Menu
RSS

იუგოსლავიელმა მოფარიკავემ ქართველი გოგონა გააუპატიურა

ძმის შურისძიება, რომელსაც მოძალადის ნაცვლად, სხვა სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა

თაობას, რომელიც კომუნიზმს ვერ მოესწრო, არ ემახსოვრება, რომ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის სიკვდილი საყოველთაო გლოვის მიზეზი ხდებოდა ხოლმე. ეს ოფიციალურად, თორემ რეალურად, არავის აინტერესებდა მორიგი ბობოლა კომუნისტის გარდაცვალება. ცუდი ის იყო, რომ სიკვდილიდან დასაფლავებამდე, ტელევიზიით მხოლოდ სამგლოვიარო ცერემონიალი გადაიცემოდა, აკრძალული იყო ყოველგვარი მხიარულება და, ასე განსაჯეთ, ქორწილის გამართვაც კი.

„ეს ახლა არის, ყოველ მეორეს რომ იარაღი უდევს ჯიბეში, თორემ ჩვენს დროს, სხვანაირად იყო. კრიმინალების მთავარი იარაღი დანა და მუშტი გახლდათ, ამიტომ სამართალდამცავი ვალდებული იყო, კარგად მომზადებული დახვედროდა დამნაშავეს, რათა მისი შეპყრობა არ გასჭირვებოდა. შესაბამისად, სამბოს ილეთების გარდა, იმასაც გვასწავლიდნენ, როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან მოქნეული დანა. 

სამსახურეობრივი წვრთნების პარალელურად, მოფარიკავეთა კლუბშიც ხშირად დავდიოდი. ჯერ ერთი, სპორტის ეს სახეობა მიყვარდა და მეორეც, მწვრთნელს პატარა ჯოხს მივცემდი და ისიც ცდილობდა, ჩემთვის დაერტყა, მე კი ვიცილებდი ანუ დანის აცილების ილეთებს ვამუშავებდი. 

ასე იყო 1982 წლის 12 ნოემბერსაც... ორი დღით ადრე, ბრეჟნევი გარდაიცვალა, საყოველთაო გლოვა გამოცხადდა და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, გლოვის დღეებში, დანაშაულიც იშვიათად ხდებოდა. მოფარიკავეთა კლუბს მივაშურე და ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ თბილისში, შეკრების გასავლელად, იუგოსლავიიდან იყვნენ მოფარიკავეები ჩამოსულნი, თანაც უბრალო მოფარიკავეები კი არა, ნაკრების წევრები და ჩვენი ნაკრების კანდიდატებს უნდა გაჯიბრებოდნენ“, _ ასე იწყებს ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი და გვიამბობს ამბავს, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა. 

რამდენიმე ორთაბრძოლის შემდეგ, ნაკრების ლიდერთა ჯერი დადგა. ქართველი უკვე დაშნით ხელში იდგა და მეტოქეს ელოდა, ის კი არ ჩანდა. როგორც გაირკვა, მან ქუდი, რომელსაც წინ სპეციალური, დამცავი რკინის ბადე აქვს, დაკარგა და ვერ პოულობდა. აუცილებელი ატრიბუტი თანაგუნდელმა მიაწოდა. შეხვედრა დაიწყო და დაახლოებით, ათ წამში, ქართველმა იუგოსლაველ მეტოქეს, სწორედ ქუდის დამცავი ბადისკენ აძგერა დაშნა. ბადე გაიხა, დაშნა სპორტსმენს თვალში, ლამის კეფამდე შეერჭო და სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, სტუმართა გუნდის ლიდერმა სულიც განუტევა. 

ყველაფერ ამას, ბატონმა თენგიზმა საკუთარი თვალით ტრიბუნიდან უყურა და, რაღა თქმა უნდა, მილიციაშიც მან დაარეკინა. 

„ეს ჩვეულებრივი ამბავია _ სახის მიდამოში ჩხვლეტა დამატებითი ქულაა, იქ ბადე დაშნის წვერს არ ატარებს, ზუსტად ისე, როგორც სამოსი. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა რკინის ბადე გახეულიყო“, _ ნერვიულობისგან ტიროდა ქართველი მოფარიკავე. 

რა თქმა უნდა, გვამი ექსპერტიზისთვის წაასვენეს, ქართველი მოფარიკავის დაშნა და სტუმრის ქუდი კი სხვა საექსპერტო ბიურომ წაიღო, რომელსაც უნდა დაედგინა, შემთხვევით, დაშნის წვერი შეგნებულად ხომ არ იყო, ასე ვთქვათ, წამახული. 

„დასკვნა მეორე დღეს მაგიდაზე დამიდეს. დაშნას არაფერი სჭირდა, ჩვეულებრივ, მუშა, ქარხნულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ პრობლემა ქუდს ჰქონდა. დამცავი რკინის ბადე შიგნითა მხრიდან იყო გახეხილი და ისე დათხელებული, რომ დაშნა კი არა, ჯოხი გახევდა. ვიღაცას „შკურკით“ საგულდაგულოდ ჰქონდა ნამუშევარი. პარალელურად, დარბაზში ჩხრეკა ჩატარდა და გარდაცვლილის ქუდი, რომელიც ვერ იპოვეს, სტუმართა გუნდის ახალბედა წევრის კარადაში ნახეს. საქმე ბევრი გამომიჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე, სწორედ ქუდის ქურდით დამეწყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

იუგოსლავიელმა სპორტსმენმა მალე აღიარა, ქუდი კონკურენციის გამო მოვიპარეო. თურმე, ნაკრების კაპიტანს მწვრთნელი დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო, კარგი თვალით არ უყურებდა და მუდმივად აფრთხილებდა, თუ არ გამოსწორდები, შენს ნაცვლად ნაკრებში, სწორედ ამ ახალბედას ჩავსვამო. მანაც იფიქრა, თუ ქუდს დამალავდა და კაპიტანი ამის გამო შეხვედრას ვერ ჩაატარებდა, მწვრთნელი მას დასჯიდა და ახალბედაც ნაკრების წევრი გახდებოდა. მწვრთნელმა ეს მოსაზრება დაადასტურა და თქვა, რომ ნაკრების კაპიტნის შემცვლელად, სწორედ ახალგაზრდა სპორტსმენი მიაჩნდა, ოღონდ ახლა, კარს მომდგარი მსოფლიო ჩემპიონატის წინ კი არა, არამედ, მის შემდეგ. შესაბამისად, ახალბედა მოფარიკავე ეჭვმიტანილთა სიიდან ამოვარდა. 

„თათბირზე პოლიციის უფროსმა მკითხა, გაარკვიე, ვის აწყობდა კაპიტნის სიკვდილიო და გონება გამეხსნა _ რეალურად, კაპიტანი არაფერ შუაში იყო, რადგან მას ქუდი თანაგუნდელმა ათხოვა ანუ ვინც რკინის ბადე გახეხა, სწორედ მისი სიკვდილი სურდა, მაგრამ იმის გამო, რომ კაპიტანს ქუდი მოპარეს, სხვისთვის დაგებულ მახეში, სწორედ ის გაება. შედეგად, დაკითხვაზე სწორედ ის სპორტსმენი დავიბარე, მაგრამ მანაც არაფერი იცოდა. საგულისხმო რაც გაიხსენა, ის იყო, რომ წინა დღეს, იმავე ქუდით ისპარინგა, დაშნის წვერიც მოხვდა, მაგრამ ქუდმა გაძლო. შემდეგ ქუდი სასტუმროში დატოვა, თავად კი გვიან ღამემდე რესტორანში იყო, მერე სასტუმროში დაბრუნდა, დილით ვარჯიშზე და ქუდი კაპიტანს ათხოვა“, _ გვიყვება პოლკოვნიკი. 

გამოძიება სასტუმროს მიადგა. დირექტორის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს და არც უცხო ადამიანი შესულა სასტუმროში. მომსახურე პერსონალი თავს იგიჟებდა, უცხო რომ შემოსულიყო, დავინახავდითო. ყოველი შემთხვევისთვის, სპორტსმენის ოთახი დაათვალიერეს და ლოგინის ქვეშ შეგდებული „შკურკა“ იპოვეს. ხალიჩაზე რკინის ნაფხეკი ეყარა ანუ ქუდის დამცავი ბადე, სწორედ სასტუმროს ნომერში გააფუჭეს. 

იმის გათვალისწინებით, რომ ნომრისა და შესაბამისად, ქუდის მეპატრონე მთელი საღამო რესტორანში იმყოფებოდა, მის ოთახში სხვამ, მინიმუმ, ერთი საათი დაჰყო. ექსპერტიზის დასკვნით, ოთახი გასაღებით იყო გაღებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავე მომსახურე პერსონალს შორის უნდა მოეძებნათ. 

„ეს ნაკრები პირველად არ არის თბილისში, ყოველ წელს ჩამოდიან. ჩვენი დამლაგებელი სწორედ ამ სპორტსმენზეა შეყვარებული, იმასაც ამბობდა, ცოლად მივყვებიო, მერე რაღაც აერიათ და შესაძლოა იმან...“ _ სასტუმროს დირექტორმა გამომძიებლებთან საუბარი მრავალმნიშვნელოვნად დაასრულა. 

რაღა თქმა უნდა, დამლაგებელი დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა გაირკვა, რომ შემთხვევამდე ორი დღით ადრე, გოგონა ცუდად გახდა და სახლში მკურნალობდა. სამართალდამცავებმა ყველაფერი გადაამოწმეს და ექიმებმა დაადასტურეს, რომ მართლაც ცუდად იყო და წოლითი რეჟიმი სჭირდებოდა.  

გამოძიება ჩიხში შევიდა, თუმცა საქმეში ისევ სასტუმროს დირექტორი ჩაერთო. მან სამართალდამცავებს აუწყა, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალში გოგოს ძმაც მუშაობდა და შესაძლებელი იყო, შურისძიების მიზნით, ყველაფერი ეს, მას მოეფიქრებინა. 

ამჯერად, დაკითხვაზე ძმა დაიბარეს და როცა ექსპერტს თითის ანაბეჭდები უნდა აეღო (ყოველი შემთხვევისთვის), თითებზე ბიჭს, ორ ადგილზე წყლული აღმოუჩინა. კი თქვა ძმამ, დამწვარი მაქვსო, მაგრამ ესქპერტმა დასკვნა მალე დადო _ არანაირი დამწვრობა და რაც მთავარია, თითების კანს შორის არსებულ ნაოჭებში, მას რკინის მცირე ფრაგმენტები ანუ „ნაშკურკი“ ჰქონდა. 

დაკითხვაზე დაბარებული ახალგაზრდა დაკავებულად და მთავარ ეჭვმიტანილად გადაიქცა. ის კარგად ხვდებოდა, რომ სამართალდამცავებისთვის ეს სერიოზული სამხილი არ იყო, ბოლოს და ბოლოს, იტყოდა, ავტოფარეხში რაღაც გავქლიბეო, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი ქალმა გააფუჭა. როგორც კი ძმის დაკავების ამბავი გაიგო, სასტუმროს დამლაგებელი განყოფილებაში გამოცხადდა და განაცხადა, ყველაფერი ჩემი ბრალია, ძმა არაფერ შუაშიაო. 

როგორც გაირკვა, ორი წლის წინ, შეკრებაზე ჩამოსულმა იუგოსლავიელმა მოფარიკავემ, დამლაგებელი გოგო გააუპატიურა, შემდეგ უთხრა, თავი ვერ შევიკავე, მიყვარხარ და მეორედ რომ ჩამოვალ, ცოლად წაგიყვან, მანამდე იუგოსლავიაში, ჩემებთან ყველაფერს მოვაგვარებ, ცალკე სახლს ვიყიდიო. გოგო ერთი წელი ელოდა მოფარიკავის დაბრუნებას, ისიც დაბრუნდა და ისევ წავიდა, ცოტა კიდევ მაცადეო. 

მიხვდა გოგო, რომ ატყუებდნენ და შემდეგ ჩამოსვლაზე, უკვე ძმასთან ერთად მიადგა. მოფარიკავემ გაიცინა, ასეთი საცოლეები ბევრ ქვეყანაში მყავსო. ჰოდა, ძმამაც მისი დასჯა გადაწყვიტა და სახის დამცავი რკინის ბადე დაათხელა. როგორც თავად ამბობდა, არ ეგონა, თუ ყველაფერი სიკვდილით და მით უმეტეს, სხვისი სიკვდილით დასრულდებოდა. 

საბოლოო ჯამში, სასამართლომ ბიჭი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლა და 4 წელი აკმარა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში