Menu
RSS

ლოტკინზე 16 წლის შვილმა დედა მოკლა

მოწმეებისა და თვითმხილველების ნაამბობი _ რა გახდა მკითხავის სადისტური მკვლელობის მიზეზი

 

ლელა კაკულიას გაგონებაზე, დღეს, ყველას წინასწარმეტყველება ახსენდება. წინასწარმეტყველები ბიბლიურ პერსონაჟებს ჰქვიათ და ეს ტერმინი ჩვენში მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც მკითხავ-მჩხიბავებს სახელი გაუტყდათ. თუ გახსოვთ, საბჭოეთის დანგრევის შემდეგ, ასეულობით ადამიანი გამოჩნდა, ვინც უკურნებელ დაავადებებს „კურნავდა“, წინასწარმეტყველებდა, ზოგს ბიოდენები ჰქონდა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი, მაინც ანატოლი კაშპიროვსკი იყო, რომელიც დისტანციურ მკურნალობაზე იყო გადასული და ხალხს ტელევიზორიდან „არჩენდა“. სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან უნდათ ხოლმე სასწაული დაიჯერონ და ამ სასწაულის ძიებაში, არაერთმა ასეულმა ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, გაყიდა სახლ-კარი, ძვირფასეულობა და ახლობლებს მაინც ვერ უშველა. შესაბამისად, ამის ნიადაგზე, არცთუ იშვიათი იყო უთანხმოება და გაბრაზებული პაციენტების შურისძიება. ამიტომ, ამ „ჯადოქრების“ გამოჩენის შემდეგ, მათ გვერდით კუნთიანი ბიჭებიც გაჩდნენ, რომლებიც მჩხიბავებს უკმაყოფილო პაციენტების რისხვისგან იცავდნენ.

რა თქმა უნდა, მჩხიბავ-მკითხავებს არც საქართველო უჩიოდა და შეიძლება ითქვას, ჩვენში ეს ყველაზე დიდი დოზით იყო. უბრალო წყლით უშვილო ქალბატონების დაორსულება, ეტლს მიჯაჭვულთა მკურნალობა და ფეხზე დაყენება, თუ მედიცინისთვის დღემდე წარმოუდგენელი საოცრებების დაპირება ჩვეულებრივ ამბად იქცა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა სახალხო მკურნალი ქალს აჯერებდა, დაორსულდებიო და ეს მაშინ, როცა განუვითარებელი საშვილოსნოს გამო, ქალბატონს შვილის გაჩენის შანსი არ ჰქონდა, თუმცა მომავლის იმედით იმეტებდა არარეალურ თანხებს და, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. შესაბამისად, აქაც იყო „გარჩევები“ და ფულის დაბრუნების მოთხოვნები, თუმცა საქმე მკვლელობამდე თითქმის არასდროს მიდიოდა. აი, ეს, თითქმის 90-იანი წლების შუაწელს დაირღვა. 

 

თბილისში, ლოტკინის გორაზე, იმხანად საკმაოდ ცნობილი მკურნალი მოკლეს, რომელიც ნებისმიერ დაავადებას, რაღაც ბალახებით მკურნალობდა. რა თქმა უნდა, შედეგი თითქმის ნული იყო, მაგრამ კარგად მუშაობდა „გამოჯანმრთელებული“ ადამიანების მიერ გავრცელებული ხმა და ქალს კლიენტები არ აკლდა. საქმემ კი იმდენად რეზონანსული ხასიათი მიიღო, ბოლოს, შს მინისტრი ჩაერია და მკვლელობის გახსნა კატეგორიულად მოითხოვა. 

„იმის გათვალისწინებით, რომ ლოტკინის ის უბანი, სადაც მკვლელობა მოხდა, თითქმის მთლიანად ბოშებით იყო დასახლებული, გარდაცვლილი კი ბოშა არ გახლდათ, ეჭვი სწორედ მათზე მივიტანეთ. მოტივი მარტივი იყო _ ბოშები მკითხაობით წლების განმავლობაში ირჩენდნენ თავს ანუ ეს მათი პროფესია იყო და ვიღაცამ, პრაქტიკულად, ყველა კლიენტი წაართვა“, _ გვიყვება მაშინდელი მილიციის თანამშრომელი. 

მოკლედ, სამართალდამცავებმა დაიწყეს ყველა საეჭვო პირის გადამოწმება, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, თანაც მკვლელობა, ერთი შეხედვით, სპონტანურს ჰგავდა, ქალს ბროლის ვაზა ჩაარტყეს თავში და ისე გაისტუმრეს საიქიოს, თან გარდაცვლილს სახეზე ის ბალახეული ეყარა, რომლითაც, ვითომ ყველა დაავადებას არჩენდა. 

„ქალს ქმარი და შვილი დარჩა, თუმცა ისინი რამდენიმე წლის დაშორებულნი იყვნენ და 16 წლის ბიჭი მამასთან იზრდებოდა. დედა ჯანმრთელობისა და ბედის მაძიებელი კლიენტების გარდა, არც საყვარლების ნაკლებობას უჩიოდა და სწორედ ამიტომ გადაწყდა, ბავშვი მამასთან გაზრდილიყო. მეზობლების აღწერით, სამ კაცს მივაგენით, რომლებიც ქალთან პერიოდულად დადიოდნენ, მაგრამ მკვლელობის დღისათვის, ყველას ალიბი ჰქონდა ანუ ისინი გამოირიცხნენ. იყო კიდევ ერთი, რომელიც აშკარად, ქალზე ასაკით პატარა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი კვალი ვერ ვიპოვეთ და მთავარ ეჭვმიტანილადაც იქცა, თუმცა ეჭვები ერთ კვირაში გაქარწყლდა. ბიჭი თავად მოვიდა განყოფილებაში, თავად გვითხრა, რომ გაიგო ჩვენი ეჭვების შესახებ და სხვების დარად, მასაც ალიბი ჰქონდა“, _ გვიყვება საქმის მაშნდელი გამომძებელი, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ძიება ჩიხში შევიდა. მეზობლების განცხადებით, ქალი კარს, პრაქტიკულად, არ კეტავდა, რადგან აზრი არ ჰქონდა _ თუ უცხოებს მასთან შესვლა დასჭირდებოდათ, კლიენტის სახელით, მარტივად შევიდოდნენ. გაქურდვისა და დაყაჩაღებისა კი ქალს არ ეშინოდა, რადგან ლოტკინელი ქურდები „კრიშავდნენ“. სწორედ ამ დროს, საქმეში უკვე მინისტრი ჩაერთო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილის კლიენტთა შორის, არაერთი მაღალჩინოსნის ცოლი იყო, მათ შორის, შს მინისტრის მეუღლეც. ისინი ქმრებს კატეგორიულად სთხოვდნენ, მკვლელი ეპოვათ და უმკაცრესად დაესაჯათ. 

საქმე არამარტო მინისტრის, არამედ, დანარჩენი მაღალჩინოსნების პირად კონტროლზე იყო და ბატონ თენგიზს, ორ საათში ერთხელ, საქმის ვითარებაზე პატაკის გაკეთება უწევდა, თუმცა ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა და პატაკიც მოკლე გამოსდიოდა. 

„გადავწყვიტე, ყველა მოწმე კიდევ ერთხელ დამეკითხა. ისინი ახსენებდნენ ვიღაც ქალს, რომელიც მკითხავის სახლიდან სწორედ იმ დროს გამოვიდა, როცა მკვლელობა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ქალი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგეთ, ვერ ვიპოვეთ. განმეორებითი დაკითხვის დროს, ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა ისიც, რომ სანამ ის ქალი გამოვიდოდა სახლიდან, მკითხავის სახლი მისმა შვილმა დატოვა. ეს სხვებმაც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ პირველი დაკითხვის დროს, შვილის იქ ყოფნის აღნიშვნა საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგან ბიჭი არცთუ იშვიათად აკითხავდა დედას და ძირითადად, ჯიბის ფულზე. დედაც ყოველთვის აძლევდა, მაგრამ იმდენს არა, შვილს ერთი ან ორი კვირა ყოფნოდა. მას სურდა, რომ ბიჭი ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ენახა და ამიტომ, თანხა მუდმივად ცოტა იყო. 

დაკითხვაზე შვილი დავიბარეთ და რადგან არასრულწლოვანი გახლდათ, მამაც მოვიდა. ახალი არაფერი მომისმენია. ბიჭმა თქვა, რომ დილით დედას ფულისთვის გაუარა, გამოართვა და თავის საქმეზე წავიდა. ასევე, დაადასტურა, რომ მისი სტუმრობის დროს, დედა მარტო იყო და არავინ მოსულა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ როცა სახლიდან გამოვიდა, დაახლოებით, ოც მეტრში, ვიღაც ქალი დაინახა, რომელიც მათი სახლისკენ მიდიოდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რადგან დედასთან ყოველდღიურად, ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა. 

ბიჭმა დაბეჯითებით თქვა, ის ქალი რომ ვნახო, აუცილებლად ვიცნობო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ერთადერთი, რისი თქმაც სამართალდამცავებს დაზუსტებით შეეძლოთ, ის გახლდათ, რომ მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. სახლიდან არ იყო დაკარგული ძვირფასეულობა და თუ სამართალდამცავები იმას ივარაუდებდნენ, რომ მკვლელს ბინის გასუფთავებაში ხელი ვიღაცამ შეუშალა, ვერაფერს მოუხერხებდნენ იმ ფაქტს, რომ ქალს ოქროს მსხვილი ყელსაბამი ხელუხლებლად ეკეთა და ამას გარდა, მაგიდაზე, პატარა ყუთში, ოქროს საყურე და ბეჭედიც ხელუხლებლად იდო ანუ ეს იყო ის ძვირფასეულობა, რომელსაც დრო და ძებნა არ სჭირდებოდა, მაგრამ მკვლელმა ხელი არ ახლო, თანაც სახეზე დაყრილი ბალახების ნარევი, სწორედ შურისძიებას მიუთითებდა. 

სხვათა შორის, ექსპერტიზამ გამოიკვლია და დაადგინა, რომ ბალახების ნარევში გვირილის, პიტნისა და დარიჩინის ფოთლების შემადგენლობა იყო ანუ ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო მცენარეები, მაგრამ რამდენად იყო ეს მცენარეები ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ ეფექტური, სხვა საკითხია. 

„ორი თვის განმავლობაში, საქმემ წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია. ორი თვის შემდეგ კი, ლოტკინზე, იმ ქალის მეზობლად, ჩხუბი მოხდა და ბოშა ქალმა მეზობელი დანით დაჭრა. დაკავებული ჩვენს განყოფილებაში მოიყვანეს, მან კი ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ქალმა პირდაპირ მითხრა, თუ გამიშვებ, იმ ქალბატონის ვინაობას დაგისახელებთ, ასე უიმედოდ რომ ეძებთო. თურმე, ამას დაუნახავს ვინც მივიდა მკვლელობის დღეს, უცვნია, მაგრამ არ გვეუბნებოდა, ფიქრობდა, რამეში დამჭირდება და გამოვიყეენებო. აკი, დასჭირდა კიდეც და იმ პირობით, რომ დაზარალებული საჩივარს გაიტანდა, ჩვენ პირობითი სასჯელით შემოვიფარგლებოდით. ქალის ვინაობა დაასახელა და ორ საათში, მთავარი ეჭვმიტანილი ჩემს წინ იჯდა. ქალმა არ დამალა, რომ იმ დღეს მკითხავთან მართლაც იმყოფებოდა, თუმცა აღიარა, რომ მივედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომ მისი ბალახების ფხვნილი სახეზე დავაყარე, სწორედ ამისთვის მივდიოდი, ჩემი შვილის მკურნალობისთვის ბინაც კი გავყიდეთ, მაგრამ მაინც მოგვიკვდა და ყველაფერი პირში მინდოდა მეთქვაო. აი, ხომ არის შინაგანი გრძნობა თუ ინტუიცია, ვხვდებოდი, რომ ეს ქალი მკვლელი არ იყო. კი არ ვხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი და სწორედ ამ ქალმა მიგვიყვანა ჭეშმარიტებამდე. მან გაიხსენა, რომ როცა სახლში შევიდა და ბალახეულს სახეზე აყრიდა, გატეხილი თავიდან სისხლი ისევ მოჟონავდა და იატაკზე იშლებოდა ანუ ის ბინაში მკვლელობიდან, მაქსიმუმ, 2-3 წუთში შევიდა. ამ დროს კი სახლიდან ერთადერთი ადამიანი გამოვიდა და ის ერთადერთი, გარდაცვლილის შვილი იყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

შვილი განმეორებით დაიბარეს და ისევ მამასთან ერთად დაკითხეს. მანამდე სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ გარდაცვლილი თავისი შვილის შეყვარებულსაც მკურნალობდა, რომელიც გარდაიცვალა და ბიჭი ამაში დედას ადანაშაულებდა. შეყვარებულის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს კი მკითხავი მოკლეს. მეზობლების გამოკითხვის შედეგად, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იმ დღეს, ბიჭს ყვითელი მაისური ეცვა. მამა-შვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მაისური, მართალია, გარეცხილი იყო, მაგრამ მაინც ამოიღეს და ექსპერტმაც დასკვნა დადო _ მაისურზე აღმოჩენილი სამი ლაქა სისხლის იყო და სისხლი გარდაცვლილისას ემთხვეოდა. 

„შვილმა აღიარა, რომ იმ დღეს, დედასთან ფულის სათხოვნელად მივიდა და მკვლელობაზე არც ფიქრობდა. მას სურდა, შეყვარებულის საფლავზე ვარდების დიდი თაიგული წაეღო, ვარდი კი ძვირი ღირდა. დედამ ურჩია, მკვდარს ნუ გადაყვები, ახალი ვინმე გაიჩინე და ვარდები იმას აჩუქეო. აქ გადაეკეტა გონება შვილს, მაგიდიდან ბროლის ვაზა აიღო და ორივე ხელით, დედას გამეტებით ჩაარტყა. მკვლელობა გავხსენით, ასაკის გათვალისწინებით, შვილს რვა წელზე მეტი ვერ მიუსაჯა სასამართლომ, თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ორი თვეც არ იყო გასული, რომ ყაჩაღობაზე დავიჭირეთ და უკვე გამოცდილი კრიმინალის სახელით შევაბრუნეთ ციხეში“, _ დაასრულა თხრობა ბატონმა თენგიზმა.

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში