Menu
RSS

15 წლის გოგონა გააუპატიურეს და მოკლეს

ვინ იყო სერიული მკვლელი, რომელსაც საბჭოთა სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენის აღსრულებას 5 წელი დასჭირდა

ანდრეი ჩიკატილო _ ეს სახელი და გვარი საბჭოთა კავშირში ბევრმა იცოდა. სერიული მკვლელი, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, 53 ადამიანი მოკლა და უმრავლესობას სხეულის გარკვეული ნაწილები მოაჭამა, 12 წლის განმავლობაში ვერ დააკავეს. მართალია, ის 1985 წელს დააპატიმრეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და მალევე გაუშვეს. ამის შემდეგ, მან კიდევ 21 ადამიანი მოკლა და საბოლოოდ, 1990 წელს დააპატიმრეს, ბრალი წაუყენეს, აღიარებითი ჩვენებებიც მიიღეს და დახვრიტეს, თუმცა შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ „როსტოველი მფატრავის“ (ჩიკატილოს მეტსახელი) პარალელურად, სამართალდამცავები კიდევ ერთ მანიაკს ეძებდნენ და ბედის ირონიით, მასაც იგივე, როსტოვის ოლქში.

„არის ასეთი ქალაქი როსტოვის ოლქში, ბატაისკი ჰქვია. დაახლოებით, ასი ათას კაცზე ოდნავ მეტი ცხოვრობს. ჰოდა, როცა ამ ქალაქში პირველი მკვლელობა მოხდა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მოკლული 22 წლის სტუდენტი იყო, რომელიც მკვლელმა გააუპატიურა, შემდეგ კი შიშველ მკერდზე ცეცხლი წაუკიდა. სერიული მკვლელის შესახებ მაშინ მთელმა საბჭოთა კავშირმა იცოდა და გვეგონა, რომ საქმე ისევ იმასთან გვქონდა, თუმცა როცა საქართველოში შეტყობინება მოვიდა, თქვენი ხალხი დაგვახმარეთ, სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმეო, მივხვდით, ნამდვილ ჯოჯოხეთში გვიწევდა ცხოვრება. 

საქართველოდან ექვსი კაცი წავედით და მათ შორის მეც“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ბატაისკის სამძებროს უფროსი გენადი კომარცოვი, პრაქტიკულად, ვეღარაფერს წყვეტდა. მოძმე რესპუბლიკებიდან ჩასულ მაძებრებს უფროსად საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მოადგილე, ივან ზემლენუშინი დახვდათ. ის სპეციალურად მიავლინეს ბატაისკიში, რათა საქმე გამოეძიებინა. ზემლენუშინმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, ასამდე ოპერატიული მუშაკი ქალი გამომწვევ ტანსაცმელში გამოაწყო და ბატაისკის სხვადასხვა მხარეს გაუშვა სასეირნოდ. თითო ქალს, მინიმუმ, ათი მეთვალყურე ჰყავდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. მკვლელი დაგებულ მახეს არ წამოეგო. 

„ყველას გვაინტერესებდა, რატომ ეგონათ ადგილობრივებს, რომ ეს არ იყო ის მანიაკი, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი ეძებდა ანუ ეს არ იყო ჩიკატილო, რომელიც ამ ამბიდან, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააპატიმრეს. როგორც აგვიხსნეს, „როსტოველ მფატრავს“ მოკლულის ნივთები არ მიჰქონდა, მათ ცეცხლს არ უკიდებდა, ეს მსხვერპლი კი გაძარცვული იყო. ამ მსჯელობაში ვიყავით, როცა ქალაქში 15 წლის გოგონა დაიკარგა. ორდღიანი ძებნის შემდეგ, გაუპატიურებული ბავშვი, მაღალი ძაბვის ბოძზე მიბმული, ტყეში სოკოს საკრეფად წასულმა კაცმა იპოვა. მოზარდიც გაუპატიურებული და გაძარცვული იყო. ირგვლივ ყველაფერი გულდასმით დავათვალიერეთ და შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 50 მეტრში, მიწაში დამარხული ჩემოდანი ვიპოვეთ. ჩემოდანში „ატმეჩკები“, ჩაქუჩი, ძალაყინი, ხელთათმანები და გასაღებების აცმა იდო ანუ ის აშკარად კრიმინალს ეკუთვნოდა. ზემლენუშინმა მორიგი სისულელე თქვა, ცაში ათამდე ვერტმფრენი აიჭრა და ტერიტორია ჰაერიდან დაათვალიერა. რა თქმა უნდა, ამან არაფერი მოგვცა. გამოვთქვით მოსაზრება, რომ ჩასაფრება მოგვეწყო, რადგან მართალია, მცირე, მაგრამ მაინც იყო შანსი, რომ დამნაშავე ნვვთებს დაუბრუნდებოდა, თუმცა... 

ბატაისკიში ჩამოვიდა ექიმი-ფსიქიატრი, საყოველთაოდ აღიარებული ალექსანდრ ბუხანოვსკი. მან ყველაფერი დეტალურად შეისწავლა და შეიძლება ითქვას, გამაოგნებელი დასკვნა დადო _ დამნაშავე არ არის რეციდივისტი, არ არის ფსიქიკურად დაავადებული, „როსტოველი მფატრავისგან“ განსხვავებით, მეოჯახეა და წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ნამდვილი შოკი იყო, ჩვენ ვეძებდით რეციდივისტს, გადახრების მქონე პირს და მსოფლიო დონის ფსიქიატრი გვეუბნება, წესიერი და კანონმორჩილი მეოჯახე ეძებეთო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

რამდენიმე დღეში, ბატაისკიში 10 წლის გოგონა გაქრა. მთელი ქალაქი ეძებდა ბავშვს, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. ტყეშიც ეძებეს, თუმცა ასკილომეტრიან ზოლში რაიმეს პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ისევ შემთხვევითმა გამვლელებმა ჯერ ჩანთა იპოვეს, შემდეგ _ ფეხსაცმელები, ბოლოს კი _ 10 წლის გოგონას გაუპატიურებული სხეული. ეს პანიკაც აღარ იყო, მოსახლეობა სახლებში ჩაიკეტა, ბავშვებს სკოლაში აღარ უვებდნენ. სამაგიეროდ, სამართალდამცავებმა ერთი საინტერესო დეტალი დაადგინეს. ექსპერტების ცნობით, პირველ გვამთან, ტანსაცმელზე კურდღლის ბეწვი ნახეს და ეგონათ, რომ შემთხვევით, კურდღელმა გვამს გადაურბინა. მეორე გვამთან უკვე ცხვრის ბეწვი ნახეს და ესეც შემთხვევითობად ჩათვალეს _ ტყეში ცხვარს ხშირად აძოვებდნენ. აი, მესამე მსხვერპლის შემთხვევაში, ცხვრისა და კურდღლის ბეწვი ერთად იყო და თან რამდენიმე ადგილას. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას მკვლელი ტოვებდა. 

საკავშირო მასშტაბით გაიგზავნა შეკითხვა, რომელი ქარხანა აწარმოებდა ისეთ პროდუქციას, რომლის დროსაც, ერთდროულად იყენებდა კურდღლისა და ცხვრის ბეწვს, თუმცა პასუხი საიმედო არ იყო _ 15 რესპუბლიკიდან, ერთშიც არ არსებობდა საწარმო, რომელიც ერთი სამოსის შესაკერად, ცხვრისა და კურდღლის ბეწვს ერთდროულად გამოიყენებდა. 

გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი, საერთოდ არაფერი ჰქონდა! 

მთელი საბჭოთა კავშირი კომკავშირის დაარსების 70-ე წლისთავს ზეიმობდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სავალდებულო საზეიმო ღონისძიება იყო, ბატაისკიშიც ზეიმი გაიმართა, კომკავშირში ახალი წევრები მიიღეს, საღამოს კი ერთ-ერთი გოგონა გაქრა. ის ბოლოს ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ბოლო რეისი არ შესრულდა და გოგონა სახლის გზას ფეხით გაუყვა, თუმცა სახლამდე ვერ მივიდა. სამაგიეროდ, ორმა ქალმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ ის ავტობუსი, რომელიც ბოლო რეისზე უნდა გასულიყო, ტყეში იყო შეყენებული და იქიდან ქალისა და კაცის ხმები ისმოდა. წყვილი აშკარად სექსით იყო დაკავებული. 

„სასწრაფო წესით გარაჟში წავედით და ავტობუსის მძღოლი დავაკავეთ. უზარმაზარი ტერიტორია იყო, უამრავი მანქანა, სამთავრობო თუ არასამთავრობო, სახელოსნოები, ყველგან მანქანის ნაწილები ეყარა. დაკავებულს გაქცევა არც უფიქრია, გაოცებულიც კი გვიყურებდა, თუმცა ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ავტობუსის უკანა სავარძელზე, ექსპერტმა სპერმის კვალი იპოვა. საქმე გახსნილად ჩავთვალეთ და დაკავებული ზარ-ზეიმით წავიყვანეთ განყოფილებაში“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ავტობუსის მძღოლმა აღიარა, რომ იმ დღეს ცოტა დალია, შემდეგ თავის მეგობარ ქალთან ერთად გაერთო, ხოლო იმის გამო, რომ გაჩერებაზე ერთადერთი გოგონა დაინახა, ბოლო რეისი აღარ შეასრულა და სამსახურს გართობა არჩია. იგივე დაადასტურა მისმა მეგობარმა ქალმაც და რაც მთავარია, დაკარგული გოგონას გვამიც ვიპოვეთ, რომელიც გაუპატიურებული იყო, ფრჩხილებში სხვისი კანიც ჰქონდა ჩარჩენილი, თუმცა ჩვენი მძღოლის სისხლისა და სპერმის ანალიზი, გოგონას სხეულში აღმოჩენილსა და ფრჩხილქვეშ დარჩენილ ნაწილაკებს არ დაემთხვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ავტობუსის მძღოლის მთავარი დანაშაული, მხოლოდ ბოლო რეისის არშესრულება გახლდათ. 

ბოლო მსხვერპლს, სამყურას ყვავილის ფორმის საყურეები ჰქონდა შეხსნილი და მილიციამ ოქროულის შემსყიდველები უმკაცრესად გააფრთხილა, თუ ვინმე ასეთ საყურეს მიიტანდა, ძალოვანებს უნდა სცოდნოდათ. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა და აქ ზემლენუშინმა, სავარაუდოდ, კარიერის განმავლობაში ყველაზე ჭკვიანური რამ თქვა: 

_ როგორც გინდათ, რანაირადაც გინდათ, დააკავშირეთ ერთმანეთთან ცხვრისა და კურდღლის ბეწვი. ეს არის ის გასაღები, რომლითაც დანაშაულს გავხსნით! 

„ბატაისკის განყოფილებაში ერთი, არაფრით გამორჩეული ოპერმუშაკი იყო, ანდრეი, რომელსაც ანდროს ვეძახდით ქართველები. ხმას არ იღებდა, ჩუმად ისმენდა ხოლმე, რასაც უფროსობა ამბობდა და ძირითადად, შავ სამუშაოს ასრულებდა. ჰოდა, მას შემდეგ, რაც ზემლენუშინმა გამოგვიცხადა, კურდღელი და ცხვარი ერთმანეთთან დააკავშირეთო, ანდრეის გონება გაეხსნა, თუმცა ბოლომდე _ არა. თათბირის შემდეგ, კორიდორში, ოცამდე კაცი სიგარეტს ვეწეოდით, როცა ანდრომ ყველას გასაგონად თქვა, კურდღლისა და ცხვრის ბეწვის რა გითხრათ, მაგრამ ნუტრიისა და ცხვრის ბეწვის დაკავშირება შემიძლია. აგერ, სიმამრმა ნუტრიის ბეწვის ქუდი მაჩუქა, მანქანის სავარძელზე, ცხვრის ტყავი მაქვს დაფენილი, თბილად რომ ვიყო და დილაობით, ქუდს ცხვრის ბეწვს სულ სათითაოდ ვაცლი ხოლმეო. 

გამოცდილმა გამომძიებლებმა ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით, ანდრო იმას ვერ მიხვდა, რომ ნახევარ საბჭოეთს, ნუტრიის კი არა, სწორედ კურდღლის ბეწვის ქუდი ეფარა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდებოდა ადამიანი, ვისაც კურდღლის ბეწვის ქუდი ჰქონდა, ხოლო მანქანის სავარძელზე, ცხვრის ტყავი ეფინა. შევთანხმდით, გარაჟით უნდა დაგვეწყო, რადგან ბატაისკიში, ყველაზე მეტი მანქანა სწორედ იქ იყრიდა თავს“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ავტოფარეხში მისულმა სამართალდამცავებმა პირველი, რაც დაინახეს, მანქანების ხელოსანი გახლდათ, რომელსაც თავზე, სწორედ კურდღლის ბეწვის ქუდი ეფარა. იქვე იკითხეს და გაარკვიეს, რომ მას „მოსკვიჩი“ ჰყავდა, მძღოლის სავარძელზე კი ცხვრის ტყავი ეფინა. პირველი ეჭვმიტანილი სახეზე იყო, ძალოვანებმა მისი ვინაობა გაარკვიეს და ყურები ჩამოყარეს _ კონსტანტინ ჩერიომუხინი, 25 წლის, 1 და 3 წლის შვილების მამა, ცოლად მთელ ბატაისკიში ულამაზეს გოგოდ აღიარებული ქალი ჰყავდა და შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილებლად, სტუდენტები და არასრულწლოვანები დაეხოცა. ყოველი შემთხვევისთვის, წყალკანალის თანამშრომლებად გადაცმულმა ოპერმუშაკებმა, მისი ბინის დათვალიერება გადაწყვიტეს, სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ჩერიომუხინი შინ არ იყო და გაშეშდნენ _ ხელოსნის ცოლს, სამყურას ყვავილის საყურეები ეკეთა. 

სისხლისა და სპერმის ანალიზის გასაკეთებლად, სამართალდამცავებმა კონსტანტინ ჩერიომუხინი სამსახურში დააკავეს და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფრო მეტიც, აღიარებითი ჩვენება, პრაქტიკულად, იქვე მისცა, როცა დაკავებისთანავე თქვა, დასასრული ყველაფერს აქვსო. 

სისხლისა და სპერმის ანალიზი დაემთხვა ანუ სამართალდამცავებმა მკვლელი დააკავეს, თუმცა ვერ ხსნიდნენ მიზეზს, რის გამო ჩადიოდა ახალგაზრდა კაცი ასეთ სასტიკ დანაშაულს. 

„ყველაფერი მარტივია _ მე საკუთარ თავს უარს არასდროს არაფერზე ვეუბნებოდი. მინდოდა რამე? _ ვაკეთებდი ანუ თუ თავში დარეკავდა სიტყვა „მინდა“, უკან დახევა არ ვიცოდი. ის პირველი მსხვერპლი რომ დავინახე, ქარმა კაბა აუფრიალა და ფეხები გამოუჩნდა. მაშინვე „დარეკა“, რომ ამ ქალთან სექსი მინდოდა. მოტყუებით ჩავისვი მანქანაში და გაუპატიურების მერე მივხვდი, თუ მოვკლავდი, ყველაფერი იმ მანიაკს დაბრალდებოდა, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი ეძებს (იგულისხმება შემდგომში დაკავებული ჩიკატილო). ნივთებს კი ვხსნიდი და ცოლს ვჩუქნიდი, რატომ უნდა დამეტოვებინა?!“ _ ეს იყო აღიარებითი ჩვენების ძირითადი პათოსი. 

იმის გამო, რომ ხალხი არ ეტეოდა, ბოლო პროცესი კომკავშირის კომიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხალხი ტაშით შეხვდა _ კონსტანტინ ჩერიომუხინს დახვრეტა მიუსაჯეს. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ ჩერიომუხინი მხოლოდ 1993 წელს დახვრიტეს. რას ელოდა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება, ძნელი სათქმელია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში