Menu
RSS

სკანდალური სქემა - როგორ შემოდის საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტი!

ვინ „კრიშავს“ უაქციზო თამბაქოს ბიზნესს და რეალურად, რა მოტივით ჩაატარეს ნაციონალებმა სისხლიანი სპეცოპერაცია კოდორში

ექსპერტების გაანგარიშებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში სიგარეტი გაძვირდა, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზიდან შესულმა გადასახადმა 400 მილიონი ლარით იკლო. ამ ამბის გახმაურებისთანავე, არაერთმა პარლამენტარმა თქვა, ჩემი გათვლები სწორი გამოდგა, ხალხმა მოწევას თავი დაანება ანუ მეტი ჯანმრთელი ადამიანი გვეყოლებაო. სავარაუდოდ, ამან შეაგულიანა ფინანსთა მინისტრი, რომელმაც ორიოდ კვირის წინ აღნიშნა, აქციზის ფასი ევროპულს უნდა დავუახლოვოთ და ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი საქართველოში 15 ლარიდან უნდა დაიწყოსო. პოლიტიკოსები აღნიშნულ ინიციატივას მხარს რომ დაუჭერენ, უკვე დააფიქსირეს და ვარაუდობენ, რომ კიდევ არაერთი ათასი ადამიანი დაანებებს თავს მოწევას. რა თქმა უნდა, ამ მავნე ჩვევის გადაგდება კარგია, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, მწეველთა რიცხვი იმდენად შემცირდა, რომ ბიუჯეტმა 400 მილიონით იზარალა, ძალიან ცდება. არა, ბიუჯეტმა კი იზარალა, მაგრამ მწეველთა რიცხვი, პრაქტიკულად, არ შემცირებულა. როგორ? ახლავე აგიხსნით.

საქართველოში უაქციზო სიგარეტი „უცხო ხილი“ არც ედუარდ შევარდნაძის დროს იყო (ერგნეთის ბაზრობიდან მთელი აღმოსავლეთ საქართველო მარაგდებოდა, დასავლეთ საქართველო კი მარაგს ენგურის ხიდიდან იღებდა), არც _ მიხეილ სააკაშვილის დროს (იგივე ენგურის ხიდი, ცხინვალი და აზერბაიჯანი) და არც ახლაა. 

ძალიან გვეეჭვება, ხელისუფლებამ არ იცოდეს, რომ უაქციზო სიგარეტის ყიდვა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება _ შედით ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ბაზარში და ნახავთ, რომ უაქციზო სიგარეტს მიაქვს იქაურობა. მას ბევრგან ფარულადაც კი არ ყიდიან, პირდაპირ დახლზე უდევთ და შეგიძლიათ იყიდოთ. 

რაც ყველაზე საინტერესოა, მაგალითად, თუ ქართული აქციზით ერთი კოლოფი სიგარეტი 6 ლარი ღირს, იგივე სიგარეტი რუსული აქციზით ან საერთოდ, უაქციზოდ 3 ლარად იყიდება ანუ ფასი აქაურზე ორჯერ ნაკლებია. შესაბამისად, მწეველები სწორედ ამ კონტრაბანდულ სიგარეტზე გადავიდნენ და რეალურად, ხალხი კი არ გამოჯანმრთელდა, უბრალოდ, ბიუჯეტმა იზარალა წლიური 400 მილიონით და ეს თანხა კონტრაბანდისტებზე გადანაწილდა. 

უაქციზო სიგარეტის შემოტანის სქემა ძალიან მარტივია. იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოძრაობენ, აქვთ უფლება, ხელს ერთი ბლოკი სიგარეტი გამოაყოლონ. ჰოდა, თუ საზღვარზე მდგარ რუს „მშვიდობისმყოფელს“ ცოტა ფულსაც მისცემენ, ჩანთაში საგულდაგულოდ ჩაწყობილ ათ ბლოკზე თვალს დახუჭავენ და ხუჭავენ კიდეც. შედეგად, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, მართალია, არალეგალური, მაგრამ ამით ოთხი მხარე ხეირობს: პირველი ის, ვინც სიგარეტს ადგილზე ყიდის, მეორე _ ქართველი გადამყიდველი, მესამე _ რუსი მესაზღვრე და მეოთხე _ მომხმარებელი, რომელიც ორჯერ ნაკლებს იხდის ერთ კოლოფში. 

დაზარალებული კი მხოლოდ სახელმწიფო და მისი ბიუჯეტია, ის ბიუჯეტი, საიდანაც ხელფასები, პენსიები და სოციალური შემწეობები უნდა დარიგდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ ფინანსთა მინისტრის დანაპირები ნაჩქარევია და ესეც არ იყოს, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ვერ თუ არ ხვდებიან, რომ ბიუჯეტიდან წასული 400 მილიონი არ არის ადამიანების გამოჯანმრთელების შედეგად დაკარგული, ის კონტრაბანდისტებმა გადაინაწილეს! 

* * * 

„ჩემს ქმარს დღეში ათი ბლოკი გადმოაქვს ანუ ასი კლიენტი მყავს, რომელსაც სახეზე ვიცნობ და თითქმის გამორიცხულია, ერთ კოლოფი მაინც დამრჩეს დღის ბოლოს. თითო კოლოფიდან, დაახლოებით, 50-60 თეთრი რჩება ანუ საერთო ჯამში, მხოლოდ სიგარეტით, დღეში 50-60 ლარს ვშოულობ და ასეა ნახევარი ბაზარი. 

ცუდი ის არის, რომ როცა აქ ძვირდება სიგარეტი, საზღვრის იქეთაც გვიძვირებენ, რეალურად კი, მათი ნაწარმის ღირებულება არ იზრდება, მაგრამ გაძვირდა აქ, აძვირებენ იქაც. ზუსტად იციან, რომ ორჯერ იაფია მათი სიგარეტი და ამიტომ, მოგება რატომ უნდა დაკარგონ? აი, აქ რომ 15 ლარი გახდება, იძულებული გავხდები, მინიმუმ, შვიდ ლარად გავყიდო და ეჭვი მაქვს, ის ჩემი ასი კლიენტი დამეკარგება _ ვერ გადაიხდიან შვიდ ლარს, მაგის გადახდის თავი რომ ჰქონდეთ, ახლაც გადაიხდიდნენ ქართულ აქციზიანში და ჩემთან არ ირბენდნენ ყოველდღე“, _ გვიყვება ქალბატონი, რომელიც უაქციზო სიგარეტს რუსთავის ბაზარში ყიდის. 

* * * 

სხვათა შორის, თუ შევარდნაძის დროს, ერგნეთის ბაზარზე ჩვეულებრივი, ოფიციალური ვაჭრობა იმართებოდა, სააკაშვილის პრეზიდენტობისას, ყველაფერი ეს ოფიციალურად მოისპო, მაგრამ არაოფიციალურად იმხელა მასშტაბები შეიძინა, შევარდნაძის პერიოდს გაუსწრო. 

მართალია, ციხეში ზის, მაგრამ წინა ხელისუფლებაში ყველამ იცოდა, ირაკლი ოქრუაშვილმა ერგნეთის ბაზრობა სწორედ იმ მიზეზით ჩაკეტა, რომ სამაჩაბლოდან დაძრული კონტრაბანდა სწორედ მას ეკონტროლებინა. ახლა ამის მტკიცება ძალიან ძნელია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ მასთან მუშაობდნენ, ხელს სწორედ ოქრუაშვილისკენ იშვერენ, მათ შორის, პირველ რიგში, მისი ყოფილი მარჯვენა ხელი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი. 

რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, აქ სიტუაცია ცოტა სხვაგვარი იყო. კონტრაბანდაზე კონტროლს ცდილობდა ხელისუფლება და ცდილობდნენ ე.წ. პარტიზანებიც, რომლებიც აფხაზ სეპარატისტებს მოსვენებას ისედაც არ აძლევდნენ და კონტრაბანდის კონტროლით მათ სხვა პრობლემებსაც უქმნიდნენ, თუმცა მაშინ პარტიზანების აქტიურობამ ამ მიმართულებით პრობლემა არამარტო აფხაზებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებასაც შეუქმნა, რადგან ყველასთვის ცხადი იყო, რომ არალეგალური გზით მილიონები იჭრებოდა და ეს მილიონები ბევრისთვის საოცნებო და სასურველი იყო. 

„პარტიზანებმა ძალიან კარგად იცოდნენ საცალფეხო ბილიკები. ამიტომ, ისინი კონკრეტულ ადამიანებს სწორედ ამ ბილიკებით სთავაზობდნენ კონტრაბანდული საქონლის გადმოტანას და სანაცლოდ იმდენს არ სთხოვდნენ, რამდენსაც მაგალითად, ხელისუფლება ან ოფიციალური ძალოვნები. ამიტომ, მოსახლეობას ურთიერთობის დაჭერა სწორედ მათთან ერჩია და ხელისუფლება ამას ვერ ინელებდა. 

თუ გახსოვთ, სწორედ ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ პარტიზანების რაზმი კი არ დაეშალა, არამედ გაენადგურებინა და ეს მაშინ, როცა ისინი ოფიციალურად აფხაზ სეპარატისტებსა და რუს სამშვიდობოებს ებრძოდნენ ანუ ხელისუფლება ცდილობდა, იმ ძალის ნიეტრალიზაციას, რომელიც მტერს მოსვენებას უკარგავდა“, _ გვიყვება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც რამდენჯერმე პირადად იყო წარგზავნილი პარტიზანების რაზმის აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. 

* * * 

უხეში გათვლებით, მაშინ კონტრაბანდული სიგარეტი იმდენად მოთხოვნადი იყო (ახლაც არანაკლებად), რომ დღეში 25-დან 30 ათას კოლოფამდე იყიდებოდა. კოლოფი ერთ ლარს ტოვებდა ანუ დღეში ვიღაცის ჯიბეში, მინიმუმ, 25 ათასი ლარი უნდა წასულიყო და ეს არავის ეთმობოდა. ამისთვის ხდებოდა შეტაკებები, რაც შემდეგ „კონსტიტუციური კონტროლის დამყარების მცდელობით“ ინიღბებოდა, რეალურად კი, მხარეები გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის იბრძოდნენ. 

მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ რამდენჯერმე ხელისუფლებამ საბრძოლო ოპერაცია, სწორედ ამ მიზნით ჩაატარა და მას „არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებასთან ბრძოლა“ უწოდა. 

„ხელისუფლებას ეჭვი ჰქონდა, რომ იგივე ხდებოდა კოდორის ხეობის მიმართულებითაც. მას ვიღაცამ უთხრა, რომ კოდორში არალეგალური საქონლით მილიონები კეთდებოდა, რეალუარად კი, აფხაზეთიდან კოდორში გადასასვლელი გზა იმდენად მოუხერხებელი და საშიში იყო, მას არავინ იყენებდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ კოდორის ხეობაზე ხელისუფლებამ სერიოზული იერიში მიიტანა და როცა დარწმუნდა, რომ იქ ვერაფერს იშოვიდა, ტერიტორია, უბრალოდ, დათმო. 

ჰო, ყველაფერი ეს მაშინაც „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ ნიღბის ქვეშ დაიმალა, საბოლოოდ კი, იქ კონსტიტუციურ წესრიგს რუსი „სამშვიდობოები“ და აფხაზი სეპარატისტები ადგენენ,“ _ გვიყვება წყარო. 

ასეა თუ ისე, ფაქტია, დღეს საქართველო უაქციზო ან არაქართული აქციზით გაფორმებულ სიგარეტს მიაქვს და მიზეზი უმარტივესია _ ეს ნაწარმი ქართულ აქციზიან სიგარეტზე ორჯერ იაფია და მოსახლეობას არ აქვს იმის ფუფუნება, პატრიოტული გრძნობებით იხელმძღვანელოს და მხოლოდ ქართული შეიძინოს, ქვეყნის ბიუჯეტზე იზრუნოს. პირიქით, რაც უფრო იაფს ნახავს, მით მეტად მიეტანება და ამიტომ ვამბობთ, რომ ფინანსთა მინისტრის გათვლა ძალიან ნაადრევია. 

სიგარეტის ფასი 15 ლარიდან თუ დაიწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად იზარალებს, რადგან ამ ღირებულების თამბაქოს შეძენას ქართულაქციზიანი სიგარეტის მომხმარებელთა ნახევარი ვერ შეძლებს. ამ ფასად გამორიცხეთ ის, რომ შესაძლოა, სიგარეტი რომელიმე პენსიონერმა მოწიოს, რადგან პენსია მხოლოდ სიგარეტზე, თვიდან თვემდე არ ეყოფა!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში