Menu
RSS

საყვარელმა 45 წლის ქალს ყელი გამოჭრა - რა გახდა სადისტური მკვლელობის მიზეზი

ყველანი ჩვენი წარსულიდან მოვდივართ. თუ არ არის წარსული, არ იქნება აწმყო და მომავალი. პოლიციის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ბატონმა თენგიზმა ისეთი ისტორია გაიხსენა, რომელიც ალბათ, ერთეულებისთვის ექნება მოყოლილი:

„სოფელში გავიზარდე, სკოლა კი რაიონში დავამთავრე, დასავლეთში, იმერეთში. 16 წლის ვიყავი, ჩვენს მეზობლად ქორწილი რომ იყო. თბილისიდან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის ახალგაზდა გოგონებიც იყვნენ. გვიანობამდე არ დაიშალა სუფრა. სხვებთან ერთად მეც დავლიე, რა დალევა შემეძლო, მაგრამ დავლიე და მერე გოგო-ბიჭები გარეთ გამოვედით. სახლის წინ სეფა იყო გაშლილი, მაშინ ასე ხდებოდა, სახლის უკან კი ტყე იყო. ჰოდა, ერთმა სტუმარმა გოგომ მითხრა, ასე 23-25 წლის იქნებოდა, ღამით ტყეში ყოფნა მიყვარსო და მართალია, შიშით ლამის გული გამისკდა, მაინც გავყევი. ცხოვრებაშ პირველად დავრჩი ქალთან ღამით მარტო, მაგრამ რას გავუბედავდი სტუმარს. ისიც ნასვამი იყო, ჩამოჯდა ნაძვის ძირში, ქერქი წაატეხა, დაყნოსა, საოცარი სუნი აქვსო. მერე მითხრა, ქალთან თუ ხარ ნამყოფიო და ჩემს დასტურში იმხელა სიყალბე იყო, თავად შემრცხვა. მშვიდად წამოდგა, მომეხვია და...

დილით, როცა სტუმრები მიდიოდნენ, დავიმარტოხელე ეს გოგო, დარჩი-მეთქი, ცოლად მოგიყვან-თქო. გაეცინა, პატარა ხარ ჯერ, გაიზრდები, ჩემნაირი ბევრი გეყოლება და მიხვდები, ცოლად ყველას რომ ვერ მოიყვანო. ინგა მქვიაო, ეგ მთხრა და წავიდა. აი, ხომ ამდენი წელი გავიდა, ნახევარ საუკუნეზე მეტი, ვინ იცის, რამდენი ქალი მყოლია, მაგრამ ის ინგა სულ, სულ მახსოვდა და ახლაც მახსოვს...

მერე იყო, თსუ რომ დავამთავრე, იურიდიული ფაკულტეტი და მილიციაშ დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი შვილი პირველ კლასში შედიოდა, პირველი სექტემბერი იყო და მინდოდა, მე წამეყვანა, მგარამ დილის ექვს საათზე დამირეკეს, მკვლელობა მოხდაო და რა უნდა მექნა,  განყოფილებაში წავედი, ცოლ-შვილი - სკოლაში. გარდაცვლილი ასე, 40-45 წლის ქალიაო და ოთახში რომ შევედი, გავშეშდი - ჩემს წინ ინგას ცხედარი ესვენა. მუხლები მომეკვეთა, მანამდე არაერთი გვამი მქონდა ნანახი, გაკვეთასაც ვესწრებოდი, როცა საჭირო იყო, მაგრამ ამას ვერ მივეკარე. ყელთან არტერია ჰქონდა გადაჭრილი, მაგრამ მაინც ლამაზი იყო, ალბათ, ყველაზე ლამაზი.

- გარდაცვლილია ინგა აშოტის ასული მ-ი, - ჩამესმა ექსპერტის ხმა და გამოვფხიზლდი.

- სომეხია? - ჩემდაუნებურად ვიკითხე და დამიდასტურეს. გვარი ამდენი წლის შემდეგ, პირველად გავიგე, ეროვნებაც გავიგე, მაგრამ ჩემთვის ის პირველი იყო, პირველი, რომელიც ათასჯერ დამსიზმრებია და დამსიზმრებია მაშინაც კი, როცა გვერდით საყვარელი ქალი ანუ ცოლი მყავდა. გვამი მეზობელმა იპოვა, რომელმაც დილით, სამსახურში მიმავალმა ღია კარი შენიშნა, შეაღო და ეს სურათი დახვდა. არც მეზობლებს, არც მეეზოვეს, რომელიც დილთ ქუჩას ხვეტდა, საეჭვო არაფერი შეუმჩნევია და არც ხმაური გაუგია. სახლში ანაბეჭდები საგულდაგულოდ იყო წაშლილი და დასკვნაც გამოვიტანეთ - გარდაცვლილი მკვლელს ძალიან კარგად იცნობდა, რადგან საგულდაგულოდ გასუფთავებული იყო, პრაქტიკულად, ყველაფერი, სამზარეულოშიც, საძინებელშიც, საპირფარეშოშიც ანუ მკვლელს ყველგან ჰქონდა შეხება და შემთხვევითობა გამორიცხული იყო. მკვლელი სახლში დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა, რამდენჯერმეც კი გახლდათ ნამყოფი. გავარკვიეთ, რომ ქალი გათხოვილი არ იყო, სახლიდან ძვირფასეულობა იყო დაკარგული, მათ შორის, ვერცხლის სამეული ანუ ბეჭედი და საყურეები ძოწის თვლებით.

- ამ ბეჭედს და საყურეებს ანალოგი არ აქვს, თავის დროზე ბებიაჩემმა გააკეთებინა იუველირს საკუთარი გემოვნებით, მერე, დედაჩემს ერგო მემკვიდრეობით, მერე - მე და ბოლოს - ინგას, - გვითხრა გარდაცვლილის დედამ და ფოტოც გვანახა, სადაც მას სწორედ ეს სამეული ეკეთა.

ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა. მეზობლების მონაყოლით ფოტორობოტი შევქმენით, მაგრამ მივიღეთ სამი კაცის სხვადასხვა სურათი ანუ ისინი სხვადასხვა ადამაინებზე საუბრობდნენ და სამწუხაროდ, ერთიც ვერ ვიპოვეთ ჩვენს კართოთეკაში. საქმე მე დამეწერა და დამეწერა როგორც „გლუხარი“ ანუ გაუხსნელი. არადა, ხომ წარმოგიდგენია, რამდენს ვირბენდი და ვიწვალებდი, რომ ინგას მკვლელი მეპოვა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე.

წელიწადზე მეტი იყო გასული, როცა მორიგ საქმეზე გამომიძახეს. წავედი, ქალი იყო დაჭრილი, ქმარმა დაჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქმარი დაკავებული იყო, ქალი - საოპერაციოში და საბედნიეროდ, გადარჩა. როგორც გაირკვა, ქმარი ფულს სთხოვდა ცოლს, ნარკომანი იყო და წამლისთვის სჭირდებოდა, ცოლს ფული არ ჰქონდა, ან არ მისცა და უთანხმოებაც ამას მოჰყვა. ორჯერ დავკითხე ქალი და საქმეც დავხურე. სასამართლო 4-5 წელს მისცემდა ქმარს, მეტს არა და სწორედ სასამართლოს ველოდი. მოულოდნელად, განყოფილებაშ გამოჯანმრთელებული ცოლი დამადგა, იქნებ, ისე ქნათ, რომ ჩემი ქმარი პირობითით გამოუშვან, რაც უნდა იყოს, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ეგ არისო. ყურები დამიგუბდა, არაფერი მესმოდა, ქალს ყურებზე ძოწისთვლიანი საყურეები ეკეთა, ხელზე კი ბეჭედი ჰქონდა წამოცმული. როგორც იქნა, გონება მოვიკრიბე, დავმშვიდდი და ქალს ცოტა შინაურულად ვუთხარი, მაქსიმუმს გავაკეთებ, მაგრამ რჩევა მინდა, ცოლს დაბადების დღეზე რა ვაჩუქო-მეთქი? იმანაც ფრანგული სუნამოები ჩამოთვალა, ვიცი, ვინც ყიდისო. მეთქი, საყურეებზე გიჟდება და ესენი სად იყიდე-თქო? გაუხარდა, მისი სამკაული რომ მომეწონა, ეს ქმარმა მაჩუქა დაბადების დღეზე, იაფად იშოვნაო. დაბადების დღე სამდღიანი ინტერვალით იყო დაშორებული ჩემი ინგას მკვლელობის დღიდან. ჰო, ნუ გეცინება, ჩემი ინგასი.

დაკითხვაზე ქმარი შემოიყვანეს. თუ გინდა, ნუ დამიჯერებ, ცხოვრებაში პატიმრისთვის ხელი არ დამირტყამს, არც სურვილი მქონდა და ზოგადად, მაგის გამკეთებლები მრავლად გვყავდა. ეს კი, ეს დამპალი რომ დავინახე, ვეცი და აზრზე რომ მოვედი, მუშტი გასისხლიანებული და გადატყავებული მქონდა, ის კი უგრძნობლად ეგდო.

მერე, როცა აზრზე მოიყვანეს, თაბაშირი მოხსნეს ყბიდან და მეც სასტიკი საყვედური მლეწეს, მოყვა, რომ ინგა მისი საყვარელი იყო და უთანხმოება... ნარკოტიკის გამო მოუვიდა, ფულს სთოხვდა, ქალს არ ჰქონდა და დანა მოუქნია შესაშინებლად, ინგამ კი რაღაცნაირი მოძრაობა გააკეთა და არტერია შემთხვევით გადაეჭრა. ბოლომდე მივყევი საქმეს და სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა, თუმცა შვება არ მიგრძვნია. ახლაც ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირველი ქალი, პირველი გრძნობა ღორივით დამიკლეს...“

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში