Menu
RSS

საშინელი შურისძიება

რას ჰყვება ძმა, რომელმაც დის მკვლელს სამაგიერო, წლების მერე, სადისტურად გადაუხადა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გავლენიანი ოჯახის შვილებს მართლმსაჯულებისთვის თავი იოლად დაუღწევიათ. ასე იყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ასე იყო სააკაშვილის დროს და, მართალია, „ოცნების“ მმართველობისას ისეთი გახმაურებული მკვლელობა არ მომხდარა, რომ ხელისუფლებას ხელი დაეფარებინა, მაგრამ წვრილ-წვრილი დანაშაულისა თუ, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების გამო, არა ერთი და ორი პირი გაუთავისუფლებიათ პასუხისმგებლობისგან. შერჩევითი სამართალი მუდმივად იწვევს შურისძიების წყურვილს მათში, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ და ეს ლოგიკურიცაა _ უსამართლობის შეგრძნება ყველაზე ცუდი რამაა.

1982 წელს, თბილისში ავარია მოხდა _ დიდი სისწრაფით მიმავალი „ვოლგა“, ტროტუარზე მყოფ ორ მოსწავლეს დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, ბიჭი კი, მძიმე მოტეხილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე დღეს, მილიციის განყოფილებაში, ერთ-ერთი გასტრონომის დირექტორმა განცხადება შეიტანა, რომ მას ავტომობილი მოპარეს და ეს ავტომობილი, სწორედ ის „ვოლგა“ იყო, რომელიც გამტაცებელმა ადგილზე მიატოვა, თავად კი გაიქცა. სამართალდამცავებმა დამნაშავეს მალე მიაგნეს, მან დანაშაული აღიარა და სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. 

 

ამ ამბიდან, დაახლოებით, ორი წელი იყო გასული, როცა იმავე გასტრონომის მეპატრონემ სამართალდამცავებს მეორედ მიმართა _ მისი ბიჭი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მილიციამ ივარაუდა, რომ ბიჭი, შესაძლოა, გამოსასყიდის მიღების მიზნით ყოფილიყო გატაცებული, რადგან მაშინ გასტრონომის დირექტორობა ძალიან დიდ ფულთან ასოცირდებოდა, თუმცა ეს ვარიანტიც გამოირიცხა _ მამამ აღიარა, რომ შვილი ხუთი დღის დაკარგული იყო, ელოდა, რომ გამოსასყიდს მოითხოვდნენ და ამიტომ, მილიციაში არ მივიდა, მაგრამ როცა არც ბიჭი გამოჩნდა და არც _ ფულის მთხოვნელი, სამართალდამცავებს მიმართა. 

„უკვე ძალიან უკან ვიყავით, ხუთი დღით უკან. უნდა დაგვეკითხა ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, არც კი ხსომებოდათ, რა მოხდა ხუთი დღის წინ, როგორ მოხდა, ვინ როდის ნახა ბოლოს დაკარგული ბავშვი. პრინციპში, რაღა ბავშვი, ბიჭი 22 წლის იყო და მთელი ქალაქი იცნობდა“, _ გვიყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

როგორც მამა ამბობდა, ის მეგობრებთან ერთად, რესტორანში ქეიფობდა, იქიდან მარტო გამოვიდა, თავის „06“-ის მარკის ავტომობილში ჩაჯდა და გაუჩინარდა. არავინ არაფერი იცოდა, ყველა მეგობარი ადგილზე დარჩა ანუ მას არავინ გაჰყოლია და ვერც ბიჭს და ვერც მანქანის კვალს, ოჯახის წევრებმა, ხუთი დღის განმავლობაში ვერ მიაგნეს. სამართალდამცავებმა მანქანა, იმავე დღეს, მცხეთაში, ტყის პირას იპოვეს. ავტომობილი ცარიელი იყო და, როგორც ჩანდა, დამნაშავემ ბიჭი სწორედ ამ მანქანით გაიტაცა, რადგან სალონში თითის ანაბეჭდები წაშლილი იყო ანუ მეპატრონის ანაბეჭდიც კი არ იძებნებოდა. რაღა თქმა უნდა, დამნაშავეს შიში ჰქონდა, რომ მას ანაბეჭდებით იპოვიდნენ. 

გავიდა კიდევ ორი დღე და იმავე მცხეთის ტყეში, მეტყევემ დასახიჩრებული ახალგაზრდის ცხედარი იპოვა. მამამ შვილი ტანისამოსით იცნო და სისხლის ანალიზმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი, სწორედ დაკარგული ბიჭი იყო. გამოძიება ექსპერტის დასკვნას დაელოდა და შოკისმომგვრელი პასუხიც მიიღო. 

„ბიჭი, მაქსიმუმ, 48 საათის წინ მოკლეს. ის გაგუდულია, მაგრამ გაგუდვამდე, დაუმტვრიეს ფეხის ძვლები, ნეკნები და ხელის თითები ანუ აწამეს და საოცარია, შოკური ტკივილით როგორ არ გარდაიცვალა. რაც შეეხება დასახიჩრებას, ეს გარეული ცხოველების ნამოქმედარია“, _ ასეთი იყო ექსპერტიზის დასკვნა. 

იმის გამო, რომ რესტორნებში, ძირითადად, ერთი და იგივე ხალხი დადიოდა, პერსონალი ყველას იცნობდა. გარდაცვლილის მაგიდის წევრებმა თქვეს, რომ ბიჭი საკმაოდ დათვრა, შემდეგ გამოაცხადა, მეგობარ ქალთან მივდივარო და რესტორნიდან გავიდა. კონფლიქტს ან კამათს ყველა უარყოფდა, მათი მონათხრობი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ან სიმართლე იყო, ან შეთანხმებულად მოქმედებდნენ. შეთანხმებისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, მაგრამ იგივეს იმეორებდა პერსონალიც და მაგიდის სხვა წევრებიც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს სიმართლე იყო. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა, თუმცა... 

„დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ რესტორანში მოხდა რაღაც. სხვაგვარად, წარმოუდგენელი იყო, ბიჭს შემთხვევით გადაყროდა ვინმე, დღეების განმავლობაში ეწამებინა და მერე მოეკლა. შემთხვევით ასეთი რამეები არ ხდება. ამიტომ, რესტორნის ყველა სტუმრისა და მედპერსონალის სრული სია გარდაცვლილის მამას მივუტანე, იქნებ, ვინმეს სახელი და გვარი გეცნობა-მეთქი. იმანაც სია ჩაათვალიერა და გაშეშდა _ ერთ-ერთი მიმტანი სწორედ ის იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მისი „ვოლგით“, კლასელთან ერთად გაიტანეს, გოგონა ადგილზე დაიღუპა, ბიჭი კი გადარჩა. ეს უკვე სამხილი გახლდათ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ოპერატიული ჯგუფი მიმტანის დასაკავებლად გავიდა და ბიჭი განყოფილებაში მიიყვანეს. მან დაადასტურა, რომ წლების წინ, ავარიაში მოჰყვა, რომ ის, უბრალოდ, თანაკლასელთან კი არა, შეყვარებულთან ერთად იყო, რომ ერთად უნდა ჩაებარებინათ სასწავლებელში და ყველა ეს ოცნება გოგონას სიკვდილთან ერთად დასრულდა, თუმცა ბიჭი კატეგორიულად უარყოფდა რესტორნის დატოვებას და ამტკიცებდა, მთელი ღამე იქ ვიყავიო. სტუმრების გამოკითხვიდან დადასტურდა, რომ ეჭვმიტანილი მუდმივად თვალთახედვის არეში იყო, ორ, საკმაოდ აქტიურ მაგიდას ემსახურებოდა და პრაქტიკულად, სულ დარბაზში ტრიალებდა. ის გარეთ გასვლას, გარდაცვლილის მანქანაში ჩაჯდომას, შემდეგ, მის სადმე წაყვანას, დამწყვდევას, უკან დაბრუნებასა და მერე ისევ იქ მისვლას ვერ მოახერხებდა, თანაც გარდაცვლილი საკმაოდ ძლიერი ფიზიკური მონაცემების იყო და ეს მაშინ, როცა მიმტანი ძალიან გამხდარი, ავადმყოფური სახის ბიჭი იყო, რომელსაც ავარიამ თავისი კვალი დაუტოვა _ ერთი ხელის სრულად ხმარება უჭირდა ანუ ის მსხვერპლს ვერ მოერეოდა, თუმცა გამომძიებელს სჯეროდა, რომ კვალი სწორედ მისკენ მიდიოდა და ამიტომ, პერსონალის კიდევ ერთხელ დაკითხვა გახდა საჭირო. 

საბოლოოდ, გამოძიებას ყველაზე საინტერესო ინფორმაცია დირექტორმა მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ მიმტანი, ლამის ერთი თვე ეხვეწებოდა, ჩემი მეგობარი მიიღე სამსახურში, ნებისმიერ რამეს გააკეთებსო და მანაც ჯანიანი ბიჭი მტვირთავად აიყვანა. სამი დღის შემდეგ კი ეს ბიჭი, უბრალოდ, გაქრა, სამსახურში აღარ დადიოდა და მისი ასავალი არც მიმტანმა იცოდა. მეგობრის სახელი გამოძიებისთვის სიურპრიზი იყო _ ის წლების წინ გარდაცვლილი გოგონას ძმა აღმოჩნდა. რაღა თქმა უნდა, მასზე ძებნა გამოცხადდა და სამართალდამცავებმა მეორე დღესვე დააკავეს. დიდად წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია და არც დანაშაული დაუმალავს. 

„როცა ჩემი და თანაკლასელთან ერთად ტროტუარზე იდგა, მე გზის მეორე მხარეს ვიყავი. დავინახე, როგორ დაეჯახა „ვოლგა“, როგორ გადმოხტა ახალგაზრდა ბიჭი და როგორ გაიქცა. სად მეცალა იმის სადევნად, და მიკვდებოდა და იმას მივვარდი. ვერ გადავარჩინე და სასამართლოზე მივედი, მაინტერესებდა, რას იტყოდა მკვლელი. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა განსასჯელის სკამზე, ვიღაც ასაკოვანი ბიძა იჯდა და ეს მაშინ, როცა მე ჩემი თვალით დავინახე ახალგაზრდა ბიჭი, ვუთხარი კიდეც გამოძიებას, მაგრამ არ დამიჯერეს, აქაოდა, ეს კაცი აღიარებითი ჩვენებით მოვიდა, „სროკზე“ მიდის, ტყუილი რაში უნდა აწყობდესო. ლოგიკას ვერც მე მივხვდი და რაც მთავარია, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ის ბიჭი, ამიტომ ვერაფერი შევცვალე. დაველოდე პროცესს, ვნახე, რომ მას მიუსაჯეს და ვიფიქრე, შეიძლება მართლა მომეჩვენა-მეთქი. საქმე თავიდან ბოლომდე მქონდა შესწავლილი, ეჭვს ვერავინ შეიტანდა, ისე ვირტუოზულად იყო ყველაფერი გაკეთებული. 

ჰოდა, ახლა, წლების მერე, რესოტრანში დავინახე ის ბიჭი, მაშინ მანქანიდან რომ გადმოხტა. ჩემი დის თანაკლასელს ვკითხე, ვინ არის-მეთქი და სახელი და გვარი მითხრა. საქმის მასალები გამახსენდა, გვარი „ვოლგის“ მფლობელისას ემთხვეოდა და ყველაფერს მივხვდი _ ფულიანმა მამამ ვიღაც უბედური შეითანხმა, გადაუხადა, ციხიდან გაყვანასაც შეპირდა, შვილი კი გადაარჩინა. ამ ჩემი დის უბედურმა მეგობარმა კიდევ არაფერი იცოდა და პრაქტიკულად, მისი საცოლის მკვლელს, ლამის ყოველ საღამოს ემსახურებოდა. მეორე დღეს, ყველაფერი მზად მქონდა, როცა ბიჭი მოვიდა, მის მანქანაში, უკან ჩავჯექი და დაველოდე. რესტორანს, ძირითადად, მარტო ტოვებდა, ავტომობილს არასოდეს კეტავდა. საბოლოოდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვივარაუდე. მანქანა რომ გააჩერა, თავში რკინის ნაჭერი ჩავარტყი, საბარგულში ჩავტენე და მუხათგვერდში, მიტოვებულ ნანგრევებში ავიყვანე. ექსპერტის დასკვნაც წაკითხული მქონდა, ზუსტად ვიცოდი, სად და რა ჰქონდა მოტეხილი ჩემს დას და ყველაფერი იგივე სიზუსტით გავიმეორე. აღიარა, მე ვიჯექიო, ნასვამი ვიყავიო. მოკლედ, მე შური ვიძიე, დანარჩენი თქვენ იცით“, _ დაასრულა მოყოლა დაკავებულმა. 

 

გარდაცვლილის მამამ იმდენი ქნა, რომ დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც მერე გაირკვა, მას ციხეში უნდა გასწორებოდნენ, მაგრამ ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ური თქვეს, ვაჟკაცურად მოიქცა და ვაჟკაცობა არ ისჯებაო.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში