყოს. კითხვაზე უნდა მივიღოთ კატეგორიული პასუხი, თუ პასუხი კატეგორიული არ არის, დასკვნა კარგავს ფასეულობას! 

ვფიქრობ, ამ კვირის ბოლოს დასკვნა უნდა იყოს!

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში