Menu
RSS

სისხლიანი ეჭვიანობა _ საწარმოს დირექტორის გერმა ორსული ქალი მოკლა

„მეჯაჯგურებოდა... დაეცა... მოკვდა... გავიქეცი“, _ რა ჩვენება მისცა მკვლელმა გამოძიებას

„საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს“, _ ეს კომიკური ფრაზა დღემდე აქტუალურია და ნათლად ასახავს საბჭოთა კავშირის რეალურ სახეს. იქ იმალებოდა ყველაფერი, რისი დამალვაც შეიძლებოდა და ეს „ყველაფერი“, ხშირად აბსურდამდე მიდიოდა. არადა, შემთხვევა, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ საბჭოთა კავშირში „სექსის არარსებობას“ ეხება. ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი იხსენებს.

„ზოგიერთ რეგიონში, ახლაც შეხვდებით ეზოში, სარეცხისთვის გაბმულ თოკებს, რომლებზეც სარეცხს, ძირითადად, კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ოჯახები ფენენ. ეს იმიტომ, რომ პირველი სართული ძალიან დაბლაა და კორპუსის წინ მიმავალმა ადამიანმა, შესაძლოა, თეთრეულს თავი გამოსდოს. 

მოკლედ რომ გითხრა, სწორედ სარეცხის ასაღებად გამოსული ქალი იპოვეს გარდაცვლილი მეზობლებმა და, რაღა თქმა უნდა, მილიციაში დარეკეს“. 

გარდაცვლილი 42 წლის ქალბატონი გახლდათ. იქვე იდო სათლი, რომელშიც მას, წესით, სარეცხი უნდა ჩაედო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩამოხსნა ვერ მოასწრო. 

წინასწარი ვერსიით, მას ფეხი აუცურდა, დაეცა, ბორდიურის კუთხეს თავი ჩამოარტყა და გარდაიცვალა. ერთადერთი, რაც ეჭვს ბადებდა, ის იყო, რომ გარდაცვლილი სარეცხის ასაღებად, ღამის 11 საათზე გამოვიდა და რაც მთავარია, სარეცხი მშრალი არ იყო, თან მეზობლებმა დაინახეს, რომ გარდაცვლილმა სარეცხი ერთი საათის წინ დაკიდა, ამიტომ ზუსტად უნდა სცოდნოდა, რომ მშრალი არ იქნებოდა და, წესით, მთელი ღამით უნდა დაეტოვებინა. 

ადრე ტანსაცმელს სარეცხი თოკებიდან ხშირად იპარავდნენ, საწოლის თეთრეულის მოპარვა კი თითქმის გამორიცხული იყო. გარდაცვლილს სახლში 18 წლის ქალიშვილი ჰყავდა, ინჟინერი მეუღლე კი მესამე თვე იყო, უკრაინაში მივლინებით იმყოფებოდა. 

 

მამაკაცი მეორე დღესვე თბილისში გაჩნდა, თუმცა გვამს ექსპერტიზა უტარდებოდა და ექიმის დასკვნამ გამომძიებელს პირი დააღებინა. 

„ქალს სხეულზე დალურჯებები ეტყობა ანუ ის გარდაცვალებამდე, ვიღაცას ეჯაჯგურა და ის ვიღაც, სავარაუდოდ, მამაკაცი იყო, რადგან მკლავებსა და ზურგზე, ქალი ისეთ სისხლჩაქცევებს ვერ დატოვებდა. გარდაცვლილი 8 კვირის ფეხმძიმე გახლდათ“, _ ასეთი იყო ექსპერტის დასკვნა. 

ბატონმა თენგიზმა ქმარი დაკითხა, უკრაინაშიც დარეკა და გაარკვია, რომ ის კიევში, სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ერთი დღეც არ გაუცდენია და საქართველოში არ გადმოფრენილა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შვილის მამა ვერანაირად იქნებოდა. დამწუხრებული კაცი დარდისგან ლამის თავს იკლავდა, დაკითხვაზე რამდენჯერმე ატირდა და როგორ გინდოდა გეთქვა, იცით, თქვენი მეუღლე 8 კვირის ფეხმძიმე იყო და ეს მაშინ, როცა თქვენ, სამი თვეა, არ გინახავთო. 

სამართალდამცავებმა დაკითხეს შვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ დედა სამსახურიდან, მუდმივად ერთსა და იმავე დროს _ საღამოს ექვს საათზე ბრუნდებოდა. იმ დღესაც ასე დაბრუნდა, სარეცხი გარეცხა, გაფინა და მეორე დილით აპირებდა აღებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. 

გოგონამ ისიც გაიხსენა, რომ სანამ სარეცხის ასაღებად გავიდოდა, ტელეფონმა დარეკა, ყურმილი დედამ აიღო, დაახლოებით, 15 წამი ისაუბრა და ათ წუთში, სარეცხის ჩამოსახსნელად გავიდა. 

გამოძიების აზრით, ქალს გარეთ გასვლა სთხოვეს. ერთადერთი, ვისაც ამ დროს ქალი ენდობოდა და სასაუბროდ გაჰყვებოდა, სავარაუდოდ, ბავშვის მამა უნდა ყოფილიყო. ის, რომ ქალს საყვარელი ჰყავდა, ეჭვს არ იწვევდა. 

გარდაცვლილი ერთ-ერთი საამქროს საწყობში, აღმრიცხველად მუშაობდა და თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ზედმეტად მოწესრიგებული იყო. საამქროს დოკუმენტაციის შემოწმება გადაწყდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც წესრიგში არ იყო და ქალი იმიტომ მოკლეს, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ შედეგი ამანაც არ მოიტანა. 

იმ უმნიშვნელო დარღვევების გამო, რომელიც საამქროში აღმოჩნდა, არავის მოკლავდნენ და ამ დარღვევების გამო, რეალურად, პასუხსაც არავინ აგებდა. 

გამოძიება შეეცადა, დელიკატურად მოეკითხა გარდაცვლილის შესაძლო სასიყვარულო ისტორია, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა _ მას უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა და თანამშრომელმა ქალებმა ძალოვანებისთვის წყევლა-კრულვაც არ დაიშურეს, ეგ როგორ იფიქრეთო. 

რაც მთავარია, სათლზე ქალის ანაბეჭდების გარდა, აღმოჩნდა კიდევ ერთი უცხო ანაბეჭდი. ადვილი მისახვედრია, სარეცხის „ვედრო“, უცხოს ხელში ვერ ჩაუვარდებოდა ანუ ის მკვლელის ანაბეჭდი იყო. 

„გამოძიება წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა. ბოლოს და ბოლოს, ქმარს ვკითხეთ, თქვენს ცოლს სხვა მამაკაცთან ხომ არ ჰქონდა ურთიერთობაო და ლამის მუშტი-კრივი გაგვიმართა, ცოლის ორსულობა კი, უბრალოდ, არ დაიჯერა. 

საყვარლის არსებობას გამორიცხავდა შვილიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედა არათუ მუდმივად სახლში ათევდა ღამეს, არამედ, არასდროს აგვიანებდა სამსახურიდან და ძალიან მოწესრიგებულად ცხოვრობდა. 

მოულოდნელად, განყოფილებაში საამქროს უფროსი მოვიდა, ჩემთან შეხვედრა ითხოვა და მძიმედ, მაგრამ მტკიცედ დაიწყო _ ბავშვის მამა მე ვარ, გარდაცვლილთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა, ცოლად მოყვანას ვაპირებდი, ცოლს ვშორდებოდი, განქორწინებაზე საბუთებიც შეტანილი მქონდა, ხოლო ქალი ქმრის დაბრუნებას ელოდა, იგივე რომ გაეკეთებინა. 

ყველაფერ ამას იმიტომ გიყვებით, რომ ძალიან მინდა, მკვლელი იპოვოთ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

იმის გათვალისწინებით, რომ ცოლმა ზუსტად იცოდა ქმრის საყვარლის ვინაობა, მთავარი ეჭვმიტანილი გახდა, თუმცა საამქროს უფროსმა დაადასტურა, რომ იმ დღეს სახლში იყო და ცოლიც სახლიდან არ გასულა. ვინაიდან საამქროს უფროსი დაინტერესებული იყო საქმის გამოძიებით, მას დავუჯერეთ. რომ არა მისი ვიზიტი, ვერასდროს გავიგებდით, ვინ იყო გარდაცვლილის საყვარელი, რადგან წყვილი ძალიან ცდილობდა და ერთმანეთს მხოლოდ სამსახურში, დირექტორის მოსასვენებელ ოთახში ხვდებოდა. 

ყოველი შემთხვევისთვის, ძალოვანებმა საამქროს უფროსისა და მისი მეუღლის თითის ანაბეჭდები აიღეს, მაგრამ სათლზე აღმოჩენილს არცერთი დაემთხვა. 

გამოძიება კვლავ ჩიხში შევიდა, თუმცა მათ ისევ საამქროს უფროსი დაეხმარა, ოღონდ ამჯერად უნებურად და არა _ შეგნებულად. 

მომხდარიდან ორიოდე კვირის შემდეგ, განყოფილებაში საამქროს უფროსი და მისი შვილი მიიყვანეს. როგორც უბნის ინსპექტორი ამბობდა, მამა-შვილს ჩხუბი მოუვიდა და ერთმანეთს ცხვირ-პირი გაუერთიანეს, მეზობლებმა მილიცია გამოიძახეს და ორივე განყოფილებაში ამ მიზეზით მოხვდა. 

„ამხელა თანამდებობის პირი, გაწონასწორებული ადამიანი და შვილს როგორ ეჩხუბეთ?“, _ უსაყვედურა ბატონმა თენგიზმა. 

„ჩემი შვილი არ არის, გერია. როცა გაიგო, რომ გაყრას ვაპირებდი, პირველი კონფლიქტი მაშინ მოგვივიდა. ახლა კი ფული მთხოვა, მანქანა უნდა გავაკეთოო, ჩემი ნაყიდი და ნაჩუქარი მანქანა დალეწა, უარი ვუთხარი და მუშტი-კრივი გამიმართა“, _ თავი იმართლა საამქროს უფროსმა.  

ანაბეჭდები ამჯერად გერისგან აიღეს და ის სათლზე აღმოჩენილებს ასი პროცენტით დაემთხვა. უდაო იყო, გამომძიებლის წინ მკვლელი იჯდა, ახლა საჭირო იყო მისი აღიარება. გამომძიებელმა ეჭვმიტანილს პირობა მისცა, თუ აღიარებით ჩვენებას მოგვცემ, უმაღლეს ზომას ასცდები, თუ არადა, ორი ადამიანის მკვლელობა გიმტკიცდება და დახვრეტა გარანტირებული გაქვსო. 

 

„როცა გავიგე, მამინაცვალი სახლიდან წასვლას აპირებდა, მივხვდი, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. დედაჩემს არასოდეს უმუშავია, მეც უსწავლელი და უმუშევარი, მის კისერზე ვეკიდეთ, ამიტომ გადავწყვიტე, მის საყვარელს დავლაპარაკებოდი და ამეხსნა, რომ ორ ადამიანს შიმშილისთვის იმეტებდა. დავურეკე, ვუთხარი, ვინც ვიყავი და გარეთ სასაუბროდ გამოვიდა. 

მომისმინა, მერე მითხრა, მიყვარს, ვერაფერს შევცვლიო, მაშინ ხელი ჩავჭიდე და ჯანჯღარი დავუწყე. ისიც მეჯაჯგურებოდა, ბოლოს, დაეცა და მე ზევიდან დავეცი. თავი დაარტყა ასფალტს და მივხვდი, მოკვდა. რა უნდა მექნა? _ გავიქეცი“, _ აღიარა გერმა. 

სასამართლომ გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის გაასამართლა და შვიდი წელი აკმარა. მას ვერც ის დაუმტკიცეს, რომ გარდაცვლილის ორსულობის შესახებ იცოდა, რადგან ამის მტკიცებულება, უბრალოდ, არ არსებობდა. რა თქმა უნდა, სასამართლოს დასრულებისთანავე, მამინაცვალმა დედამისი მიატოვა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში