Menu
RSS

თბილისის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორმა საყვარლის ქმარი გაგუდა!

როგორ გაიყვანა კატამ სამართალდამცავები დამნაშავის კვალზე

დღევანდელ მსოფლიოში, სამართალდამცავებს ისეთი და იმ დონის ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვთ, რომ თუ კრიმინალს ხელოვნების დონეზე არ აიყვანენ, საქმეს აუცილებლად გახსნიან. ტერმინი _ „გაუხსნელი საქმე არ არსებობს“ ცოტა გადაჭარბებულია, რადგან ყველა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებაში დევს ათეულობით საქმე, რომელიც გაუხსნელია. თუ საქმე ძალიან გახმაურებულია, მას აარქივებენ, თუ არადა, წვრილ-წვრილ საქმეებს სხვა დამნაშავეებს „ტენიან“ და ასე მარტივად ასრულებენ გეგმას. ამის მიუხედავად, არსებობს დეტალები, რომელთა ყურადღების მიქცევის შემთხვევაში, საქმე შეიძლება, მაშინ გაიხსნას, როცა არ ელოდები. ერთ-ერთ გამორჩეულ შემთხვევას, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი გვიყვება.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაზის ნამწვით გაგუდვა ახალი ხილი იყო და ნაკლებად ხდებოდა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებაში შეტყობინება შევიდა _ ცოლმა მეუღლე ლოგინში გარდაცვლილი იპოვაო. ადგილზე გასულ ოპერატიულ ჯგუფს ექსპერტები უკვე ბინაში დახვდნენ და დასკვნაც თითქმის გამზადებული ჰქონდათ. 

„გაზის ნამწვით არის მოწამლული, დამახასიათებელი ლაქები აქვს სახეზე, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ ეტყობა. დეტალებს გაკვეთის შემდეგ გაგაცნობთ“, _ მოახსენეს გამომძიებელს ექსპერტებმა. 

გარდაცვლილის მეუღლის დაკითხვა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან აკავებდნენ, თორემ კედელზე ცდილობდა თავის დარტყმას. ერთადერთი, რაც ბატონმა თენგიზმა გაარკვია, ის გახლდათ, რომ ცოლი ქმარზე ბევრად ახალგაზრდა იყო, თავად ოჯახს კი ღარიბი აშკარად არ ეთქმოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კედლიდან გუდიაშვილის ორი ტილო იმზირებოდა და ოთახებიც უცხოური ავეჯით იყო გაწყობილი. 

ოპერმუშაკები მეზობლების დასაკითხად გავიდნენ. მათ არაფერი გაუგიათ, არც ყვირილი, არც ხმაური. დაინახეს, როგორ დაბრუნდა ცოლი დილით სამსახურიდან, შემდეგ კივილის ხმა გაიგონეს, სახლში შევიდნენ და ეს სურათი დახვდათ. ფანჯრებიც მეზობლებმა გააღეს და სახლი გაანიავეს. 

ექსპერტიზის დასკვნა საინტერესო იყო _ გარდაცვალება გაზის ნამწვით მოხდა, თუმცა გარდაცვლილს სხეულზე რამდენიმე ჩალურჯება ჰქონდა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იყო მიყენებული. აი, გარდაცვალების დრო კი, დაახლოებით, ღამის 12 საათი გახლდათ ანუ მთელი ღამე ცხედარი ლოგინში იყო, შემდეგ კი ცოლმა იპოვა. პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი არაფერი გახლდათ, გარდა იმ ლაქებისა, რომელიც ექსპერტიზამ აღმოაჩინა, თუმცა იმასაც ამბობდნენ, თუ სასწრაფოს ექიმებმა იმუშავეს ცუდად და ცხედარი საკაცეზე უხეშად დადეს, ან უხეშად გადმოიტანეს, ლაქები შესაძლოა, მაშინაც გაჩენილიყოო. 

ბატონმა თენგიზმა ჩათვალა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან ჰქონდა, ამიტომ გარდაცვლილის გასვენებას დაელოდა და ქვრივი დაკითხვაზე ამის შემდეგ დაიბარა. 

„ჩემი მეუღლე ქვრივი იყო, ორი შვილი ჰყავს, ორივე დაოჯახებული, ცალ-ცალკე ცხოვრობს. რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ, რომ მათი მამა მხვდებოდა, შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი, ასაკში სხვაობა 24 წელი იყო, მაგრამ შეგვიყვარდა და იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემზე სერიოზულად ფიქრობდა, ოფიციალურადაც მოვაწერეთ ხელი. 

მაინც მგონია, რომ ეს ხელმოწერა შვილებისთვის უფრო სჭირდებოდა, რომ არ ეფიქრათ, მამა ვიღაცას გადაეყარაო. ახლა კი ასეთი უბედურება მოხდა... აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო“, _ სლუკუნით წარმოთქვა ქალმა. 

სანამ დაკითხვაზე დაიბარებდა, ბატონმა თენგიზმა გაარკვია, რომ აწ უკვე ქვრივი, კერძო კლინიკაში ექიმად მუშაობდა და იქ დაუდასტურეს, გარდაცვალების დღეს, საღამოს რვა საათიდან სამსახურში იყო, ფეხი არ გაუდგამსო. როცა დაკითხვა დასრულდა და გამომძიებელმა ქალი გააცილა, თანამშრომელმა ღიმილით ჰკითხა, ჰა, შენ ხომ არ აბამ ახლა ამასო?! 

თენგიზმა კოპები შეკრა, მოწმეა, რა შებმაო და თანამშრომელმა მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა: 

„ჯერ მოწმეა, მერე საყვარელი გახდება... ჩემი მეზობელი იყო, ნახევარი უბანი მაგაზე დავაჟკაცდა, მერე გათხოვდა, ვიღაც ბიძას გაჰყვა... და მაიცა, ის ბიძა დაიბრიდა? მაგის დაბრედილი იქნება, არ იცნობ შენ მაგას“. 

თანამშრომლის სიტყვებმა გამომძიებელი კი ჩააფიქრა, მაგრამ ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა. ცოლს გაზი ჩართული რომ დაეტოვებინა, შინ დაბრუნებული ქმარი მაინც ნახავდა და გამორთავდა, არ დატოვებდა და ისე არ დაიძინებდა. ბუხარიც ენთო, მაგრამ კარგი გაწოვა ჰქონდა და იქიდან გამორიცხული იყო გაგუდვა. აი, გაზქურა ჩართული დახვდათ მეზობლებს და ნამწვიც იქიდან იყო წასული. ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა და ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეკითხა ქალი, ოღონდ უკვე მის სახლში. იფიქრა, უფრო გამეხსნება, ეგებ, რამე ახალი თქვასო. მით უმეტეს, შვილების დაკითხვამ ვერაფერი მისცა, ამბობდნენ, ამ ქალმა გაასულელა მამაჩვენი, მთელი ქონება ახლა მას დარჩა, მის სახელზეა და ჩვენ მხოლოდ ის ორ-ოთახიანი ბინები გვერგო, რომელიც მანამდე გვიყიდაო. 

გარდაცვლილის სახლში მისულ თენგიზს, ქალი ისევ მძიმე შავებში დახვდა და გამობრუნებაც დააპირა, მაგრამ ფეხებში კატა გაებლანდა და მშვიდად იკითხა: 

„კატა დარდის გასაქარვებლად მოიყვანეთ?!“ 

„არა, ჩემი ქმრის კატაა, ძალიან უყვარდა და გარეთ ხომ არ გავაგდებ? მართალია, მე კატები არ მიყვარს, მაგრამ ქმრის ხსოვნის პატივსაცემად მოვუვლი, სანამ იცოცხლებს. ისედაც ასაკშია უკვე“, _ ჩუმად თქვა ქალმა და კატას ზურგზე ხელი გადაუსვა. 

„და ღამე სად რჩება ეს კატა?“ _ ისევ იკითხა გამომძიებელმა. 

„სად უნდა დარჩეს? _ შინაური კატაა, სახლშია სულ“, _ გაუკვირდა ქალს და ბატონმა თენგიზმაც ღიმილით უთხრა, კარგად ბრძანდებოდეთ. დაახლოებით, ორ დღეში, საქმეს დავხურავთ და მსურდა, ჩემგან გაგეგოთო. 

თენგიზი ქალს დაემშვიდობა და მაშინვე ექსპერტთან გავარდა. 

„ახლა კარგად დაფიქრდი და ისე მითხარი, ნამწვის ის ოდენობა, რაც იმისთვისაა საკმარისი, რომ ადამიანი გაგუდოს, ცოცხალს დატოვებს თუ არა შინაურ ცხოველს? კონკრეტულად კი, კატაზე მაინტერესებს“, _ ჰკითხა ექსპერტს. 

„არა, თენგიზ, კატას კი აქვს ცხრა სიცოცხლე, მაგრამ თუ ნამწვი მოკლავს კაცს, აუცილებლად მოკლავს კატასაც და ძაღლსაც. სხვათა შორის, ცხენს უფრო ნაკლები სჭირდება, ვიდრე ადამიანს ანუ შეიძლება ერთ ოთახში გაუშვა ნამწვი, გადარჩეს ადამიანი და მოკვდეს ცხენი“, _ აუხსნა ექსპერტმა. 

„ანუ ამბობ, რომ ბოლო შემთხვევაში, ოთახში კატა რომ ყოფილიყო, უეჭველად მოკვდებოდა?“ _ სუნთქვა შეეკრა თენგიზს. 

„უშანსოდ იქნებოდა, უშანსოდ. მოიცა, კაცო, მახსოვს, კატა ფეხებში გამედო ერთი-ორჯერ, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. რომ მივედი, იქ დამხვდა“, _ გაიხსენა ექსპერტმა. 

უკვე ცხადი იყო, რომ ცხედარი სახლში მიიტანეს, მაგრამ ვინ, როდის, როგორ? _ ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი გამომძიებელს უნდა ეპოვა. ამიტომ, ისევ იმ კლინიკას მიადგა, სადაც ქალი მუშაობდა. ამჯერად კლინიკის დირექტორი კი არა, რიგითი თანამშრომლები გამოკითხა და გაიგო, რომ დირექტორი ქალის მიმართ გულგრილი არ იყო, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ღამის მორიგეობის დროს, მოულოდნელად ქალის ქმარი კლინიკაში მივიდა. ოთახში მაშინ შევიდა, როცა კლინიკის დირექტორი მის ცოლს აშიშვლებდა და ვნებიანად კოცნიდა. ეს უკვე მიზეზი იყო, მაგრამ... აკი, თქვეს თანამშრომლებმა, რომ იმ დღეს ქალი სამსახურიდან არ გასულა?! 

გადაწყდა, რომ კლინიკის დირექტორი ხელმეორედ დაკითხულიყო, ოღონდ განყოფილებაში და თან ისე, რომ ჩვენება მიეცა. ამიტომ, მას მახე დაუგეს. ბატონი თენგიზი ქვრივს სახლთან დახვდა, როცა ის სამსახურში მიდიოდა და სთხოვა, განყოფილებაში გამომყევით, საქმის დახურვაზე ხელი უნდა მოგაწერინოთ, შემდეგ კი სამსახურში თავადვე წაგიყვანთო. ქალიც დაემორჩილა და სწორედ ამ დროს, სხვა ჯგუფს, პოლიციაში კლინიკის დირექტორი მიჰყავდა. შენობაში ჯერ ბატონი თენგიზი შევიდა, კაბინეტში შეიყვანა ქალიც, წინ ფურცლები დაუდო და სთხოვა, იქნებ, ის დღე დეტალურად აღწეროთ, საქმეში უნდა ჩავაკრაო. ქალი წერას შეუდგა, ამ დროს, კლინიკის დირექტორი ჩამოატარეს და „შემთხვევით“, გამომძიებლის კაბინეტის კარი შეაღეს. ქალისა და დირექტორის თვალები ერთმანეთს შეხვდა, ორივე შეკრთა, თუმცა ოპერმუშაკებმა იმარჯვეს და კარი დროულად მიხურეს. ქალმა კითხვით სავსე თვალები თენგიზს მიაპყრო, თუმცა მან მხიარულად უთხრა, ეგ სხვა საქმეზეა დაბარებული, ნუ იდარდებთო. შემდეგ ოთახიდან გავიდა და კლინიკის დირექტორს პირდაპირ უთხრა: 

„ახლა ის ქალი შენს წინააღმდეგ ჩვენებას წერს, როგორ გაგუდეთ ის კაცი, დეტალებში ყვება და სჯობს, აღიარებითი შენც მოგვცე, 1-2 წელს დაგაკლებს სასამართლო“. 

გათვლა მარტივი იყო: ექსპერტის დასკვნით, კაცი გაგუდული გახლდათ ანუ სხვა მიზეზი არ არსებობდა და გამომძიებელმაც ათიანში მოარტყა. კლინიკის დირექტორმა ერთი ამოიგმინა, მაგის ძუკნა დედაცო და დაიწყო: 

„წლებია, საყვარლები ვართ, მთელმა კლინიკამ იცოდა, მაგრამ არ იცოდა ქმარმა. შემთხვევით შემოიარა და წაგვასწრო. სკანდალი არ აუტეხავს, უბრალოდ, ცოლს უთხრა, გშორდები და ყველაფრის გარეშე გტოვებო. მაშინ მოიფიქრა ამან გეგმა და მითხრა, დამეხმარე, მთელ ცხოვრებას უზრუნველად გავატარებთო. ავტოფარეხთან დაველოდე, ექიმი ვარ და ვიცი ხსნარი, რომელიც წამიერად აძინებს და თან ისე, ფილტვებში არაფერი რჩება. მანქანა რომ შეიყვანა, შევყევი, ავაფარე პირზე ნაჭერი და დაიძინა. დავქოქე მანქანა, დავაწვინე უკანა სავარძელზე და კლინიკაში დავბრუნდი. სამი საათის მერე წავედი და გაგუდული დამხვდა. ცოლის გასაღებით გავაღე კარი, ავიყვანე, შევიყვანე, ისე ვატარე, რომ დაზიანებები არ მიეღო, გავხადე, ლოგინში ჩავაწვინე, ანაბეჭდები ყველგან გავწმინდე, ჩავრთე გაზქურა და წამოვედი. დილით კი მოხდა ის, რაც მოხდა _ ცოლი მივიდა სახლში, სცენა გაითამაშა და რომ მეგონა, ყველაფერი დასრულდა, მაშინ გავებით. იმ ძუკნამ რაო, მე არ დამიგეგმავს არაფერიო?!“ _ ბრაზით იკითხა დირექტორმა. 

სასამართლომ ქალს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კლინიკის დირექტორს კი 12 წელი მისცეს და... ორივემ ციხე რამდენიმე წელიწადში დატოვა, თუმცა არც ერთად უცხოვრიათ და აღარც ერთ სამსახურში უმუშავიათ, ურთიერთობა გაწყვიტეს.

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში