Menu
RSS

„ხელ-ფეხი უწვრილდება და უთხელდება“

რა დიაგნოზი დაუსვეს და ექვემდებარება თუ არა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას

 

5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების შესახებ, მე-18 პენიტენციურ საავადმყოფოში იმსჯელებს, რადგან პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირს გადაადგილება აღარ შეუძლია. სწორედ ჯანმრთელობის დამძიმების გამო ითხოვს ოჯახი გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას. 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესს დეკანოზი არ დასწრებია და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ განგებ არ უზრუნველყო დეკანოზისთვის მწოლიარე პოზაში გადაადგილება, რადგან საზოგადოებას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი არ ენახა. პენიტენციურმა დაწესებულებამ კი განმარტა, რომ თავად დეკანოზმა არ ისურვა შშმ პირისთვის განკუთვნილი სავარძლით გადაადგილება. 27 თებერვალს, სასამართლოში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავაც მივიდა, რომელმაც პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მიმართ, ტრადიციულად, სკანდალური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ სწორედ საპატრიარქოს უნდა მიემართა სასამართლოსთვის დეკანოზის სასჯელის გადავადების თხოვნით. აქედან ჩანს, რომ „ციანიდის ამბავი“ არათუ დასრულდა, არამედ კიდევ უფრო სკანდალური და ბუნდოვანი ხდება. ამ თემებზე „ვერსია“ გიორგი მამალაძის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო მიხეილ, რატომ არ მიიყვანეს დეკანოზი სასამართლოში, ეს თავად დეკანოზის გადაწყვეტილება იყო თუ მისი მიყვანა პენიტენციურმა დაწესებულებამ არ უზრუნველყო? 

_ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პენიტენციური დეპარტამენტიდან მიზანმიმართულად მოხდა, რათა აღნიშნული პროცესი საჯაროდ არ ჩატარებულიყო და დეკანოზი საზოგადოებისა და მედიის წინაშე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ წარმოედგინათ. გიორგი მამალაძეს გადაადგილება მართლა არ შეუძლია. არ გამოვრიცხავ, რომ პენიტენციურმა მე-18 დაწესებულებამ მას შესთავაზა, ეტლით მიეყვანათ პროცესზე, რაც წარმოუდგენელი იყო, შესძლებოდა დეკანოზს. მათი მტკიცება, რომ დეკანოზს ეს შეუძლია, აბსურდია, რაც იქიდანაც ჩანს, რომ პენიტენციურმა სტრუქტურამ დანიშნა ექსპერტიზა და ჩაატარებინა ერთ-ერთ შპს-ს ანუ კერძო ექსპერტიზას, როცა არსებობს ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. იმ ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ ვითომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი, რაზეც განცხადება, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, გააკეთა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ. მან ისიც კი გააჟღერა, რომ თითქოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არსებობს, თუ როგორ გადაადგილდება და მოძრაობს დეკანოზი, რაც სიცრუეა იმიტომ, რომ არსებობის შემთხვევაში, ჩანაწერს აუცილებლად გაასაჯაროვებდნენ! შესაბამისად, ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა. მასში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია EMC, რომლის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზეც იყო და მასაც გაუკვირდა, რატომ არ ჩატარდა პროცესი საჯაროდ. პარალელურ რეჟიმში ჩატარებულმა ექსპერტიზამ, რომელშიც 6 ექსპერტი მონაწილეობდა, აბსოლუტურად საპირისპირო დასკვნა დადო და დაწერა, რომ დეკანოზი უმძიმეს მდგომარეობაშია. 

_ რა დიაგნოზი დაუსვეს დეკანოზს? 

_ სამედიცინო ტერმინოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ტვინიდან მომდინარეობს ეს დაავადება. დასაშვებია, რომ ბუნებრივადაც მომხდარიყო, მაგრამ თავიდანვე ვამბობდი, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს შესაძლებლობა, ადამიანს ხელოვნურად შეუქმნა ისეთი სიტუაცია და ისეთი რამ შეჰყარო, რამაც შეიძლება, ფატალური შედეგი დააყენოს. ეტყობა, ვიღაცები მის სიცოცხლესაც უფრთხიან და უნდათ, რომ ძალიან ცუდი შედეგი დადგეს. სასამართლო პროცესმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაფერი ეს ორგანიზებულია. წარმოიდგინეთ, საზოგადოების რეაგირება როგორი იქნებოდა, სასამართლოში რომ მიეყვანათ დეკანოზი მწოლიარე მდგომარეობაში?! 

_ არსებობს პრაქტიკა, რომ პროცესს მსჯავრდებული მწოლიარე მდგომარეობაში დაესწროს? 

_ დიახ, რა თქმა უნდა, არსებობს. ადამიანი ხელ-ფეხ წართმეულია, მას გადაადგილება არ შეუძლია. 

_ ბატონო მიხეილ, ხომ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ დეკანოზს ჰქონდა მცდელობა, განგებ მისულიყო მწოლიარე მდგომარეობაში, რათა საზოგადოების თვალში უფრო მძიმედ წარმოჩენილიყო და ამით სასამართლოზე ერთგვარი ზეწოლა მოეხდინა? 

_ გამორიცხულია, ამის შესაძლებლობა ერთი პროცენტიც რომ არსებობდეს, მე-18 პენიტენციურ დაწესებულების, ე.წ. რეზბალნიცის საექიმო პერსონალი ამ საკითხს აუცილებლად დააყენებდა... 

_ მოკლედ, დეკანოზს არც ჯდომა შეუძლია და არც გადაადგილება? 

_ ის უწყვეტად იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. წარმოუდგენელია, თითქმის ერთი წელია, ადამიანი არ ჯდებოდეს, არ დგებოდეს და ამას მოჩვენებით აკეთებდეს. 

_ ეს მდგომარეობა საკმარისი საფუძველია დეკანოზისთვის სასჯელის გადასავადებლად? 

_ დიახ, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მიერ არის შეთანხმებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება ადამიანს გადაუვადდეს ან საერთოდ გათავისუფლდეს სასჯელისგან. არის დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს სასჯელისგან საერთოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ ზუსტად ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზის მდგომარეობა საჯარო არ გამხდარიყო და შემდეგი პოროცესი 5 მარტს, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება. 

_ პენიტენციურ დაწესებულებაში პროცესს მედია ვერ დაესწრება და საზოგადოება ვერ ნახავს დეკანოზის მდგომარეობა როგორია, არა? 

_ დიახ, ციხეში არავის ექნება შესვლის საშუალება, გარდა მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და იმ ექსპერტებისა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ექსპერტიზის ჩატარებაში. 

_ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ მოსამართლე ლილი მსხილაძე, რომელიც დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების საქმეს განიხილავს, პატრირაქთან დაახლოებული პირია, ამაზე რამე ინფორმაციას ფლობთ? 

_ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. 

_ სხვათა შორის, დეკანოზის პროცესზე მეუფე პეტრეც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების თხოვნით, პირველ რიგში, პატრიარქსა და საპატრიარქოს მაღალ იერარქებს უნდა მიემართათ. ამ მოსაზრებას იზიარებთ? 

_ თავიდანვე ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ცენტრალური ფიგურანტები და დეკანოზის თავისუფლების შემზღუდველები, ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირები _ შორენა, იაკობი და სხვები არიან! ისინი მერამდენე წელია, ცდილობენ, დეკანოზის განეიტრალება რაღაცნაირად მოახდინონ. 

_ მამალაძემ ასეთი რა იცის, რომ მის შეწყალებასა და სასჯელის გადავადებას ბლოკავენ, მით უმეტეს, რომ მან გარკვეული ინფორმაციები უკვე გაასაჯაროვა და გარკვეული პირებისთვის მისი თავისუფლებაზე ყოფნა საშიში რატომღაა? 

_ ეს იმ ადამიანების ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომლებიც შემხებლობაში არიან დარღვევებთან, დანაშაულთან, უზნეობასა თუ ამორალურ ქმდებებთან. სხვანაირი დაცვის მექანიზმია, როცა ადამიანი ჩაკეტილია. დეკანოზს უნდოდა, წმინდა სინოდის წინაშე წარმდგარიყო და გარკვეულ დარღვევებსა და დანაშაულზე ესაუბრა, მაგრამ ეს არ სურთ. 

_ მაინც, როგორი მოლოდინი გაქვთ, დეკანოზს სასჯელს გადაუვადებენ? 

_ ამას არ ველოდები. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ თორნიკემ განაცხადა, რომ მოსამართლე საპატრიარქოში გარკვეულ პირებთან დაახლოებულია და თუ გავითვალსწინებთ პროცესის გადადებისა და არასაჯაროდ ჩატარების საფუძვლებს, აქ მართლმსაჯულების მხრივ, დეკანოზის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდება. მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი რჩება. 

_ ამ საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში რა ხდება? 

_ არაფერი. დროსთანაა დაკავშირებული, ველოდებით გადაწყვეტილებას და შემდეგ მოუწევს სახელმწიფოს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რასაც სტრასბურგის ევროპული სასამართლო დასვამს. 

_ ბატონო მიხეილ, დეკანოზი მესამე წელია, სასჯელს იხდის, მას 9 წელი აქვს მისჯილი. სასჯელის გადავადების შემთხვევაში, დარჩენილ 6 წელს, მკურნალობის შემდეგ მოიხდის? 

_ დიახ, თუ დაექვემდებარა გამოჯანმრთელებას. ჩემი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობას ვერ დაექვემდებარება, რადგან ძალიან განსხვავებულ პირობებში სჭირდება მკურნალობა, რაც სამწუხაროდ, ციხეში არ არსებობს. მას ხელ-ფეხი უწვრილდება და უთხელდება ანუ ერთი ფეხი მეორისგან განსხვავდება და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში