Menu
RSS

გურიაში გამომძიებელი მოკლეს

ვინ და როგორ დაგეგმა „კრიმინალთა რისხვის“ მკვლელობა _ სკანდალური დეტალები

რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, ფაქტია: ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, სამრთალდამცავი ორგანოების რიგებში, არაერთი კორუმპირებული იყო. მერე, როცა ქვეყანა აირია, მილიციასთან ფულით ნებისმიერი საქმის მოგვარება შეიძლებოდა, ამიტომაც რჩებოდნენ გარეთ მკვლელები, ყაჩაღები და ქურდები. შესაბამისად, მოსახლეობამ სამართალდამცავების მიმართ ნდობა დაკარგა და ამ ნდობის დაბრუნებას წლები დასჭირდა. შემდეგ, უკვე რადიკალურად სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდით _ პოლიციად გარდაქმნილი მილიციის ხელში, განუზომლად დიდი ძალაუფლება აღმოჩნდა და სამართალდამცავთა ნაწილმა მისი ბოროტად გამოყენება დაიწყო. პოლიციელი ყოველთვის მართალი იყო და ყველაფერი ეპატიოებოდა. ამან ნდობა, ლამის ისევ გაანულა და, საბოლოო ჯამში, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას კვლავ წლები დასჭირდა. საბედნიეროდ, დღეს პოლიცია ნდობით სარგებლობს, იშვიათ გადაცდომებს თუ არ ჩავთვლით, ქართველ სამართალდამცავთა აბსოლუტური უმრავლესობა, საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს და ხალხის სამსახურშია.

სამართალდამცავთა რიგებში, ყველა დროს იყვნენ ისეთები, რომლებისაც კრიმინალებს განსაკუთრებით ეშინოდათ, ან გამორჩეულ პატივს სცემდნენ. აი, პოლიციელის მიმართ შიში იმას ნიშნავდა, რომ ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა მიმართ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაუნდობელი იყო. 

„ჩემს განყოფილებაში ახალგაზრდა ოპერმუშაკი დანიშნეს. თანამშრომელი კი არა, ნამდვილი ცეცხლი იყო, არანორმალური ენთუზიაზმი და ენერგია ჰქონდა. სახიფათო დავალებებზე პირველი მიდოდა, ღმერთსაც უყვარდა _ ყოველთვის უმართლებდა და ტყვიების წვიმიდან, უვნებელი გამოდიოდა. 

ორგანოებში მისი მოსვლიდან ორი წელი არ იყო გასული, „კრიმინალთა რისხვა“ რომ შეარქვეს და ჩვენც „რისხვას“ ვეძახდით. სახელით აღარავინ მიმართავდა, „რისხვა“ და წერტილი. 

ერთ დღეს მოვიდა, მთხოვა, გადაუდებელი საქმე მაქვს გურიაში, მეგობარი უნდა ვნახო, გამიშვიო. უარი არ ვუთხარი და ორი დღით გავათავისუფლე. მეორე დღე ღამდებოდა, როცა გურიიდან დარეკეს, შენი თანამშრომელი გარდაცვლილი ვიპოვეთო. ადგილზე გავშეშდი, ვერ მივხვდი, რას შეიძლებოდა მოეკლა ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა და ანგარიშმიუცემლად ვიკითხე _ ვინ მოკლა? 

მკვლელიც გვერდით გდიაო, ბატონო თენგიზ _ მიპასუხეს და ათ წუთში, ჩვენი მანქანა უკვე გურიისკენ მიდიოდა. ექსპერტ-კრიმინალისტები ჩემი განყოფილებიდან წავიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ გურიის რეგიონსაც კარგი სპეციალისტები ჰყავდა და, რაღა თქმა უნდა, მათ ვენდობოდი. 

აზრზე მცხეთაში მოვედი, იქაურ განყოფილებაში შევედი და გურიაში დავრეკე, სწრაფად ვივლით და იქნებ, გვამებს მდებარეობა არ შეუცვალოთ, ჩემი თვალით მინდა ვნახო, რა მოხდა-თქო. კოლეგებმა უარი ვერ მითხრეს და გურიისკენ კი არ წავედით, გავფრინდით“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ადგილზე მისულ დედაქალაქელ ოპერმუშაკებს შემდეგი სურათი დახვდათ _ ადგილობრივი კრიმინალის სახლში, ორი გვამი იყო. კრიმინალს გულთან, ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, სამართალდამცავს კი ასევე, გულთან, დანა ჰქონდა დარტყმული. ერთი შეხედვით, სურათი ნათელი იყო _ პოლიციელი და კრიმინალი შეიბნენ, მან დანის დარტყმა მოასწრო, ამან _ გასროლა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა. გურიის თანამშრომლების განმარტებით, კრიმინალი ციხიდან, სამი კვირის გათავისუფლებული იყო და სოფლიდან არსად გასულა. 

გვამების ექსპერტიზას თბილისიდან ჩასული ექსპერტიც დაესწრო და დაადასტურა, რომ სამართალდამცავს კეფასთან, ჰემატომა ჰქონდა, რომელიც დიდი ალბათობით, წაქცევისას, იატაკზე თავის დარტყმის დროს მიიღო. გასროლა და დანის დარტყმა, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე დროს უნდა მომხდარიყო, რადგან ორივე ჭრილობა სასიკვდილო გახლდათ და ჭრილობის მიღების შემდეგ, ორივე მათგანი, წამებში გათავდებოდა. 

სროლა არავის გაუგია, ერთადერთი ბიჭის გარდა, მაგრამ ის მოწმედ არ გამოდგებოდა _ ფსიქიკური პრობლემები ჰონდა, თუმცა ამის მიუხედავად, სწორედ მან უთხრა მშობლებს, რომ გასროლა გაიგო და მილიციაშიც ამის შემდეგ დარეკეს. მშობლები თავიდან არ უჯერებდნენ, მაგრამ როცა ბავშვმა თქვა, რომელი სახლიდან გაიგონა გასროლის ხმა, მშობლებმა ყოველი შემთხვევისთვის დარეკეს. 

ბატონმა თენგიზმა მაინც გადაწყვიტა ბავშვის დაკითხვა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მისი ჩვენება არც სასამართლოსთვის იქნებოდა მისაღები და ზოგადად, რაიმე მნიშვნელოვანის გაგებას არც ელოდა. მას საუკეთესო თანამშრომელი მოუკლეს და, უბრალოდ, ყველა დეტალის გაგება სურდა, თუნდაც ეს დეტალები, მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილს სცოდნოდა. 

„ბავშვი არეულად ყვებოდა, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, რომ ჯერ ერთი გასროლა გაიგო და დაფრთხა, მერე კი, როცა იქაურობას გაშორდა, დაახლოებით, ასი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მეორე გასროლა გაიგონა. ის შემთხვევის ადგილზე წავიყვანეთ, მოგვიყვა, სად იდგა პირველი გასროლის დროს, მერე გაძუნძულდა და გვითხრა, როდის გაიგო მეორე გასროლა. სიგიჟე იყო, ამის გამო საქმის გამოძიების დაწყება და ექსპერტმაც გადამრია _ გულში დანის მოხვედრის შემდეგ, ასე ზუსტად, გულის მხარეს ორი გასროლის განხორციელება, სასწაული მგონიაო. ექსპერტი არ გამორიცხავდა, რომ ჩემმა თანამშრომელმა ინსტიქტურად დაუშვა სასხლეტი, მაგრამ მისი თქმით, მეორე გასროლისთვის, ოპერმუშაკს ძალა აღარ ეყოფოდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაისროდა, თუ თითზე კუნთი დაეჭიმებოდა სასიკვდილო აგონიის დროს, მაგრამ გვამს ეს კუნთი დაჭიმული არ ჰქონდა ანუ თითი არ იყო ისე მოხრილი, რომ გვეფიქრა, ინსტიქტურად გაისროლა მეორედ და ასევე, ინსტიქტურად, პირველი ჭრილობიდან, დაახლოებით, სანტიმეტრნახევარში მოარტყა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

თანამშრომლის გასვენებაზე, მთელი სამმართველო წავიდა. სამძიმარს გარდაცვლილის ძმა, მამა და რძალი იღებდნენ, დედა ბავშვობაში დაეღუპა, თავად კი ცოლი არ ჰყავდა. ბატონი თენგიზი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მილიციელმა გაიხმო და სასხვათაშორისოდ უთხრა, გარდაცვლილი თანამშრომლის ძმის ცოლის ძმა და მოკლული კრიმინალი, სასჯელს ერთად იხდიდნენო. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არაფერი იყო, მაგრამ იმავე საღამოს, აღნიშნული პიროვნება, ბატონ თენგიზს კაბინეტში ეჯდა. 

„ჰო, მე და ის კრიმინალი სასჯელს ერთად ვიხდიდით. მე ავარიის გამო მოვხვდი ციხეში, ის, მგონი, ქურდობისთვის იჯდა. რა ვიცოდი, თუ ასეთ ოქროსავით ბიჭს მოკლავდა, თორემ ციხეშივე გავგუდავდი“, _ წუხდა გარდაცვლილი პოლიციელის ძმის ცოლისძმა. 

ბატონმა თენგიზმა გაარკვია, რომ ტყუილს არ ეუბნებოდნენ, მისი თანამშრომლის ძმის ცოლისძმა ციხეში, მართლაც, ავარიის გამო მოხვდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მანამდე, ჯარში, სადესანტო ნაწილში მსახურობდა, მერე უმაღლესში ჩაბარება სცადა, ვერ ჩააბარა და მძღოლად მუშაობდა სატვირთოზე. ავარიაც სატვირთოთი მოუვიდა და იმის გამო, რომ სამუშაო დღის ბოლოს, სამსახურში ერთი ჭიქა არაყი დალია, ნასვამობა დაუდგინეს და მკაცრად დასაჯეს. 

რაც შეეხება გარდაცვლილ კრიმინალს, ის სასჯელს რაიონში არსებული ჩაის ფაბრიკის სეიფის გატეხვისა და ფულის გატაცებისთვის იხდიდა. ოფიციალური მონაცემებით, გატაცებული იყო 100 ათასი მანეთი, მაგრამ დაკავებისას, მას მხოლოდ 25 ათასი უპოვეს, დანარჩენი 75 ათასის ბედი ვერ გაარკვიეს. 

სამხილებისა თუ ვერსიების არქონის გამო, საქმე უნდა დახურულიყო, როცა ბატონმა თენგიზმა გარდაცვლილის ძმასთან გასაუბრება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, იქნებ, რამე ისეთი გაიხსენოს, რაც ცხელ გულზე, ვერ გაიხსენაო. ძმასთან მისულმა შენიშნა, რომ ის სამზადისში იყო და წასასვლელად ემზადებოდა. აუხსნა კიდეც განყოფილების უფროსს, ჩემი ცოლისძმა დღეს მოსკოვში მიფრინავს და აეროპორტში უნდა გავაცილოო. მოსკოვში ვიზიტის მიზეზად კი მკურნალობას ასახელებდა. არადა, კაცი, ყოფილი „დესანტნიკი“, ერთ ხარს ისე შეჭამდა, თვალს არ დაახამხამებდა და ავადმყოფობისაც არაფერი ეტყობოდა. ბატონმა თენგიზმა იქაურობა მალე დატოვა, აღარ შეგაყოვნებთო და აეროპორტში დარეკა, მისთვის საინტერესო მგზავრის ბარგი გულდასმით რომ გაეჩხრიკათ. მესაზღვრეებმა ბარგში 70 ათასი მანეთი იპოვეს. 

„ვიცოდი, რომ იმ კრიმინალს ფული ჰქონდა. წამოსცდა ერთხელ, აქედან რომ გავალ, მეფესავით ვიცხოვრებო. მასზე ორი თვით ადრე გამოვედი და როცა თავად დატოვა ციხე, კართან დავხვდი, პატივი ვეცი, სოფელში ტაქსით წავიყვანე. ერთ კვირაში ჩამოდიო, მითხრა და რომ ჩავედი, უკვე თავად მაქეიფა, წამოსვლისას ათასი მანეთი მომცა. პრაქტიკულად, სულ იარაღით მოძრაობდა, მე კი იარაღი არ მქონდა და ამიტომ, ჩემი სიძის ძმას ვუთხარი, მაგარ საქმეს გაგახსნევინებ-მეთქი. ეგ ხომ ავადმყოფი იყო, ოღონდ ვინმე დაეჭირა. ვუთხარი, ორი კრიმინალი უნდა შეხვდეს ერთმანეთს, ნაქურდალი უნდა გაინაწილონ-მეთქი. დამიჯერა, ჩამოვიდა და ყოფილი თანასაკნელის სახლთან რომ მივედით, კეფაში რკინის ნაჭერი ჩავარტყი (აქედან იყო ჰემატომა). მერე იარაღი ამოვაცალე, კარზე დავაკაკუნე და როცა მეგობარმა გამიღო და შევედი, გულში ვესროლე. მიზანში მოხვედრა არ გამჭირვებია, ყოფილი „დესანტნიკი“ ვარ. სასწრაფოდ შევათრიე გათიშული თანამშრომელი, იარაღი ხელში დავაჭერინე და მეორედ ისე გავისროლე, დენთის კვალი რომ ჰქონოდა თითებზე. მერე დანა ავიღე, ამას გულში ჩავარტყი და ხელში ჩავუდე. ყველაფერი იდეალურად განვახორციელე და წამოვედი. 70 ათასზე მეტი არ ჰქონდა, დახარჯა, ალბათ. მოსკოვში წასვლას და იქ ცხოვრებას ვაპირებდი, მაგრამ...“, _ ეს არის დაკავებულის აღსარების მოკლე შინაარსი. 

დაკავებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაახლოებით, ოთხ თვეში დახვრიტეს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში