Menu
RSS

ქალმა ორი მამაკაცი, რომლებმაც ბავშვობაში გააუპატიურეს, ვერცხლისწყლით მოკლა

დაგვიანებული შურისძიება, რომელსაც ერთ-ერთი მოძალადის ცოლიც ემსხვერპლა

შურისძიება იმის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან ხშირად, უკვე ჩადენილ დანაშაულს ახალი ემატება. რაღა შორს წავიდეთ, ქართულ სინამდვილეში, შურისძიების თემა დღესაც პრობლემაა და განსაკუთრებით _ მაღალმთიან რეგიონებში. სისხლის აღების პრაქტიკა დღემდე შემორჩენილია და ვერ გეტყვით, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ქართველმა კაცმა სისხლის აღების წესი ჩვეულებიდან ამოაგდოს. მეორე მხრივ, ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ სიკვდილით დასჯა განსაკუთრებული შემთხვევების დროს უნდა აღდგეს და მართალია, ამის განხილვა საკანონმდებლო დონეზე არ იგეგმება, მაგრამ ის, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ამ აზრამდეა მისული, უკვე ბევრს ნიშნავს.

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ვერ ვუწოდებთ შურისძიების კლასიკურ ნიმუშს. ეს შემთხვევა სახელმძღვანელოებშიც კი შევიდა და იმდენად საინტერესოა, თავად სამართალდამცავებიც ხშირად ყვებიან და იხსენებენ, როგორც ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ლოგიკური ჯაჭვი მიება და საბოლოოდ, იმ განაჩენამდე მივიდა, რომელსაც არავინ ელოდა. 

1983 წელს, ერთი შეხედვით, ძალიან ბანალური შემთხვევა მოხდა: კაცს, რომელიც ცნობილ მწერლებს ეხმარებოდა, გული გაუხდა ცუდად. სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მივიდა, თუმცა პაციენტი გზაში გარდაიცვალა. ექიმს ეჭვი გაუჩნდა, რომ მხოლოდ გულის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, კაცს ტუჩების ფერზე მოწამვლის ნიშნებიც ეტყობოდა, ამიტომ მისი გაკვეთა და სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო. 

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი არა გული, არამედ, ვერცხლისწყლის ორთქლი იყო, რომელსაც კაცი, დაახლოებით, 2-3 კვირის განმავლობაში ისუნთქავდა, შემდეგ ყველაფერი ეს, ფილტვებში დაილექა, რამაც სისხლის მოწამვლა გამოიწვია. 

რაც შეეხება ცნობილი მწერლების დახმარებას, კაცი სწრაფად ბეჭდავდა, ამიტომ მწერლებს ხელნაწერები მასთან მიჰქონდათ, იქიდან უკვე დაბეჭდილი ფურცლები მოჰქონდათ და კარგ გასამრჯელოსაც იხდიდნენ. 

„ორი რამ იყო გასარკვევი: ერთი ის, რომ გაგანია კომუნიზმის დროს, ეს კაცი ოფიციალურად არსად მუშაობდა, რაც მაშინ რთული იყო, რადგან უმუშევრებს სახელმწიფო სდევნიდა და მეორე _ საიდან მოხვდა მის სახლში იმ ოდენობის ვერცხლისწყალი, რომლითაც მოიწამლა? 

სამუშაოს ამბავი მალე გავარკვიეთ, მას სწორედ მწერლები მფარველობდნენ და ამბობდნენ, ასეთი სწრაფი თითების პატრონი სხვა რამით არ უნდა იყოს დაკავებული, უნდა ბეჭდავდესო. ვერცხლიწყლის კი ვერაფერი გავიგეთ, თანაც მწერლებმა გარდაცვლილს გერმანული საბეჭდი მანქანა უყიდეს, ასეთები მხოლოდ ცეკა-ში თუ ჰქონდათ და ისიც სწორედ ამ მანქანაზე მუშაობდა“, _ იხსენებს საქმის გამომძიებელი, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

გარდაცვლილის სახლის ჩხრეკა იმ იმედით ჩატარდა, რომ ვერცხლისწყლის წყაროს მიაგნებდნენ, იატაკიც კი აყარეს, აიღეს უამრავი თითის ანაბეჭდი და... როგორც გაირკვა, დაახლოებით, 20 წლის წინ, გარდაცვლილი ერთ-ერთ საქმეში ბრალდებულად გადიოდა _ მას და მის მეგობარს, 14 წლის გოგონას გაუპატიურება ედებოდათ ბრალად, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. პროკურატურას მტკიცებულებები არ აღმოაჩნდა, ვერ მოხერხდა ნაცხის აღება, რადგან გოგონამ ოჯახის წევრებს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაუმხილა, თუმცა მოძალადეების სახელები თქვა. სასამართლომდე საქმე ვერ მივიდა, მოძლადეებმა ყველაფერი უარყვეს და რაც მთავარია, გოგონას ჩვენების გარდა, ერთი ფაქტიც არ იყო ანუ იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გოგონა მართლაც გაუპატიურებული იყო, მისი ჩვენების გარდა, ეჭვმიტანილებზე სამართალდამცავებს არაფერი ჰქონდათ. მოკლედ, არასრულწლოვანს არ დაუჯერეს. 

გამოძიებამ გოგონას ძებნა დაიწყო, ის დაახლოებით, 34-35 წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს. შემთხვევის შემდეგ, ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა, შემდეგ მშობლები ავარიით გარდაიცვალნენ, გოგონა კი, უბრალოდ, გაქრა. 

მომხდარიდან ორი თვეც არ იყო გასული, როცა გამომძიებელს მაგიდაზე ახალი საქმე დაუდეს _ ცოლმა ქმარი, დილით, ლოგინში გარდაცვლილი იპოვა, ყოველი შემთხვევისთვის, სასწრაფოს დაურეკა, თუმცა ექიმებმა ვერაფერი მოახერხეს. ბედის ირონიით, ახლა უკვე სხვა ექიმს გაუჩნდა ეჭვი მოწამვლაზე, გვამი გაკვეთეს და დასკვნაც დადეს _ გარდაცვლილს კუჭში ვერცხლისწყალი ჰქონდა ანუ მან ვერცხლისწყალი მიიღო და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. 

რა თქმა უნდა, დაკითხეს ცოლი, რომელმაც ვერაფრით დააკავშირა ქმრის მოწამვლა იმ დღეს მიღებულ საკვებთან, გადაამოწმეს საკვებიც, პრაქტიკულად, ყველაფერი, მაგრამ არა, ვერცხლისწყალი მხოლოდ კუჭში იყო. რაც მთავარია, გარდაცვლილი სწორედ ის მეორე კაცი გახლდათ, რომელსაც გოგონას გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი და რომელიც ასევე, დაუსჯელი დარჩა. 

საქმეები გაერთიანდა და ცხადი გახდა, თუ გამოძიება მკვლელს ვერ იპოვიდა, მესამე შანსი აღარ ექნებოდა, რადგან ეჭვმიტანილი ორი იყო და ორივე მკვდარი. 

„როცა სამხილები აღარ გაქვს და გამოძიება ჩიხში შედის, ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყო, რადგან აუცილებლად იქნება რაღაც, რაც გამოგრჩა და ყურადღება არ მიაქციე“, _ ღიმილით ამბობს ბატონი თენგიზი და გამოძიებაც საწყის ეტაპს დაუბრუნდა. 

სამართალდამცავთა სამწუხაროდ, ახალი არაფერი აღმოჩნდა და ძიება ჩიხში შევიდა, მაგრამ მეორე მკვლელობიდან კვირა არ იყო გასული, როცა მეზობელმა, მეორე გარდაცვლილის ცოლი, საკუთარ ბინაში მკვდარი იპოვა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მასაც ვვერცხლისწყალი ჰქონდა მიღებული და გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ კუჭში კატაბალახას წვეთების შემადგენლობაც იყო. გამოძიებამ ბინიდან კატაბალახას წვეთების ბოთლი ამოიღო და ექსპერტიზის პასუხს არც დალოდებია _ ფსკერზე ვერცხლისწყლის ბურთულები კარგად ჩანდა. ახლა მთავარი ის გახლდათ, ვინ ჩაასხა წვეთებში ვერცხლისწყალი და ამის გასაგებად, გამოძიებამ სამეზობლოს შესწავლა დაიწყო. 

სასიკეთო ვერაფერი ნახეს _ ისეთი არავინ ცხოვრობდა, ეჭვი რომ მიეტანათ. ძიება უკვე მერამდენედ, ჩიხში შევიდა, თუმცა მორიგ თათბირზე, ერთ-ერთ თანამშრომელს გონება გაეხსნა _ ხომ შეიძლება, ვალერიანის წვეთები მეზობელს, ნათესავს, ან უბრალოდ ნაცნობს კი არა, აფთიაქის თანამშრომელს ჩაესხა?! ეს იდეა გამომძიებლებმა მაშინვე აიტაცეს და გარდაცვლილის სახლთან ახლომდებარე აფთიაქების თანამრომელთა შემოწმება დაიწყეს. 

„პირადად დავდიოდი ყველა აფთიაქში და იაფ ტაბლეტებს ვყიდულობდი, თან ფარმაცევტებს ვაკვირდებოდი. ძირითადად, ხანში შესული ქალები იყვნენ. მხოლოდ ერთგან მუშაობდა 30-35 წლის ქალი და სწორედ მან დამაინტერესა. გადავამოწმე საბუთებით, სახელი იმ გაუპატიურებული გოგოსას ემთხვეოდა, გვარი _ არა, თუმცა მაძებრის ინსტიქტი მეუბნებოდა, რომ სწორ კვალზე ვიდექი. მას ქმარ-შვილი არ ჰყავდა, მაგრამ კარგად გავქექეთ და გავარკვიეთ, რომ გათხოვდა, გათხოვებიდან ორ თვეში კი ქმარი დაშორდა, თუმცა მისი გვარი დარჩა ანუ ეს სწორედ ის გოგო იყო, რომელიც 14 წლის ასაკში გააუპატიურეს, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. ახლა მთავარი გახლდათ, როგორმე დაგვემტკიცებინა, რომ დანაშაული სწორედ მან ჩაიდინა. 

პირდაპირ იერიშზე წასვლა გადავწყვიტე, ყველა ცნობის შეგროვების შემდეგ, აფთიაქში შევედი და გოგონას პირდაპირ ვუთხარი: _ იცი, შენმა ვერცხლისწყალმა უდანაშაულო ქალი იმსხვერპლა-მეთქი. ჯერ გაოცებით შემომხედა, მერე თავი ჩაღუნა და ჩუმად თქვა, ვიციო“, _ იხსენებს გამომძიებელი. 

აფთიაქარი დააკავეს და ყველაფერი აღიარა. დაიწყო იმით, რომ კაცები, რომლებმაც ბავშვობაში გააუპატიურეს, მას მშობლების მოკვლით დაემუქრნენ და ხმა ამიტომ არ გაიღო, თუმცა როცა რამდენიმე კვირის შემდეგ, მიადგნენ და უთხრეს, რომ იგივეს უპირებდნენ, გაიქცა და ყველაფერი თქვა. სამართალი ვერ იპოვა, მთელი ოჯახი ქალაქიდან წავიდა, თუმცა შემდეგ მშობლები დაეღუპა და უამრავი გაჭირვება გამოიარა. 

საბოლოოდ, სიყვარულით გათხოვდა, მომავალ ქმარს ყველაფერი უამბო, თუმცა ორი თვის შემდეგ, ექიმთან კონსულტაციის დროს გაარკვია, რომ შვილი არასდროს ეყოლებოდა და ეს, სწორედ ბავშვობაში მიღებული ტრავმის შედეგი იყო. ქმარი დაშორდა და შურისძიებაც მაშინ გადაწყდა. უფრო სწორად მაშინ, როცა აფთიაქში შესულ ერთ-ერთ ცნობილ მწერალთან ერთად, სწორედ მოძალადე დაინახა. მწერალი აფთიაქში ხშირად დადიოდა, კარგად იცნობდა და მეორე დღესვე გაარკვია, რომ მოძალადე მბეჭდავი იყო. შემდეგ გეგმა შეიმუშავა, მწერალს სთხოვა, გაგყვები იმ მბეჭდავთან, შედევრების შექმნის პროცესი მაინტერესებსო და ჯიბეში ბოთლით ვერცხლისწყალიც გაიყოლა. 

თავიდან ფიქრობდა, რომ საჭმელში ჩაუყრიდა, მაგრამ შემდეგ, გერმანულ საბეჭდ მანქანას შეხედა და დაინახა, რომ მას მყარი ძირი ჰქონდა ანუ იქიდან არაფერი გაჟონავდა, ამიტომ ვერცხლისწყალი შეუმჩნევლად, პირდაპირ საბეჭდ ღილაკებზე დაასხა და ისიც სიღრმეში შეუმჩნევლად გაუჩინარდა. ეს ერთი თვის წინ იყო, იჯდა კაცი, ბეჭდავდა და თან ვერცხლისწყლის ორთქლს სუნთქავდა, რამაც საბოლოოდ, ჯერ ძლიერი ტკივილები, შემდეგ კი სიკვდილი გამოიწვია. 

მეორე მოძალადე გარდაცვლილის გასვენებაში ნახა. ფიქრობდა, როგორ მოეშორებინა და ბედმა გაუღიმა _ კაცი ვალერიანის წვეთების საყიდლად, აფთიაქში შევიდა. ვერცხლისწყალი წვეთებში გაურია და ისე გაატანა. აღიარა, ვერ გავთვალე, თუ სხვაც მიიღებდა და თან დარწმუნებული ვიყავი, მისი სიკვდილის შემდეგ, გამომძიებლები ბოთლს იპოვიდნენო, თუმცა მაშინ, გაკვეთის დროს, ვალერიანის წვეთები არ გამოჩნდა, რადგან კაცმა მთელი ღამე საწოლში გაატარა და კუჭის წვენმა თავისი ქნა _ წვეთები გაიწოვა, ვერცხლისწყალი _ ვერა. 

სასამართლოს განაჩენი იმ დროისთვის გამაოგნებელი იყო. სამი ადამიანის მკვლელობისთვის (ორი განზრახ, ერთი _ გაუფრთხილებლობით), ქალს სამწლიანი სასჯელი აკმარეს და თანაც ისე, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, სანიმუშო ქცევისთვის, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

გათავისუფლების შემდეგ, გოგონას თბილისში აღარ უცხოვრია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში