Menu
RSS

რა ელით „ზონაზე“ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს

რატომ „უტყდებათ“ ახალგაზრდებს კონფლიქტის დროს პოლიციაში დარეკვა და რატომაა „ქუჩური გარჩევები“ მოდური

 

საქართველომ კიდევ ერთი ბავშვი დაიტირა. ოფიციალური ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი სასიკვდილოდ თანატოლებმა გაიმეტეს და ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაკავებული 17 პირიდან, რომელს მეტი როლი აქვს მომხდარში და რომელს _ ნაკლები. იმაზე, რომ დამნაშავეები, ვინც უნდა იყვნენ და რამდენიც უნდა იყვნენ, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ყველა თანხმდება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და „საქმის ქუჩურად მოგვარება“ ახალგაზრდების დიდ ნაწილში კვლავ პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, ისევ „ტეხავს“ საქმეში მშობლების ან სამართალდამცავთა ჩარევა, რათა კონფლიქტი იქამდე არ მივიდეს, სადამდეც მივიდა.

შეიძლება, ბევრს დაავიწყდა, მაგრამ სწორედ ასეთ გარჩევას შეეწირნენ დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. იმ შემთხვევაშიც, ერთ-ერთმა მხარემ „დამხმარე ძალას“ გამოუძახა და ტრაგედიაც ამის შემდეგ დატრიალდა. 

ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ დამნაშავეებს, რომელთა ბრალეულობასაც გამოძიება დაადგენს და სასამართლო სასჯელს შეუფარდებს, მეორე სასამართლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრებისგან ელით. იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, ქვემოთ გიამბობთ. 

ზოგადად, როცა პატიმარი „ზონაზე“ (და არა ციხეზე) მიდის, მას უცილებლად უწევს საკუთარი დანაშაულის ახსნა. იქ ვერავის მოატყუებ, ზედმეტად პატარაა საქართველო ასეთი ტყუილისთვის, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც პირადად იმ პატიმარს თუ არა, მის მეზობელს, უბნელს ან ნათესავს იცნობს და სიმართლეს მისგან გაიგებს. შედეგად, ყველას ყველაფრის ახსნა და გამართლება უწევს. წამალზე დაგიჭირეს? _ ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს, რომ წამალს იკეთებდი და არ ყიდდი. ქურდობაზე ჩავარდი? _ უნდა დაამტკიცო, რომ „კაი ბიჭის“ სახლში არ შეხვედი. იყაჩაღე? _ ესეც ასახსნელია, რატომ წახვედი ძალადობრივ დანაშაულზე და ყველაზე მძიმე _ მკვლელი ხარ? _ ძალიან დამაჯერებლად უნდა ახსნა, რისთვის გაწირე ადამიანი. 

 

ეს ის შემთხვევაა, როცა მკვლელობა არაფრის გამოა ჩადენილი, სწორედ რომ არაფრის გამო მოხდა ჩხუბი მოზარდებს შორის, თორემ მერე იმის თქმა, ვიღაცას „არასპრავედლივი“ ხელი მოხვდა და ძმაკაცების დაძახება, შემდეგ კი მოწინააღმდეგეების სამაგალითოდ დასჯა დაგჭირდა, არ ჭრის. შესაბამისად, ამის ახსნა „ზონაზე“ არათუ რთული, არამედ, წარმოუდგენელიცაა. 

რაც ყველაზე საინტერესოა, „მალალეტკებში“ ანუ არასრულწლოვანთა ზონაზე, პატიმრების მიერ გამოტანილი განაჩენი სხვაგვარია, დიდების ანუ „ვზროსლების“ ზონაზე _ სხვა. თითქოს წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ ასეთ დროს, არასრულწლოვნები უფრო სასტიკები არიან და უფრო მკაცრად სჯიან. 

შესაძლოა, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ საქმე პრაქტიკულად, მათ თანატოლს ეხება, ან ცდილობენ, ასეთი სისასტიკით, სხვებს დაუმტკიცონ თავიანთი სიძლიერე. რეალურად, არასრულწლოვანთა ციხეში ხომ ბავშვები იხდიან სასჯელს, 14-15 წლის ბავშვები და რამდენიც უნდა ვიძახოთ, ბავშვი მე საბავშვო ბაღში ვიციო, სიტუაცია მაინც მძიმეა. 

მაგალითისთვის, 2010 წელს, ხუდადოვზე მომხდარ მკვლელობაზე გიამბობთ. მაშინ ითქვა, რომ ზ.კ-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა, მისმა შეყვარებულმა კი, ასევე, არასრულწლოვანმა, მოკლა. მკვლელობაცაა და მკვლელობაც _ 16 წლის ბიჭმა თავში ერთი ტყვია ესროლა, შემდეგ წავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა, მობრუნდა და მეორე ტყვია ისევ თავში დაახალა. მაშინ მკვლელს, პრაქტიკულად, არასრულწლოვნისთვის მაქსიმუმი _ 8 წელი მიუსაჯეს. 

 

„მალალეტკების“ „ზონაზე“ ის, როგორც გმირი, ისე შევიდა, ცოტა ხანში, „ზონის“ მაყურებელიც გახდა და ოცნებობდა, რომ დიდების „ზონაზეც“ „მაყურებელი“ გამხდარიყო. სამაგიეროდ, იმავე წელს, მკვლელობისთვის დაკავებულმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა თავი „საქათმეში“ ამოყო. ეს იმ მიზეზით, რომ მას უბანში, ვიღაც შემთხვევით შემოაკვდა და ეს „შემთხვევითობა“ თანატოლებმა „ზონაზე“ არ აპატიეს. 

ჩვეულებრივ ანუ დიდების „ზონაზე“ ასე იშვიათად ხდება ანუ „საქათმისთვის“ მკვლელს მხოლოდ მაშინ იმეტებენ, თუ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, არაფრის გამო, ან შემდეგ მიცვალებულის შეურაცხყოფითაა ჩადენილი. 

აი, შაქარაშვილის მკვლელობა ზუსტად ამ კატეგორიიდანაა _ არაფრის გამო და თან განსაკუთრებული სისასტიკით. მართალია, კანონმდებლობით, განსაკუთრებული სისასტიკე სხვა რამაა, მაგრამ პატიმრებს თავისი საზომი და საკუთარი კარაბადინი აქვთ ანუ ძალიან, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისთვის გასამართლებულები ჯერ გვარიანად გაილახონ, შემდეგ კი... ამასაც „მაყურებელი“ გადაწყვეტს. 

ჩვენი მხრიდან კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ პოლიციაში დარეკვა და იმის თქმა, რომ 19 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რომელიც შესაძლოა, წყალში ჩავარდა, ან თავგატეხილი სადღაც გდია და სისხლისგან იცნება, არ „ტეხავს“. 

არც ის „ტეხავს“, ანალოგიური პრობლემების შემთხვევაში, მშობლებს თუ ჩავაყენებთ საქმის კურსში და თუ შევეცდებით, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ისინიც ჩავრთოთ. 

ამ ორიდან, დაკავებული 17 პირიდან ერთ-ერთს, ან თუნდაც გიორგის მეგობრებს ერთიც რომ გაეკეთებინათ, დღეს ასეთი ტრაგედიის მომსწრენი არ ვიქნებოდით და არც 17 კაცი დაელოდებოდა გამოძიების შედეგებს გისოსებს მიღმა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში