Menu
RSS

ბავშვთა სახლის დირექტორი და თანამდებობის პირები არასრულწლოვან გოგონებსა და ბიჭებს ჯგუფურად აუპატიურებდნენ!

მკვლელის სასტიკი შურისძიება _ ქალმა 70 წლის პედაგოგის საფლავზე მოისაქმა!

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა და მას გრიფით საიდუმლო იმიტომ დაედო, რომ სამართალდამცავებს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდათ, მაშინ, დიადი კომუნიზმის დროს, ამ ამბის გახმაურება არავის აწყობდა. ეს ისტორია არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ფუთავდა ყველაფერს საბჭოთა კავშირი და როგორ აჩვენებდა საკუთარ ხალხსა, თუ დასავლეთს, რომ აქ, ჩვენთან, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. არადა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო. ისტორიას, ტრადიციულად, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი გვიყება:

„მაშინ რეგიონში ვმუშაობდი, დასავლეთ საქართველოში, იქიდან ვარ და ამიტომ, არც მივლინება მქონდა და არც _ განაწილება, უმაღლესის დასრულების შემდეგ, იქ დავიწყე მუშაობა. 

1973 წელი იდგა, გვიანი გაზაფხული, როცა მილიციაში შეტყობინება შემოვიდა. საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დამსახურებული პედაგოგი იპოვეს. იცით, რას ნიშნავდა მაშინ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი?! _ ჩათვალეთ, ყველაფერს. სპეციალური ორდენი დამსახურებულ პედაგოგებს მკერდზე ეკიდათ, განსაკუთრებული პენსია ჰქონდათ, პატივით სარგებლობდნენ, უმაღლესი საბჭოს დელეგატები იყვნენ, უფასო საგზურები _ სანატორიუმებში, პირველ რიგში, მათთვის რიგდებოდა. არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, რომ ამ სტატუსს პედაგოგები ყიდულობდნენ და ათასობით მანეთსაც იხდიდნენ. 

სწორედ განსაკუთრებული სტატუსის გამო, რაიკომის პირველი და მეორე მდივანები, მილიციისა და უშიშროების უფროსები ადგილზე დამხვდნენ, ჩვენს ექსპერტს მუშაობის უფლება არ მისცეს, თბილისიდან ველოდებითო. თბილისიდან ჩამოსულ ექსპერტს რამდენიმე გამოცდილი გამომძიებელი ჩამოჰყვა. 

 

ოფიციალურად საქმე მე მომცეს, მაგრამ მთავარი ვიოლინოები, სწორედ დედაქალაქიდან ჩამოსული მაძებრები იყვნენ. პირველადი დასკვნა ასეთი იყო _ მასწავლებელმა თავი მოიკლა. მას ხელში ეჭირა სისხლიანი დანა, რომელზეც მხოლოდ მისი ანაბეჭდები იყო, სახლის კარი კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ფანჯრები დახურული გახლდათ ანუ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ან ვინმეს ჰქონდა გასაღები, ან მასწავლებელმა, მართლაც, თავი მოიკლა. 

სახლის ჩხრეკამ ბევრი არაფერი მოგვცა, პრაქტიკულად, ყველა ძვირფასი ნივთი ადგილზე იყო. ჩხრეკის დროს, ტანსაცმლის კარადაში ვიპოვეთ საგულდაგულოდ გარეცხილი და შენახული მოსწავლის სკოლის ფორმა ანუ კაბა და თეთრი წინსაფარი. მასწავლებელს არასდროს ჰყოლია ცოლ-შვილი, ორ-ოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა და მეზობლებთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. 

ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო, მტრები ჰყოლოდა, თუმცა იმასაც ამტკიცებდნენ, თავს არ მოიკლავდა, არც პრობლემები ჰქონია და ყოველი დღის გათენება უხაროდაო. არადა, 70 წელს გადაცილებული პედაგოგი საკუთარ ბინაში, ჩვენს წინ, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად, გარდაცვლილი იყო. 

მეზობლების დაკითხვამ არაფერი მოგვცა, ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა, არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგიაო და ეს ტყუილი არ იყო, რადგან მაშინ მოსახლეობა სამართალდამცავ ორგანოებს აქტიურად ეხმარებოდა _ ეს დახმარება არ „ტეხავდა“ და კრიმინოგენური სიტუაციაც ბევრად უკეთესი იყო. 

მეზობლებმა გაიხსენეს, რომ გარდაცვლილთან ძალიან ხშირად, ერთი ასაკოვანი კაცი დადიოდა სტუმრად, ისიც პენსიონერი იყო, ერთმა მისი სახელიც იცოდა და საცხოვრებელი ადგილიც. რა თქმა უნდა, დასახელებულ მისამართზე გავედით და ის კაცი ვიპოვეთ. თავში ხელი შემოირტყა, ორი დღის წინ, 300 მანეთი მესესხა, ახლა ვინღა დამიბრუნებსო. ბინაში ამ ოდენობის თანხა არ გვინახავს. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, სად დახარჯა ორ დღეში ეს, მაშინდელი საზომებით, დიდი ფული პენსიონერმა? 

იმავე მეგობარმა ისიც თქვა, ჭადრაკის სათამაშოდ დავდიოდი, დიდი ხანია, ვმეგობრობ და მისვლა მხოლოდ შაბათს მქონდა აკრძალული, შაბათობით მკურნალობის კურსს გადიოდა და მასთან ექთანი სახლში მიდიოდა ხოლმეო. 

გადავამოწმეთ რაიონში არსებული ორი საავადმყოფო და ვერ ვნახეთ ექთანი, რომელიც პედაგოგთან დადიოდა რაიმე პროცედურის ჩასატარებლად. მკვლელობა ხუთშაბათს მოხდა. ყველაფერი ეს, ერთ დღეში მოვახერხეთ, ამიტომ შაბათს, გარდაცვლილის ბინაში დავსხედით და ლოდინი დავიწყეთ. 

დაახლოებით, 12 საათზე, კარზე კაკუნი გაისმა, კარი გავაღეთ და ხელში ახალგაზრდა გოგო შეგვრჩა. მეზობელი რაიონიდან იყო და სამედიცინო სფეროსთან არაფერი ჰქონდა საერთო. განყოფილებაში გადაყვანისა და მკაცრი დაკითხვის შემდეგ, გოგონა გამოტყდა, რომ პედაგოგთან გასართობად დადიოდა. უფრო სწორად, გარდაცვლილს ბევრი არაფერი შეეძლო, თუმცა გოგო სკოლის მოსწავლის ფორმას იცვამდა, ყელსახვევს იკეთებდა და მოხუცი მას, დაახლოებით, ერთი საათი, უბრალოდ, ეფერებოდა. ამის სანაცვლოდ კი, თითო ვიზიტში, გოგო 25 მანეთს ანუ თვეში 100 მანეთს იღებდა. 

ჩვენების მიღებისთანავე, საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო, მაგრამ მე საქმეს არ ჩამომაცილეს, რადგან უკვე ყველაფერი ვიცოდი და ბოლომდე უნდა მიმეყვანა, თუმცა ხელწერილი დამაწერინეს გაუთქმელობაზე. 

გოგონა გავუშვით და მისი მონათხრობიდან გავიგეთ, რომ ის 300 მანეთი, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ არ იყო ნასესხები. მოხუცი ფულს ანუ 25 მანეთს, ყოველი სეანსის ბოლოს პატიოსნად იხდიდა, თანაც ქალს რომ სცოდნოდა, მოხუცი გარდაიცვალა, შაბათს, დათქმულ დროს, უბრალოდ, არ მოვიდოდა. კი იყო შესაძლებელი, ეს შეგნებულად გაეკეთებინა, მაგრამ არ ჰგავდა ის გოგო ჩამოყალიბებულ და, მით უმეტეს, მოაზროვნე კრიმინალს. 

აწმყოში რომ ვერაფერი ვიპოვეთ, წარსულის ქექვა დავიწყეთ. განსაკუთრებული არაფერი _ გარდაცვლილი ჯერ პედაგოგად მუშაობდა სხვა რაიონში, მერე ჩვენს მეზობლად, ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილედ გადმოიყვანეს, მერე დირექტორი გახდა, 13 წელი იმუშავა, მერე კვლავ სკოლას დაუბრუნდა. 

მოკლედ, უმწიკვლო რეპუტაცია და სახელი ჰქონდა. მაინც მივაკითხე იმ სკოლას, სადაც ჩვენს რაიონამდე მუშაობდა და ის ბავშვთა სახლიც მოვინახულე, სადაც დირექტორი იყო. სკოლაში საინტერესო ვერაფერი გავიგე, ის კარგად დაახასიათეს, აი, ბავშვთა სახლში კი ძველმა კოლეგებმა გაიხსენეს, რომ არ იყო ცუდი კაცი, რომ პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ მოულოდნელად, თანამდებობა დატოვა და კვლავ სკოლაში დაბრუნდა. 

ყოფილ კოლეგებს ბავშვთა სახლის კორიდორში ვესაუბრებოდი, დაწესებულების დამლაგებელი, ასაკოვანი რუსი ქალი კი იატაკს წმენდდა. როცა ვთქვი, რომ მათი ყოფილი დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს და ეჭვი თვითმკვლელობაზე გვქონდა, კოლეგებმა მხრები აიჩეჩეს, ქალმა კი ჩუმად ჩაილაპარაკა: 

„ტუდა ემუ ი დოროგა“. 

ეს იმდენად ჩუმად თქვა, ახლოს რომ არ ვმდგარიყავი, ვერც მე გავიგებდი. აღმზრდელებს დავემშვიდობე, დამლაგებლის მისამართი გავიგე და საღამოს სახლის ეზოსთან დავხვდი. 

პირდაპირ ვკითხე, დირექტორი რატომ არ მოგწონდა-მეთქი და მაშინვე სახე შეეცვალა, ზიზღი აღებეჭდა. 

„ეგ კაცი არ იყო, ეგ იყო ცხოველი, ადამიანის ტყავში გადაცმული მგელი. უპატრონო გოგოებს რყვნიდა, ჰარემი ჰქონდა მოწყობილი და ამ საქმეში, რაიკომის პირველი მდივანი და მილიციის უფროსი ეხმარებოდნენ. მერე, ერთი გოგო შემოაკვდათ, ყველა გაუშვეს სამსახურიდან, ოღონდ სკანდალით კი არა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხმაური არ ატეხეს, ვითომ არაფერი მოხდა. გოგონებს კი პატრონი, უბრალოდ, არ ჰყავდათ“, _ ერთი ამოსუნთქვით მითხრა დამლაგებელმა და პირი დამაღებინა. 

გადავამოწმე და მართლაც, მილიციის უფროსი, რაიკომის პირველი მდივანი და ბავშვთა სახლის დირექტორი ერთი კვირის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან. ვერც მილიციის უფროსს და ვერც რაიკომის პირველ მდივანს ვერ დავკითხავდი. მილიციის უფროსი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ორ თვეში, მდინარეში ბანაობისას დაიღუპა, ნაბახუსევი იყო და გული გაუსკდა, რაიკომის პირველი მდივანი კი არ გახლდათ პატარა ასაკის და ინფარქტს, გათავისუფლებიდან ორ წელიწადში, ემსხვერპლა. 

ისევ ბავშვთა სახლს მივადექი და გარდაცვლილის ყოფილი კოლეგები შევაჯანჯღარე. მხოლოდ ერთმა თქვა, საუბრობდნენ მაგ თემებზე, მაგრამ არავის სჯეროდაო. 

გარდაცვლილი პედაგოგი, ადგილობრივი თვიმმართველობის ხარჯებით, დიდი პატივით დაიკრძალა და მისი საფლავის მოწყობაც რაიონის ხელმძღვანელობამ იკისრა. ძიება ჩიხში შევიდა, არაფერი, საერთოდ არაფერი მქონდა ხელმოსაჭიდი. 

დავიწყე ბავშვთა სახლის ბინადართა შესწავლა, იმ ბავშვებისა, რომლებიც იქ გარდაცვლილის დირექტორობისას ცხოვრობდნენ, მაგრამ ხელში ორასამდე საქმე შემრჩა. ვინ უნდა მეძებნა, ან სად უნდა მეძებნა? 

ყველაფერი ძალიან მარტივად დასრულდა: 

დასაფლავებიდან მესამე დღეს, სასაფლაოს პერსონალმა განყოფილებაში საშუალო ასაკის ქალი მოათრია. ჰო, სწორედ რომ მოათრია, რადგან ქალს თან თავში წაუთაქებდნენ ხოლმე, თან აგინებდნენ, თან მოჰყავდათ. როგორც თქვეს, მას მაშინ წაასწრეს, როცა ახლადდასაფლავებული პედაგოგის საფლავზე ისაქმებდა. ჰო, პირდაპირ საფლავზე ჩახდილი იყო და ისაქმებდა. 

ქალი კაბინეტში შევიყვანე, მოწესრიგების შესაძლებლობა მივეცი და შემდეგ მშვიდად ვუთხარი: 

_ დაიწყე! 

აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო. 

გოგონა 13 წლის იყო, როცა ბავშვთა სახლში სხვა რაიონიდან გადაიყვანეს. მას მშობლები მთაში, ლაშქრობისას დაეღუპა, ბებია ზრდიდა, ბებიაც გარდაიცვალა და ნათესავებიდან არავინ შეიფარა. მისვლიდან ერთ კვირაში, ჯერ ბავშვთა სახლის დირექტორმა გააუპატიურა, მერე _ მილიციის უფროსმა, ბოლოს, ორივემ ერთად. 

და ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, ქალი ყვებოდა, რომ ამას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა და დირექტორი ბავშვებს, უბრალოდ, აქირავებდა. აქირავებდა გოგონებსაც და ბიჭებსაც, ადამიანები მოდიოდნენ და ბავშვები 2-3 ღამით მიჰყავდათ, მერე აბრუნებდნენ, თუმცა ხმას ვერავინ იღებდა, ყველა უპატრონო იყო, დირექტორს კი რაიკომის მდივანი და მილიციის უფროსი მფარველობდნენ. 

ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ერთ-ერთ კლიენტს, წაყვანილი გოგო შემოაკვდა და ვერ „ჩამოწერეს“. 

კლიენტი მაზოხისტური მიდრეკილებების იყო და გოგოს მთელი სხეული დასერილი ჰქონდა. ამიტომ იყო, სასწრაფო წესით რომ გაუშვეს ყველა თანამდებობიდან და საქმე ჩაფარცხეს. საბჭოთა კავშირში ხომ ასეთი რამეები არ ხდებოდა. 

ჰოდა, ამ ქალმა ყოფილი დირექტორი შემთხვევით ნახა, სახლამდე მიჰყვა, გზად დანა იყიდა, ხელთათმანიანი ხელი მოჰკიდა, სადარბაზოში შეჰყვა და გაუყარა კიდეც. პედაგოგმა მოასწრო წინააღმდეგობის გაწევა, გაყრილი დანით სახლამდე აირბინა, კარი გააღო, შიგნიდან ჩაკეტა და... მეტი ვერაფერი ქნა, სისხლისგან დაიცალა. 

ქალმა ვერ აიტანა, რომ ის კაცი პატივით დაკრძალეს და ბოლო რიტუალის ჩატარება სურდა _ საფლავზე მოსაქმება, რა დროსაც მესაფლავეებმა დააკავეს. 

ჩადენილს არ ნანობდა და, ჩემი რჩევის მიუხედავად, სასამართლოზეც იგივე გაიმეორა, არ ვნანობ, კიდევ ათჯერ რომ გაცოცხლდეს, ათივეჯერ მოვკლავო. 

რაც შეეხება სამას მანეთს, იტყუებოდა ის მეგობარი, იფიქრა, თუ დავამტკიცებ, სახელმწიფო ამინაზღაურებსო. 

სამწუხაროდ, სასამართლო სხდომა საგანგებო და დახურულ რეჟიმში ჩატარდა. იმის გამო, რომ გარდაცვლილი სახელმწიფოს მიერ დაჯილდოვებული დამსახურებული პედაგოგი იყო, ქალს შეღავათი არ გაუწიეს და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოტა ხნის შემდეგ გაუშვებდნენ და ვკითხულობდი კიდეც მის ამბავს, მაგრამ 12 წელი სრულად მოიხადა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში