Menu
RSS

როგორ ცდილობენ კორონაპანდემიისგან გადარჩენას ევროპაში მყოფი ქართველი კრიმინალები

ევროპის ქვეყნებიდან კორონავირუსი ყველაზე მეტად იტალიაშ, ესპანეთსა და საფრანგეთში მძვინვარებს, რასაც ათასობით დაინციცირებული და ათასობით გარდაცვლილიც ადასტურებს. აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა მაქსიმალურად ცდილობს, კარანტინის წესები დაიცვას, რასაც ვერ ვიტყვით ემიგრანტებზე. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყნებში არაერთი არალეგალი ცხოვრობს, რომლებიც ან არალეგალურად მუშაობდნენ, ან თავს ქურდობით ირჩენდნენ და შესაბამისად, ახლა ყველაფრის გარეშე დარჩნენ. არალეგალური მუშაობის გამო, მათ ხელფასს შინ ჯდომაში არავინ უხდის, ქურდობა და ძარცვა კი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან ქუჩა ჯაარისკაცებით და სამართალდამცავებითაა სავსე. ესეც არ იყოს, ყველა სახლშია და ვინმესთან უჩუმრად შესვლა გამორიცხულია. აი, ყაჩაღობა კიდევ ცალკე თემაა და მის განხორციელებას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. ოჯახის ყველა წევრიც რომ გაითვალისწინო, ვერ გაითვალისწინებ მეზობლებს, რომლებიც ხმამაღალ დაყვირებაზე შეიძლება, გარეთ გამოცვივდნენ და ასეთ შემთხვევაში ან კრიმინალებმა სროლა უნდა დაიწყონ, ან უბრალოდ, ჩაბარდნენ.

„ერთადერთი, რაც მოვიფიქრეთ, საცხოვრებელი ადგილების შეცვლაა ანუ არაერთ ქართველს აქ სამაჯური უკეთია და სამართალდამცავები მისი მეშვეობით აკონტროლებენ, რომ შინაპატიმრობა არ დაირღვეს. საბედნიეროდ, ქუჩაშ ბევრი უპატრონო კატა დარჩა და სწორედ კატის მეშვეობით ვცდილობთ სამაჯურისგან გათავისუფლებას“, - გვიყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე, პრაქტიკულად, ყველაფერი გაჩერებულია, პროცესი გაურკვეველი ვადითაა გადადებული. 

ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია კატაო? - ქართული მოხერხებულობა ესპანეთშიც მუშაობს.

„მოკლედ, დაიჭერ კატას, შეკერავ მცირე ზომის ჩანთას, ჩააცმევ ოთხფეხა ცხოველს და შენც ემზადები. შემდეგ, ჭრი სამაჯურს, დებ კატაზე დამაგრებულ ჩანთაში და კატას რაც შეიძლება, მწარედ ურტყამ ფეხს, რომ გაიქცეს. შეშინებული კატა გარბის, შენ კი გარბიხარ საპირისპირო მხარეს და ადგილზე მოსული პოლიცია, პირველ რიგში, სწორედ კატის კვალს მისდევს. ეს კი შესაძლებლობას გაძლევს, დაახლოებით, ათი წუთი მოიგო და სამართალდამცავებს დაუსხლტე“, - გვიყვება ქართველი ემიგრანტი.

ამის შემდეგ, სამაჯურისგან გათავისუფლებულები მიდიან იმ ბინაში, სადაც სხვა ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ არც სამაჯური უკეთიათ და არც აღრიცხვაზე არიან. ასეთ დროს ცხოვრება უფრო იოლია, ღამით გაპარვაც შეიძლება, მანქანის გატეხვაც, იქიდან ცოტა ნაღდი ფულის მოპარვაც და ცხოვრებაც. სხვათა შორის, ესპანეთში მცხოვრებ არაერთ ქართველს სურს სამშობლოში დაბრუნება და ამას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ ან შინაპატიმრობა აქვსთ, ან გირაოთია გამოსული და საქმე ძიებაშია. შესაბამისად, ესპანელი სამართალდამცავები მათ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

შეიძლება ითქვას, იგივე მდგომარეობაა იტალიაშიც. კატა ბოლო დროს იქაც მოთხოვნადი ცხოველი გახდა და სამაჯურისგან კატით გათავისუფლება იქაც მოდურია. ემიგრანტი ქართველები იმასაც გვეუბნებიან, რომ იტალიელებმა უკვე მასიურად დაიწყეს კომენდანტის საათის დარღვევა, რადგან სახლში, უბრალოდ, ვეღარ ძლებენ და ამიტომ, პოლიციას გაძლიერებული მუშაობა უწევს. ეს კი არალეგალებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო თავისუფლად იმოქმედონ, რადგან გახშირებულ დარღვევებს სამართალდამცავები ფიზიკურად ვეღარ აუდიან.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაშ ახლა პანდემიის პიკია და ყველა ცდილობს, წესები დაიცვას, თუმცა კუჭი თავისას იქაც აკეთებს და შიმშლით შეწუხებული მოქალაქეები დარღვევებს არ ერიდებიან. ჰო, საფრანგეთში ბოლო დროს ღამით სასურსათო მაღაზიების გატეხვა გახშირდა და თავდამსხმელებს მხოლოდ პროდუქტი და სიგარეტი მიაქვთ, თანაც იმ ოდენობით, ერთი-ორი კვირა რომ ეყოთ. სამართალდამცავები აღიარებენ, რომ ადგილზე ორ წუთში მიდიან და ზარალი დიდი არ არის, რადგან ორ წუთში დახლების სრული დასუფთავება შეუძლებელია. მათი აზრით, ასე სწორედ არალეგალი ემიგრანტები იქცევიან, რამეთუ ყველაფრის გაჩერების პირობებშ, მათ, უბრალოდ, პროდუქტის საყიდელი ფული არ აქვთ.

 ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში