Menu
RSS

თბილისში კორპუსის სახურავიდან ქალი გადმოაგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში ინახება საქმეები, რომლებიც შემთხვევით გაიხსნა და შემთხვევით გადაკვალიფიცირდა. ჰო, სწორედ რომ შემთხვევით, რადგან დღევანდელისგან განსხვავებით, ადრე მოქალაქეები სამართალდამცავებთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობდნენ და კანონდარღვევაზე ხმამაღლა საუბარიც არ „ტეხავდა“. ერთ ასეთ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი გვიყვება.

„განყოფილებაში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საწარმოს ბუღალტერმა თავი მოიკლა. ის იმ კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, სადაც დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა. ქალი საკმაოდ შეძლებული, თუმცა გაუთხოვარი იყო. ადგილზე მივედით, სახურავზე, ქვის ქვეშ წერილი იდო, სადაც ბუღალტერი ახლობლებს პატიებას სთხოვდა და დედამ ხელნაწერი ამოიცნო, ასეთი მოქარგული ასოებით ჩემი გოგო წერდაო. იყვნენ თვითმხილველებიც, რომლებმაც დაინახეს, როგორ გადმოფრინდა ქალი სახურავიდან და საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. ყოველი შემთსხვევისთვის, ხელნაწერი ექსპერტმა წაიღო, მე მშობლები გამოვკითხე, შემდეგ სამსახურში თანამშრომლები დავკითხე და განყოფილებაში დავბრუნდი. ქალი ყველამ დადებითად დაახასიათა და ვერავინ ხვდებოდა, რატომ უნდა მოეკლა თავი. სასიყვარულო ისტორიასაც ვერავინ იხსენებდა, ბუღალტერი საკმაოდ კარჩკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, თითქოს შეგუებული იყო, რომ არ გათხოვდებოდა, არადა, სულ რაღაც 38 წლის იყო, თუმცა მაშინ ეს ასაკი შინაბერობის ტოლფასი გახლდათ.

მოკლედ, საღამოს, სანამ განყოფილებიდან გავიდოდი, ვიღაც კაცი მომადგა ცოცხით. ქურთი მეეზოვეები იყვნენ მაშინ თბილისში, მაგრამ ამან მითხრა, მე ასირიელი ვარო. ყურადღებით გისმენთ-მეთქი, კართან ვუთხარი, გასვლას ვაპირებდი და შებრუნება დამეზარა.

- მე იმ მკვლელობაზე ვარ მოსული, დღეს რომ მოხდა, - საიდუმლოდ მითხრა. გონებაში მაშინვე მთელი დღე გავატარე და მკვლელობა ვერ გავიხსენე. რომელ მკვლელობაზე-მეთქი, ვკითხე და ეს მეეზოვე მეუბნება, ქალი რომ გადმოაგდეს კორპუსიდანო. ვიკადრე ოთახშ შებრუნება, დავსვი ეს კაცი და...

- დარწმუნებული ვარ მკვლელობაა, რადგან როცა ის ქალი გადმოვარდა, მეზობლები მილიციაშ და სასწრაფოში დასარეკად გაიქცნენ, მე დავრჩი იქ და ცოტა ხანში ქალის მეორე ფეხსაცმელი გადმოვარდა ანუ ქალის და ფეხსაცმლის გადმოვარდნამდე შუალედი 2-3 წუთი იყო. გესმით ეს რას ნიშნავს?! - დაასრულა მოყოლა მეეზოვემ.

ამ დროს ექსპერტიც მოვიდა და მთხრა, ხელნაწერი ძალიან ჰგავს ქალისას, მაგრამ მისი არ არის, რამდენიმე შეცდომაა დაშვებული წერის დროსო. ექსპერტმა ისიც თქვა, ამას მხოლოდ გამოცდილი კალიგრაფისტი ან კარგი მხატვარი უნდა, ისე ვერავინ დაწერდა და რაც მთავარია, ხელნაწერიც უნდა ჰქონოდა, რომ მიემსგავსებინაო. შემოვირტყი თავში ხელი, მე ხომ ყველაფერი ზერელედ დავათვალიერე, დეტალებს არ დავუკვირდი, რადგან ტიპური თვითმკვლელობა მეგონა. წავედი ადგილზე ხელმეორედ, სახურავი გულდასმით შევამოწმე და ვერაფერი ვიპოვე. აი, დილით მორიგი სიურპრიზი მელოდა, ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომელმაც თქვა, ანტენას ვასწორებდი და დავინახე, მეზობელი სახლის სახურავზე კაცი და ქალი რომ კამათობდნენ, მერე გავიგე, ის ქალი გადმოვარდნილა და იმ კაცს არავინ ახსენებსო. კორპუსებს შორის მანძლი 50 მეტრი მაინც იყო და ერთადერთი, რაც კაცის აღწერილობიდან მოწმემ მითხრა, ის იყო, რომ მას თავზე დიდი ქუდი ეხურა.

გასევენებას დაველოდეთ, ძირითადად, მკვლელები აუცილებლად მიდიან მოკლულის გასვენებაში, ვერსიები რომ მოისმინონ და გაიგონ, მათ ხომ არ ემუქრებათ რამე. ამიტომ, ოპერატიული ჯგუფიც ადგილზე გავიდა და ვეძებდით კაცს... დიდი ქუდით. როგორც მოსალოდნელი იყო, ვერავინ აღმოვაჩნეთ. კი იყო ორი-სამი დიდქუდიანი, მაგრამ ისინი სოფლიდან გახლდნენ ჩამოსულები და მათი ალიბი მაინც გადავამოწმეთ, არანაირი კავშირი.

ერთი კვირის შემდეგ, ცოლმა თავის ქალა ამხადა, ნახატების გამოფენაა, ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვარია, წავიდეთო. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მაინც წავედით. ცოლი აღფრთოვანებული ათვალიერებდა ნახატებს, მე ერთი სული მქონდა, მალე დაემთავრებინა აღფრთოვანება და სახლში დავბრუნებულიყავით. მოულოდნელად, ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, იმ საწარმოს დირექტორი იყო, სადაც ბუღალტერი მუშაობდა. იმანაც მიცნო, ჩემი დისშვილია მხატვარი და გამოფენაზე მაგიტომ ვარო. დაუძახა ახალგაზრდა ბიჭს, ხელი ჩამოვართვი და ინსტიქტურად ვუთხარი, მილიციის მაიორი თენგიზი-მეთქი. შევატყვე, შეცბა და ბიძამისს გახედა, ისიც დაიბნა და ჩემი მეგობარიაო, სასწრაფოდ დააყოლა. არადა, რა მეგობარი, ერთხელ მყავდა ნანახი. მაშინვე ექსპერტის სიტყვები გამახსენდა მხატვარზე, მაგრამ არ შევიმჩნიე. მეორე დღეს მხატვარს უკვე შინ დავადექი, საქაღალდე გადავშალე, ბიძაშენის ჩვენება აქ მიდევს, ხელს შენ გადებს და უნდა დაგაპატიმრო-მეთქი. ტირილი დაიწყო, მე მარტო წერილი დავწერე, მეტი არაფერი ვიცი, არც ის ვიცი, რად უნდოდაო. ეს უკვე აღიარება იყო და იქიდანვე დავრეკე, დირექტორი დააპატიმრეთ-მეთქი. ყველაფერი, პრაქტიკულად, ორ საათში დასრულდა, ბიჭმა აღიარა, რომ წერილი ბიძამისმა დააწერინა, უფრო ზუსტად, დაახატინა, დირექტორმა კი თქვა, რომ ბუღალტერთან ერთად, დაახლოებით, 30 ათასი მანეთი მოხსნა (ეს მაშინ უზარმაზარი თანხა იყო) და იმის მიუხედავად, რომ თავიდან ბუღალტერს მხოლოდ 5 ათასი უნდა მიეღო, დანარჩენი კი - დირექტორს, ქალი გაჯიუტდა და 15 ათასი მოითხოვა. დირექტორმაც შეხვედრა სახურავზე დაუთქვა, იქ ვისაუბროთო და იმის გამო, რომ ქალი სახურავზე სიგარეტის მოსაწევად ხშირად ადიოდა და ეს დირექტორმა იცოდა, დასთანხმდა. მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდით. კაცმა ქალი გადმოაგდო, ძიძგილაობაში ბუღალტერს ფეხსაცმელი გაეხადა და ამ იდიოტმაც ფეხსაცმელი 2 წუთის შემდეგ გადმოაგდო.

სასამართლომ დირექტორის სანაცნობო წრე არ თუ ვერ გაითვალისწინა და მას 15 წელი მისცა...

 

პატიმარი #0578

 

 
 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში