Menu
RSS

სკანდალი: „აზოტის“ ორი თანამშრომელი, რომელიც სამართალს ეძებდა, გარდაიცვალა!

რატომ არ ასრულებს „რუსთავის აზოტი“ სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას

სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. კომპანიიდან უსამართლოდ დათხოვნილი 56 თანამშრომელი, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საკუთარ პოზიციაზე და სოლიდური კომპენსაცია მიიღოს, მესამე თვეა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უშედეგოდ ელის. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ თავდაპირველად, „აზოტს“ 57 მოსარჩელე ჰყავდა, მაგრამ ერთი თანამშრომელი სამი წლის წინ გარდაიცვალა, დარჩენილ 56 მოსარჩელეს კი, სამართალის ძიებაში, ათიოდე დღის წინ, კიდევ ერთი კოლეგა გამოაკლდათ... არადა, სს „რუსთავის აზოტი“, კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სპეციალური #შთOPჩOV-ის ფონდიც კი შეიქმნა, სადაც სს „რუსთავის აზოტმა“ 100 000 ლარი ჩარიცხა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებებისთვის“ FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: „ძალიან სასაცილოა, როდესაც სტოპცოვ.გე-ზე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებში მოყვანილია ისეთი კომპანია, როგორიცაა სს „რუსთავის აზოტი“. მაშინ, როდესაც ამ კომპანიამ მის არაერთ თანამშრომელს შეულახა შრომითი უფლებები, სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან 

350-ზე მეტი დასაქმებული, ხოლო 56 მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვისა და სამი ინსტანციის მოგების შემდგომ, დღემდე აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია!“ 

„ვერსია“ დაინტერესდა, რა მოხდა სინამდვილეში, რა პროცესი მოიგო სს „რუსთავის აზოტის“ ახლა უკვე 55-მა თანამშრომელმა და სასამართლოს რა გადაწყვეტილების აღსრულებას აჭიანურებს კომპანია?

2017 წლის იანვარში, სს „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობამ უსამართლოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 350 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. გათავისუფლებული თანამშრომლების მცირე ნაწილი, 57 ადამიანი ამ უსამართლობას არ შეეგუა და სასამართლოში სარჩელი აღძრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, კომპანიას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა. სამწუხაროდ, 57 ადამიანიდან ერთი, მალევე გარდაიცვალა. 

„აზოტიდან“ უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლების ინტერესებს თავიდანვე ადვოკატი თამარ სურმავა იცავდა, რომელმაც „ვერსიას“ საქმის დეტალები გააცნო: 

„56-ვე მოსარჩელემ სამივე ინსტანციის სასამართლო _ საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი მოიგო. უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის იანვარში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. კერძოდ, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა აღდგნენ სამსახურში და კომპენსაციის სახით, მიიღონ ხელფასის განაცდური 2017 წლის იანვრიდან _ 2020 წლის თებერვლის ჩათვლით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება. იმის გამო, რომ ამ ვალდებულებას ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებას სს „რუსთავის აზოტი“ საკუთარი ნებით არ ასრულებდა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ, რათა კომპანია აეძულებინა, რომ ეს ადამიანები სამსახურშიც აღედგინათ და მათთვის კომპენსაციებიც მიეცათ“. 

თამარ სურმავამ „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მართალია, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „რუსთავის აზოტს“ ოფიციალურად მიმართა, მაგრამ კომპანიისგან კანონსაწინააღმდეგო პასუხი მიიღო, თითქოს „აზოტის“ ადმინისტრაციას არც შესაბამისი შტატები აქვს სამი წლის წინ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღსადგენად და არც მათთვის შესაბამისი პოზიციებია ამჟამად ვაკანტური. 

„ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის განყოფილებამ, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, ჩვენ მოგვმართა _ გზებს ვეძებთ, რათა ეს ხალხი სამსახურში აღდგეს და სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღსრულდესო. თუმცა ამ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს დამოკიდებულებაც საკმაოდ გაუგებარი და გაურკვეველია. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს ანუ ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა აღდგნენ სამსახურში, რატომ არ შეიძლება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსთხოვოს კომპანიას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს? გარდა ამისა, სამსახურში აღდგენის პროცესის პარალელურად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვალდებულება გააჩნია, რომ „რუსთავის აზოტის“ ქონება დააყადაღოს. ეს უწყება კი კანონისგან განსხვავებულ პოზიციას იჭერს და გვიხსნის, რომ ამ ადამიანებისთვის თანხის ჩარიცხვა სამსახურში აღდგენასთანაა დაკავშირებული, რაც რეალურად არასწორია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ამ ადამიანებს განაცდური უნდა აუნაზღაურდეთ 2017 წლის იანვრიდან _ 2020 წლის თებერვლამდე. ეს თარიღი სპეციალურად მივუთითეთ გადაწყვეტილებაში, რადგან ვიცოდით, ამ ხალხის სამსახურში აღდგენა გაჭიანურდებოდა, მაგრამ კომპენსაციის გადახდის პროცესიც რომ არ გაწელილიყო, სასამართლოს გადაწყვეტილებაში 2020 წლის თებერვალი ჩავწერეთ. ამიტომ, კომპენსაციის გაცემას ნამდვილად არ უშლის ხელს ამ ხალხის სამსახურში აღდგენა, თუმცა თავის პოზიციებზე აუცილებლად რომ უნდა აღდგნენ, ესეც სამივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა“. 

აქედან გამომდინარე, თამარ სურმავა ეჭვობს, რომ ამ ქმედებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის განყოფილება ხელს უწყობს „რუსთავის აზოტს“, დროში გაწელოს და გააჭიანუროს, როგორც ამ ხალხის სამსახურში აღდგენის, ასევე მათთვის სამწლიანი განაცდურის ანაზღაურება: 

„ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ადამიანები არ მუშაობენ, შემოსავლების ყველანაირი წყარო დაკარგეს, ამიტომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პირიქით, სამართლიანობის მიღწევის პროცესი უნდა დაეჩქარებინა, თუმცა ამ უწყებისგან ვიღებთ პასუხს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დასაბრუნებლად, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. კანონით უფლება გვაქვს, რომ აღმასრულებლის ქმედება საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ან სასამართლოში გავასაჩივროთ. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ასევე იუსტიციის მინისტრს, რათა ამ საქმით უფრო მეტად დაინტერესდნენ“. 

* * * 

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, „ვერსია“ აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსმა, პაატა შამუგიამ განგვიმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ნებისმიერი სააღსრულებო წარმოება კონფიდენციალური ინფორმაციაა. შესაბამისად, ამ ტიპის ინფორმაციის მიღების საშუალება მხოლოდ მხარეებს აქვთ, რომლებსაც ამისთვის სპეციალური, უნიკალური კოდი გააჩნიათ და აი, რატომ: 

„ამ კოდის საშუალებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე, მხარეებს შეუძლიათ საკუთარი საქმის მიმდინარეობას გაეცნონ და დააკვირდნენ, რა გააკეთა აღმასრულებელმა: რა განცხადება, ან რა შეტყობინება გააგზავნა და რა ღონისძიებები გაატარა. კოდის საშუალებით, დაინტერესებულ მხარეს ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს ელექტრონულად. სამწუხაროდ, თქვენ, როგორც მესამე მხარე, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებთ, რადგან მხარეების თანხმობის გარეშე, ამ ინფორმაციის გაცემას კანონი კრძალავას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეების თანხმობა გაქვთ, აუცილებლად ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული, რასაც საყოველთაო კარანტინის პირობებში, ნამდვილად ვერ მოახერხებთ“. 

მართალია, პაატა შამუგია მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა, მაგრამ საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ის მაინც აგვიხსნა, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე, აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო ფურცლის ბიუროში შესვლისთანავე იწყებს აღსრულების წარმოებას. კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, აღმასრულებელი ყველა საჭირო ქმედებას ახორციელებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. კორონავირუსის პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის გარეშეც კი, მსგავსი ტიპის საქმეების დასასრულებლად, ერთი ან ორი თვე საკმარისი არ არის. 

* * * 

დაზარალებული გურამ იანთბელიძე სს „რუსთავის აზოტში“ 2000 წლიდან მუშაობს. 2017 წლის 27 იანვარს, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სრულიად უკანონოდ დაითხოვეს სამსახურიდან, მას კომპანიაში მუშაობის 17-წლიანი სტაჟი ჰქონდა. „ვერსიასთან“ საუბრისას გურამ იანთბელიძე ამბობს, რომ მისი სტაჟი რა სახსენებელია, როდესაც „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობამ ის ღვაწლმოსილი მუშაკებიც კი არ დაინდო, რომლებმაც „აზოტი“ საკუთარი მხრებით, დღემდე მოიტანეს: 

„სამი წლის წინ, 350 თანამშრომელი ერთი ხელის მოსმით, უკანონოდ გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. ამ 350 კაციდან, 57-მა გადავწყვიტეთ, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად გვებრძოლა, რაშიც „რუსთავის აზოტის“ პროფკავშირის თავმჯდომარე, გელა ბიჭიაშვილი დაგვეხმარა. მისი დახმარებით, ჩვენ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილსა და მის მოადგილეს, თამაზ დოლაბერიძეს დავუკავშირდით. სწორედ ისინი დაგვეხმარნენ, რომ სასამართლოში სარჩელი შეგვეტანა, ჩვენი ადვოკატი, ქალბატონი თამარი, გაერთიანებული პროფკავშირების იურისტია და სამივე ინსტანციის სასამართლოში ისე დაგვეხმარა, ერთი თეთრიც არ აუღია ჩვენგან“. 

გურამ იანთბელიძემ „ვერსიას“ აუხსნა, რომ ვიდრე სასამართლოში პროცესი არ დასრულდებოდა, სს „რუსთავის აზოტს“ უფლება არ ჰქონდა, მომჩივანი თანამშრომლების ყოფილი პოზიციები გაუექმებინა. შესაბამისად, ხელმძღვანელების არგუმენტი, თითქოს გათავისუფლებული თანამშრომლების აღსადგენად, შესაბამისი პოზიციები არ არსებობს და ეს პოზიციები არც ვაკანტურია, საფუძველსაა მოკლებული. 

„მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული, „რუსთავის აზოტში“ მტვირთავად ანუ რიგით მუშად ვმუშაობდი. ამ სამი წლის მანძილზე, ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რა უფლება ჰქონდათ, ჩვენი ძველი პოზიციები გაუექმებინათ? სამივე ინსტანციის სასამართლოში მოვიგეთ საქმე, სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები იმას ნიშნავს, რომ უკანონოდ დაგვითხოვეს და გაგვყარეს სამსახურიდან, დღეს საქმე მოგებული გვაქვს, მაგრამ ისევ სამართალს ვეძებთ. ამიხსენით, რა აზრი აქვს, მაშინ სასამართლოში საქმის მოგებას? ყველაზე მთავარი იცით, რა არის? 2015 წლის 1 აგვისტოდან, უვადო ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული, ამიტომ ჩვენი გათავისუფლება არ შეიძლებოდა“.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში