Menu
RSS

კორონაკარანტინის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში კრიმინალის ეპიდემია იფეთქებს!

რატომ გეგმავენ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ევროპიდან აზიაში გადაბარგებას

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ყველაზე მეტად სწორედ კრიმინალს უჭირს. ქუჩებში იმდენი სამართალდამცველია, რომ საკმარისია, ერთი ხმამაღალი შეძახილი და წამებში რამდენიმე ეკიპაჟი მოდის. ამას ისიც ემატება, რომ პრაქტიკულად, ნულამდე დავიდა ბინების გაქურდვის ფაქტები. ჯერ ერთი, ყველა სახლშია და მეორეც, გარეთ ღამით გასვლა შეუძლებელია, რადგან კომენდანტის საათია და ნებისმიერი მოძრაობა სამართალდამცავთა ყურადღებას იქცევს.

ზუსტად ანალოგიურ დღეში არიან არამარტო საქართველოში, არამედ, ევროპაში მცხოვრები კრიმინალებიც. ისე, ცნობისთვის გეტყვით, რომ ორიოდ კვირის წინ, ქვემო ქართლში, ძვირადღირებული „მერსედესი“ მოიპარეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვემო ქართლში, ლამის ყველა მუნიციპალიტეტი დაკეტილია, მისი გაყვანა ტერიტორიიდან გამორიცხული იყო. ამიტომ, სამართალდამცავებმა მშვიდად ააფრინეს დრონი, დაათვალიერეს მიმდებარე ტერიტორია და ავტომობილი იქვე, მეზობლის ეზოში იპოვეს. როგორც გაირკვა, მომპარავებს მისი დაშლა და ნაწილებად გაყიდვა სურდათ, ახლა კი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

რაც შეეხება ევროპაში მცხოვრებ ქართველებს, კრიმინალები კი არა, ლეგალურად ვინც არიან და მუშაობა სურთ, ისინიც გაჭირვებაში არიან და არალეგალურად მყოფებს, თან ისეთებს, რომლებიც მხოლოდ მოსაპარად არიან ჩასულნი, დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ აქვთ. ისინი იმასაც ჩივიან, რომ სიტუაცია ყველაზე მეტად მას შემდეგ აირია, რაც ევროპაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ატაშეები მიავლინა და ახლა ქართული პოლიცია იქაც არ ასვენებთ. 

 

„აქ ხომ იცი, როგორაა? სანამ გაგვიცნობდნენ, ევროპელი პოლიციელის დაგოიმებას არაფერი უნდოდა. მერე და მერე კი გამკაცრდნენ ქართველების მიმართ, მაგრამ გამოსავალს მაინც ვპოულობდით ხოლმე. მით უმეტეს, ტელეფონზე ერთმანეთს სულ ქართულად ვესაუბრებოდით, თარჯიმნად კი ძირითადად იქ მყოფი ქართველი სტუდენტები მოჰყავდათ. სტუდენტებს ხან ვეცოდებოდით, ხან ვიგებდით, ვის უნდა ეთარგმნა, ახლობლებს ვუგზვნიდით და ბევრ რამეს სიტყვა-სიტყვით არ თარგმნიდნენ. ახლა კი თარჯიმნების როლიც საქართველოდან ჩამოსულმა პოლიციელებმა შეითავსეს და ეგენი რამეს თუ დაამატებენ, თორემ მოკლებით არაფერს მოაკლებენ. ამიტომ, ვსხედვართ სახლებში გამოკეტილნი, ვცდილობთ, ერთმანეთს არ ვესაუბროთ და ველოდებით, როდის დასრულდება ყველაფერი, რომ ელემენტარულად, ქუჩაში გასვლა შევძლოთ. ესპანეთი და იტალია არამარტო სამართალდამცავთა მხრივ, არამედ, ყველანაირად საშიში გახდა და ამიტომ, კარანტინის მოხსნის შემდეგ, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა სხვა ქვეყნებში წავა“, _ გვეუბნება ერთ-ერთი არალეგალურად მცხოვრები ქართველი. 

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გამოდეპორტებულ კრიმინალებს უკვე ჩვენი სამართალდამცავები არ აძლევენ სიმშვიდის უფლებას და მათ გასაგებ ენაზე ეუბნებიან, რომ ქვეყანა უნდა დატოვონ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჩვენთან მოქმედებს „ქურდული სამყაროს წევრობის“ მუხლი და ამ მუხლს იოლად მიუყენებენ, მით უმეტეს, რომ გამოთხოვის შემთხვევაში, ევროპელი სამართალდამცავები იქ გაკეთებულ ჩანაწერებს არ დაამადლიან. 

სხვათა შორის, გავლენიან ქართველ კრიმინალთა უმრავლესობა სერიოზულად განიხილავს აზიის ქვეყნებში გადაბარგების თემას. ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი აზიური ქვეყნების მკაცრი კანონები და იქაური ციხეების აუტანელი მდგომარეობა გახლავთ. 

ამასთან, ქართველები გამორიცხავენ სერიოზული გათვლის გაკეთებას რუსეთზე. ჯერ ერთი, რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს და ესეც არ იყოს, უკვე რამდენჯერმე მოხდა, რომ ციხიდან გათავისუფლებული გავლენიანი ავტორიტეტები, ციხის კართანვე დააკავეს, მათ ბრალად ზუსტად ის მუხლი წაუყენეს, რომელიც ახლახან მიიღეს ანუ „ქურდული სამყაროს წევრობა“ და საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნიდან გაადეპორტეს, ცუდ შემთხვევაში კი, ახლიდან გაასამართლეს და ახალი სასჯელი დააკისრეს. 

საქართველოში კი სამართალდამცავები აშკარად კმაყოფილები არიან საგანგებო მდგომარეობის არსებობით. იმის მიუხედავად, რომ მათ, პრაქტიკულად, ყაზარმულ რეჟიმში უწევთ მუშაობა, აღარ არსებობს მძიმე დანაშაული და ძირითადად, გამოძახება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ხდება.  

 

ამასთან, ღამით კრიმინალებს პოლიციელთათვის შეუმჩნევლად გადაადგულება უჭირთ და მშვიდი მორიგეობები სამართალდამცავებს აშკარად აწყობთ. 

მართალია, კომენდანტის საათის დარღვევის გამო, არაერთი ჯარიმა იწერება, მაგრამ ეს არ არის ქურდობა და ყაჩაღობა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი მოაქვს. 

შესაბამისად, როგორც ხელისუფლება ემზადება პოსტკრიზისული პერიოდისთვის და ეკონომიკაზე აკეთებს აქცენტს, ისევე უნდა მოემზადონ სამართალდამცავები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქცენტი კრიმინალის მატებაზე გააკეთონ. ამ კატეგორიის ადამიანები აუცილებლად საკბილოს საძებნელად გამოვლენ და სამწუხაროდ, სამართალდამცავებს არაერთი უძილო ღამე ელით. 

ევროპაში მყოფი კრიმინალები არ მალავენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან კარანტინისა და კომენდანტის საათის დასრულებას, მით უმეტეს, დღეის მდგომარეობით, მათთვის ძალიან ხელსაყრელი გარემოა იმიტომ, რომ ნიღბიანი ადამიანი ქუჩაში არავის უკვირს და შესაბამისად, იდენტიფიცირებაც ძალიან ძნელია. ამიტომ, სწორედ სამედიცინო ნიღაბს ამოფარებულნი ჩაიდენენ დანაშაულს და მთავარია, სამართალდამცავებთან ერთად, ფხიზლად მოსახლეობაც იყოს: რიგითი ადამიანები აუცილებლად უნდა დაეხმარონ პოლიციას, სხვაგვარად, ქაოსი გარდაუვალია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში