Menu
RSS

საბჭოთა გენერლის საიდუმლო მკვლელობა

როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე და რა ბედი ეწია მკვლელს ციხეში

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი სამეურნეო ნაწილში მუშაობდა და ვერც მისი მეგობრები და ვერც ოჯახის წევრები ვერ ამბობენ, რატომ გაიმეტა საკუთარი სიცოცხლე. ზოგადად, როცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს, ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდება ხოლმე, აუცილებლად ტარდება შიდა გამოძიებაც, თუმცა როგორც წესი, მიზეზსა და შედეგებს მხოლოდ ოჯახის წევრებს აცნობენ და საჯაროდ ამაზე არავინ საუბრობს.

1981 წელს, მოსკოვში, საკუთარ ბინაში, გენერალ-მაიორი და მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს. ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ 70 წელს მიღწეულმა გენერალმა ჯერ მეუღლე გაგუდა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილები შვილმა იპოვა, ქალმა, რომელიც შაბათ-კვირას, მშობლებს აუცილებლად სტუმრობდა ხოლმე. სახლიდან წაღებული არაფერი იყო, რაც თვითმკვლელობის ვერსიას უფრო ამყარებდა. რა ძნელი მისახვედრია, რომ გენერალ-მაიორი ღარიბი არ იქნებოდა და სახლიც ძვირფასეულობით იქნებოდა გამოტენილი. 

ხელუხლებელი იყო, დაახლოებით, ექვსი ათასი მანეთი _ იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა და ოქროულობა, რომელიც ასევე, სოლიდური ფული ღირდა. 

„ყველაფრის მიუხედავად, საქართველოდან, უკრაინასა და ბელორუსიდან გამოცდილ გამომძიებლებს უხმეს. პირადად შინაგან საქმეთა ლეგენდარული მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის ბრძანება იყო, რომ ძიება მოძმე რესპუბლიკების გამოცდილ მუშაკებს ჩაეტარებინათ, რათა ჭეშმარიტება დადგენილიყო. საქართველოდან მე და კიდევ ერთი, მაიორი ვახტანგ ტ. გაგვამგზავრეს. პირველი თათბირი პირადად შჩოლოკოვმა ჩაატარა და გვითხრა, რომ თვითმკვლელობის ვერსიას კეტეგორიულად გამორიცხავდა. 

 

_ ის ჩემი მეგობარი იყო, ბავშვობის მეგობარი. ერთად გამოვიარეთ ომი, ერთად ვიარეთ ბერლინამდე. ექსპერტიზის დასკვნით, მას ხელზე დენთის კვალი აქვს, რასაც მე ავხსნი _ მკვლელობის წინა დღეს, სასროლეთში ვიყავით ერთად და ვისროლეთ, თანაც ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. გენერალი თუ თავის მოკვლას გადაწყვეტს, ტყვიას შუბლში დაიხლის, რათა უეჭველი სიკვდილი დადგეს და არა _ გულში, რომ შემთხვევით არ გადარჩეს და მერე, სირცხვილით იცხოვროს. 

მკვლელობის წინა დღეს, ის ძალინ კარგ ხასიათზე იყო და თავს არ მოიკლავდა. დაკითხეთ ყველა, ვისი სურვილიც გაგიჩნდებათ, მათ შორის, მეც! არ მოერიდოთ არავის და არაფერს, ის ტყვია, რომელმაც ჩემი მეგობარი იმსხვერპლა, მეც მომხვდა, _ ასეთი სიტყვები თქვა შჩოლოკოვმა თათბირზე და მივხვდით, რომ გვქონდა ყველაფრის უფლება, ოღონდ კი დამნაშავე დაგვეჭირა. 

ჰო, დასასრულ, შჩოლოკოვმა ისიც თქვა, თუ ეჭვმიტანილი გეყოლებათ და შემთხვევით, აყვანის დროს მოკლავთ, იცოდეთ, რომ ყველას დაგიჭერთ და ციმბირი მოგენატრებათო. მე დამნაშავე ცოცხალი მჭირდება, პირადად უნდა დავკითხო და თვალებში ჩავხედოო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვერ ვიპოვიდით ვინმეს, ვერ შევტენიდით მკვლელობას და ვერ მოვკლავდით აყვანის დროს“, _ ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული მკვლელობის საქმის მოყოლა პოლიციის გადამდგრამა პოლკოვნიკმა, ბატონმა თენგიზმა. 

სხვადასხვა რესპუბლიკის ოპერმუშაკებმა ფუნქციები გადაინაწილეს და ყოველ საღამოს თათბირი დათქვეს. განსაკუთრებულს ვერავინ ვერაფერს მიაკვლია, თუმცა ის, რომ გენერალი მოკლეს, ცხადი მალევე გახდა: ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილის მეუღლის ფრჩხილებზე აღმოჩენილი კანის ნაწილები, გენერალს არ ეკუთვნოდა ანუ ქალმა მკვლელს წინააღმდეგობა გაუწია და სავარაუდოდ, დაკაწრა კიდეც. 

ამასთან, ნიშანდობლივი იყო შემდეგი _ სახლის კარი შიგნიდან იყო გაღებული ანუ გენერალმა მკვლელი თავად შეუშვა ბინაში, რაც ეჭვმიტანილთა წრეს ძალიან ამცირებდა. გენერალთან ასე მარტივად ვერავინ მივიდოდა და ისიც არ შეუშვებდა პირველ შემხვედრს სახლში. მთავარი კითხვა, რის გამო შეეძლოთ მოეკლათ გენერალი, მაინც უპასუხოდ რჩებოდა. მტერი არ ჰყოლია, სახლიდან არაფერი წაუღიათ, შემთხვევით გასროლას ვერავინ განახორციელებდა, მით უმეტეს იმ იარაღიდან, რომელიც გენერალს, პენსიაზე გასვლის დროს, საზეიმო ვითარებაში გადასცეს. იარაღი სეიფში იყო ჩაკეტილი, სეიფის კოდი კი, როგორც ქალიშვილები აცხადებდნენ, ოჯახის წევრების გარდა, არავინ იცოდა. საუბარი იყო იმ ქალიშვილზე, რომელმაც მშობლები გარდაცვლილი იპოვა, მეორე ქალიშვილსა და მათ ქმრებზე. 

მართალია, გენერლის გოგოებს შვილები ჰყავდათ, მაგრამ ყველაზე უფროსი 18 წლის იყო და გამოირიცხა, რომ 18 წლის ბავშვი ბაბუასა და ბებიას დახოცავდა. დანარჩენი შვილიშვილები უფრო პატარები იყვნენ და რაც მთავარია, შვილიშვილებმა არ იცოდნენ სეიფის კოდი. 

უმცროსი ქალიშვილის ქმარი ინჟინერი გახლდათ და ერთი კვირით მივლინებაში იმყოფებოდა. მკვლელობის დროს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაადასტურა, რომ ის სხვა ქალაქში, ობიექტზე იყო. დარჩა უფროსი ქალიშვილის ქმარი, რომელიც უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენი გახლდათ ლექტორზე ეჭვის მიტანა, თანაც გენერალმა ორივე შვილს საკმარისი ქონება დაუტოვა: ბინა დედაქალაქის ცენტრში, ნორმალური სამსახურები, სახელი, პატივი და რაც მთავარია, ყველა ამბობდა, რომ მათ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ანუ არ არსებობდა მკვლელობის მოტივი. შვილებმა ვერ გაიხსენეს ვერცერთი ძვირფასი ნივთი, რომელიც მათი ოჯახიდან შეიძლებოდა დაკარგულიყო, თანხაც ხელუხლებელი გახლდათ, რამდენიმე ათასიანი დანაზოგი კი ბანკის წიგნაკზე იყო შენახული და პოტენციური მკვლელი მას ვერანაირად მიიღებდა. 

მოკლედ, ოჯახის წევრების ინტერესში გენერლისა და მისი ცოლის მკვლელობა არ შედიოდა. არსებობდა მოსაზრება, რომ მკვლელმა მოხუცები აიძულა და სეიფი გააღებინა, მაგრამ იქაც ხელუხლებელი იყო ყველაფერი და მკვლელობა მკვლელობისთვის, თანაც ასეთი პიროვნებისა, ლოგიკაში არ ჯდებოდა. 

_ სხვა გამოსავალი არ არის, ოჯახის წევრებს სისხლის ანალიზი უნდა ავუღოთ და იმ კანის ფრაგმენტს შევადაროთ, რომელიც გარდაცვლილი ქალის ფრჩხილქვეშ ვიპოვეთ. თუ რომელიმეს დაემთხვა, მაშინ უმკაცრესად დავკითხავთ, თუ არა და, სხვა მიმართულებაზე დავიწყებთ ფიქრს. იმ მიმართულებაზე, რომელიც ჯერ თავში არავის მოგსვლიათ აზრად და ვერ ვხვდები, რატომ ითვლებით თქვენს ქვეყნებში საუკეთესო გამომძიებლებად, _ შჩოლოკოვი თათბირზე ბრდღვინავდა და მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდა. 

როცა სიძე-ქალიშვილებს ვამცნეთ, რომ ანალიზი უნდა აგვეღო, მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და მაშინვე შჩოლოკოვს დაურეკეს. მან მშვიდად მოუსმინა და უთხრა, რომ ეს აუცილებელი პროცედურა იყო, რეალურად, მათზე კი არ ჰქონდათ ეჭვი, არამედ, ყველაფერი პროტოკოლისთვის იყო საჭირო და გენერლის საქმეს სჭირდებოდა. მეორე დღეს, ექსპერტი გაოგნებული სახით შემოვიდა და გვითხრა, რომ ქალის ფრჩხილის ქვეშ აღმოჩენილი კვალი უფროსი ქალიშვილის ქმარს ეკუთვნოდა. შჩოლოკოვი ლამის კრუნჩხვებში ჩავარდა და მისი უხმაუროდ დაკავება ბრძანა. უხმაუროდ არ გამოვიდა, რადგან გენერლის უფროსმა შვილმა გვითხრა, რომ მისი ქმარი ანალიზების აღების შემდეგ, მეგობართან წავიდა და ადგილამდე არ მისულა. ეს უკვე დანაშაულის აღიარება იყო და შჩოლოკოვმა საყოველთაო ძებნა გამოაცხადა. ვეძებდით ყველა, ჩვენ ანუ სამართალდამცავები, ქურდები, ჯიბგირები, ბოშები, მატარებლის გამცილებლები, მაღაზიის გამყიდველები, ყველა, ვისაც კი შეეძლო, რაიმე ინფორმაცია მოეწოდებინა. მისი დაკავება მკითხავი ბოშას მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევძელით. შჩოლოკოვი დაკითხვას პირადად აწარმოებდა და მდივნის გარდა, რომელიც დაკითხვის ოქმს ადგენდა, არავინ დაისწრო. 

მერე გაიგეს გამომძიებლებმა, რომ მკვლელობის მიზეზი დაუმუშავებელი ბრილიანტი ანუ ალმასის ნატეხი იყო. გენერალი, დაახლოებით ოცი წლის წინ, რაღაც გაცვლითი პროგრამით, აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა და იქ ცოლთან ერთად, ექვსი წელი გაატარა. სწორედ იქიდან ჩამოიტანა ალმასის ქვა და თანაც იმ ზომის, რომ საბჭოეთში ანალოგი არ ჰქონდა. გენერალი ამ ქვას სეიფში ინახავდა და ის სიძემ შემთხვევით ნახა, როცა იარაღის ტყვიები უნდა აეღო. ბედის ირონიით, გენერალმა იმდენი მოახერხა, რომ სიძეს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ტყვიებს კი სწორედ სიმამრი აძლევდა. უფროსი ქალიშვილის ქმარი, გაცვლითი პროგრამით, ლექციების წასაკითხად რამდენიმე თვის წინ, ბულგარეთში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ იუველირს ალმასის თვალი აღუწერა და გაიგო, რომ მისი ფასი, მინიმუმ, 250 ათასი დოლარი გახლდათ. დოლარი და არა _ მანეთი. ამის შემდეგ დაიგეგმა მკვლელობა და სიძემ სიდედრი და სიმამრი მშვიდად დახოცა, ალმასის თვალი აიღო და მხოლოდ იმას ელოდა, როდის მოუწევდა მეორედ საზღვარგარეთ წასვლა, სადაც ქვის გაყიდვას და სამუდამოდ დარჩენას აპირებდა. 

 

გოგონებმა იცოდნენ „შუშის ნატეხის“ არსებობა და იხსენებდნენ, მამა ამბობდა, როცა მიხვდებით, რომ ყველაზე ძალიან გიჭირთ, ეს ქვა მაშინ გაყიდეთო. შვილებს ეჭვი კი ჰქონდათ, რომ ქვა უბრალო არ იყო, მაგრამ ისეთი მოუხეშავი ფორმა ჰონდა, ბევრი არ უფიქრიათ, მით უმეტეს, არ უჭირდათ და ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე გაუჭირდებოდათ. 

ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდა, პირველ სასამართლოზე განსასჯელმა ჩვენება მისცა, მეორე სასამართლოზე კი ვეღარ მოვიდა _ ოფიციალური ვერსიით, ის ციხის დერეფანში წაიქცა და რკინის კუთხეს თავი ჩამოარტყა. 

ჩვენ, ყველამ ვიცოდით, რომ შჩოლოკოვი მეგობრის მკვლელობას ასე მარტივად ვერავის აპატიებდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში