Menu
RSS

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა!

ვიპ-კამერები ქართველი „კანონიერი ქურდებისთვის“ _ ხმაურიანი სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

რამდენჯერმე დავწერეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკონტროლოდ არა მარტო პროდუქცია, არამედ, ადამიანებიც შემოდიან. ამის ნათელი დასტურია აფხაზეთის მიმდებარედ მომხდარი გარჩევები და ზუგდიდის ბაზარში, ყოველ მეორე დახლზე გასაყიდად დადებული უაქციზო სიგარეტი. სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრის სრულად გაკონტროლება დღემდე ვერ ხერხდება. რაც მთავარია, სამართალდამცავები ვერაფერს უხერხებენ უაქციზო სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დაუფარავად იყიდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ახლა სხვა, არანაკლებ საინტერესო თემაზე გვინდა გიამბოთ.

 

სამწუხაროდ, ევროპის ციხეებში არაერთი ქართველი იხდის სასჯელს და მათი უმრავლესობა საბერძნეთის ციხეშია. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, მთელი ევროპა და, მათ შორის, საქართველოც კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იყო, 15 მაისს, საბერძნეთში, სასამართლო ჩატარდა და „კანონიერ ქურდებს“ _ ლაშა შუშანაშვილსა და ნოდარ შუკაკიძეს განაჩენი გამოუცხადეს. შუშანაშვილს 10 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, შუკაკიძეს კი, ბერძნულმა სასამართლომ 8-წლიანი სასჯელი შეუფარდა, თუმცა წინა კვირას, ქართველები ამის გამო არ იყვნენ მთავარი მოქმედი გმირები. 

ნიგრიტში, სადაც სასჯელს ქართველები იხდიან, ერთგვარი სპეცოპერაცია ჩატარდა. ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც ციხის დირექტორი და უსაფრთხოების უფროსი თანამდებობიდან გაუშვეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარება ციხის უფროსმა მოითხოვა. 

როგორც ბერძნული მედია წერს, ყველაფერი 15 მაისს დაიწყო. აკრძალვების მიუხედავად, ერთ-ერთი ბერძენი პატიმრის მეუღლემ მოახერხა და ქმართან სანახავად შევიდა. ციხის ტერიტორიაზე დაყენებულმა კამერებმა გადაიღეს, როგორ მიაგორებდა ქალი სუპერმარკეტის ურიკას, სადაც სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, ალკოჰოლის ბოთლებიც ჩანდა. 

თურმე, აღნიშნული ციხის დირექტორი უსაფრთხოების უფროსთან დაპირისპირებული ყოფილა და ეს კადრები გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა, აქაოდა, ნახეთ, ჩემი უსაფრთხოების უფროსი რას აკეთებსო. სპეცოპერაცია ამის შემდეგ დაიგეგმა და... ვიღას ახსოვდა ბერძენი პატიმარი, ან მისი ცოლი?! 

„სამართალდამცავებმა ციხეში ნახეს ლუქს-კამერები, სადაც ყველანაირი კომფორტი იყო _ მაცივრიდან დაწყებული, ტელევიზორით გაგრძელებული, კონდინცირების სისტემითა და ძვირადღირებული ქართული ღვინის ბოთლებით დასრულებული. აღნიშნული კამერების პატიმრები არც ინტერნეტის არქონას უჩიოდნენ, მობილური ტელეფონებიც ჰქონდათ, მათი საპირფარეშოები კი უძვირფასესი კერამიკით იყო მოპირკეთებული. 

გამომდინარე იქიდან, რომ სურათზე აღბეჭდილ ტელევიზორში კარგად ჩანს ქართული სატელევიზიო არხების ჩამონათვალი, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ვიპ-კამერები, სწორედ ქართველებისთვის იყო განკუთვნილი“, _ წერს ბერძნული მედია. 

სურათებში, ასევე, ჩანს ღვინოები, არყის სახდელი კუსტარული აპარატი, მეტალის დანა-ჩანგალი, ნარკოტიკი, პროდუქტებით სავსე მაცივარი, უთო, წყლის გამათბობელი. 

ბერძნული მედია იმასაც წერს, რომ ლაშა შუშანაშვილს ციხეში საკუთარი მზარეული ჰყავს და მას შემდეგ, რაც ის კერძს მოამზადებს, შუშანაშვილამდე სხვა პირი სინჯავს, რათა ლაშას მოწამლული საკვები არ შეაპარონ. 

ამავე წყაროს ცნობით, შუშანაშვილი ხშირად სტუმრობს საავადმყოფოს, რადგან ჰეპატიტთან ერთად, ართრიტი აქვს და ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. 

რაც შეეხება ვერსიას, ქართველების იყო თუ არა აღნიშნული ვიპ-კამერები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსაზრება სიმართლესთან ძალიან ახლოსაა. 

საქმე ის გახლავთ, რომ „კანონიერი ქურდის“, დავით მაზანაშვილის ადვოკატმა, ვასილიკი კამილარიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს, შეთანხმებული იყო ციხის ადმინისტრაციასთან. 

მისივე თქმით, პატიმრებმა და, მათ შორის, მაზანაშვილმა, მას შემდეგ, რაც საკნებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ადმინისტრაციას შესთავაზეს რამდენიმე საკნის რემონტი და ხარჯები მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს, რასაც ციხის ადმინისტრაცია დასთანხმდა. 

მათივე თანხმობით იქნა შეტანილი საკნებში მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი. ადვოკატის განცხადება აშკარად სიმართლე უნდა იყოს, რადგან გამორიცხულია, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე, პატიმრებს ეს ნივთები საკნებში ფარულად შეეტანათ. 

ბერძნული მედია წერს, რომ ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის გარდა, სისხლის სამართლის საქმე დამატებით კიდევ 19 პირზე აღიძვრება და ამ 19-დან, 17 ქართველია, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, მათ ბრალს, უბრალოდ, ვერ დაუმტკიცებენ, რადგან ვიმეორებთ, ხელმძღვანელობის გარეშე, ჩამოთვლილი ნივთები ციხეში ვერ მოხვდებოდა. 

ბერძნული მედია იმასაც წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დიდი შანსია, ლაშა შუშანაშვილმა ციხე უკვე მიმდინარე წელს დატოვოს. ზუსტად ისე, როგორც ეს 2015 წელს მოხდა, როცა მას 14 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სწორედ ჯანმრთელობის მიზეზით, საპყრობილედან 2.5 წელში გამოვიდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში