Menu
RSS

დანით მიყენებული ორი სასიკვდილო ჭრილობა, ერთი - ღვიძლში, მეორე კი - გულმკერდში - რა გახდა საზარელი მკვლელობის მოტივი

 

თუ დღეს ქალი საჭესთან ჩვეულებრივი მოვლენაა, ადრე სუსტი სქესის წარმომადგენლები ავტომობილებით იშვიათად მოძრაობდნენ. დედაქალაქშიც ხელის თითებზე იყო დასათვლელი იმ ქალბატონთა რაოდენობა, ვინც საჭესთან უჯდა, რეგიონებისთვის კი ეს სრულიად უცხო ხილი გახლდათ. გარდა იმისა, რომ ქალებს უჭირდათ საბჭოთა მანქანების მართვა, იყო კიდევ ერთი პრობლემა - ავტომობილის ყიდვა უნდა დაგესაბუთებინა ანუ ოჯახში ორი ავტომობილის ყოლა წარმოუდგენელი იყო და ამიტომ, საჭეს ძირითადად კაცები მართავდნენ.

1982 წლის ზამთარში, ცნობილი ინჟინერი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას დანით ორი ჭრილობა ჰქონდა და შეიძლება ითქვას, ორივე სასიკვდილო. ერთი შემავალი ჭრილობა ღვიძლში იყო, მეორე - გულმკერდის არეში.

„არ იყო მაშინ მარტივი აღსაქმელი ცობილი ინჟინრის სასტიკი მკვლელობა. ეს ახლაა, ხალხი რომ მიეჩვია მკვლელობებსა და უბედურ შემთხვევებს, თორემ მაშინ, მთელი საქართველო იგებდა ხოლმე დანაშაულს და მილიციასაც დიდი ჯაფა ადგა - შეიძლება, ვერ გაგეხსნა ქურდობა, მაგრამ აუცილებლად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უნდა გაგეხსნა მკვლელობა, მით უმეტეს, ისეთი სისასტიკით ჩადენილი, როგორიც ახლა გვქონდა. საქმე მე მომანდეს“,-იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა გარდაცვლილის მეუღლე მოინახულეს.

„თვალები დამიბნელდა, ქალს რომ შევხედე, ულამაზესი გოგონა იყო და რამაც ელდა დამცა, მუცელი ლამის ცხვირთან ჰქონდა - დღე-დღეზე იმშობიარებდა. პირველი შვილიაო, ტირილით მითხრა. საქმისთვის სიანტერესო დეტალი ვერ მოგვაწოდა, ჩემს ქმარს მტერი არ ჰყავდა, ყველა დიდ პატივს სცემდაო და მართალიც იყო, ამას ლაპარაკობდა მთელი ქალაქი. მკვლელობის იარაღი ადგილზე არ იყო ანუ მკვლელმა წაიღო, სახლში მხოლოდ ცოლის და ქმრის ანაბეჭდები ვიპოვეთ და ცოლმაც დაგვიდასტურა, მას შემდეგ, რაც ორსულად ვარ, ტოქსიკოზი მქონდა და სტუმრების მიღებას ვერიდებოდით. დავკითხეთ, პრაქტიკულად, ყველა, ვისი დაკითხვაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს კაცი პატიოსნების ეტალონი იყო - არ თამაშობდა, არ სვამდა, საყვარელი არ ჰყავდა, არავის ვალი ჰქონდა, ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო და რითიც შეეძლო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ დანა პროფესიონალის დარტყმული იყო, მან ზუსტად იცოდა, სად და როგორ უნდა დაერტყა და ორიდან ერთი ჭრილობაც საკმარისი იქნებოდა სიკვიდლისთვის. როგორც ჩანს, დამნაშავემ თავი დაიზღვია, მაგრამ რატომ?! რატომ მოკლეს კაცი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა, რატომ გაუყარეს დანა ისე, რომ გადარჩენის მინიმალური შანსი არ დაუტოვეს? - ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხსაც მაძებრები ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ.

„ექსპერტიზის დასკვნაში ისიც ეწერა, რომ გვამს სპეციფიური ნაიარევი ჰქონდა მთელ, თუმცა ეს ნაიარევი ადრინდელი იყო, რამდენიმე წლის წინანდელი და ამას ჩავეჭიდეთ. ხომ შეიძლებოდა, ადრე ვიღაცასთან რამე მოუხდა და შური იძიეს. ნაიარევი თავისით ხომ არ ჩნდება? ცოლს ვკითხეთ და გვითხრა, 3 წლის წინ ავარიაში მოვყევით, საჭესთან მე ვიჯექი, ეგ ნაიარევიაო. როგორც აგვიხსნა, ქორწინების მეორე კვირა იყო, ქმარმა საჭესთან დასვა, თავად გვერდით მიუჯდა, ქალს მანქანა დაუგორდა, ხეს შეეჯახა და კაცი საქარე მინიდან გარეთ გადავარდა, მძიმედ დაშავდა, მაგრამ გადარჩა. იმის მიუხედავად, რომ საფუძველი არ მქონდა, ქალისთვის არ დამეჯერებინა, არქივიდან საქმე მაინც ამოვიღე, რადგან იყო იმის შანსი, რომ მან რაღაც დამალა და ხის ნაცვლად ვინმეს დაეჯახა. ყველაფერი დაემთხვა, ავტოსაგზაო შემთხვევა უკაცრიელ ადგილზე მოხდა, არავინ დაშავებულა ცოლ-ქმრის გარდა, თუმცა კაცი ძლივს გადაარჩინეს. ავდექი და იმ ექიმთან წავედი, ვინც ოპერაცია გაუკეთა, იმის იმედად, რომ მან რაიმე იცოდა. ექიმმა მაშნვე გაიხსენა ინჟინერი და საოცარი რამ მითხრა - ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ გარკვეული ადგილები ვერ აღვადგინეთ, გასაგებ ენაზე რომ გითხრა, ავარიის შემდეგ კაცს ქალთან ურთიერთობა აღარ შეეძლო ანუ იმპოტენტი გახდა. გავოგნდი - გარდაცვლილის ცოლი ორსულად იყო, ექიმი კი მიმტკიცებს, იმპოტენტი გახლდათო. ექიმმა საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, დასკვნები მომცა, სხვა ექიმებთან გადავამოწმე და ყველამ დაადასტურა, ასეთი ტრავმებით გამორიცხული იყო კაცისთვის ვინმეს მამაკაცური ფუნქცია აღედგინა. ავიღე ეს დასკვნები და ქალს დავადექი“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

მკაცრი დაკითხვის შემდეგ, ქალმა აღიარა, რაც ექიმებმა თქვეს. როგორც გაირკვა, ინჟინერი ცოლს არ დაშორდა და გადაწყვიტეს, ბავშვი ჰყოლოდათ. ამისთვის ინჟინერმა სამსახურში საკთარი ხელქვეითი შეარჩია, რომელიც მათთან ორი კვირა ცხოვრობდა და ცოლის განაყოფიერების სანაცვლოდ, 5 ათასი მანეთი გადაუხადა. მაშინ ეს უზარმაზარი ფული იყო. წავედით და ის ხელქვეითი დავაკავეთ, სამედიცინოს ყოფილი სტუდენტი, რომელიც სასწავლებლიდან ცუდი ყოფაქცევის გამო გამოუშვეს. მან აღიარა, რომ ქალი შეუყვარდა, გულგრილი არც ინჟინრის ცოლი იყო და გადაწყვვიტა, ბავშვის გაჩენამდე ინჟინერი მოეშორებინა. როგორც თავად თქვა, მკვლელობის შესახებ ქალმა არ იცოდა, მაგრამ აშკარად ხვდებოდა, ვისი ნახელავი იყო. სასამართლომ ყოფილ სტუდენტს მკვლელობისთვის 15 წელი მიუსაჯა, ორი წელი მიუსაჯეს ქალს დანაშაულის დაფარვისთვის. როგორც წლების მერე მითხრეს, მკვლელი ციხიდან 12 წლის შემდეგ გამოვიდა და ქალზე ოფიციალურად იქორწინა. მათი შვილი იმ დროისთვის უკვე 12 წლის იყო.

 

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში