Menu
RSS

ფრთხილად! _ სამედიცინო პირბადით, შესაძლოა, კრიმინალი ინიღბებოდეს!

როგორ იყენებენ კორონავირუსსა და სეზონურ გრიპებს დამნაშავეები ხალხის დასაყაჩაღებლად

სამწუხაროდ, საქართველო არ არის გამონაკლისი და კორონავირუსი ჩვენთანაც დაფიქსირდა. მართალია, ჯერჯერობით პანიკის სერიოზული ნიშნები არ იგრძნობა, მაგრამ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო პროდუქტების მომარაგება და საკმარისია, საყოველთაო შიშმა დაისადგუროს, რომ სიტუაცია, დიდი ალბათობით, უკონტროლო გახდება. არადა, რეალურად, კორონავირუსი უკურნებელი დაავადება არაა და გამოჯანმრთელება სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, დაავადებულთა და გარდაცვლილთა პროპორციას თუ შევადარებთ, ფატალური შემთხვევები 2-3 პროცენტია, რაც ასევე, საგანგაშო არ არის. საგანგაშო უფრო სხვა რამეა, რაც საბედნიეროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ იგრნობა.

პირველად საყოველთაო პანიკა რამდენიმე წლის წინ ატყდა, როცა ქათმის გრიპის შესახებ გავრცელდა ცნობა. ეგ კი არადა, საქართველოს იმჟამინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ ჭიპაშვილმა ისიც თქვა, ამ ვირუსით საქართველოს მოსახლეობის 40% დაავადდება და ამ დაავადებულებიდან ორი მესამედი დაიხოცებაო. ჰო, ასე თქვა ჯანდაცვის უწყების მაშინდელმა პირველმა პირმა და, საბედნიეროდ, როგორც სხვა დროს არ გამართლებულა მინიტრების პროგნოზები, არც იმხანად გამართლდა. 

გადავიტანეთ ქათმის გრიპი, შემდეგ _ ღორის გრიპი და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კორონავირუსსაც მოვერევით. ერთი ეგაა, მაშინ რამდენიმე ისეთი დანაშაული მოხდა, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გრიპებთან. კრიმინალები შეეცადნენ, ყველაფერ ამისგან სარგებელი მიეღოთ და ის სამედიცინო პირბადეები, რომელიც დღეს არ იშოვება, ყაჩაღობისთვის გამოიყენეს. მხოლოდ ყაჩაღობას ვინ ჩივის, ამ პირბადეებით ჯიბის ქურდები ადიოდნენ ტრანსპორტში, უმოწყალოდ ასუფთავებდნენ მოსახლეობას და თუ ვინმე ხმაურს ატეხდა, უპრობლემოდ ხტებოდნენ ტრანსპორტიდან, ადგილზე მისულ პოლიციას კი ვერავინ ეუბნებოდა, როგორ გამოიყურებოდა დამნაშავე. 

კორონავირუსის კრიმინალური მიზნებისთვის მასობრივად გამოყენება, ჯერჯერობით, იტალიაში დაიწყეს. იტალიელმა სამართალდამცავებმა უკვე ხმამაღლა განაცხადეს, რომ პირბადეების გამოყენებით, არაერთმა კრიმინალმა ისარგებლა და დანაშაული ჩაიდინა. არადა, როგორი საქმეა, შემოდის, მაგალითად, ბანკში ადამიანი, რომელსაც უკეთია პირბადე. ვერავინ ეტყვის, მოიხსენიო, რადგან კორონავირუსით ევროპელებიც გვარიანად არიან შეშინებულნი. ჰოდა, ეს ადამიანი თუ კრიმინალია და ბანკის გაძარცვას აპირებს, უკვე უპირატესობა აქვს _ შეუძლია მშვიდად დაათვალიეროს გარემო, მშვიდად შეხედოს, რას აკეთებს დაცვა და თუ ხელსაყრელი მომენტი ექნება, დანაშაულის ჩადენაც სცადოს. სხვა დროს ის ბანკში ნიღბით, უბრალოდ, ვერ შევა, ვერც გარემოს დაათვალიერებს და, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი კრიმინალისთვის ძალიან ხელსაყრელია. 

სხვათა შორის, პირბადე მხოლოდ ქურდობის ან ყაჩაღობის ჩასადენად კი არა, საქართველოში მკვლელობის მცდელობისთვისაც გამოუყენებიათ. ავადსახსენებელ სამოქალაქო ომის დროს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ე.წ. საძმოებს შორის ატეხილი გარჩევისას, ერთ-ერთი საბურთალოელი ბიჭი დაიჭრა. ჰოდა, მის მოსაკლავად, სწორედ ექიმის ფორმაში გადაცმულები და ნიღბებით მივიდნენ, თუმცა... 

„ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ რისთვის ვიბრძოდით, პასუხი მაქვს. გაგეცინება და, მაშინ არ მქონდა პასუხი. მაშინ უბრალო იარაღი მქონდა და ვიცოდი, რომ ჩემი ქუჩა უნდა დამეცვა. რომ არ დამეცვა, სხვა მოვიდოდა, სხვა წამართმევდა. ჰო, ასე იყო, ქუჩას გართმევდნენ, უბანს გართმევდნენ. ახლა კი ვიცი, მაშინ იარაღი რომ არ მესროლა, უბრალოდ, ცოცხალი არ ვიქნებოდი, უძლურად ჩამთვლიდნენ, არაფრის მაქნისად და ან ჩემები გამაგორებდნენ, ან _ სხვა უბნელები. ამიტომ, ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის და ახალგაზრდა ბიჭებს ჭკუასაც არავინ გვარიგებდა, ან ისე გვარიგებდა, რომ არ ვუსმენდით. 

მოკლედ, ერთ-ერთი შეტაკების დროს, ორი ბიჭი მოგვიკლეს, მეორე მხარეს მხოლოდ ერთი მოკვდა, სამი კი დაიჭრა. ვიცოდით, რომ სამივე რესპუბლიკურში წაიყვანეს და წავედით მოსაკლავად. მთავარი მიზანი ის იყო, ერთი მაინც მოგვეკლა და გავთანაბრებულიყავით. 

ღამის 3-4 საათი იქნებოდა, ყველაფერი მიჩუმდა, იმათი საძმაკაცოც დაიშალა და სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, ექიმის ხალათები ჩაგვეცვა, ნიღბები მოგვერგო და ისე შევსულიყავით პალატაში. ზუსტად ვიცოდით, რომელ პალატაში იწვნენ და გეგმაც მარტივი იყო _ გავაღებდით კარს, შევაგდებდით „ლიმონკას“ და დავითესებოდით. მივედით პალატამდე, რა თქმა უნდა, დერეფანში მხოლოდ ერთი ნათურა ეკიდა და ამიტომ თითქმის არაფერი ჩანდა, მოვხსენით ხელყუმბარას რგოლი, შევაგდეთ პალატაში, გამოვიხურეთ კარი და თავპირისმტვრევით გამოვიქეცით. უკვე საავადმყოფოს ეზოში მივხვდით, რომ ხელყუმბარა არ აფეთქდა, არ ვიცი, რა დაემართა, მაშინ ბევრი იყო დანესტიანებულ-გაუბედურებული, ტყვიებიც ნახევარზე მეტი არ ვარდებოდა ხოლმე. 

დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, ჩვენი ბრახა-ბრუხი ყველამ გაიგო და მთელი საავადმყოფო ფეხზე დადგა. მესამე დღეს გავიგეთ, რომ პალატაში, სადაც „ლიმონკა“ შევაგდეთ, მხოლოდ ერთი ბიჭი იწვა, ორი დაჭრილი კი რეანიმაციაში ჰყოლიათ ანუ „ლიმონკა“ რომ აფეთქებულიყო, კიდევ ორ უდანაშაულო ადამიანს ვკლავდით, მაგრამ ბევრი არ გვინერვიულია, რაც მაშინ თბილისში უდანაშაულო ხალხი დაიხოცა, ორით მეტი, ორით ნაკლები, სათვალავში არ ჩავარდებოდა. 

ეს იყო ყველაზე უცნაური და დაუნდობელი ომი საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ამ ომის კუდები ბიჭებს დღემდე მოჰყვებათ“, _ ეს ამბავი 2013 წელს, რუსთავის #17 დაწესებულებაში იმ პატიმარმა მიამბო, რომელიც მაშინ ერთ-ერთი „საძმოს“ აქტიური წევრი იყო და სასჯელს ამჯერად იარაღის ტარებისთვის იხდიდა. 

ისიც თქვა, იარაღს იმიტომ ვერ ვიშორებ, სულ მგონია, რომ ვიღაც მოვა და ადრინდელზე პასუხს ახლა მომთხოვსო. მისი შიში უსაფუძვლო არ იყო, რადგან 2008 წელს, საბურთალოზე, სახელმწიფო არქივთან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. 

* * * 

რაც შეეხება ნიღბით ჩადენილ ყაჩაღობას, ამის გამკეთებელიც იჯდა ციხეში, თუმცა ამბავს იმდენად სახალისოდ ყვებოდა, რომ უქმად მყოფი პატიმრები ხშირად ამეორებინებდნენ და ყოველ ჯერზე ისე იცინოდნენ, თითქოს პირველად ისმენდნენ. ამ საქმეზე ორნი იყვნენ: ამბის მთხრობელი ირაკლი და მისი „პადელნიკი“ „სომეხა“. „სომეხას“ ნამდვილი სახელი თითქმის არავინ იცოდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ის სომეხი არ იყო და მეტსახელი, არანორმალურად დიდი ცხვირის გამო, ბავშვობიდან შერჩა. 

„იტოგში, იდეა მომივიდა, ამ შუა ზამთარში პირბადე რომ გავიკეთოთ და ისე ვიმოძრაოთ მე და „სომეხამ“, კაციშვილი ვერ გაიგებს და თუ გაგვიმართლებს, გვარიან „კუშსაც“ გამოვკრავთ ხელს-მეთქი. ვიყიდე ნიღბები, ერთი ამას გავუკეთე, მეორე მე გავიკეთე და წავედით ადგილების დასათირად. პირველ დღეს ვალუტის ჯიხურთან დავაბირჟავეთ, ვიღაც გოიმმა 2 ათასი დოლარი იყიდა და იქვე დაიწყო გადათვლა. რომ გადათვალა, ჯიბეში ჩადება არ ვაცადეთ, „სომეხამ“ მუშტი ხია, მე მაყუთი წავართვი და გავიქეცით. 

 

მეორე დღეს სხვა ჯიხური ამოვარჩიეთ და ასე ვბირჟაობდით ერთი კვირა. ერთი კვირის შემდეგ, სახლში დაგვადგნენ და ჯერ „სომეხა“ დაიჭირეს, მერე _ მე. 

თურმე, ამ ჩემისას, იმხელა ცხვირი აქვს, ნახევარი სახე უჩანდა ნიღაბში და იცნეს, ტო“, _ ასრულებდა ირაკლი მოყოლას და ყველა ხარხარს იწყებდა. 

სინამდვილეში კი, მძარცველები ცხვირმა კი არა, ქალაქში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა დაღუპეს. ბოლო საქმეზე რომ წავიდნენ, კოკისპირულად წვიმდა, ამიტომ ტაქსში რომ ჩასხდნენ, აღარ გამოიცვალეს. მანამდე კი ასე აკეთებდნენ, სანამ სახლამდე მივიდოდნენ, ტაქსს სამჯერ იცვლიდნენ და თან ისეთ ადგილებში, სადაც კამერები არ ეყენა. შესაბამისად, როცა პოლიცია ტაქსისტებს ჰკითხავდა და ისინი მისამართებს ასახელებდნენ, სამართალდამცავები ხვდებოდნენ, რომ მძარცველები მანქანებს იცვლიდნენ. 

ბოლო შემთხვევის დროს დაკითხულმა მძღოლმა კი დეტალურად გაიხსენა არანორმალურად დიდცხვირა ბიჭი და ისიც თქვა, სადარბაზოსთან ჩამოვსვი, ისეთი წვიმა იყო, სირბილით შევარდაო. პოლიციამაც იმუშავა და... ან რა მუშაობა უნდოდა, დიდცხვირა ბიჭი რომ მოიკითხეს, ყველამ ის უთხრა, სავარაუდოდ, „სომეხას“ ეძებთო. შემდეგ, ტელეფონზე „დააჯდნენ“ და ასე გააბეს ირაკლიც. 

* * * 

საბედნიეროდ, კორონავირუსის კრიმინალისთვის გამოყენებას საქართველოში ჯერჯერობით არავინ ცდილობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სერიოზული დეფიციტის ფონზე, საყაჩაღო და საძარცვი კი არა, ვირუსისგან თავის დასაცავი პირბადის შოვნაც პრობლემაა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში